Category: კავკასია

  • ზელენსკიმ უკრაინის გენერალური პროკურორი და უშიშროების სამსახურის უფროსი თანამდებობებიდან მოხსნა

    უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენპროკურორის ოფისის ხელმძღვანელი ირინა ვენედიქტოვა და მოვალეობების შესრულებას ჩამოაშორა უკრაინის უშიროების სამსახურის უფროსი, ივან ბაკანოვი. გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.

    შესაბამისი ბრძანებები პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნდა.

    ვენედიქტოვას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია “უკრაინის კანონის “სამხედრო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის შესახებ“ 11 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად“

    მეორე ბრძანებით ზელენსკიმ უკრაინისი გენერალურ პროკურორად დანიშნა ალექსეი სიმონენკო.

    რაც შეეხება უშიშროების სამსახურის უფროსის ხელმძღვანელს, მისი გათავისუფლების მოტივად მითითებულია “უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინარული წესდების 47–ე მუხლი.“

  • პროკურატურა – სოსო გოგაშვილის სახლიდან ამოღებულია გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, ტექნიკური მოწყობილობები და უკანონო იარაღი

    საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სასამართლოს განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია.

    ამასთან უწყების ცნობით, ამოღებულია პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.

    შეგახსენებთ, სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციისას დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ იოსებ გოგაშვილს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე წარუდგინა.

  • HIMARS–ები კარგად მუშაობს და უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე არსებით გავლენას ახდენს–პენტაგონი

    ამერიკული მაღალი მობილობის სარაკეტო–საარტილერიო სისტემები HIMARS, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა, არაპირდაპირ, თუმცა მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რუსეთთან ფრონტის ხაზზე საბრძოლო ოპერაციებზე. ამის შესახებ პენტაგონის საიტზე წერია.

    პენტაგონის მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ სისტემა M142 HIMARS ერთდროულად რამდენიმე მაღალი სიზუსტის რაკეტის გაშვების საშუალებას იძლევა. აშშ–მ უკვე მისცა უკრაინას 8 სისტემა, გასულ კვირას კი კიდევ ოთხის გაგზავნას შეპირდა. ამგვარად, მალე უკრაინას 12 ჰაიმარსი ექნება.

    „უკრაინელები ანადგურებენ ისეთ სამიზნეებს, როგორიც არის იარაღის და საბრძოლო მასალების, მომარაგების, სხვა მატერაილურ–ტექნიკური საშუალებების საწყობები, მართვის ცენტრები. და ეს ყველაფერი პირდაპირ ახდენს გავლენას ფრონტის წინა ხაზზე ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობაზე. ამიტომაც, მართალია უკრაინელები HIMARS–ს ფრონტის წინა ხაზზე არ ისვრიან, მაგრამ ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ ომის მიმდინარეობაზე“– ამბობს ჩინოვნიკი.

    ის ხაზს უსვამს, რომ მართალია რუსებმა უკრაინასთან ომში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, ეს ძალიან რთულად მოახერხეს, ახლა კი ოკუპანტების შეტევა შენელდა.

    “ჩვენი შეფასებით, რუსულ ძალებს შეზღუდული მიღწევები აქვთ ჩრდილოეთ დონბასში, რადგან მათ უკრაინის თავდაცვის ძალები აკავებენ. რუსი სამხედროები განაგრძობენ არაზუსტ საარტილერიო დარტყმებს საჰაერო სარაკეტო დარტყმებთან ერთად“– ამბობს ჩინოვნიკი.

    პენტაგონის შეფასებით, ხარკოვთან უკრაინელები განაგრძობენ რუსების მხრიდან პოზიციების დაკავების მცდელობების მოგერიებას. იგივე სიტუაციაა სლავიანსკის გარეუბნებში. რუსები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ მათ უნდოდათ სლავიანსკში შესვლა, მაგრამ აქამდე ეს ვერ შეძლეს.

  • სოსო გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს, მათ შორის ერთი – „ორი პირის პერსონალურ მონაცემის“ გავრცელებას ეხება

    სოსო გოგაშვილს ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს, მათ შორის ერთი – „ორი პირის პერსონალურ მონაცემის“ გავრცელებას ეხება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე, 157-ე და 236-ე მუხლებით ოფიციალურად წარედგინა.

