Category: კავკასია

  • ღარიბაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა და კამპანია დეოლიგარქიზაციის შესახებ დაუსაბუთებელია

    საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ჩართული არ არის. წერილში ღარიბაშვილი ივანიშვილის “ღვაწლზე“ საუბრობს და გარკვეულწილად იმეორებს რიტორიკას იმის შესახებ, რომ “რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა“ გარკვეულწლიად შეიძლება ივანიშვილთან იყოს დაკავშირებული. წერილს უცვლელად გთავაზობთ.

    „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

    რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით.

    პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი.

    როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.

    რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

    იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.

    2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ.

    ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ.

    რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს.

    2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება.

    იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს.

    როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს.

    ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია.

    ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ.

    საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.

    აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.

    ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა.

    სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია – ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო.

    როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა  და დეოლიგარქიზაციაზე  ლაპარაკობენ.

    ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს.

    თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები – სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება.

    დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან.

    ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ.

    რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ნაციონალური მოძრაობის თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს.

    ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო.“, – წერია განცხადებაში.

  • აშშ: ირანი რუსეთს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატს მიაწვდის

    ირანი გეგმავს ასობით სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს რუსეთს უკრაინასთან ომში გამოსაყენებლად – განაცხადა ბრიფინგზე აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

    მისი თქმით, ამას ადასტურებს მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთს  დიდი დანაკარგების შემდეგ ჯარის იარაღით მომარაგებაში პრობლემები აქვს.

    “ირანის მთავრობა ემზადება დაჩქარებულ ვადებში მისცეს რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო აპარატი, მათ შორის ისეთები, რომლებსაც იარაღის გადატანა შეუძლიათ. ჩვენი ინფორმაცია ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ემზადება რუსი სამხედროები ამ აპარატების გამოყენებისთვის გაწვრთნას“–უთხრა ჟურნალისტებს სალივანმა.

  • პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ლეხ ვალენსა თვლის, რომ რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს

    ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა ამბობს, რომ რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს. მას გამოცემა Le Figaro ციტირებს.

    “იქ 60 სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ისევე გადაყლაპეს, როგორც დღეს ყლაპავენ უკრაინელებს. ჩვენ ამ ხალხებს უნდა დავეხმაროთ რომ აჯანყდნენ. ან რუსული პოლიტიკური სისტემა უნდა შეიცვალოს, ან რუსეთის მოსახლეობა 50 მილიონამდე უნდა შემცირდეს“–თქვა ვალენსამ.

    მისი განცხადებით, აუცილებელია მოხდეს “რუსეთში პოლიტიკური წყობის ცვლილების ფორსირება და ხალხთა აჯანყების ორგანიზება.“

    “თუნდაც უკრაინამ ეს ომი მოიგოს, ხუთი წლის შემდეგ იგივე განმეორდება, ათი წლის შემდეგ კი ვნახავთ, რომ ახალი პუტინი გამოჩნდება. თუ ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ცვლილება შეუძლებელია, მსოფლიოს უსაფრთხოებას მხოლოდ ამჟამინდელი რუსეთის დანაწევრება უზრუნველყოფს“– ამბობს ალენსა.

    პოლონეთის ექსპრეზიდენტი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დასავლეთი დაინტერესებულია გავლენის სფეროების გაფართოებით:

    “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დასავლეთი საკუთარ ძალაუფლებას ნატოს მეშვეობით აფართოებს, ევროკავშირი საკუთარი გაფართოებით, თუმცა დემოკრატიული მეთოდებით. რუსეთი კი ამას ძალადობით აკეთებს.“– დასძენს 78 წლის პოლონელი ექსპრეზიდენტი.

  • ზელენსკიმ უკრაინის სამხრეთის დეოკუპაციის ბრძანება გასცა

    უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს უბრძანა უკრაინის სამხრეთის ზღვისპირა რაიონების დეოკუპაცია დაიწყონ. ამისათვის უკრაინა მილიონიან სამხედრო შენაერთებს ამზადებს, რომლებიც დასავლური იარაღით იქნებიან აღჭურვილი.

    ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალესეი რეზნიკოვმა The Sunday Times–თან ინტერვიუში განაცხადა.

    მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას დაავალა შეიმუშაონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების გეგმა, რადგან ეს რეგიონები ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    “ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აუცილებელია. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მთავრსარდალს გეგმის შემუშავება დაავალა. ამის შემდეგ გენშტაბი საშინაო დავალებას ასრულებს და ამბობს–ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ გვჭირდება ესა და ეს“– თქვა მან.

    რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ თავად საქმის საკუთარ ნაწილს ასრულებს და მუდმივი მიმწერა აქვს კოლეგა–პარტნიორებთან.

  • მელიტოპოლში რუსი ოფიცრები საკუთარ ჯარისკაცებს აუპატიურებენ, აწამებენ,კლავენ და მათ ცხედრებს წვავენ–ადგილობრივი მედია

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსი ოფიცრები საკუთარ ჯარისკაცებს, ვინც მათი ბრძანების შესრულებაზე უარს ამბობს,  აუპატიურებენ. უფრო მეტიც, ისინი წვავენ იმ სამხედროების ცხედრებს, ვინც დეზერტირობა სცადა. ამის შესახებ უკრაინული მედია ტელეგრამ არხ “РИА Мелитополь”–ზე დაყრდნობით წერს.

    გამოცემა Unian–ის ინფორმაციით, თავად მელიტოპოლში ოფიცრები ცდილობენ ნორმალურად მოიქცნენ, თუმცა ქალაქის გარეუბნებში მხეცურად იქცევიან და თავნებობენ. საქმე იმაშია, რომ რუს ჯარისკაცებს აღარ უნდათ ბრძოლა და დანაშაულებრივი ბრძანებების შესრულება, თუმცა ხელმძღვანელობა მათ დამორჩილებას ცდილობს.

    “თვითმხილველთა ნაამბობი მელიტოპოლის რაიონიდან ნათელს ხდის, რატომ გარბიან ოკუპანტები მასობრივად საკუთარი არმიიდან. სინამდვილეში “მსოფლიოს მეორე არმია“ ჯოჯოხეთური საშინელების და არაადამიანური სიმხეცის ბუდეა. როგორც აკიმოვკის მაცხოვრებლები იტყობინებიან, 9 ივლისს რუსმა სამხედროებმა თავისივე ჯარისკაცების ძებნა გამოაცხადეს, რომლებმაც 60 კაციანი შემადგენლობით თვითნებურად დატოვეს საოკუპაციო ჯარების დისლოკაციის ადგილი. დეზერტირების ძებნისას ოკუპანტებმა ტოტალური “შმონი“ მოაწყეს: ამოწმებდნენ ადგილობრივების დოკუმენტებს, ჩხრეკდნენ ავტოფარეხებს და მიტოვებულ შენობებს“– წერს გამოცემა.

    მელიტოპოლელი ექიმების ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში რუსმა ჯარისკაცმა საკუთარ თავში ისროლა, რომ ფრონტზე არ გაეშვათ. ის ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

    “РИА Мелитополь”–ის ინფორმაციით, მედიკოსები საუბრობენ მეთაურების მიერ 3 რუსი ჯარისკაცის გაუპატიურებაზე. ბრძანების შეუსრულებლობის გამო ჯარისკაცები ადგილობრივი პოლიციის განყოფილების შენობაში გააუპატიურეს. აკიმოვკის მაცხოვრებლები ასევე აცხადებენ, რომ პოლიციის შენობის ეზოში რუსები საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ. მათი უმრავლესობა დეზერტირობის და უფროსობის ბრძანების შეუსრულებლობის გამო აწამეს და მოკლეს.–წერს გამოცემა.

  • გერმანია უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს დახმარების გადაცემას ბლოკავს

    გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდერი ბლოკავს ევროკავშირის ტრანშს უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს მოცულობით, საიდანაც ჩინოვნიკმა მხოლოდ 1 მილიარდი ევროს გაცემაზე განაცხადა თანხმობა.

    ამის შესახებ ესპანური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    მედიის ინფორმაციით, გერმანიის ფინანსთა მინისტრი წინააღმდეგია უკრაინას თანხა საერთო ევროპული ვალის გზით გამოეყოს, როგორც ეს კორონავირუსის პანდემიის დროს მოხდა.

