Category: კავკასია

  • მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა–არასამთავრობოები ჰარცელს

    მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა–არასამთავრობოები ჰარცელს

    არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ და საქართველოში მრავალწლიანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

    წერილში ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ კარლ ჰარცელმა საქართველოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა.

    ამასთან, ეხმაურებიან ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშანავენ, რომ ეს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

    „ბატონო ჰარცელ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.

    თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

    ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

    განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.

    თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.

    ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდა პოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

    მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცავს და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

    დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

    წერილს ხელს აწერენ: „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ (CIIC), „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF), „საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (GYLA), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (რონდელის ფონდი), „დემოკრატიის ინდექსი“, „საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო იდეა“, „გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი“ (ICGS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC).

  • პუტინი ბიჭვინთის 184 ჰექტარი ტერიტორიის ჩუქებას ითხოვს

    რუსეთი აგრძელებს მიზანმიმართულ ზეწოლას აფხაზებზე, რათა სამუდამოდ ჩაიგდოს ხელში, შავ ზღვაზე, ბიჭვინთის ულამაზესი ყურის მიმდებარედ, 184 ჰექტარი მიწა. ბიჭვინთის ნაკრძალის ტერიტორია, რომლის უმეტესი ნაწილი რელიქტურ და ენდემურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია.

    ამ ტერიტორიას, საბჭოთა კავშირის დაშლისა და თბილისის მიერ აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ, ისედაც, რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური აკონტროლებს.

    ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარი, რომელიც ლიძავას გზატკეცილზე მდებარეობს, ბეტონის კედლებით და მავრთულხლართებით არის შემოსაზღვრული, ყველგან დგას ვიდეოსათვალთვლალო სისტემები, რომლებსაც რუსი ოკუპანტები, ენგურის ხიდზე და ცხინვალის რეგიონშიც იყენებენ.

    აფხაზები უკვე ათწლეულებია აქ ცხვირს ვერ ყოფენ, მათთვის აკრძალულია სანაპიროზე შესვლა და ბანაობაც. რუსეთი სეპარატისტებისგან, ამ ტერიტორიაზე მდებარე, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკისა და დამხმარე ნაგებობების სამუდამო დაკანონებას ითხოვს.

    სეპარატისტების ლიდერი ასლან ბჟანია ამ მოთხოვნას, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სურვილს უკავშირებს, ხშირად დაისვენოს ოკუპირებულ აფხაზეთში.

    „იცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი რამდენჯერმე არის ბიჭვინთის ამ აგარაკებზე ნამყოფი. რუსეთის ხელისუფლების სურვილია აქ ჩამოვიდნენ და დაისვენონ. იმისთვის, რომ ეს დასვენება იყოს ხარისხიანი აუცილებელია ამ ტერიტორიაზე მდებარე აგარაკების და დამხმარე ნაგებობების სრული განახლება და კაპიტალური რემონტი“ – ასე შეეცადა აღშფოთებული ბიჭვინთელების დამშვიდებას ასლან ბჟანია.

    მისი თქმით, „ეს ნაგებობები, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა და უკვე ძალიან მოძველებულია. სწორედ ამიტომ ითხოვს რუსეთი ამ ნაგებობების გადაცემას არა არენდით, არამედ საკუთრებაში, რათა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მოხდეს ამ სამუშაოების დაფინანსება. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთს გადაეცემა მხოლოდ ნაგებობები და არა მიწა, რომელზეც ეს აგარაკები მდებარეობს. მიწა გადაეცემათ 49 წლიანი არენდით“ – აცხადებს ბჟანია.

    ბიჭვინთის 184 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელზეც რუსეთი აცხადებს პრეტენზიას, სამი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკი, №8, 9 და 10 მდებარეობს, ასევე დამხმარე ნაგებობები მათ შორის აუზები, რესტორნები, მიწისქვეშა კომპლექსიც, რომელთაც ლიფტი აკავშირებს.

    ბიჭვინთის კონცხზე ამ ტერიტორიის განვითარება და აქ სახელმწიფო აგარაკების აშენება, საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება. მშენებლობის გადაწყვეტილება ხრუშჩოვმა 1959 წლის იანვარში მიიღო.