    როგორც ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, სახელმწიფო ბრალდება სოსო გოგაშვილს სხვა ბრალდებებთან ერთად 2015-2018 წლებში ორი პირის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება, რომელიც 2021 წლის თებერვალში გავრცელდა.

    “სახელმწიფო ბრალდების მიერ მოხდა ოფიციალურად ბრალის წარდგენა. როგორც მოლოდინი გვქონდა სწორედ იმ მუხლებით მოხდა ბრალის წარდგენა. პირველი ეპიზოდი გახლავთ პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება და როგორც ბრალდებაშია მოცემული ეს შეეხება 2015-2018 წლებში ბატონ სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდს და თითქოს მას მიუწვდებოდა ხელი როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე და როგორც დადგენილებაში მას ედავებიან, 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელდა ორ პირთან მიმართებაში პერსონალურო მონაცემები და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. ანუ 2015-2018 წლებში როდესაც სოსო გოგაშვილი მუშაობდა უსაფრთხოების სამსახურში მას ხელი მიუწვდებოდაო მას პერსონალურ მონაცემებზე და სახელმწიფო საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტებზე და აღნიშნული დოკუმენტები თითქოს გასაჯაროვდა 2021 წლის თებერვალში. საუბარია ორი პირის პერსონალურ მონაცემზე საუბარი, კონკრეტულად ვისი მონაცემები გასაჯაროვდა ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია.

    მეორე ეპიზოდი არის სამსახურეობრივი უფლებოსილების გადამეტება. ესეც შეეხება 2015-2018 წლებში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და პერსონალურ მონაცემებს თითქოს სოსო გოგაშვილმა ეს მონაცემები მან უკანონოდ გამოიტანა სამსახურიდან.

    მესამე ეპიზოდი არის ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდება. აქაც კითხვის ნიშნები და აბსურდული რაღაცები ჩნდება. კერძოდ, 5 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონონ შეძენა-შენახვას ედავებიან, საიდანაც 2 არის სწორედ ის იარაღები, რაზეც ოჯახის წევრები მიუთითებს რომ მოხდა ამ იარაღების ჩადება, ხოლო 3 ცეცხლსასროლი ეკუთვნით დაცვის თანამშრომლებს”, – განაცხადა ადვოკატმა.

  • საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან გმობენ „მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე – ქალბატონ კელი დეგნანზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.“

    პარლამენტარების აზრით მმართველი პარტიის და „მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები“ ქმნის საშიშროებას, რომ საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები და შეასუსტოს მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ და საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში.

    წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური.

    „საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები ვემიჯნებით და მკაცრად ვგმობთ მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურადაა მიმართული საქართველოში აშშ-ს ელჩზე – ქალბატონ კელი დეგნანზე და საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარებზე.

    ანტიდასავლური რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენა (ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით), ხოლო ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად სისტემური რეფორმების გატარება დაუყენა (12 პუნქტის სახით).

    შედეგად, ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ორმაგი სახე, რომელიც ერთის მხრივ ხედავს, რა მოსახლეობის ნებას გახდეს ევროკავშირის წევრი, აცხადებს, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უცვლელია, თუმცა იმავდროულად კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის რეალური მიზეზებს – დემოკრატიულ უკუსვლას და რეფორმების არარსებობას – არ აღიარებს; რეალური მიზეზების გადასაფარად, სახელისუფლებო პარტია აქტიურად აწარმოებს დეზინფორმაციას – ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის ვერმიღებას ომში ჩაურთველობით ხსნის და ღიად თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რაც სიცრუე და რუსული პროპაგანდაა. ეს სიცრუე გათვლილია იმ მოქალაქეებზე, ვისაც ნაკლები ინფორმაცია აქვს დღეს დასავლეთის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში არსებულ პოზიციებზე, რომელიც არათუ არ ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას, არამედ აქტიურადაა მიმართული საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და დასაცავად რუსეთისგან.

    მმართველი პარტიის და მისგან ე.წ. განდგომილების მხრიდან წარმოებული იდენტური დეზინფორმაციული კამპანიები ქმნის საფრთხეს, საქართველოს დააკარგვინოს სტრატეგიული მეგობრები, დააბნიოს ჩვენი პარტნიორები და შეასუსტოს მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მეტიც, აღნიშნული წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული საგარეო კურსის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ სვლას, რომლის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ასევე ქმნის რისკებს რომ საქართველო მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში; ამგვარი მოქმედებებით მმართველი პარტია ართმევს მოსახლეობას შესაძლებლობას იცხოვროს ევროპული ტიპის ქვეყანაში, სადაც თითოეული მოქალაქის საყოველთაოდ აღიარებული უფლება, კეთილდღეობა და უსაფრთხოება დაცულია; ამავდროულად, მმართველი პარტია უზარმაზარი დარტყმის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა და მეგობრების გარეშე დარჩენა საქართველოს მარტოს დატოვებს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს კრიტიკულ დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის ხელი გამოუწოდა ჯერ კიდევ 1992 წელს. იმ დროიდან, როცა რუსეთმა დაიწყო განგრძობითი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ეს დახმარება დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჯამში შეადგენს 5 მილიარდ დოლარამდე ფინანსურ რესურსს და მრავალ წარმატებულ დარგობრივ პროგრამას. აშშ-ს დახმარება ეფუძნება საერთო ღირებულებებს და მისი მიზანია საქართველო გახდეს შემდგარი, ძლიერი და თავისუფალი ქვეყანა.

    შესაბამისად, ანტიდასავლური ძალები ამაოდ ცდილობენ დასავლეთის რეკომენდაციები იმავე ტიპის მოვლენად წარმოადგინონ, როგორიც მოსკოვიდან წამოსული სიგნალებია. ამ უკანასკნელთა მიღმა რომ უხეში სამხედრო ძალა, ქალაქების ნგრევა და ადამიანთა სიკვდილი იმალება, ეს აჩვენა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს და უკრაინაში დღევანდელმა ომებმაც.

    მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ხელი აიღოს დეზინფორმაციის და ანტიდასავლური კამპანიის წარმოებისგან, გადმოერთოს საქმიან რეჟიმზე და დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამ მიზნით გასულ კვირას ჩვენ ინიციირება გავუკეთეთ რიგგარეშე სესიას პარლამენტში. აღნიშნული ინიციატივა ფართოდ მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მხრიდან. ინიციატივა გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტმაც და 18 ივლისიდან მოიწვია რიგგარეშე სესია. ჩვენი ინიციატივის მიზანია პარლამენტმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რაც იქნება პოლიტიკური ნების დემონსტრირება 12 პუნქტის ირგვლივ მუშაობისთვის რეალურ მზადყოფნაზე.

    ასევე მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არასამთავრობო სექტორს და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს არ დავუშვათ ქვეყნის კურსის ცვლილება და ერთად ვიბრძოლოთ იმ არჩევანის დასაცავად, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს საუკუნეების წინ და რისი განხორციელების შესაძლებლობა როგორც არასდროს, ისე ახლოა”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

  • “ეს არის ბლეფი“– ფრენსის ფუკუიამა პუტინის განცხადებაზე

    რუსეთის პრეზიდენტის სიტყვბეი იმის შესახებ, რომ “რუსეთის ფედერაციას ჯერ სერიოზულად არც კი დაუწყია რამე“, პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ბლეფს უწოდებს. ამის შესახებ მან დოიჩე ველესთან ინტერვიუში განაცხაცხადა.

    სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ რუსულ არმიაში პირადი შემადგენლობის მწვავე უკმარისობას. რუსულმა არმიამ უკრაინაში შეჭრამდე მობილიზებული პირადი შემადგენლობის მესამედი დაკარგა. ოკუპანტის ძალების დანაკარგი დაახლოებით 80 000 სამხედროს შეადგენს, საიდანაც მინიმუმ 20 ათასი მოკლულია. ეს არის მონაცემები ტყვეების გათვალისწინების გარეშე.

    ისეთი დიდი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც რუსეთია, უკრაინაში შეჭრა – ეს არ არის “პატარა სამხედრო ოპერაცია“. სამხედრო თვალსაზრისით კი, ფუკუიამას განცხადებით ეს პრაქტიკულად კატასტროფაა.

