Category: კავკასია

  • “ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი“–ჯაფარიძე ივანიშვილის წერილზე

    გირჩი–მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის წერილს აფასებს:

    “ივანიშვილის დღევანდელ წერილზე:

    რა მიზნის მიღწევა სურს ამ წერილით რომ გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, რა უსწრებდა ამ წერილს წინ:

    1. წინასწარ გამოჰყო სამი ყველაფერზე ხელის მომწერი ადამიანი, რომლებმაც ფორმალურად დატოვეს ოცნება, რათა საჯაროდ ეთქვათ ‘სიმართლე’, რომლის თქმის საშუალებასაც პარტია ‘არ აძლევდათ’

    2. ‘სიმართლე’, რომელიც თქვეს, არის ის, რასაც მანამდე ტვ იმედზე ივანიშვილის დაქირავებული ‘ექსპერტები’ ამბობდნენ – ამერიკა ცდილობს ბიძინას დაშანტაჟებას, რომ საქართველო ჩართოს რუსეთთან ომში, მაგრამ ივანიშვილს ისე უყვარს საქართველო, რომ სრულად დათმობს თავის მილიარდებს და ამას არ იზამს.

    3. მეტი დამაჯერებლობისთვის ივანიშვილმა იმ სამს შემოატანინა ამერიკის ელჩთან შეხვედრის თემა და დაასმევინა კითხვა (ციტატა): ‘ხომ არ ყოფილა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა.’

    დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპექტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში:

    შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი.

    შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს.
    ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ ეთქვა – 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი, თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო.

    ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს.

    ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი.

    ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას.
    თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო.
    პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა:

    ‘აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.’
    ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო.
    ‘მეშჩანი’ როგორ არის ქართულად?“– წერს ზურაბ ჯაფარიძე ფესიბუქზე.

    ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე.

  • „ამერიკის ელჩს 21 მარტს შევხვდი” – ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

    „ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან მის შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან” მის დავაზე და ა.შ. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

    უკვე წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

    ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

    უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

    ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

    რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო
    მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

    ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

    დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“– წერს ბიძინა ივანიშვილი.

  • უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება–სენატორი ერნსტი

    შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აგრძელებს. შედეგად, რუსეთმა უკრაინაში თავდაპირველად დასახულ მთავარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია, თუმცა ჰქონდა ტაქტიუკური წარმატებები. ამერიკის სენატორი ჯონი ერნსტი, რომელიც აიოვის შტატის რესპუბლიკელი სენატორია, აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და ქვეყანაში განმეორებით შეჭრის საშუალება აღარ მიეცეს.

    სენატორი ერნსტი საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა პოზიტიური უნდა დარჩეს და ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, თუმცა სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანას საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების საშუალება უნდა მიეცეს. სენატორს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

    “რუსები ძალიან შეცდნენ უკრაინელი ხალხის შეფასებაში, გამარჯვებისა და საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის მათი სურვილის შეფასებაში. ეს უკრაინელებზე ძალიან კარგად მეტყველებს. უკრაინის მოსახლეობას ნამდვილად სჯერა თავისი ქვეყნის და მზადაა იბრძოლოს, როგორც ჩვენ არაერთხელ გვსმენია – სისხლის ბოლო წვეთამდე.

    ვხედავ, რომ რუსეთი და უკრაინა საბრძოლო პოზიციების მხრივ თითქმის თანაბრად არიან ჩიხში. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინელებთან და პრეზიდენტ [ვოლოდიმირ] ზელენსკისთან, ისევე როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად.