    უკრაინული მთავრობა არაერთხელ აცხადებდა, რომ ომის განმავლობაში ბიუჯეტის  ყოველთვიური დანაკლისი 5 მილიარდი დოლარია. სწორედ ეს თანხა მოითხოვა უკრაინამ პარტნიორებისგან.

    ლინდერი საკუთარი პოზიციის მოტივად იმას ასახელებს, რომ სექტემბერში უკრაინამ შეიძლება 900 მილინი ევროს საგარეო ვალი ვერ გადაიხადოს. ჟურნალისტების აზრით, სწორედ ტრანშის შეჩერება შეიძლებოდა გამხდარიყო გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი. თუმცა, შესაძლოა ეს სიმართლე არც იყოს: მანამდე გამოცემა Bild ამტკიცებდა, რომ დიპლომატი ახალ თანამდებობაზე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გადაყავთ.

    შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ კიევს ფინანსური დახმარების პაკეტი 9 მილიარდი ევროს მოცულობით ჯერ კიდევ გაზაფხულზე შესთავაზა. შემდეგ ტრანში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაამტკიცეს.

    ფული უკრაინას 25 წლიანი უპროცენტო კრედიტის სახით უნდა გადასცემოდა იმ სახსრების ხარჯზე, რომლებიც ევროკომისიამ ევროპის ქვეყნების გარანტიით ობილიგაციების ბაზარზე გამოშვების გზით შეაგროვა.

    პირველი ტრანში 1 მილიარდი ევროს მოცულობით ევროპარლამენტმა 7 ივლისს დაამტკიცა.

  • უკრაინელებმა ხერსონში რუსული სამხედრო ბაზა გაანადგურეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა შეტევა მიიტანეს რუსული არმიის ნაწილებზე ოკუპირებულ ხერსონში. ამ ინფორმაციას საოლქო სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, სერგეი ხლანი ადასტურებს.

    მისი თქმით, უკრაინულმა არმიამ წერტილოვანი დარტყმები მიიტანა პესტელის ქუჩაზე განლაგებულ ბაზაზე.

    “ხერსონი. იუველირული სიზუსტით განხორციელდა დარტყმა ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე პესტელის ქუჩაზე“– წერს სოციალურ ქსელში ხლანი.

    მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ობიექტი უკრაინელმა სამხედროებმა ორჯერ დაბომბეს. ბაზის ტერიტორიაზე პირველი დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით დილის 5 საათზე. მეორე დარტყმა 10 საათზე მოხდა.

    “თვითმხილველები ამბობენ, რომ ნანგრევებში რუსები არიან მოყოლილი და მათი ყვირილი ისმის. ახლოს მისვლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ოკუპანტები ჰაერში ისვრიან. აშკარად გამოხატულია, რომ პანიკა დაეწყოთ“– წერს ხლანი.

    ხერსონში რუსეთის სამხედრო ბაზის დაბომბვის შესახებ წერს ადგილობრივი ტელეგრამ არხიც. მისი ინფორმაციითაც დაიბომბა სამხედრო ნაწილი პესტელის ქუჩაზე, სადაც მუდმივად იმყოფებოდნენ რუსი სამხედროები.

    კიდევ ერთი ტელეგრამ არხი ამტკიცებს, რომ ჭურვების დაცემის შემდეგ რუსებმა რაიონს ალყა შემოარტყეს და იქ შემსვლელების საბუთებს ამოწმებენ.

    უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო ამტკიცებს, რომ უკრაინულმა ძალებმა როსგვარდიის ბაზა გაანადგურეს. ჭურვების მოხვედრის შემდეგ, მისი თქმით რუსების დანაკარგი პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით დიდია.

    რუსული მედია ხერსონის საოკუპაციო ადმინისტრაციაზე დარყდნობით ამტკიცებს, რომ უკრაინელების შეტევის შედეგად არა სამხედრო ობიექტი, არამედ საავადმყოფო განადგურდა.

  • ცნობილი გახდა უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა

    უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარსკაცი კახა გოგოლია. ის  ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.

    მეზობლების ინფორმაციით ის უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 15 დღეში გაემგზავრა. ჯერ უცნობია, როდის მოხდება საქართველოში ჯარისკაცის ცხედრის გადმოსვენება.