    “თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთის არმიამ ბოლო ორი თვის მანძილზე, დონბასზე სამხედრო მოქმედებების კონცენტრირების შემდეგ მხოლოდ უმნიშვნელოდ წაიწია წინ, ვვარაუდობ, რომ მათ არც ისე ბევრი რეზერვი აქვთ, ასე რომ, ჩემი აზრით, პუტინი ბლეფობს, როცა ამბობს, რომ “მათ ჯერ არცკი დაუწყიათ“. – ამბობს ფუკუიამა.

    შეგახსენებთ,   7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათ უკრაინასთან ომი ჯერ სერიოზულად არცკი დაუწყიათ.

  • რუსული სპეცსამსახურები აღმოსავლეთ ევროპაში გააქტიურდნენ და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემის გაშიფვრას ცდილობენ

    რუსულმა სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმისათვის, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სქემები აღმოაჩინონ.

    ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს.

    ოკუპანტი ქვეყნის აგენტებმა დავალება მიიღეს გამოავლინონ და თვალი მიადევნონ მარშრუტებს, რომლითაც უკრაინაში იარაღის მიწოდება ხდება.

    “იარაღის რაოდენობის და მიწოდების სქემის დასადგენად, რომელსაც უკრაინას მეგობარი ქვეყნები თავდაცვისთვის გადასცემენ, რუსი სამხედრო ატაშეებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კავშირის დახურული არხებით მიიღეს ბრძანება გაააქტიურონ პოლიციის თანამშრომლების და მოქალაქეების გადაბირება, რომლებიც იარაღის ტრანსორტირებაში არიან ჩართული“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.

    მისივე ინფორმაციით, უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ გამოიყენონ ადგილობრივი თემების წარმომადგენლები და პრორუსი აქტივისტები.

    “სამაგიეროდ, როგორც კი რუსებისგან თანამშრომლობის წინადადებას იღებენ, ევროპელები მაშინვე მიმართავენ პოლიციას და უშიშროების ორგანოებს“– აცხადებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა.

  • დიდი ბრიტანეთის სამხედრო პილოტები მზად არიან რუს პილოტებთან ბრძოლისთვის–ბრიტანეთის საჰაერო ძალების მეთაური

    რუსეთის უკრაინაში შეჭრამ აჩვენა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები შეიძლება ჩათრეულ იყვნენ რუსეთთან ომში. ამის შესახებ ბრიტანეთის ავიაციის  მარშალმა, მაიკ ვიგსტონმა განაცხადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურია.

    მაიკ ვიგსტონმა ინტერვიუ Sky News–ს  სამხედრო ავიაციის მსოფლიოში უდიდეს ჩვენებაზე –  Royal International Air Tattoo–ზე სტუმრობისას მისცა, რომელიც ფეიფორდის ავიაბაზაზე, ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოში იმართება.

    ვიგსტონის თქმით, რუსეთი ახლა დიდი ბრიტანეთის და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც ბრიტანელი სამხედრო მფრინავები მუდმივ წვრთნებს გადიან, რათა რუსეთიდან საფრთხის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისთვის, მზად იყვნენ რუს პილოტებთან საბრძოლველად.

    “ნახეთ რა ხდება უკრაინაში. გაიხსენეთ, რა იყო მანამდე საქართველოში. რუსეთი სულ უფრო აგრესიული ხდება. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი საფრთხისთვის ამ ქვეყნის მხრიდან და ეს უმნიშვნელოვანესი გაკვეთილია, რომელიც უკრაინის ომიდან უნდა ვისწავლოთ“– განაცხადა ბრიტანელმა მარშალმა.

    ვინგსტონის თქმით, ბრიტანელი სამხედრო მფრინავების მუდმივი წვრთნები მოკავშირეების პილოტებთან ერთად მათ უპირატესობას აძლევს პოტენციურ საჰაერო ბრძოლაში რუს პილოტებთან შედარებით.

    “საფრთხე იმისა, რომ შეიძლება საჰაერო ბრძოლა მოხდეს, როცა ჩვენი თვითმფრინავები – F-35 ან  Typhoon –ები მტრის თვითმფრინავებს შეეჯახებიან, ძალიან რეალურია. ამიტომ ჩვენც ვემზადებით და მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსაც. ჩვენი თვითმფრინავები მზად არიან დაიცვან არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორია, არამედ ნატოს ქვეყნებისაც.“– ამბობს ის.

