საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული: ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გიორგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.
Category: კავკასია
-
აშშ–მ ალ ქაიდას ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა
აშშ–მ ალ ქაიდას 71 წლის ლიდერი, აიმან ალ–ზავაჰირი მოკლა. საქმეში ჩახედული წყაროების ცნობით ის ავღანეთში, დრონის თავდასხმის შედეგად გაანადგურეს.
ამერიკის მთავრობა ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს. პრეზიდენტი ბაიდენი ამ თემაზე ადგილობრივი დროით საღამოს 7:30 ზე ისაუბრებს.
ორშაბათს თეთრმა სახლმა განაცხადა წარმატებული კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ ავღანეთში.
“შაბათ–კვირას აშშ–მ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტიტერორისტული ოპერაცია ავღანეთში, რომლის სამიზნე ალ ქაიდა იყო. ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა და მას სამოქალაქო პირების მსხვერპლი არ მოჰყოლია“– განაცხადა თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
-
მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის აფეთქების წინააღმდეგ მიღებული ზომების გაძლიერების“ აუცილებლობით ახსნა.
„აღმასრულებელი განკარგულება გაცილებით სწრაფი რეაგირების საშუალებას მოგვცემს, ჯანდაცვის სპეციალისტებს კი საშუალება მიეცემათ დამატებითი ზომები მიიღონ მეტი ნიუ-იორკელის ასაცრელად“ ნათქვამია პარასკევს, გვიან ღამით სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.
შტატის გუბერნატორის თქმით, ადგილობრივი ჯანდაცვა 24-საათიან რეჟმში მუშაობს, რათა მოხდეს ტესტირების და ვაქცინაციის გაფართოება, ასევე ნიუ-იორკელთა ინფორმირება არსებული რისკების თაობაზე. გუბერნატორ ჰოქულის განმარტებით, ნიუ-იორკის შტატზე ამერიკაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულთა მეოთხედზე მეტი მოდის.
განცხადების გაკეთების მომენტში, ნიუ-იორკის შტატში ინფიცირების 1 383 შემთხვევა აღირიცხა. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, ამბობს შტატის ჯანდაცვის ოფიციალური ვებგვერდი. თუმცა, „აუცილებელია, რომ ყველა იყოს ინფორმირებული მაიმუნის ყვავილის თაობაზე. ეს ნიშნავს სიმპტომების ცოდნას, ინფორმაციის გაცნობას მისი გავრცელების გზებზე და იმაზე, თუ რა უნდა ვიღონოთ, თუკი ინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდა“.
I am declaring a State Disaster Emergency to strengthen our ongoing efforts to confront the monkeypox outbreak.
This Executive Order enables us to respond more swiftly, and allows health care professionals to take additional steps that will help get more New Yorkers vaccinated.
— Governor Kathy Hochul (@GovKathyHochul) July 30, 2022
ინფიცირების მასშტაბი ამერიკაში
კვირას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ქვეყანაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების 5 189 შემთხვევა აღირიცხა. ყველაზე მეტი, 1 345 ინფიცირებული ნიუ-იორკშია. შემდეგ მოდის კალიფორნიის შტატი – 799 შემთხვევით და მესამე ადგილზეა ილინოისი – 419 ინფიცირებულით.
მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა ამერიკაში 17 მაისს აღირიცხა. დღეისთვის დაავადება მონტანის, ვერმონტის და ვაიომინგის გარდა, ყველა შტატში ფიქსირდება. მზარდი ინფიცირების გამო, საგანგებო ვითარება სან-ფრანცისკოს ჯანდაცვამაც გამოაცხადა.
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე
მაიმუნის ყვავილი ვირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებაა. ეს საკმაოდ იშვიათი ინფექციაა, რომელიც ჩვეულებრივ სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა მას ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილობაც ახასიათებს.დაავადება ადამიანებში ძირითადად ახლო, ფიზიკური კონტაქტით ვრცელდება. მაიმუნის ყვავილის ბოლო აფეთქებით თუ ვიმსჯელებთ, ის მოსახლეობის ზოგ ჯგუფს გაცილებით მეტ რისკს უქმნის, განსაკუთრებით ჰომოსექსუალ კაცებს. ინფექციის წინა აფეთქებების მიხედვით, რისკის ჯგუფებში იყვნენ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები, ორსული ქალები, მოხუცები და 8 წლამდე ბავშვები.
კოვიდ-19-ისგან მაიმუნის ყვავილს განასხვავებს ის, რომ ინფექცია კორონავირუსთან შედარებით ნაკლები გავრცელებით გამოირჩევა. ის ძირითადად უშუალო კონტაქტით და შეხებით გადადის. ამას გარდა, უკვე არსებობს მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის წინააღმდეგ მოქმედი, ადრე დამტკიცებული უსაფრთხო ვაქცინები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს ცხელება, თავისტკივილი და შეშუპება, ასევე შესაძლოა ტკივილი ზურგის და კუნთების არეში. ტემპერატურის მატების შემდეგ, ინფიცირებულს ეწყება ბუშტუკოვანი გამონაყარი სახეზე, ტანზე და კიდურებზე. გამონაყარი ხშირად მტკივნეული და ქავილის გამომწვევია. დაავადება საშუალოდ 12-დან 21 დღემდე გრძელდება.