    „სოციალური ქსელიდან გავიგეთ ეს ამბავი. თავზარდაცემულები ვართ. კახა ზედმეტად პატრიოტი ადამიანი იყო, თავის სამშობლოზე უაღრესად შეყვარებული. თავის დროზე აფხაზეთშიც ომობდა. გვიჭირს მასზე წარსულში საუბარი“, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ზვიად ლეჟავამ.

    კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. ამავე ინფორმაციით, ჯარისკაცის ცხედარი უკვე ლუგანსკის ოლქშია გადასვენებული.

  • გაერო: უკრაინაში ომის დროს დაფიქსირებული გაუპატიურების შემთხვევები მხოლოდ აისბერგის წვერია

    კონფლიქტის პირობებში სექსუალური ძალადობის  საკითხებში გაეროს სპეცწარმომადგენლის, პრამილა პატენის თქმით,რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 124 შემთხვევა.

    პატენი აღიარებს, რომ ეს მონაცემები მხოლოდ აისებრგის წვერია და აშკარად არ ასახავს ომის პირობებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის მაშტაბებს.

    “ადამიანებს, ვინც სექსუალური ძალადობის შემდეგ გადარჩნენ, რცხვენიათ ამ დანაშაულის გამჟღავნება და არ ყვებიან მომხდარზე. და ეს უკრაინული შემთხვევების უნიკალურობა არ არის. ეს არის ტენდენცია, რომელსაც ყველა ომის დროს ხედავენ დამკვირვებლები“ – ამბობს “სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ალექსანდრა მატვიიჩუკი.

    მეორე მიზეზი, რომლის გამო ამჟამად უკრაინაში მსგავსი დანაშაულის ჩადენის მაშტაბების შეფასება შეუძლებელია, არის მათი ძალიან დიდი რაოდენობა.

    უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად დარეგისტრირებულია 15 ათასი სისხლის სამართლის წარმოება ასეთ ეპიზოდებზე. ცალკეულ ოლქებში ყოველ გამომძიებელზე დაახლოებით 200 საქმე მოდის, რომლებიც გაუპატიურებას უკავშირდება.

    “გამომძიებელმა ერთდროულად უნდა გამოიძიოს ასეთი რაოდენობის სისხლის სამართლის საქმეები – ვერცერთი ყველაზე გამართული სამართლებრივი სისტემა მსოფლიოში ვერ გაართმევს თავს ეფექტურად ასეთ ამოცანას. ამასთან, ომი გრძელდება და დანაშაულის რაოდენობა იზრდება“– ამბობს მატვიიჩუკი.

  • რუსებმა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონი დაბომბეს, რომელიც მათივე არმიის შემადგენლობაში იბრძვის

    რუსმა სამხედროებმა დაბომბეს ქვედანაყოფი, რომელშიც ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის“ წარმომადგენლები შედიოდნენ.

    ამის შესახებ მეტყველებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოქვეყნებული ოკუპანტების სატელეფონო საუბარი.

    “ლაწირაკები სადღაც ბერდიანსკთან იდგნენ. არც ხელფასს იღებდნენ…. არც არაფერს…როგორც მივხვდი, წესიერად არც აჭმევდნენ. მერე სადღაც წინა ხაზზე გაუშვეს. იდგნენ ჩუმად, იდგნენ, წყნარად იყვნენ, დაიწყეს უკან დახევა… რუსებს გადააწყდნენ და რუსებმა დედა მ@@@@ნეს… ესეც შენი არმია, წარმოიდგინე“– ამბობს ჩანაწერში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ერთი ბოევიკი, რომლის მობილიზაცია ასევე მოახდინა რუსეთმა უკრაინასთან საბრძოლველად.

    ქვედანაყოფი, რომელზეც ის სატელეფონო საუბარში ყვება, ე.წ. დონეცკის სახალხო მილიციის საარმიო კორპუსის 2–ე ბატალიონია, რომელიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძვის.

    რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ ეს ინციდენტი საიდუმლოდ დარჩენილიყო. თუმცა , დონეცკში და ლუგანსკში მობილიზებულები ისედაც ხვდებიან, რომ მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ.