Category: კავკასია

  • მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას. გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა–სოსო გოგაშვილი

    მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას. გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა–სოსო გოგაშვილი

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წერილს აქვეყებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა მთავარი არხის ნიუსრუმში ფარულად ჩაწერილი საუბარი. ჩანაწერში, რომელიც მომღერალმა “უცნობმა“ საკუთარ გადაცემაში გამოაქვეყნა, გიორგი გაბუნია და პოსტფაქტუმის სამი ჟურნალისტი საუბრობენ მასალებზე, რომლებიც მათ სოსო გოგაშვილმა მიაწოდა. გოგაშვილი არ უარყოფს, რომ მან მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდა მასალები, რომლებიც ოცნების დანაშაულის მტკიცებულებაა:

    “სანამ საჯაროდ, ტელეეთერიდან მოგიყვებით სიმართლეს

    2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც. ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას( საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან.

    დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა.

    გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად,მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და აშ. არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს.
    2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ. სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…

    ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ…?

    ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპიური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ..მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ…?
    მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ მისხალ ყველას(დიდსაც და პატარასაც)თქვენ თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე.

    ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო!!

    აბა მიდით, იმოქმედეთ,
    გელოდებით…“– წერს გოგაშვილი ფეისბუქზე.

  • შსს–მ თბილისის სასტუმროებში პროსტიტუციაში ჩართული   9 პირი დააკავა

    შსს–მ თბილისის სასტუმროებში პროსტიტუციაში ჩართული 9 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი დააკავეს.

    1980 წელს დაბადებული გ. ფ., 1968 წელს დაბადებული კ.მ., 1960 წელს დაბადებული მ.ლ. 1981 წელს დაბადებული ა. მ., 1978 წელს დაბადებული ლ.მ, 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1978 წელს დაბადებული თ.ბ., 2000 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1976 წელს დაბადებული გ.მ. ჯგუფურად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით არიან დაკავებული.

    დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები თბილისში მდებარე სასტუმროებში – “საბუდარასა” და “არგოში”, ასევე, ამავე დაწესებულებების ბარებში სისტემატურად იკრიბებოდნენ, მფლობელის – გ.ფ.-ს. და ადმინისტრაციის თანამშრომლების მითითებით, სასტუმროში მისულ პირებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ.

    გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასტუმროების – “არგოსა” და “საბუდარას” ადმინისტრატორები ორგანიზებას უწევდნენ სექსუალური მომსახურების მსურველი მამაკაცებისა და პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ მიზნით ისინი სასტუმროს ნომრებს საათობრივად აქირავებდნენ, ხოლო დაცვის თანამშრომლები პროსტიტუციაში ჩაბმული ქალების უსაფრთხოებას იცავდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ქალებისა და მათი კლიენტების ავტომანქანით გადაადგილებას უზრუნველყოფდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები პროსტიტუციის ხელშეწყობითა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკისას შედეგად, დიდი ოდენობით ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, ასევე, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას.

  • საფრანგეთი უნდა ემზადოს რუსული გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის–მაკრონი

    საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს იყენებს როგორც ომის იარაღს და მზად უნდა იყვნენ მისი მოწოდების შეწყვეტისთვის.

    ამის შესახებ როიტერი წერს.

    საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა თქვა, რომ ამ მობილიზაციის ნაწილია ფრანგი მომხმარებლების და საწარმოების ჩართვა ენერგიის მოხმარების შემცირების კამპანიაში.

    “უნდა მოვემზადოთ სცენარისთვის, როცა მოგვიწევს სრულად ვთქვათ უარი რუსულ გაზზე“–თქვა მაკრონმა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში წარმოადგენს ენერგომოხმარების შეკავების დეტალურ გეგმას.

    მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე საფრანგეთმა უნდა განაგრძოს საკუთარი არმიის გაძლიერება, ახალი საბრძოლო ტექნიკის შექმნა და საბრძოლო მასალების მარაგების შევსება.

  • იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობას ტოვებს

    იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის.

    პრემიერის პრეს სამსახურის ინფორმაციით, დრაგიმ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, სერჯო მატარელეს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

    “მინდა განვაცხადო, რომ დღეს საღამოს გადავცემ გადადგომის თხოვნას რესპუბლიკის პრეზიდენტს“– ნათქვამია დრაგის განცხადებაში.

    მინისტრებისადმი მიმართვისას დრაგიმ აღნიშნა, რომ აღარ არსებობს ნაციონალური ერთიანობის კოალიცია, რომელიც მხარს უჭერდა მთავრობას მისი შექმნის მომენტიდან, შესაბამისად, ის ვეღარ ხედავს მისი კაბინეტის მუშაობის შესაძლებლობას.

    გადადგომის საბაბი გახდა მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ – მმართველი კოალიციის ერთ–ერთი მთავარი პარტიის უარი, მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში იტალიის პარლამენტის ზედა პალატაში მთავრობის ნდობის გამოცხადების შესახებ, რითაც მათ ფორმალურად დააფიქსირეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა.

    მანამდე დრაგი აცხადებდა, რომ ვერ ხედავს მის მთავრობას მოძრაობა “5 ვარსკვლავის“ მონაწილეობის გარეშე, ამასთან აღნიშნავდა, რომ კოალიციის ულტიმატუმების გზით შენარჩუნებას აზრი არ აქვს.

    შეგახსენებთ, რომ მარიო დრაგიმ იტალიის მინისტრთა საბჭოს მეთაურის პოსტი 2021 წლის 13 თებერვალს დაიკავა.

  • CNN:ომის შემდეგმა ფაზამ შეიძლება მისი ბედი გადაწყვიტოს

    უკრაინაში ომი მორიგ გარდამტეხ წერტილს მიუახლოვდა, და ორივე მხარის მებრძოლები საბრძლო მოქმედებების მესამე აქტისთვის ემზადებიან, რომელმაც შეიძლება კონფლიქტის ბალანსი გადატეხოს – წერენ ტელეკომპანია CNN–ის ჟურნალისტები ანალიტიკურ სტატიაში.

    “ეს ძალიან გაჭიანურებული ბრძოლაა. ეს არის ბრძოლა ორ არმიას შორის, რომლებმაც უზარმაზარი დანაკარგები ნახეს და გამოფიტვასთან ძალიან ახლოს არიან“– ამბობს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ჯასტინ ბრონკი დონბასში სამთვიანი ბრძოლების შემდეგ არსებული ვითარების აღწერისას.

    მოსალოდნელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი დონეცკის ოლქზე შეტევა იქნება, რომლის აღება მთელი დონბასის აღებას უდრის, სადაც 2014 წლიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული დაჯგუფებები არიან.

    თუმცა, როდის და როგორ მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია. იმ დროს, როცა რუსეთი ინტენსიურ საჰაერო დარტყმებს განაგრძობს, რუსეთის სახმელეთო ძალებს ოპერატიული პაუზა აქვთ.

    ამან შეიძლება უკრაინულ არმიას მომზადების დრო მისცეს დონეცკის ოლქის იმ ნაწილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ ინარჩუნებს, ძირითადად სამრეწველო ზოლში, რომელიც სლავიანსკიდან სამხრეთით მიდის. ასევე ნარჩუნდება უკრაინელების კონტრშეტევის ალბათობა ქვეყნის სხვა ნაწილებში, მათ შორის ხერსონში.

    სრულმაშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ფაზა, როცა ის დაიწყება, შეიძლება არ აღმოჩნდეს უკანასკნელი, თუმცა შეიძლება მან განსაზღვროს უკრაინის ცენტრალური რეგიონის მომავალი  და ანალიტიკოსების აზრით, მნიშვნელოვანწილად განსაზღვროს ომის შედეგები– წერს CNN.

    ექსპერტების აზრით, თუ პუტინი დონბასს აიღებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკრაინაში ომს შეწყვეტს.

    “არ ვფიქრობ, რომ რუსეთის ამბიციები სრულად გაქრა. მათ მართლაც განზრახული აქვთ დონბასზე სრული კონტროლი მოიპოვონ, თუმცა თუ აქ წარმატებას მიაღწევენ, შეეცდებიან კიდევ უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ.“– ამბობს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ევროპული პროგრამის დირექტორი, მაქს ბერგმანი.

    თუ პუტინი დონბასის საზღვრებს მიღმა გადავა, მან შეიძლება გადაწყვიტოს დნეპრის ნაპირებისკენ წაიწიოს წინ, რომელიც უკრაინას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ჰყოფს. ეს კი ქვეყნის ნახევრის დაპყრობის მცდელობას ნიშნავს, რაც დასავლეთის აღშფოთებას გამოიწვევს და მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს ომს– ნათქვამია სტატიაში.

  • ქართველმა მეზღვაურებმა ატლანტიკის ოკეანეში 52 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

    საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით ქართველმა მეზღვაურებმა ღია ზღვაში 52 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს. 
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემზე მყოფ მეზღვაურებს დაუკავშირდა და მათთან საუბარს ავრცელებს:
     – “10 ივლისს მაროკოსკენ მივემართებოდით. დაახლოვებით საღამოს 6 საათზე ნავი დავინახეთ”.. ატლანტიკის ოკეანეში 5-ბალიან შტორმში, გასაბერ მცურავ საშუალებაზე 52 ადამიანი, მათ შორის 7 ქალი და 3 ბავშვი, წყლისა და საკვების გარეშე იმყოფებოდა.
    მაშველებს 10 საათზე მეტი უშედეგოდ ველოდით. გემი წრეზე ტრიალებდა, ნავი რომ არ დაგვეკარგა. ამინდიც გაუარესდა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება მიგრანტები გემზე ამოგვეყვანა. ნავი გემზე მივაბით და დავიწყეთ ხალხის ამოყვანა”… – ამბობენ მეზღვაურები.
    სააგენტოს ინფორმაციით, 9 ქართველი მეზღვაური უშუალოდ მონაწილეობდა სამაშველო ოპერაციაში:
    ნუგზარ ბერიძე, კახა ადამია, დილარ ცეცხლაძე, ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, მინდია აბუსერიძე, შალვა სვანიძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.
    2 საათიანი ბრძოლის შემდეგ ამ მეზღვაურებმა ღია ზღვაში განსაკუთრებული სიმამაცის, ვაჟკაცობის და პროფესიონალიზმის წყალობით 52 ადამიანი გადაარჩინეს!
    მომავალ წელს საქართველო მათ „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის“ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ჯილდოზე წარადგენს.
    “ეს ჯილდო პირველად, 2015 წელს არქიმანდრიტ ილია კარტოზიას გადაეცა გარდაცვალების შემდეგ (მამა ილია იტალიაში, ქ. ბარიში, წმ. ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მიემგზავრებოდა. 2014 წლის 28 დეკემბერს, იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე ხანძრი გაჩნდა. ცეცხლმოდებული გემიდან მაშველებს მგზავრები ნავებზე გადაჰყავდათ, მან თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო და თავად გემბანზე დარჩა. მამა ილიას გადარჩენა მაშველებმა ვეღარ მოახერხეს.
    გემზე 500-მდე ადამიანი, მათ შორის 8 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა), 2018 წელს კი – კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს, რომლებმაც 13 ადამიანი გადაარჩინეს.„– წერს სააგენტო.
  • რუსეთმა ომი წააგო. მათ უკვე ყველაფერი სცადეს და ახლა თავდაცვაზე გადადიან–არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით ამერიკულმა HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს თამაშის წესები ბრძოლის ველზე.

    მისი  თქმით, უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, რუსი ოკუპანტების მდგომარეობა უზარმაზარი დანაკარგების გამო ძალიან ახლოს არის პანიკასთან.

    “ HIMARS–ებმა რადიკალურად შეცვალეს ბრძოლის ველზე თამაშის წესები. ბოლო ერთ კვირაში სულ 50 დარტყმა განხორციელდა. ყველა მათგანი შედეგიანი იყო. არცერთი მიზანს არ აცდენია. ყველგან დეტონაცია, აფეთქებები, განადგურება და ა.შ.“– ამბობს არესტოვიჩი.

    მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები უკვე რაღაცას ხვდებიან. სოციოლოგიური კვლევებით ფულის გადახდა არმიისთვის არ უნდათ, არმიაში წასვლა არ უნდათ, “ოპერაციისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა დაეცა.

    “რუსი სამხედროებისთვის დაგილებზე უკვე დიდი ხანია ყველაფერი ცხადია.

    რუსეთმა ომი წააგო.

    ქერჩის ხიდის დასაცავად უზარმაზარი რაოდენობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებია მობილიზებული, მის დასაცავად ყოველდღე ტარდება სწავლებები.

    ანტონოვსკის ხიდთან საფორტიფიკაციო ნაგებობებს აგებენ. დნეპრზე უკან დახევას და ხერსონიდან წასვლას გეგმავენ.

    პუტინის განცხადება, რომ 15 ივლისს რაღაცას გვაჩვენებს, არაფრით არის გამყარებული.

    მათ უკვე ყველაფერი სცადეს და გამოიყენეს, რაც შეიძლებოდა და ახლა თავდაცვაზე გადადიან.

    პუტინს არაფერი გამოუვიდა თებერვალში, და ახლა იმ რესურსის 10%–იც აღარ გააჩნია.

    ეს არის  დასასრულის დასაწყისი “სპეცოპერაციისა“, რომლის მიზნები ქაღალდზე და კრემლის ბელადის ოცნებებში დარჩა.“–ამბობს არესტოვიჩი ბოლო ინტერვიუში.

  • ზელენსკის ოფისი პასუხობს ბრალდებებს, რომ უკრაინა დასავლური იარაღით ვაჭრობს

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხეილ პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები უკრაინის დისკრედიტაციას ცდილობენ, რათა ქვეყანაში დასავლური იარაღის მიწოდება შეფერხდეს.

    “უკრაინაში იარაღის  ყველა სახეობა, მათ შორის შორსმსროლელი, მკაცრ აღრიცხვას ექვემდებარება და ფრონტზე იგზავნება. უკრაინისთვის იარაღი გადარჩენის საკითხია. მასზე კონტროლი – ჩვენი პრიორიტეტი. ყველა “ჭორი“ სხვა დანარჩენის შესახებ ბანალური რუსული პროპაგანდისტული “გაჟონვებია“, რომლის მიზანი იარაღის მოწოდების ჩაშლაა“–თქვა პოდოლიაკმა.

    ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო, რომელმაც თქვა, რომ არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა იმ ჭორების გავრცელებით, თითქოს ის იარაღის და ნარკოტიკის კონტრაბანდას მფარველობს. მარჩენკომ ხაზი გაუსვა, რომ ამ ინფორმაციის “გაჟონვა“ რუსეთის მიერ არის ინსპირირებული.

    “როგორც ჩანს, ყველა ნარკოტიკს რუსეთის სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობა აკონტროლებს, რადგან ისინი განაგრძობენ ასეთი საეჭვო შინაარსის ინფორმაციის “გაჟონვას“. ოლქის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციის ყველა მცდელობა ოკუპანტების მიერ იაფფასიანად და საცოდავად გამოიყურება“–თქვა მან.

    შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გაიმართა ევროკავშირის ქვეყნების, ასევე უკრაინის და მოლდოვას შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მოლდოვას ტერიტორიაზე ჰაბის შექმნის საკითხი, რომლის ამოცანა უკრაინიდან იარაღის კონტრაბანდის მცდელობების აღვეთა. ევროპელების შიში უკავშირდება ყოფილ იუგოსლავიაში ომის გამოცდილებას, რომლის შედეგად ევროკავშირი უკანონო იარაღმა წალეკა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის მიერ გამოიყენება.

    მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ–ს და ზოგიერთ ექსპერტს აწუხებს საკითხი, როგორ იქნება გამოყენებული უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი, მათ შორის სტინგერები, რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება. დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ იარაღი შეიძლება ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს.