გლობალურ საფრთხედ გამოცხადება
მაიმუნის ყვავილი უმეტესად აფრიკული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ინფექციაა. თუმცა, გაზაფხულზე მისმა არაენდემურ ქვეყნებში, ევროპის, ამერიკის, თუ ავსტრალიის კონტინენტებზე ცირკულირებამ, სპეციალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. 27 მაისისთვის დადასტურებულად ინფიცირებულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა.
ინფიცირების ზრდის გამო, გასულ კვირას, 23 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ამ მომენტში მთელ მსოფლიოში ინფიცირების 16 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. ვირუსი 75 ქვეყანაში გავრცელდა და აფრიკის კონტინენტზე სიკვდილობის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
გლობალურ საფრთხედ გამოცხადება მსოფლიოს ჯანდაცვას ინფექციასთან ბრძოლაში კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების და დამატებითი სახსრების მობილიზებაში ეხმარება. ამას გარდა, ეს ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის სამკურნალო საშუალებების და ვაქცინების მეტ გაზიარებას.
წყარო: ამერიკის ხმა
-
ივანიშვილს შვეიცარული მედია სტატიის გამოქვეყნებაზე ისევ უარს ეუბნება–ოლიგარქის ადვოკატების ახალი წერილი
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკვე ერთი თვეა ფირმა შვეიცარიულ მედიას ივანიშვილის ფინანსურ დავაზე კრედიტ სუისთან სტატიის დადებას უშედეგოდ სთავაზობს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ბატონი ივანიშვილის ამასწინდელ განცხადებაში, სადაც მან საკუთარი მოსაზრება გამოთქვა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე, ითქვა, რომ „კრედიტ სუისის“ შვეიცარიულ საბანკო ჯგუფთან მიმდინარე დავაზე საჭირო განმარტებებს შემდგომში უკვე ადვოკატთა ჯგუფი გააკეთებს.
ამდენად, გვსურს, მიმდინარე დავის რამდენიმე ასპექტზე მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება.
დავიწყებთ შვეიცარიულ მედიაში ჩვენი მასალის გამოქვეყნების უშედეგო მცდელობის აღნიშვნით. პრაქტიკულად, აგერ უკვე ერთი თვე გადის მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში არაერთ გამოცემას შევთავაზეთ სტატიის სახით პრობლემის აღწერის საკუთარი ვერსია, თუმცაღა, მზაობა არცერთი მათგანისგან არ მოგვისმენია. ეს მით უფრო დამაფიქრებელია, თუკი მხედველობაში მივიღებთ პრობლემის სიმწვავეს, რაც ქვეყნის სისტემური ბანკის, მისი საფინანსო-საბანკო სისტემის ერთ-ერთ ფლაგმანს უკავშირდება. აქვე დავძენთ, რომ ჩვენს მცდელობაზე ერთადერთი გამოხმაურება, ისიც ირიბი, „რადიო თავისუფლების“ საიტზე შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფი „ტამედიას“ ჟურნალისტის, ბატონი ბერნარდ ოდენალისგან იყო, რომელმაც ჩვენ მიერ გაცხადებული ინფორმაცია მედია-შეზღუდვის შესახებ ეჭვქვეშ დააყენა. დასახელებულ ინტერვიუში მან საკითხისადმი თავისი დამოკიდებულება დააფიქსირა, რასაც პასუხად მოყვა ჩვენგან შეთავაზება და ხელშეწყობის მზაობა „კრედიტ სუისის“ ქმედებების ჟურნალისტის მხრიდან დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიების მიზნით. ეს შეთავაზება ახლაც ძალაშია, თუმცა უშედეგოდ.