    პირადად მე მჯერა, და ასევე ვიცით, რომ უკრაინის ხელმძღვანელობაც იგივეს ამბობს, რომ რუსების უკრაინიდან განდევნის გარეშე, მშვიდობა არ იქნება. მე მჯერა ამის… და ჩემი ყველაზე დიდი შიში ის არის, რომ რუსები უკრაინის ნაწილს დაიკავებენ, შემდეგ კი რამდენიმე წელიწადში ისევ დაბრუნდებიან და გააგრძელებენ თანდათანობით უკრაინის დანაწევრებას. არ ვფიქრობ, რომ ამას მშვიდობა და სტაბილურობა მოჰყვება უკრაინაში ან ევროპაში. ასე რომ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელები რუსებს დამაჯერებლად დაამარცხებენ და მათ უკრაინიდან განდევნიან.“–ამბობს სენატორი ერნსტი.

    სენატორი საუბრობს იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია რუსეთი ომის შემდეგ. ის თვლის, რომ რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება:

    “ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ რუსებს, იქნება ეს პუტინთან ერთად, თუ პუტინის გარეშე, უამრავი დაბრკოლება აქვთ გადასალახი. ვფიქრობ მათ საკუთარი მოსახლეობა მოატყუეს ამ შეჭრის თაობაზე. ვფიქრობ, წვევამდელები ზეწოლის ქვეშ არიან, ასევე ზეწოლის ქვეშ არიან ოჯახები, საიდანაც ეს ახალგაზრდები მოდიან.

    ამ ეტაპზე მე ნაკლებად მაწუხებს რუსეთი. ახლა უფრო მეტად ვზრუნავ უკრაინაზე და მინდა დავრწმუნდე იმაში, რომ მათ სათანადო დახმარებას ვუწევთ. თუმცა, რაღაც მომენტში მოგვიწევს ყურადღება მივაქციოთ რუსეთს და იმას, თუ რა ხდება იქ და როგორი ხელმძღვანელობა ეყოლება ქვეყანას ომის შემდეგ. ჩვენ ეს არ ვიცით. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება და როგორ. რუსეთისა და რუსეთის მომავლის შესახებ ბევრი რამ უცნობია.“– ამბობს სენატორი.

    რაც შეეხება საქართველოს, ჟურნალისტისმა სენატორს დაუსვა კითხვა:

    –ნატოს მადრიდის სამიტზე, თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ [ირაკლი ღარიბაშვილს] კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოოვლენების ფონზე, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან? თქვენი აზრით, სად არის საქართველო დღეს?

    “დიახ, მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნატოს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შევხედრისთვის დრო გამოყო… და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

    ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ.“–ამბობს სენატორი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ეს ომი უნდა მოვიგოთ“–რიჩარდ გირის სიტყვა უკრაინის მხარდასაჭერად

    ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, რიჩარდ გირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთთან მის ბრძოლას ბოროტებასთან ომი უწოდა. ამის შესახებ მან პირველი ქალბატონების და ჯენტლმენების სამიტის მსვლელობისას განაცხადა.

    მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი ომია, რომელიც კი ცხოვრებაში უნახავს.

    “ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ. არ გვაქვს უფლება დავიღალოთ. ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ალბათ ყველაზე დიდი ომია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომი ბოროტებასთან. და თუ ჩვენ წავაგებთ, ეს წაახალისებს სხვა ნაძირლებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ წაგების უფლება არ გვაქვს“– თქვა გირმა.

    მისი აზრით, ახლა კულტურული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდნენ.

    “ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ თანაგრძნობას, ერთიანობას. ჩვენ შეგვიძლია ეს საშინელი სიტუაცია გამოვასწოროთ. რუსებმა მათი ისტორიის მანძილზე იმდენი ცუდი ჩაიდინეს, მრავალი თაობის განმავლობაში.  ჩვენ ერთად შევძლებთ რაღაც უკეთესი გავაკეთოთ. პუტინმა შექმნა ეს კატასტროფა, ის უგუნურებებს აკეთებს, ანადგურებს მუზეუმებს, თეატრებს. ეს გულს მიკლავს. ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ, უყურებენ ამას და ფიქრობენ: როგორ შეიძლება ასეთი რამ საერთოდ ხდებოდეს? როგორ შეიძლება არსებობდნენ დიქტატორები, რომლებიც იმდენად ძლიერები აღმოჩნდნენ, რომ დაანგრიონ ადამიანების ცხოვრება?“– თქვა მან.

    რიჩარდ გირმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

  • “კლასიკური რუსული შიზოფრენია“–ზელენსკის ოფისის პასუხი ლავროვის განცხადებაზე, რომ მათ უკრაინელები ეცოდებათ და “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში დაეხმარებიან

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “კლასიკური რუსული შიზოფრენია“ განუვითარდა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინელები ეცოდებათ და ამიტომ დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში.

    “ლავროვის დღევანდელი განცხადება არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შეხვედრაზე – კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ ღირს ზაფხულში მზის გულზე თავსაბურავის გარეშე გადაადგილება. კლასიკური რუსული შიზოფრენიაა: დილით აცხადებ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის, საღამოს კი ამბობ, რომ შენი მიზანია “კიევის ანტიხალხური რეჟიმისგან“ გათავისუფლება“–თქვა მან.

    პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მოქმედი ხელისულება პატიოსან, კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებზე აირჩიეს, თუმცა რუსული ელიტისთვის ასეთი სიტყვები უცხოა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათს დაიწყო ტურნე აფრიკულ ქვეყნებში იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერა მიიღოს უკრაინასთან ომში, რომელსაც რუსეთი უკვე 5 თვეა აწარმოებს.

    თავიდან ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა კაიროში და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის “საკითხთა უფრო ფართო წრესთან დაკავშირებით“.

    მოგვიანებით არაბულ სახელმწიოთა ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური“ და “ანტიისტორიული“ რეჟიმისგან გათავისუფლებაში.

  • საქართველოში გერმანიის ელჩად პეტერ ფიშერი დაინიშნა

    საქართველოში გერმანიის ელჩის პოსტზე ჰუბერტ ქნირშს პეტერ ფიშერი შეცვლის. ამის შესახებ ფიშერმა Twitter-ზე დაწერა.

    “აგვისტოს ბოლოს მე და მარია გავემგზავრებით თბილისში, სადაც მექნება პატივი, ვიმსახურო გერმანიის ელჩად საქართველოში”, – წერს ის.

    მანამდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. ქნირშმა საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

  • ვაშინგტონი მხარს დაუჭერს კიევს მანამ, სანამ დასჭირდება–უკრაინაში აშშ–ს ელჩი

    შეერთებული შტატები გააგრძელებს “უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება,” დააჩქარებს რა სამხედრო დახმარებას რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში– განაცხადა კიევში აშშ-ს ელჩმა.

    რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში, ბრიჯიტ ბრინკმა, თქვა, რომ ის “ნამდვილად ამაყობს” იმით, რომ შეერთებული შტატები არის “უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების უდიდესი მიმწოდებელი…და ეს მოიცავს შორი მოქმედების არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, სანაპირო თავდაცვას, უხვ საბრძოლო მასალას და ბევრ სხვას“. ბრინკის თქმით, აშშ უკრაინას ახლა ეხმარება პრეზიდენტის უფლებამოსილების გზით, გაუწიოს სამხედრო თანადგომა მოკავშირეებს, რაც მხარდაჭერის ძალიან სწრაფი გზაა. „და ჩვენ ამას ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ. ასეთია განრიგი და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას უსაფრთხოების კუთხით, რამდენადაც ეს მას დასჭირდება“, – დასძინა ბრინკმა.

    ბრინკის კომენტარი მოჰყვა თეთრმა სახლის მიერ 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებას, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების სფეროში უგზავნის დამატებით 270 მილიონი დოლარის დახმარებას. პაკეტი მოიცავს უფრო მეტ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატებს.

    24 თებერვალს, თავის მეზობელზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უსაფრთხოების სფეროში მიწოდებული დახმარების ჯამური ოდენობა 8,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, HIMARS-ს და საშუალებას მისცემს კიევს შეიძინოს 580-მდე Phoenix Ghost-ის ტიპის დრონები.

