Category: კავკასია

  • ბლინკენი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას აფერხებს–The New York Times

    აშშ–ს სახელმწიფო მდიანი, ენტონი ბლინკენი არ არის დარწმუნებული რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, მიუხედავად აშშ–ს სენატის შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებისა.

    ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times წერს.

    ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხდება ზეწოლა, რომ მან ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამჟამად ეს სტატუსი ჩრდილოეთ კორეას, სირიას, კუბას და ირანს აქვთ.

    თუმცა, გამოცემის ინფორმაციით ბლინკენი ამას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ნაბიჯი აიძულებს აშშ–ს სანქციები შემოიღოს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, და გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებსაც კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

    ამერიკის დიპლომატიური უწყების მეთაურმა განაცხადა, რომ აშშ–სა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ “აბსოლუტურად შესაბამება იმ შედეგებს, რაც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოჰყვებოდა, შესაბამისად, შედეგები პრაქტიკულად იგივეა“.

    The New York Times წერს, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს იარლიყი სანქციების გამკაცრებას გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისთვის, კერძოდ კი სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ამერიკულ სასამართლოებში უჩივლონ რუსეთის მთავრობას და პოტენციურად კომპენსაციები მიიღონ რუსეთის დაპატიმრებული სახელმწიფო აქტივებიდან.

    ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ იმ დისკუსიას გავს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისას მიმდინარეობდა, როცა გამოჩნდა რუსეთის სიმხეცის დამადასტურებელი პირველი მტკიცებულებები, და კონგრესის ლიდერებმა ნენსი პელოსის ჩათვლით რუსული არმია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს. თავად ბლინკენი უფრო ფრთხილი იყო და იურიდიულ კრიტერიუმებზე, ასევე გამოძიების და მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობდა.

  • ქვეყნის სამხრეთით უკრაინული ძალების წარმატებული შეტევები გრძელდება

    უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში ოუპანტების ძალებზე გამანადგურებელი დარტყმებს განაგრძობენ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი წარმატებების შესახებ უკრაინის სამხრეთის მიმართულების თავდაცვის ძალების წარმომადეგენლმა, ნატალია გუმენიუკმა საერთონაციონალური ტელემარათონის ეთერში ისაუბრა:

    “ჩვენმა საარტილერიო ქვედანაყოფებმა ძალიან მიზანმიმართულად იმუშავეს. სამიზნეების დაზიანება არსებითია. ამჯერად განადგურებულია ორი ლოჯისტიკური პუნქტი ბერისლავსკის რაიონში – საბრძოლო მარაგები და საწვავ–საპოხი მასალები. ახალ კახოვკაში ასევე არსებითად შემცირდა საწვავის მარაგები“–თქვა მან.

    გუმენიკმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის მტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური მარშრუტები უკრაინის სამხრეთით.

  • რუსეთმა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

    დღეს დილიდან გაზპრომმა ლატვიაში გაზის მიწოდება შეწყვიტა.

    მანამდე გაზპრომმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, დანიას და ნიდერლანდებს მას შემდეგ, რაც მათ რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნის მიუხედავად უარი თქვეს გაზის საფასური რუბლებში გადაეხადათ.

    რუსეთმა ასევე შეწყვიტა გაზის მიყიდვა კომპანია  Shell Energy Europe–სთვის გერმანიაში.

    გაზპრომის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლატვიაში გაზის მიწოდება ივლისის განაცხადის ფარგლებში შეწყვეტილია “გაზის შერჩევის პირობების დარღვევასთან დაკავშირებით“. კონკრეტულად რა დარღევევებზეა საუბარი, კომპანია არ აკონკრეტებს.

    ცოტა ხნის წინ ლატვიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Latvijas Gaze განაცხადა, რომ განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას და მის საფასურს ევროში იხდის.

    ლატვიის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორმა,  Conexus–მა დაადასტურა, რომ 30 ივლისიდან მათ გაზის მიწოდება შეუწყდათ.

    ოთხშაბათს გაზპრომმა მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება ევროპაში გაზსადენ “ჩრდილოეთ ნაკადით“ და ეს პროფილაქტიკური სამუშაოების აუცილებლობით ახსნა. ევროპული ქვეყნები ამტკიცებენ, რომ მოსკოვი ენერგომატარებლების მიწოდებას შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებეს.

    ამ კვირაში ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ზამთარში  გაზის ხარჯვას 15%–ით შეამცირებენ, რათა დაგროვილი მარაგები დაზოგონ იმ გათვლით, რომ ზამთარში რუსეთიდან გაზის მიწოდება შეიძლება სრულად შეწყდეს.

  • საქართველოში ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს – ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია – ტეფტი

    შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საღ აზრს და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ზოგიერთი ადამიანის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნა სურს. დიპლომატი აცხადებს, რომ ვაშინგტონი საპირისპიროს ცდილობს, თეთრ სახლს სურს დარწმუნდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ომი, უფრო ფართო მასშტაბებს არ მიიღებს. ტეფტის თქმით, ომის დაწყების დღიდან, ეს არის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა, ამიტომ მისთვის რთული წარმოასდგენია, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, საქართველოში გარკვეული პირების მხრიდან, „მეორე ფრონტის“ შესახებ მიმდინარე რიტორიკას.

    „ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი… როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ“ – აცხადებს ტეფტი.

    ყოფილი ელჩი, აშშ-ის მოქმედი ელჩის წინააღმდეგ, თბილისში მიმდინარე ნეგატიურ კამპანიას ეხმაურება. ტეფტის თქმით, მისთვის ისიც გაუგებარია, რატომ შეიძლება ფიქრობდეს ვინმე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ელჩ დეგნანს შორის, „რაიმე განსხვავებაა.“

    „სიმართლე გითხრათ, ეს [ელჩის წინააღმდეგ მიმდინარე ნეგატიური კამპანია] ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებით, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩი დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელია. ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე“ – აცხადებს ტეფტი, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

    დიპლომატს მიაჩნია, რომ ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები, „აკნინებს ძალისხმევას, რომელიც [ორ ქვეყანას შორის] უკეთესი ურთიერთობების ქონისკენაა მიმართული.“

    ტეფტის განმარტებით, ზოგადად, თუ დიპლომატიაში რაიმე პრობლემა იქმნება, ამის შესახებ პირისპირ საუბრები იმართება და არა საჯარი გამოსვლები. „განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილია გახდეს ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი. ეს ორი რამ ურთიერთგამომრიცხავია. სწორედ ამის გამო, საქართველოს მეგობრებს უჭირთ ეს გაიგონ“ – ამბობს დიპლომატი.

    ჯონ ტეფტი, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს, 2005-2009 წლებში იკავებდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთმა ამ ომში მეორე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა–არსეტოვიჩი

    უკრაინის პრესზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ რუსეთმა მეორე, გარდაუვალი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ ომში.

    პირველი უკრაინაში შეჭრა იყო.

    “ახლა კი ისინი ერთი კვირაა ძალების გადასროლას ახდენენ მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, იმისათვის, რომ დაიცვან ერთადერთი საოლქო ცენტრი, რომლის აღება სრულმაშტაბიანი შეჭრისას მოახერხეს.

    ხერსონის დაკარგვა რუსებისთვის უკონტროლო მაშტაბის უბედურებაა. ამიტომ არ შეუძლიათ, რომ იქ ჯარები არ გადაისროლონ.

    მათთვის პრობლემა იმაშია, რომ ეს ხორციელდება იმ ერთნახევარი ხიდის საშუალებით, რომელიც უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან.

    რადგან ახალი ძალები არსად ყავთ, ამ ძალებს სხვადასხვა მიმართულებებიდან ხსნიან.

    ხოდა იქ დავმარხავთ.

    როგორც ნაპოლეონი ამბობდა: “გამარჯვებისთვის ორი რამ არის საჭირო: იღბალი და სულელი მოწინააღმდეგე“. უკრაინას ერთიც აქვს და მეორეც“– ამბობს არესტოვიჩი.

  • მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

    საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია “ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტოს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

    შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია.

    უწყება საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს. კერძოდ, საუბარია იურიდიულ ფირმა White & Case-ზე, როტერდამის საკონსულტაციო ცენტრსა და კომპანია MTBS-ზე. აღნიშნულ კომპანიებთან ანაკლიის განვითარების სააგენტო წინა წლებშიც თანამშრომლობდა.

    “მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი საერთაშორისო გამოცდილების კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით არაგონივრულ ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებ(ებ)ი გაფორმდეს ახალ მაღალ კვალიფიკაციის/რეპუტაციის მქონე საერთაშორისო საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

    ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საკონსულტაციო ჯგუფმა, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“.

    საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელები შეაქვთ.

  • კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან ომისთვის მზადაა

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა “სრულადაა მზად” ამერიკასთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის.

    ფხენიანიდან წამოსული ამ მუქარის პარალელურად, ქვეყანა მეშვიდედ ემზადება ატომური ბომბის გამოსაცდელად.

    კორეის ომის დასრულების წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში კიმმა ასევე გააფრთხილა მეზობელი ქვეყანა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა განადგურდება, თუ ის რაიმე „საშიშ მცდელობას“ ჩაიდენს.

    სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმ, კონსერვატორმა, რომელმაც თანამდებობა მაისში დაიკავა, არაერთხელ ისაუბრა პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაზე.

    ასეთი ქმედება „დაუყოვნებლივ დაისჯება ძლიერად“, თქვა კიმმა და დასძინა, რომ „იუნ სუკ იოლის რეჟიმი და მისი სამხედროები განადგურდებიან“.

    თავის გამოსვლაში კიმმა არაერთხელ დაიკვეხნა თავისი ქვეყნის ბირთვული იარაღით და მიუთითა, რომ მზადაა გამოიყენოს ისინი საჭიროების შემთხვევაში. ჩრდილოეთ კორეა, მისი თქმით, “სრულად მზად არის” შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ხვალიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება

    30 ივლისიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება. ამის შესახებ უკრენერგოს ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

    მისი თქმით, ევროკავშირს ესმის უკრაინული ელექტროენერგიის მნიშვნელობა, რომელიც მათ “ტოქსიკური რუსული გაზის“ ჩანაცვლებაში დაეხმარება, უკრაინას კი საშუალებას მისცემს თანხები გამოიმუშაოს გათბობის სეზონისთვის.

    უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 250 მეგავატი იქნება.

  • უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება–ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ   უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება.

    ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებს უკვე მოწყვეტილია, მისი დაკარგვა კი ძირს უთხრის რუსული მხარის მცდელობებს , ოკუპაცია წარმატებულად გამოაცხადოს.

    “უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო მატულობს. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.

    უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მსროლელი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის იყენებს.

    ერთ-ერთი ასეთია, ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან ახლოს, რომელიც გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას 27 ივლისს ხელახლა დაარტყა და ახლა დიდი ალბათობით, გადასასვლელი გამოუსადეგარია. რუსეთის 49-ე არმია მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული და ახლა, ძალიან დაუცველად გამოიყურება.

    ანალოგიურად, ქალაქი ხერსონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, ახლა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის სრულად არის მოწყვეტილი. მისი დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩინოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

  • ახალი კვლევა:უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობის წინააღმდეგია

    კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად უკრაინელების 84% წინააღმდეგია რუსეთის მიმართ ნებისმიერი ტერიტორიული დათმობისა, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად – თუნდაც ომი გაგრძელდეს და იყოს მუქარები მათი დამოუკიდებლობისთვის.

    სატელეფონო გამოკითხვა 6–დან 20 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

    წინა კვლევის შემდეგ, რომელიც მაისში ჩაატარეს, უკრაინელთა რაოდენობა, რომლებიც ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია, 2%–ით გაიზარდა. იმ ადამიანთა რაოდენობა კი, ვინც მზად არის მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა მოხდეს, სტაბილურად 10% რჩება.

    “აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლებს შორისაც კი, სადაც ახლა ინტენსიური ბრძოლებია, 77% დათმობების წინააღმდეგია (დათმობების მომხრე მხოლოდ 16 პროცენტია), სამხრეთელებს შორის კი დათმობების წინააღმდეგია 82% (მომხრეა 10%)“– ამბობენ კვლევის ავტორები.

    დათმობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა უკრაინის აღმოსავლეთში ბოლო ერთ თვეში 68–დან 77%–მდე გაიზარდა.

    “გამოკითხვის შედეგები მეტყველეს, რომ მიუხედავად დაღლილობის ზრდისა, სოციალურ–ეკონომიკური სიტუაციის გართულებისა, მძიმე ბრძოლებისა და ტერორისტული შეტევებისა, უკრაინელები ინარჩუნებენ ერთიანობას იმ საკითხში, რომ აგრესორთან დათმობაზე წასვლა არ შეიძლება“–აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

    გამოკითხვა არ ჩატარებულა ანექსირებულ ყირიმსა და დონბასის იმ რაიონებში, რომლებსაც უკრაინა ვერ აკონტროლებს, ასევე იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინა დატოვეს. კვლევაში ცდომილების ალბათობა 2,4 პროცენტია.