  • სოსო გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა ის მასალა, რის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა

    სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ამბობს, რომ დიპლომატიურ კორპუსს აქვს ყველა  მასალა, რის გასაჯაროებასაც სოსო გოგაშვილი აპირებდა. მედიასთან საუბრისას გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის დაკავების სპეცოპერაციისას სამართალდამცავები აგრესიულები იყვნენ:

    „ყველა არ იყო აგრესიით გამორჩეული, ბევრი ვაჟკაცი ბიჭია, რამდენიმე იყო ვინც ნერვები და თავი ვერ მოთოკა. როდესაც სახლში სპეცოპერაციით შედიხარ, მნიშვნელობა არ აქვს რა დავალება გაქვს, ელემენტარული უნდა იცოდე, რომ ღირსებაა მთავარი, როდესაც ხედავ, რომ ოჯახი ნერვიულობს აღარ უნდა დაუმატო შენი ყვირილი და მუქარები“,- აღნიშნავს ნიკოლოზ გოგაშვილი.

    მან ასევე უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავება „სუს-იდან გამოჟონილ კრებსებს“.

    „ზუსტად არ ვიცი. რომელიღაც არხზე სიუჟეტი გააკეთეს, რომ თითქოს, სოსო მართავს „ტვ პირველს“, „ფორმულას“, „მთავარ არხს“, სასაცილოა, მამაჩემი თუ მართავს კელი დეგნანს, ასეთ სამ ძლიერ ტელევიზიას, სოსო ყოფილა ოლიგარქი, სოსო უნდა დაასანქცირონ მათი ლოგიკით? ელჩებს მართავს, ტელევიზიებს მართავს, ახლა ამერიკაში არჩევნებს ჩაატარებს“, – ამბობს ნიკოლოზ გოგაშვილი.

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი წუხელ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ვიდეომასალა ამის შესახებ გოგაშვილის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. წუხელვე ჩხრეკა ჩატარდა გონიოში მის სახლში, სადაც მისი შვილი, ნინო გონაშვილი იყო. დღეს დილით კი ჩხრეკა ჩატარდა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე სოსო გოგაშვილის მეორე შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

    სახლიდან წაიღეს ტექნიკა – ტელეფონები, პლანშეტები, დოკუმენტები და ეძებდნენ “რაღაც მასალებს”.

  • სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია.მოსამართლეები აპირებენ ხმამაღლა საუბარს–ნიკა გვარამია

    მთავარი არხის დამფუძნებელი და დირეტორი, ნიკა გვარამია ციხიდან ეხმაურება მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას:
    “სასამართლოში კლანის წინააღმდეგ ბუნტია. აშშ-ში სემინარზე მიდიან მხოლოდ ის მოსამართლეები, ვინც დაუპირისპირდა სისტემას და საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებული რეპრესიული კანონი დისციპლინური წარმოების შესახებ. ბუნტის სათავეში არიან ის მოსამართლეები, ვინც, ჩხიკვაძის დასანქცირების მიზეზით, აიძულეს უარი ეთქვათ აშშ-ში წასვლაზე. ამ მოსამართლეებზე ზეწოლა განახორციელა უშუალოდ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძემ, რაზეც ისინი აპირებენ ხმამაღლა საუბარს.
    რაც შეეხება საკუთრივ ე.წ. მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას, რომელმაც თავად დაადასტურა, რომ 2 თვე საზოგადოებას ატყუებდა და ქართული ოცნების მიერ მიღებულ მესიჯბოქსს იმეორებდა:
    პირველი – ფორმალურადაც კი გაფორმდა ის ფაქტი, რომ ის დაინტერესებულია ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით (რაც არ უნდა წეროს, რომ ეს მისი ინტერესი არაა) და თავად ახორციელებს ღია და საჯარო ზეწოლას საკუთარ კოლეგებზე;
    მეორე – სრულიად შემზარავი და უპრეცედენტოა ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაციის და შანტაჟის ეს ფაქტი სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც უნდა განვიხილოთ, როგორც ქართული ოცნების ღია ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი.
    PS ოცნებიდან “განდგომილ” გრაფომანების სამეულს, საკრებულოს წევრების შემდეგ, უკვე “მოსამართლეც” უერთდება, სრულიად იდენტური შინაარსის და ლექსიკის განცხადებით“– წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.