Category: კავკასია

  • აშშ ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია, რადგან “რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია“

    უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციის განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, ჯეფ სელდინმა ტვიტერზე დაწერა და აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწის,  ჯეიკ სალივანის ცოტა ხნის წინანდელი გამოსვლიდან ციტატა მოიყვანა, რომელშიც ნათქვამია, რომ “აშშ შეშფოთებულია ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით, რადგან ეს არის მეომარი ქვეყნის ლიდერი, რომელსაც საქმე აქვს სასტიკ, დაუნდობელ მოწინააღმდეგესთან, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზეა წამსვლელი.“

    “უკრაინაში ჩვენი ამოცანის ნაწილი უნდა იყოს ძალიას, გამძლეობის, ურყეობის, წინდახედულების და უნარიანობის დემონსტრირება, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე მოვახერხეოთ სხვების შეკავება სხვა ადგილებზე“. – ციტირებს ჟურნალისტი სალივანს.

    უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის ინფორმაციით ზელენსკიზე თავდასხმის 5 მცდელობა იყო, რაც უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, მცდელობებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქონდა ადგილი. დანილოვი თავდასხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დასაწყისში ღიად საუბრობდა ჩეჩენი მებრძოლების რაზმზე, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ქონდა დავალებული, თუმცა ის სრულად გაანადგურეს.

    თავად პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმების მზადება არც ისე საშიშია და თავად კრემლის ლიდერს უფრო მეტი პრობლემები აქვს, თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკის მიმართ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას.

  • უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განლაგებულ რუს სამხედროებზე წერტილოვანი დარტყმის კადრები გამოაქვეყნეს

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის იუთუბ არხზე დაიდო ვიდეო, რომელზეც ასახულია  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუს სამხედროებზე უპილოტო კამიკაძე დრონის შეტევის კადრები.

    უკრაინული დაზვერვის ცნობით კამიკაძე დრონის გამოყენებით შეტევა მიიტანეს მტრის კარვების ქალაქზე და ტექნიკაზე, კერძოდ ავტომობილზე საზენიტო დანადგარებით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით БМ-21 “Град.“

    უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 3 რუსი სამხედრო, 12 დაიჭრა.

    “კარვების ქალაქი ხანძარმა გაანადგურა, რომელსაც დიდხანს ვერ აქრობდნენ“– ამბობს დაზვერვა.

    ვიდეოს აღწერაში შეტევას “იუველირულ ნამუშევარს“ უწოდებენ.

    რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 20 ივნისს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა არმიამ ორი კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, თავად სადგური კი არ დაზიანებულა. რუსეთის არმიის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის “ადმინისტრაციის“  წარმომადგენელი, ვლადიმირ როგოვი 3 დრონზე საუბრობდა.

    რუსეთის თავდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის უფროსი, მიხაილ მიზინცევი აცხადებდა, რომ “მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით არ გამოიწვია ამ აფეთქებამ სადგურის აღჭურვილობის დაზიანება და ტექნოგენური კატასტროა.“

    უკრაინული არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს 2 აფეთქება საწარმოო კორპუსების სიახლოვეს.

    გასული კვირის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პიოტრ კოტინმა თქვა, რომ რუსებს  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეაქვთ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, რომელთაგანაც უკვე ახორციელებენ დნეპრის მეორე სანაპიროს, ნიკოპოლის ტერიტორიის დაბომბვას.“

    როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მათთვის უსაფრთხოა, რადგან უკრაინელები მის დაბომბვას მოერიდებიან, თუმცა უკრაინულ არმიას შეუძლია უზუსტესი წერტილოვანი დარტყმები კამიკაძე დრონებით განახორციელოს.

    რუსულ არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან აქვს ოკუპირებული. სადგურის შტურმის დროს რუსეთის არმიამ არტილერია გამოიყენა და მის კორპუსებს ტანკებიდან ესროდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.

  • “სრულად ვენდობით“– ევროპოლმა დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მათი განცხადება ურაინიდან იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე

    ევროპული პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელ ჩინოვნიკებთან, რათა შეამციროს ევროკავშირში იარაღი კონტრაბანდის საფრთხე, ნათქვამია ევროპოლის განცხადებაში.

    ის მეორე დღეს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ევროპოლის ოფიციალური წარმომადგენლის, იან ოპ გენ ოორტის სიტყვები იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ დააფიქსირა იარაღით და სამხედრო საქონლით შავ ბაზარზე ვაჭრობის შემთხვევები. მან ასევე განაცხადა შეშფოთების შესახებ იმის გამო, რომ იარაღი და საბრძოლო მასალები საზღვრის გასწვრივ ინახება ევროკავშირში კონტრაბანდისთვის.

    თუმცა, პარასკევს ევროპოლმა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც მისი წარმომადგენლის სიტყვები დააკონკრეტა: “ჩვენ სრულად ვენდობით უკრაინელ ჩინოვნიკებს და ისინი ახალ ზომებს იღებენ ამ იარაღის კონტროლისა და მეთვალყურეობისთვის“–ნათქვამი განცხადებაში.

    ამასთან, განცხადებაში ისიც არის ნათქვამი, რომ “პოტენციური საფრთხე, რომელიც წარსულში აღინიშნებოდა სამხედრო  კონფლიქტების ზონებში, რომ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება ცუდ ხელში აღმოჩნდეს, არსებობს. უკრაინაში ომთან დაკავშირებით ევროპოლი გამოდიოდა გაფრთხილებით, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებების გავრცელებას შეიძლება ევროკავშირში იარაღის და საბრძოლო მასალების კონტრაბანდა გამოეწვია არსებული არხებით და ონლაინ–პლატფორმებით. ეს საფრთხე შეიძლება კონფლიქტის დასრულების შემდეგ უფრო გაიზარდოს.“

    პენტაგონში აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ უკრაინიდან ევროკავშირში იარაღის კონტარაბნდის ნიშნებს.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ ტვიტერზე დაწერა, რომ ფეიკ ნიუსებს დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღის არამიზნობრივ გამოყენებაზე რუსეთი ავრცელებს.

    უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ალექსეი დანლოვმა. მან თქვა, რომ დასავლურ მედიაში პუბლიკაციები იარაღის შესაძლო კონტრაბანდაზე მაშინ გამოჩნდა, როცა რუსეთი “მაშტაბურ საინფორმაციო სპეცოპერაციას“ ატარებს უკრაინის დისკრედიტაციისთვის, რომლის მიზანი დასავლეთიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაა.

    დანილოვმა პირობა დადო, რომ ევროპოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს მათ გაცხადებებს შავ ბაზარზე იარაღის და საბრძოლო მასალების მოხვედრის შესახებ და მიანიშნა, რომ მათგან ელოდება ფაქტებს და მტკიცებულებებს.

  • რუსეთი Marlboro–ს და IQOS–ის გარეშე რჩება

    სიგარეტის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, ამერიკული Philip Morris წლის ბოლოს რუსული ბაზრის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ ოლჩაკმა განაცხადა.

    კომპანიის ყველაზე ცნობილი ბრენდია  Marlboro, ასევე კომპანია აწარმოებს ბრენდებს:  Parliament, Chesterfield L&M, Next და თამბაქოს გამაცხელებელ სისტემებს  IQOS.

    რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ Marlboro–ს ყიდვას, რომლის კოლოფი საბჭოთა პერიოდში უცხოური სიგარეტის სიმბოლო იყო. ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად ეს ბრენდი რუსეთში აღარ შევა, თუმცა არ არის გამორიცხული ის არაოფიციალურად, პარალელური იმპორტის გზით მოხვდეს რუსეთში.

    თამბაქოს გიგანტისთვის რუსეთი სიდიდით მეშვიდე ბაზარია. მას რუსული ბაზრის 27% ეკუთვნის. ასეთი ციფრები დაასახელა ოლჩაკმა ბლუმბერგთან ინტერვიუში:

    “ყველა ღონეს ვხმაროთბ, რომ ჩვენი რუსეთში ყოფნა შეწყდეს. მაგრამ ვიფქრობ, ეს შემდეგი კვარტლის განმავლობაში ვერ მოხდება.“

    ოლჩაკის თქმით,ბაზრიდან გასვლის პროცესის დასრულება წლის ბოლოს შესაძლებელია.

    უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ Philip Morris–ს ბაზრის დატოების განზრახვის შესახებ პირდაპირ არ განუცხადებია. მარტის დასაწყისში მან თქვა, რომ წარმოებას ამცირებს და რუსეთში ინვესტირებას წყვეტს, ასევე ამცირებს წარმოების მოცულობას მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო. მარტის ბოლოს კი კომპანიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აქტივები სხვა მფლობელს გადასცეს – ისევ და ისევ ლოჯისტიკური პრობლემების გამო.

    მანამდე რუსეთიდან წასვლის შესახებ განაცხადა მეორე გიგანტმა– British American Tobacco. ამ ბრიტანულ მწარმოებელს ეკუთვნის ბრენდები:  Dunhill, Kent, Lucky Strike, Pall Mall, Rothmans, ასევე თამბაქოს გამაცხელებელი სისტემა Glo.