  • “ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ, ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“–ევროკომისიის წარმომადგენელი

    ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება დღეს  ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

    ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე, – თქვა მაიკლ რუპიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის პროექტი წარადგინეს.

    „რასაკვირველია, რუსულმა აგრესიამ შეცვალა გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა რეგიონის მიმართ კომისიის მიდგომასთან დაკავშირებით. კომისიამ დაამტკიცა 17 ივნისს დასკვნა, შემდეგ ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა ჩვენი რჩევა და მოხარული ვართ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, მაშინვე, როდესაც მოგვარდება რიგი პრიორიტეტები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებული ვართ იმით, რომ საქართველომ იმუშაოს ბევრი, ღრმად და საფუძვლიანად ამ პრიორიტეტებზე. ამიტომ ფრთხილი განსჯის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ დავაჩქაროთ საქართველოს პოლიტიკური ელიტა მათ მცდელობებში, მოახდინონ ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდნენ ერთ მაგიდასთან, ზედმიწევნით იმუშაონ რეფორმებზე. ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, გაფართოების პაკეტში პრიორიტეტების შესახებ ანგარიშს 2023 წელს წარვადგენთ. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, რომ საფუძვლიანად იმუშაონ პრიორიტეტებზე“, – აღნიშნა ევროპული კომისიის წარმომადგენელმა.

  • რუსეთი საქართველოს გავლით ბულგარეთს თხევად ნავთობის გაზს მიაწვდის–როიტერი

    რუსი ექსპორტიორები თხევად ნავთობის გაზს ბულგარეთს ფოთის პორტის გავლით მიაწვდიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ფინანსურ ანალიტიკურ პლატფორმა “რეფინიტივ იკონზე” დაყრდნობით ავრცელებს. ეს გადაზიდვები, სავარაუდოდ, ივლისში დაიწყება.

    „ფოთის პორტის გავლით ნავთობის თხევადი გაზის მიწოდება განიხილება იმის გამო, რომ სხვა საექსპორტო მარშრუტებით გაყიდვების შესაძლებლობა შეზღუდულია“, აცხადებს სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას ინდუსტრიის წარმომადგენელი.

    არსებული მონაცემებით, ბულგარეთი თვეში დაახლოებით, 30 000–35 000 ტონა თხევად ნავთობის გაზს მოიხმარს. თავად ყოველთვიურად 10 000 ტონას აწარმოებს, დანარჩენს კი რუმინეთიდან და რუსეთიდან იღებს.

    ნავთობის თხევადი გაზის რუსეთის ქალაქ ურგუტიდან ფოთამდე სარკინიგზო გადაზიდვა და შემდეგ ფოთის პორტიდან ბორნით ვარნამდე ჩატანა 50%-ით ძვირი ჯდება, ვიდრე უკრაინის გგავლით ჯდებოდა. სურგითიდან 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა 260-280 დოლარი ღირს, ფოთიდან ვარნამდე ბორნის მომსახურება კი დამატებით 130-150 დოლარი.

    რუსეთმა, რუმინეთში, უნგრეთსა და მოლდოვაში თხევადი აირის სარკინიგზო ტრანსპორტირება უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას შეწყვიტა. ომამდე ამ ქვეყნებს რუსული თხევადი გაზი უკრაინის გავლით მიეწოდებოდა.

    უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთიდან თხევადი გაზის შესყიდვა შეწყვიტა ფინეთმა. გასულ წელს, უკრაინასა და ფინეთში, რუსეთმა თავისი თხევადი გაზის 25% გაიტანა.

    ნავთობის თხევადი გაზი წარმომავლობის გარდა, გათხევადებული ბუნებრივი აირისგან, ტრანსპორტირების არჩევანისგანაც განხვავდება. ნავთობის თხევადი გაზის გადაზიდვა ტანკერებითა და ცისტერნებით არის შესაძლებელი, გათხევადებული ბუნებრივი აირი კი, როგორც წესი, მილსადენენებით იგზავნება ან მისი შესანახად და გადასაზიდად, სპეციალიურად ამ მიზნისთვის დამზადებული ავზები გამოიყენება.