    მთლიანად, კურორტ ბიჭვინთის განვითარების ფარგლებში, სახელმწიფო აგარაკების მშენებლობა 1962 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა რამდენიმე წელი გაიწელა. ბიჭვინთა ხრუშჩოვის საყვარელ ადგილად იქცა, სადაც ის ქართველ და აფხაზ კომუნისტებსაც მასპინძლობდა. 1964 წელს, როცა ბრეჟნევმა ხრუშჩოვი ხელისუფლებას ხავერდოვნად ჩამოაშორა, ეს უკანასკნელი სწორედ ბიჭვინთაში ისვენებდა.

    ყველაზე მაღალი რანგის სტუმარს, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკმა 1974 წელს უმასპინძლა, მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ლეონიდ ბრეჟნევმა აქ მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი ჟორჟ პომპიდუ.

    ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო აგარაკები, რომელთა გადაცემას კრემლი ითხოვს

    2017 წელს კი სოჭიდან ოკუპირებულ ბიჭვინთაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჩაფრინდა და ხრუშჩოვის ყოფილ აგარაკზე, სეპარატისტების მაშინდელ ლიდერს რაულ ჰაჯიმბას შეხვდა. 2020 წლის იანვარში, როცა სეპარატისტებმა ჰაჯიმბა სოხუმიდან გააძევეს, მას ბიჭვინთაში, “რუსების ტერიტორიის მიმდებარედ”, ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა აგარაკი აღნაგობის უფლებით გადაეცა.

    იქვეა, მიუსერაში, ბოლო საბჭოთა ლიდერის მიხეილ გობრაჩოვის სახელმწიფო აგარაკიც, რომლითაც ოკუპაციის შემდეგ, აფხაზი სეპარატისტების ლიდერები სარგებლობენ და “აფხაზთა პრეზიდენტის რეზიდენცია” დაარქვეს. ასლან ბჟანია ამბობს, რომ ბიჭვინთის 184 ჰექტარის გადაცემის შემთხვევაში, რუსები “მათ” აგარაკებსაც გაარემონტებენ.

    ბიჭვინთის ტერიტორიის 184 ჰექტარის რუსეთისთვის გადაცემას, ყველაზე მეტად, ჯერჯერობით, თავად ბიჭვინთელები აპროტესტებენ. 1670 ადამიანმა მოაწერა ხელი საპროტესტი წერილს ასლან ბჟანიას სახელზე, სადაც საუბარია, რომ დაუშვებელია 184 ჰექტარის გადაცემა მაშინ, როცა ამ ტერიტორიაში ექცევა 60 ბიჭვინთელის საკუთრება, მათგან ორი ე.წ “სასამართლოში” დავობს.

    ბიჭვინთელები განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან, რომ რუსეთის ფედერალური დაცვის სამსახური მათ აიძულებს, ტერიტორიის მიმდებარედ მხოლოდ სპეცსაშვებით, პასპოტებით და წინასწარი შეთანხმებით გადაადგილდნენ,

    პრობლემები ექმნებათ სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მანქანებს, რომლებსაც რუსები ასევე არ ატარებენ. ადგილობრივების აზრით, ეს მათი უფლებების უხეში ხელყოფაა. ამ მოსაზრებას არ იზიარებს, ცნობილი აფხაზი სეპარატისტი სერგეი შამბა:

    „ბიჭვინთაში ასეთი ობიექტის არსებობა, რომელზეც რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები ისვენებენ, გარანტიას იძლევა, რომ ნებისმიერი აგრესორი, ჩვენ მიმართ თავს შეიკავებს ავანტიურისგან. არა მგონია, ისეთი გიჟები მოიძებნონ, ვინც მზად იქნება, ჰაერში აწიოს საბრძოლო უპილოტო აპარატები, როდესაც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე რუსეთის ფედერაციის რომელიმე მაღალჩინოსანი ისვენებს“ – აცხადებს შამბა.