  • MI6: რუსული არმია გამოიფიტა. უკრაინელებს შეტევაზე გადასვლა შეუძლიათ

    ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის მეთაური, რიჩარდ მური აცხადებს, რომ შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის არმიას სულ უფრო გაუჭირდება ფრონტზე ახალი სამხედროების და შეიარაღების გაგზავნა. მისი აზრით, უკრაინისთვის ეს ნიშნავს ახალი ფანჯრის გაჩენას კონტრშეტევისთვის.

    “ვფიქრობ ისინი მალე გამოიფიტებიან. მოუწევთ გარკვეული პაუზის გაკეთება, რაც უკრაინელებს შესაძლებლობას მისცემს საპასუხოდ დარტყმა განახორციელონ“–თქვა მურმა აშშ–ში, ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.

    MI6–ს მეთაურმა ეპიკური ჩავარდნა უწოდა რუსეთის წარუმატებლობას მისი თავდაპირველი მიზნების მიღწევის საქმეში. ეს მიზნები იყო: უკრაინის პრეზიდენტის მოშორება, კიევის აღება და დასავლეთში განხეთქილების შეტანა.

    მან რუსეთის უკრაინაში შეჭრას აგრესიის ყველაზე აშკარა, დაუფარავი ფაქტი უწოდა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

    ივლისის დასაწყისში ლისიჩანსკის აღების შემდეგ რუსეთის არმიამ ოპერატიული პაუზის შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ სამხედროებს მოქმედებების აქტივიზაცია უბრძანა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუს სამხედროებს არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში, სადაც მათი ძირითადი ძალებია კონცენტრირებული.

    უკრაინა და მისი მოკავშირეები რუსეთის არმიის დასუსტებას დასავლეთის მიერ მიწოდებული შორსმსროლელი არტილერიის გამოყენებას უკავშირებენ, პირველ რიგში კი ამერიკული  HIMARS–ების, რაც უკრაინელებს საშუალებას აძლევს რუსეთის იარაღის საწყობებს და ბაზებს დაარტყან და ამგვარად მოსკოვის უპირატესობა გაანადგურონ.

    ასპენში მიმდინარე ფორუმისას მურმა ასევე დაადასტურა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები მოკლული სამხედროების სახით მინიმუმ 15 ათასია. ეს მონაცემი დაასახელა აშშ–ს დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს უფროსმა უილიამ ბერნსმა. ცნობილია, რომ დასავლური სტრუქტურები დანაკარებს მხოლოდ დადასტურებული და იდენტიფიცირებადი შემთხვევებიდან ითვლიან.

    თავად მურმაც ამ მონაცემებს “კონსერვატიული შეფასება“ უწოდა.

    “ეს დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც რუსებმა ავღანეთში ათწლიანი ომის დროს დაკარგეს. და ეს სულაც არ არიან ბიჭები მოსკოვის და პეტერბურგის საშუალო კლასიდან. ესენი არიან ღარიბი ბიჭები ციმბირის მუშათა ქალაქებიდან. მათ შორის არაპროპორციულად ბევრია ნაციონალური უმცირესობების წარმომადგენელი. ეს საზარბაზნე ხორცია“–თქვა მურმა.

    მისი შეფასებით, გარდაცვლილების გარდა, რუსეთის არმიამ უკრაინაში დამატებით 45 ათასი ჯარისკაცი დაკარგა დაჭრილების სახით.

    უკრაინული მხარის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში 38.5 ათასი ჯარისკაცი დაკარგა.

  • ბრიტანეთი უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწვდის

    ბრიტანეთი უკრაინას მთელ რიგ საარტილერიო იარაღს, მათ შორის, 1600 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ, თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

    თავდაცვის მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ, უკრაინისთვის მილიარდი ფუნტის ფირებულების სამხედრო დახმარების დაპირება. ამით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმსაშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევის მიმართ, ლონდონის დახმარებამ 2,3 მილიარ ფუნტს მიაღწია.

    “ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შემოჭრისგან“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

    უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის ასევე უზრუნველყოფს სარადარო სისტემებს, ასობით თვითმფრინავს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.

    დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას მთელი რიგი სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის თითქმის 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით რაკეტა და ჯავშანტექნიკა. ასევე, ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

  • ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ–ზურაბიშვილი

    საქართველოში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, სწორედ იმ კომიტეტის, რომელიც საქართველოზე მუშაობს, ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, ერთდროულად ბრიუსელსა და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემა „დღის თემაში“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

    „დღეს ევროპარლამენტის დელეგაცია იმყოფება საქართველოში. ეს არის გაგრძელება იმ ძალიან დიდი ნაბიჯის, რაც გადაიდგა ჩვენს მიმართ – ევროპულმა საბჭომ მოგვანიჭა ევროპული პერსპექტივა, რასაც არ ვაფასებთ იმ დონეზე, როგორც არის დასაფასებელი. ექვსი თვე გვაქვს მოცემული, ასე იყო ნათქვამი – თუ შევასრულებთ 12 პუნქტს, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ამ პროცესში ჩამოდის ევროპარლამენტარების დელეგაცია, იმ კომიტეტის სწორედ, რომელიც საქართველოზე და საგარეო საკითხებზე მუშაობს. ამ დროს ხდება წარმოუდგენელი რამ, რომ ერთდროულად ბრიუსელში და ვაშინგტონში პრესსპიკერები გვეუბნებიან, რომ ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ.

    მე არ ვიცი, სადამდე უნდა გავაგრძელოთ ეს რაღაც ორმაგი თამაში, რომ ვითომც გვინდა ევროკავშირისკენ სიარული, გვინდა ის, რასაც კანდიდატის სტატუსი ჰქვია, გვინდა, რომ მივიღოთ, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. ამ დროს არათუ არ ვაკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, 12 პუნქტი. ჯერ არ ჩანს, რომ ყველა ძალები მზად იყვნენ ამისთვის, მაგრამ ამავე დროს არა თუ არ ვაკეთებთ ამას, საწინააღმდეგო ნაბიჯებს ვდგამთ. ​დაწყებული შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდებით, ანულირებული ყოველი ნაბიჯი, რაც იქნა გადადგმული ერთი წლის მანძილზე, კრედიტზე უარის თქმა საკმაოდ უხეშად.

    მთელი რიგი ნაბიჯები, იმ საკითხებში, სადაც გველოდებიან, რომ მიღებული იყოს სხვა გადაწყვეტილებები, სასამართლოს დაკომპლექტება ნაჩქარევი წესით. ინსპექტორის გაუქმება, ესეც ნაჩქარევი წესით. ნებისმიერი ნაბიჯი, რაც გადადგმული იქნა ამ ბოლო წელს, არის ნაბიჯები, რომელიც ფასდება უარყოფითად ევროკავშირის მხრიდან. და ამასთან ერთად არის წარმოუდგენელი რიტორიკა, ანუ გვესმის გაუთავებელი თავდასხმები ევროპარლამენტარებზე“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • პიტერ სტანო: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც ევროკავშირ – საქართველოს ურთიერთოებებისთვის დიდი სამუშაო გასწია

    ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთოებებისთვის – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

    “რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს აუცილებლობას, გქონდეთ მეტი დრო რომ გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა,” – წერს პიტერ სტანო.

    შეგახსენებთ, ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა საქარველოში, კარლ ჰარცელმა საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობაში მხოლოდ უარყოფითი როლი ითამაშა.

  • ზელენსკიმ რამდენიმე გავლენიან პოლიტიკოსს შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვას

    უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი მოაწეროს განკარგულებას და რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” წერს.

    მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, ერთ-ერთი პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის მოქმედ ხელმძღვანელს გენადი კორბანს.

    საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, “ბელინგქეთის” ჟურნალისტი ხრისტო გროზევი წერს, რომ ოლიგარქებთან ერთად ზელენსკიმ მოქალაქეობა საკუთარი პარტიის დეპუტატსაც კი ჩამოართვა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქ რაბინოვიჩს ღალატში ბრალს მალე წაუყენებენ.

    ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის კანონით განსაზღვრული ოლიგარქის მახასიათებლებს ექვემდებარება დაახლოებით 86 ადამიანი.

  • “დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“–სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აშშ–ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე:

    „ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას.

    თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ჩვენს საელჩოში, თბილისში მოწოდებულია, იმუშაოს ქართველ ხალხთან ერთად მათი ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს საერთო მიზნების მხარდაჭერაზე ფოკუსირებას. 30 წელია, მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ეს უცვლელი რჩება.

    დღეს შეერთებული შტატები მუშაობს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება მალე, დაასრულოს პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში და უზრუნველყოს მშვიდობიანი მომავალი მთელი რეგიონისთვის. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიანი ძალისხმევის მხარდაჭერას, რათა დასრულდეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ნედ პრაისმა.