    ამ იარაღმა საშუალება მისცა უკრაინელებს განაგრძონ ბრძოლა რუსული არტილერიის მხრივ უპირატესობის მიუხედავად, აცხადებს ჯონ კირბი, თეთრი სახლის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს კოორდინატორი სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში.

    წყარო: რადიო თავისუფლება

  • უკრაინელმა სამხედროებმა როგორც ჩანს, ხერსონში კონტრშეტევა დაიწყეს – ISW

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინელები სავარაუდოდ ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონის ოლქში.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან კონტრშეტევის მიმდინარეობის და ტემპების შესახებ სავარაუდოდ შეზღუდული იქნება და დაგვიანებით, რეალური მოვლენებისგან ჩამორჩენით გავრცელდება.

    შესაბამისად, ხერსონში კონტრშეტევის ანალიზი შესაძლოა ცოტა არაზუსტი იყოს ღია მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო.

    ISW–ს მონაცემებით, რაიონი ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის სასოფლოა და ძირითადად მცირე დასახლებული პუნქტებისგან შედგება, რომლებიც დიდი ალბათობით არ ავრცელებენ ინფორმაციას ჯარების გადაადგილების და ბრძოლების შესახებ, რაც ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ღია წყაროებში  შეზღუდულ გავრცელებას იწვევს. თავად ოკუპანტებს კი, ბუნებრივია არ აქვთ სურვილი უკრაინული არმიის გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ.

    ბოლო კვირებში ვრცელდება ფრაგმენტული ინორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინელების წარმატებების შესახებ, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობების, მომარაგების მარშრუტების და ლოჯისტიკური გზების განადგურების შესახებ, რაც ხერსონში მყოფი რუსული ძალების იზოლაციას იწვევს. უკრაინელებმა ააფეთქეს ანტონოვსკის  ხიდი ხერსონთან, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს, შემდეგ კი დარიევსკის ხიდი მდინარე ინგულეცზე, რაც ხერსონის გათავისულების ოპერაციის მოსამზადებელ ნაბიჯებად აღიქმება.

  • რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევა რუსეთმა განახორციელა

    რუსმა პროსახელისუფლო ჟურნალისტმა და დუმის დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა ბიბისი–სთან საუბარში აღიარა, რომ ოდესის პორტზე შეტევა რუსული რაკეტებით მიიტანეს.

    ის ამტკიცებს, რომ რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც პორტში იყო განლაგებული.

    “ჩვენ დავარტყით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. და თქვენ კარგად იცით რაკეტების დასახელება. ეს არის რაკეტები “გარპუნი“. ისინი ოდესაში იყო ბაზირებული და ჩვენ ისინი გავანადგურეთ“– თქვა მან ინგლისურ ენაზე.

    “ამ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და არავინ დაზიანებულა“– თქვა მან.

    მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.

    პოპოვ ამბობს, რომ რუსულ მხარეს სტამბულის შეთანხმება არ დაურღვევია და მათ უბრალოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაანგრიეს.

    რამდენიმე საათით ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარასთან საუბარში გამორიცხეს რუსეთის მონაწილეობა ოდესაზე სარაკეტო შეტევებში.

  • თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს ოდესის პორტის დაბომბვასთან

    თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ხუსული აკარის  განხადებით შაბათს რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარას აცნობეს, რომ “რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს“ ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმასთან.

    “ჩვენი კონტაქტების დროს რუსეთთან მათ გვითხრეს, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ თავდასხმასთან, და რომ ისინი სწავლობენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით და დეტალურად“– უთხრა აკარმა ჟურნალისტებს.

    თურქეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აფეთქებები ოდესის პორტში ხორბლის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე მოხდა, რომელიც რუსეთსმა და უკრაინამ პარასკევს სტამბოლში დადეს, თქვა ჩინოვნიკმა. ხელშეკრულების ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც ესწრეოდნენ.

    შაბათს დილით ოდესის პორტში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინამ რუსეთი სარაკეტო შეტევებში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით პორტის მიმართულებით კალიბრის ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, თუმცა ხორბლის საცავები არ დაზიანებულა.