    სეპარატისტული აფხაზეთის რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, ბიჭვინთის 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემას „ეროვნული ღალატი“ და დაუშვებელი უწოდა. ე.წ „აფხაზთა კრებას“ ეს საკითხი 19 ივლისს უნდა განეხილა, თუმცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოთხოვნით, რომლებმაც ამ ე.წ „ხელშეკრულების“ ექსპერტიზა მოითხოვეს, განხილვა გადაიდო.

    ბიჭვინთის ულამაზეს კონცხს, რუსებმა უკვე მოაკლეს 45 ჰექტარი. ეს ტერიტორია, რომელიც ინკითისა და გველების ტბების სიახლოვეს მდებარეობს, მოსკოვის ზეწოლით, რუსეთის კრასნოდარის მხარის ექს-გუბერნატროს ალექსანდრე ტკაჩოვს, ანკლავში, სასტუმრო კომპლექსის „მოსკოვი რიზორტის“ ასაშენებლად, 2021 წლის ბოლოს გადაეცა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრისა და საერთაშორისო სანქციების შემდეგ, პროექტი გაუკვეველი ვადით შეჩერდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო–ნიკოლოზ სამხარაძე

    კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც კარლ ჰარცელის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

    ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს ეთქვა, თუ რა ვერ გააკეთა ჰარცელმა, თუმცა, სამხარაძემ ამ კითხვაზე არ უპასუხა.

    „სხვა ადამიანების კომენტარებზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს. რაც შეეხება ბატონი ჰარცელის შეფასებას, შემიძლია ვთქვა, რომ მას შეეძლო უკეთესად ემუშავა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო,”- განაცხადა სამხარაძემ.

    ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.

  • ევროპაში “პუტინის მგლების“ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ზოგიერთი “მგელი“ დააკავეს

    რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების“ იმ წევრების სახლებში, ვინც ევროპაში ცხოვრობენ ჩხრეკა ჩატარდა. ბევრი მათგანი დააკავეს.

    ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი ორგანიზაციის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ზალდასტანოვზე დაყრდნობით წერს.

    “რამდენიმე დღის წინ “ღამის მგლების“ ბევრი წევრის სახლებში ჩხრეკა დაიწყო, არის ზეწოლა და დაპატიმრება. მათ რაღაც იდიოტურ კითხვებს უსვამდნენ, რაღაც შენიღბული მუქარა იყო და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. დასავლელ პარტნიორებს ძალიან ეშინიათ მზარდი წინააღმდეგობის“– განაცხადა ზალდასტანოვმა.

    ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ “ღამის მგლები“ და მისი პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ განხილვის პროცესში მყოფი ახალი შავი სიის პროექტში შეიყვანეს.

    ზალდასტანოვმა ხაზი გაუსვა, რომ არცერთ მის ამხანაგს უკან არ დაუხევია– არც მეგობრობაზე უთქვამს უარი და არც საკუთარ პოზიციაზე.

    “ჩვენი აკრძალვა არ გამოვა. რწმენა, სიმართლე, იდეა, შეუძლებელია აკრძალვებით დაამარცხო“– თქვა მან.

    რუსი ბაიკერების კლუბი რუსული სახელმწიფო პოლიტიკის და პროპაგანდის მხარდამჭერია.

  • პუტინმა უკრაინელების კონტრშეტევის შესაკავებლად შესაძლოა ბირთვული იარაღით მუქარა გამოიყენოს –ISW

    რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა გამოიყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესაკავებლად დროებით ოკუპირებულ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

    ასეთი ვერსია აქვთ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს.

    “ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ პუტინმა შეიძლება პირდაპირ ან ირიბად განაცხადოს, რომ რუსული დოქტრინა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაცავად, ახლადშეერთებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.“

    ექსპერტების აზრით, კრემლის ლიდერის ასეთი ქმედებები უკრაინას და მის პარტნიორებს ბირთვული შეტევის საფრთხეს უქმნის, თუ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად წარმატებით გაგრძელდება.

    “პუტინი შეიძლება ვარაუდობდეს, რომ ბირთვული იარაღით მუქარა ან მისი გამოყენება რუსეთის უკრაინის შეტევის შეკავებაში დაეხმარება.  ასეთ შემთხვევაში, უკრაინას და მის დასავლელ პარტნიორებს ძალიან ცოტა  დრო რჩებათ იმისთვის, რომ მანამდე მოასწრონ კონტრშეტევის განხორციელება, სანამ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას მოახდენს“– ამბობენ ანალიტიკოსები.

  • ჰოჯესი: რუსეთი უკრაინაში დამარცხდება და საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს

    უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი. ამას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს.

    მას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, რის შემდეგად “საბოლოო დეკოლონიზაცია დაჩქარდება”. გენერალი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს და საქართველო ამ შესაძლო სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ბენ ჰოჯესს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ივლისი იქნება კრიტიკული თვე, როდესაც საბოლოოდ საგრძნობი გახდება იმ მხარდაჭერის სრული წონა და ეფექტი, რომელსაც ამერიკა უკრაინას საარტილერიო და სარაკეტო სისტემების და სხვა აღჭურვილობის მიწოდებით უწევს. ამას დაემატება ისიც, რომ რუსული ძალები დაიღალნენ და ადამიანური ძალის დეფიციტს განიცდიან. ვფიქრობ, იქნება დინების ცვლილება ადგილზე – ეს არ იქნება უზარმაზარი, მაგრამ იქნება შესამჩნევი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, დასავლეთი უკრაინელებს მივაწვდით ყველაფერს, რასაც დავპირდით, გვექნება შანსი, რომ უკრაინამ რუსული ძალები 23 თებერვლის ხაზზე ამ წლის ბოლომდე დააბრუნოს.

    კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა კონტრშეტევისთვის, გენერალი პასუხობს:

    “ვფიქრობ, რომ ამისთვის დრო საკმაოდ კარგია, რადგან საქმე ისე გამოიყურება, რომ რუსული ძალები ერთ ადგილზე შეჩერდნენ. შესაძლოა, მათ არსებითი პროგრესის მისაღწევად წინსვლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ახლა ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. ეს ძირითადად, არის უწყვეტი საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვები, რომლებიც უკრაინულ ძალებზე გავლენას უდავოდ ახდენს და უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. მაგრამ მათ მეტი არაფერი შეუძლიათ. რუსებმა განიცადეს უდიდესი მსხვერპლი და დაკარგეს დიდი რაოდენობით აღჭურვილობაც. ასე რომ, ეს დრო შეიძლება კონტრშეტევისთვის შესაფერისი იყოს.

    რა თქმა უნდა, უკრაინელები კარგად იცავენ ინფორმაციას. ჩვენ არ ვიცით და საჯაროდ არც უნდა ვიცოდეთ რა შესაძლებლობები აქვთ, რა აღჭურვილობა აქვთ ადგილზე. ვფიქრობ, გენერალური შტაბი ძალიან ბევრს იმუშავებდა იმაზე, რომ შეექმნა მობილური რეზერვი, რომლის გამოყენებაც როგორც კრიზისის, ასევე კონტრშეტევის დროს იქნება შესაძლებელი.“

    რას იტყვით რუსეთის ძალებზე იგივე გადმოსახედიდან? თქვენ აღნიშნეთ, რომ ისინი დაიღალნენ და ბრძოლის უნარი ეწურებათ, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ასევე ვიცით, რომ ისინი რაკეტებს კასპიის ზღვიდან ისვრიან, იმის ნაცვლად, რომ სადმე ახლოდან ისროლონ. რა სიგნალს გზავნის ეს?

    უდანაშაულო ხალხის განურჩეველი ხოცვა, ვფიქრობ, სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ევროპის დედაქალაქებზე ზეწოლის გასაგრძელებლად ხდება. იმისთვის, რომ მათ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად გამოსავალი ეძებონ. ვფიქრობ, რომ ეს კეთდება მათზე ზეწოლის განსახორციელებლად, ისევე ზელინსკის მთავრობაზე წნეხის შესანარჩუნებლადაც.

    ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ბევრი სხვა არჩევანი არ აქვთ. ჩემი ანალიზი შესაძლოა ზუსტი არ იყოს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გამო, რომ არ ვიცი მათ ჯერ კიდევ რამდენი ჩვეულებრივი საბრძოლო მასალა აქვთ დარჩენილი. ერთის მხრივ ვითარება ისე გამოიყურება, თითქოს მათ უსასრულო რაოდენობის არტილერია და რაკეტები აქვთ. თუმცა, ჩვენი გათვლებით, იმ რაკეტების, რომლებსაც კასპიის ზღვიდან, და რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიიდან ისვრიან, სავარაუდოდ, 50 პროცენტზე ნაკლები აქვთ დარჩენილი. მათ მარაგის შევსება სავარაუდოდ, აღარ შეუძლიათ სანქციების გამო, რომლებიც რუსეთს ხელს უშლის ამ სისტემებისთვის საჭირო ნაწილის იმპორტში. საშინელებაა ის, რასაც აკეთებენ და რა თქმა უნდა, უკრაინელებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ დარტყმები სიღრმეში მიაყენონ და ის ადგილები ამოიღონ მიზანში, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის. ასევე ვფიქრობ, რომ ეს სასოწარკვეთის ნიშანიცაა, რადგან მათ რეალურად არ აქვთ შესაძლებლობა დაშალონ ლოჯისტიკური ჯაჭვი, რომელიც უკრაინას დასავლეთის იარაღით ამარაგებს. მათ ეს რომ შეეძლოთ, ამას უკვე დიდ ხნის წინ გააკეთებდნენ.

     რას ამბობს თქვენთვის კასპიის ზღვიდან რაკეტების სროლა რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე?

    ეს კარგი კითხვაა. რატომ? შესაძლოა იმიტომ, რომ შავი ზღვის ფლოტში ამ ტიპის საბრძოლო მასალები არ არის და ჯერ ვერ ახერხებენ ფლოტის მომარაგებას? არ ვარ დარწმუნებული. თუმცა, ვიფიქრებდი, რომ რუსები იწყებენ შეშფოთებას იმის გამო, რომ უკრაინა ღებულობს შესაძლებლობებს, რომლითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე კიდევ უფრო შორს შეუძლია დარტყმების მიყენება. მათ ყირიმის ხიდიც აშფოთებს, რადგან უკრაინა საკუთარ შესაძლებლობებს აძლიერებს.

    ვფიქრობ, რუსებს ცოცხალი ძალის სერიოზული პრობლემა აქვთ, რასაც ჩვენ ექვსი თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით. როგორც ჩანს, სისტემაში არსებული კორუფციის გამო, ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ ნამდვილი გვეგონა და რომლებსაც ისინი აქვეყნებდნენ, რეალობასთან შედარებით, გაცილებით გაზვიადებული იყო. მათ ფრონტზე გასაგზავნად ხალხი ციხიდან გამოჰყავთ. ისინი ფაქტობრივად ფსკერს ფხეკენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბრძოლაში იყენებენ არასათანადოდ გაწვრთნილ ჯარისკაცებს. ცოცხალი ძალის რაოდენობა, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, უკრაინის სასარგებლოდ იცვლება, რომელსაც სამხედრო ასაკის მილიონობით ქალი და მამაკაცი ჰყავს, რომლებსაც ბრძოლა შეუძლიათ. ისინი გაწვრთნილი ჯერ არ არიან, მაგრამ უკრაინელებს ცოცხალი ძალის პრობლემა არ აქვთ.

    თეთრმა სახლმა თქვა, რომ რუსეთმა ირანს დრონებით დახმარება სთხოვა. თქვენი აზრით, ეს საფრენი აპარატები რუსეთს მნიშვნელოვნად დაეხმარება?

    იმედი მაქვს, რომ ისინი იქ ვერასდროს ჩავა. იმედი მაქვს, რომ დრონების ეს გადაცემა რაიმე გზით შეფერხდება და დარწმუნებული ვარ ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. არა მხოლოდ ირანმა, არამედ ყველა სხვამ, ვინც ამ ომში რუსეთს ეხმარება და კრემლის წინააღმდეგ სანქციებს არღვევს, ამისთვის უზარმაზარი ფასი უნდა გადაიხადოს. თეთრი სახლი, ისევე როგორც სხვა მთავრობები, სავარაუდოდ, ამ სიტუაციას აკვირდებიან და შესაძლო შედეგებს ან სამოქმედო ნაბიჯებს აფასებენ. ვფიქრობ, ჯერ კიდევ გასარკვევია კონკრეტულად რა შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ. თუმცა, ერთი წუთით იმაზე დავფიქრდეთ, რა ხდება – რუსეთი, ეგრეთ წოდებული „დიდი ძალა“, ბირთვული სახელმწიფო, დრონების იმპორტს ირანიდან აწარმოებს. რას ამბობს ეს ყველაფერი რუსეთის სამხედრო სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე? სიტუაცია იმდენად ცუდია, რომ მათ დრონების იმპორტი ირანიდან უწევთ.

     თუმცა, ამ ნაბიჯის პოლიტიკური შედეგები შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლოა გადავდივართ ომის ახალ ფაზაში. მას ახლა თურქულ-ირანული დაპირისპირების ფაქტორიც ემატება. რას ფიქრობთ, უკრაინაში სატელიტური (პროქსი) ომია?

    შეიძლება გარეგნულად ეს ასე გამოიყურება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ომში. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ამერიკის ჯარი უნდა გავგზავნოთ, თუმცა სიამოვნებით ვიხილავდი ჩვენს ლოჯისტიკის სპეციალისტებს, რომლებიც უკრაინას მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის განაწილებაში დაეხმარებოდნენ. ვიცი ეს არ მოხდება, მაგრამ მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა მივაწოდოთ მათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მივცეთ მეტი ჰაიმარსები და ანტისაზღვაო შეიარაღება, უფრო შორი რადიუსის რაკეტები და საიერიშო შესაძლებლობები, რათა მათ შეძლონ იმ აეროდრომების დაბომბვა, საიდანაც რუსული თვითმფრინავები დაფრინავს. ასევე, კარგი იქნება შავი ზღვის ფლოტის მეთაურს უკიდურესად არაკომფორტული სიტუაცია შევუქმნათ სევასტოპოლში დაკავებულ უკანონო ბაზაზე. ეს არის ის, რის გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ ასევე უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე სხვა ადგილებში, რასაც ჩვენ ჰორიზონტალურ ესკალაციას ვუწოდებთ. ამაში ვგულისხმობ იმას, რომ მათ გაურთულდეს საქმის სხვაგან კეთება, იქნება ეს ეკონომიკური თუ სამხედრო მეთოდებით. მათ შორის ის, რომ ირანული დრონები, იქ ვერასდროს ჩავიდეს.

    სხვა ადგილებში რას გულისხმობთ? სირიას?

    დიახ, მაგალითად ბაზას ტარტუსში. ჩემთვის ზეწოლის წერტილების სიაში პირველია. იქ შეიძლება გემებზე კარანტინი ან სხვა სახის მოქმედებები იმისთვის, რომ რუსებმა ეს ბაზა ვერ გამოიყენონ.

    ამასთან, თუ მათ აფხაზეთიდან ან სამხრეთ ოსეთიდან ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს, არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება.

    თქვენ არ ხართ პირველი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარის ნაწილების გაყვანა საქართველოს სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცალმხრივი ვალდებულება აქვს აღებული ძალის არგამოყენების შესახებ. შესაბამისად, მთავრობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გზის გამოყენებას გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად კარგი იდეაა საქართველოსთვის ამ ვითარებაში სამხედრო თვალსაზრისით აქტიურობა და რუსეთის რეაქციის გამოცდა?

    წვრთნებზე შესაძლო რეაგირებას გულისხმობთ?

    დიახ. ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული.

    გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.

    საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?

     თქვენ ამბობდით, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში უკრაინა მნიშვნელოვნად დაწინაურდება და ფრონტზე დრამატული ცვლილებები მოხდება. ეს სცენარი ჯერ კიდევ შესაძლებელია?

    ვფიქრობ, ეს ძალიან შესაძლებელია! ომი არის ნებისყოფის და ლოგისტიკის გამოცდა. უკრაინელებს ეს ნებისყოფა აშკარად აქვთ. ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გააჩერეს რუსული ჯარი. ნებისყოფის მეორე ნაწილი აქ დასავლეთზე მოდის, სადაც შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები კრემლის წინააღმდეგ დგანან.

    ვფიქრობ, კრემლს სჯერა, რომ თუ დეკემბერამდე შეძლებს პოზიციების შენარჩუნებას, ჩვენი შიდა პრობლემების, ეკონომიკის, არჩევნების, ბრიტანეთში ახალი პრემიერის, გაზის თუ სხვა მიზეზების გამო, ჩვენ ყველას ინტერესი დაგვეკარგება. ვფიქრობ, ეს იქნება ნამდვილი გამოცდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის, შეძლებს თუ არა ის ყველას ერთიანობის შენარჩუნებას იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინამ გაიმარჯვოს. ვფიქრობ, უკრაინის ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირას უმჯობესდება, რუსებისთვის კი უარესდება, იგივე ხდება ცოცხალ ძალასთან დაკავშირებითაც.

    ასე რომ, დიახ, მე მჯერა, რომ უკრაინის გამარჯვების. თუმცა აქ უზარმაზარი ფაქტორი ჩვენი ერთიანობაა, სანქციების შენარჩუნებაში და უკრაინისთვის იმის მიწოდებაში, რასაც დავპირდით, მათ შორის, იარაღის და დაზვერვის თვალსაზრისით. ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. თუ ეს ასეც გაგრძელდა, მე მჯერა, რომ წლის ბოლოს შეიძლება ვნახოთ, რომ რუსეთი 23 თებერვლის პოზიციებზე დაბრუნდეს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ჩვენ კეთროვანები ვართ“– რუსეთის პირველი ჩოგანი რუს ჩოგბურთელ ბავშვებს მოქალაქეობის შეცვლისკენ მოუწოდებს

    რუსეთის პირველმა ჩოგანმა, დარია კასატკინამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო, რუსულ ჩოგბურთზე ომის გავლენის შესახებ ისაუბრა.

    25 წლის სპორტსმენმა მოუწოდა რუს ბავშვებს, ვისაც უნდა ჩოგბურთელი გახდეს, უარი თქვან რუსეთის მოქალაქეობაზე და ქვეყნიდან წავიდნენ.

    “ჩემი აზრით, თაობას, რომელიც ახლა 16–17 წლის არის, კიდევ აქვს შანსი, რადგან ისინი უკვე თამაშობენ და აქვთ შესაძლებლობა წავიდნენ. აი, ისინი კი ვინც უფრო პატარაა… ჩემი აზრით, ბევრი ნიჭიერბი ბავშვი, რომელთა მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, ალბათ შეიცვლიან მოქალაქეობას. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენთან ასეთი კითხვები უკვე ჩნდება, იმიტომ რომ ხდება “უიმბლდონიდან“ ჩამოშორება, და ჩვენ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. ბავშვებს კი შემიძლია ვუთხრა, რომ თუ არის ასეთი შესაძლებლობა, ბავშვებო, შეიცვალეთ მოქალაქეობა. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის რუსული ფედერაცია არ არსებობს. ჩვენ კეთროვანები ვართ. არ ვიცი მომავალში რა იქნება“ –უთხრა კასატკინამ იუთუბ არხის ჟურნალისტს, ვიქტორ კრავჩენკოს ინტერვიუში. გარდა ამისა, რუსმა ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ თავადაც არ გამორიცხავს მოქალაქეობის შეცვლას.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო Wimbledon-2022–ის ორგანიზატორებმა რუს და ბელორუს ჩოგბურთელებს ტურნირზე გამოსვლა აუკრძალეს. ბრიტანელებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი რეგულარულად იყენებს სპორტსმენებს პროპაგანისტული მიზნებისთივს. Wimbledon-2022 პნირველი დიდი ჩოგბურთის ტურნირი გახდა, რომელმაც რუსებს და ბელორუსებს პირად შეჯიბრებებში გამოსვლა აუკრძალა.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონთან რუსი ოკუპანტების ბაზა დაბომბეს

    ოკუპირებულ ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმა მიიტანეს რუსული ქვედანაყოფების განლაგების ადგილზე. ადგილობრივების ინფორმაციით შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა და შავი კვამლის სვეტი აღიმართა.

    ხერსონის საოლქო საბჭოს დეპუტატის, სერგეი ხლანის თქმით, უკრაინელებმა ზუსტი დარტყმა მიიტანეს ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს, ადგილზე, სადაც რუსებმა ძლიერი გამაგრებები შექმნეს, დიდი რაოდენობით იარაღი განათავსეს და სამხედრო ქვედანაყოფები განლაგდნენ… ხლამის თქმით, ძლიერი აფეთქება და შავი კვამლი იმაზე მეტყველებს, რომ ოკუპანტების სამხედრო ბაზის წერტილოვანი განადგურება მოხდა.

    შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ანტონოვსკის ხიდზე ოკუპირებულ ხერსონში, რომელიც ქალაქს დნეპრის მარჯვენა სანაპიროსთან აკავშირებს.

  • კადიროვი ჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაყენებას ითხოვს

    კადიროვი ჩეჩნეთის მთებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის დაყენებას ითხოვს

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოდის წინადადებით, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შალინსკის რაიონში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ბაზა შეიქმნას. ამის შესახებ ის საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს:

    “თანამედროვე პირობებში რუსეთს ახალი სამხერდრო გადაწყვეტები ჭირდება… პირველ რიგში ვთვლი, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთებში, რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე ისე, როგორც არასდროს საჭიროა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები“–წერს კადიროვი.

    მისი განცხადებით, რუსეთმა “პრევენციული ტაქტიკური ზომები უნდა მიიღოს.“

    კადიროვი აცხადებს, რომ რესპუბლიკაში მთლიანად არის დაკომპლექტებული  “ახმატის“ ოთხი ბატალიონი. მათი ფორმირების შესახებ კადიროვმა ივნისის ბოლოს განაცხადა და თქვა, რომ მათ შემადგენლობაში შევიდოდა “პირადი შემადგენლობის შთამბეჭდავი რაოდენობა, მხოლოდ ჩეჩენი ბიჭები“. კადიროვის თქმით, სპეცდანიშნულების პოლკ “ახმატ–ჩრდილოეთში“ შევიდნენ მებრძოლები, რომლებიც სირიაში და უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

  • გვარამიას საქმის მოსამართლე ელჩი დეგნანისგან ელის პასუხს, არის თუ არა ის სანქცირებული

    ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ რუსთავი2–ის შემდეგ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა საკუთარი ეჭვების შესახებ, რომ ის შესაძლოა სანქცირებულია.  მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა იმის შესახებ, რომ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ის საელჩომ იმ პროგრამიდან ამოიღო, რომლის ფარგლებში რამდენიმე დღეში ამერიკაში, ფლორიდის შტატში კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა წასულიყო. ლაშა ჩხიკვაძე ამას ზეწოლად თვლის.

    „კიდევ ერთხელ მინდა მივმართო საზოგადოებას, იქნება ეს პოზიციური თუ ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციები, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ყველა მაქსიმალურად მოერიდოს რაიმე ფორმით სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას. ვფიქრობ სასამართლო არ ექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლებს, თუმცა მაინც სასურველია, რომ ასეთი განწყობები ხელოვნურად არ შექმნან საზოგადოებაში. მისცენ სასამართლოს შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად მშვიდ გარემოში უზრუნველყოს საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება. კიდევ ერთხელ მინა მივმართო ქალბატონ კელი დეგნანს, იგივე შეკითხვითა და იგივე ფორმატით, რაზეც არაერთხელ მქონდა საუბარი, მე მაქვს ლეგიტიმური უფლება ვიცოდე რა მოქმედებასთან მაქვს საქმე. არის ეს სანქცირებული მოსამართლე, თუ არ არის. მე ამაზე პასუხი აქამდე ვერ მივიღე და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ამაზე პასუხი მექნება“, – განაცხადა ჩხიკვაძემ.