ამასთანავე, ვაცნობიერებთ რა საბანკო ჯგუფსა და ბატონ ივანიშვილს შორის წარმოებული დავისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების აქტუალურობას, განზრახული გვაქვს საგანგებო და ცალკე წესით მივმართოთ შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტს, საპალამენტო ფრაქციებსა და მსხვილ პოლიტიკურ ჯგუფებს, ისევე, როგორც „ფინმა“-ს – ქვეყნის საფინანსო საზედამხედველო ორგანოს. მიმართვის საჭიროება გამოწვეულია როგორც დავისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, აგრეთვე, იმ ურთულესი მდგომარეობით, რომელშიც „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფი აღმოჩნდა. ისევე, როგორც შვეიცარიული მედიის შემთხვევაში, აქაც ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ ვეთანამშრომლოთ შვეიცარიელ პოლიტიკოსებსა და ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
ზემოთქმულთან ერთად, დამატებით გაცნობებთ, რომ ჩვენ მიერ განიხილება ბანკთან და მის სატრასტო სტრუქტურებთან საკვანძო მიმოწერის გამოქვეყნების საკითხი. ეს განზრახვაც მაღალი საჯარო ინტერესითაა განპირობებული. მეტიც: მიმოწერის გამოქვეყნების შემთხვევაში, საზოგადოება თავად შეაფასებს და დარწმუნდება იმაში, თუ რაოდენ გაუგონრად და უპრეცედენტოდ მოქმედებს ბანკი, უზღუდავს რა კლიენტს წვდომას საკუთარ აქტივებზე. ამავე მოქმედებებით აშკარაა ისიც, რომ ბანკის ხელმძღვანელობა შეგნებულად იმყოფება რეპუტაციული და ფინანსური თვითდაზიანების რეჟიმში იმ დარღვევებით, რასაც იგი ავლენს ბატონი ივანიშვილის საქმეზე. გარდა ამისა, ასეთი ნაბიჯით ჩვენ საზოგადოებას უკვე მერამდენედ ვუჩვენებთ, რომ ყველა ჩვენი პრეტენზია თუ შეფასება არის არა გამოგონილი, არამედ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს. ამავდროლად, ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი გამაფრთხილებელი მოწოდება მათდამი, ვინც განიხილავს, ან შესაძლოა მომავალში განიხილავდეს, „კრედიტ სუისთან“ საქმიან ურთიერთობაში შესვლას.
დღემდე არაერთზგის განვაცხადეთ ბანკის სატრასტო სტრუქტურების მხრიდან შეზღუდვებზე, რაც ბატონი ივანიშვილის მიერ მისივე აქტივებზე წვდომასა და მათ განკარგვას შეეხება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ის თანხა, რაც ბატონი ივანიშვილის მიმართ „კრედიტ სუისში“ ჩადენილ დანაშაულს გადაურჩა, გადატანილ იქნა სხვა შვეიცარიულ ბანკში, თუმცა იმ მიზეზით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი დავა და არსებობდა თანხის მართვაზე პასუხისმგებელი სუბიექტის ცვლილების შეზღუდვა, თანხა კვლავ დარჩა „კრედიტ სუისის“ ტრასტის მართვის ქვეშ (გერნსის კუნძულის იურისდიქციაში დაფუძნებულ სატრასტო კომპანიაზე). ამდენად, ეს თანხა სადავო თანხა არ არის არც ბერმუდაზე, არც სინგაპურში და არც შვეიცარიაში. შესაბამისად, ყველა კანონით, ბენეფიციარს მისი განკარგვის სრული უფლება აქვს. სწორედ ასეთ, დანაშაულს გადარჩენილ თანხაზე შეუზღუდეს წვდომა ბენეფიციარს 2022 წლის 4 მარტიდან და მხოლოდ ერთი თვის თავზე, 4 აპრილს გადაურიცხეს თანხა, ხოლო აპრილიდან მოყოლებული მისი განგრძობადი თხოვნის, მოთხოვნისა თუ ინსტრუქციის მიუხედავად, სრულად აუკრძალეს წვდომა. საბანკო სტრუქტურაში შემავალი ტრასტის მხრიდან გაუგონარ დარღვევებზე და ბენეფიციარის ინტერესების წინააღმდეგ პირდაპირი მოქმედების გამო, გერნსის სასამართლოში უკვე აღძრულია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია სატრასტო კომპანიის პასუხისმგებლობის დადგენა.
აქვე მოგახსენებთ მეორე სატრასტო კომპანიაზეც (რომელიც დაფუძნებულია სინგაპურის იურისდიქციაში), რომელიც ასევე „კრედიტ სუისის“ სტრუქტურაშია, ხოლო მისი მართვის ქვეშ არსებული ბატონი ივანიშვილის თანხა „კრედიტ სუისშია“ (და არა სხვა შვეიცარიულ ბანკში). აღნიშნული სატრასტო სტრუქტურა და მართული თანხა განგებ იყო დატოვებული ტრასტის მოთხოვნით მანამ, სანამ ბერმუდაზე მიმდინარე დავა არ დასრულდებოდა. როდესაც დავის პირველი ეტაპი დასრულდა, ბანკმა თავად აღიარა და დაადასტურა, რომ თანხა იყო თავისუფალი და ბატონ ივანიშვილს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ ტრასტის მოთხოვნით შენარჩუნებული თანხა განეკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა ივანიშვილმა ისარგებლა თავისი უფლებით და მოითხოვა გათავისუფლებული თანხის განკარგვა, უკვე 2 თვეა ტრასტი მაინც დაუსაბუთებლად იკავებს თავს თანხის გადმორიცხვისგან, თუმცა კი ვერც უარის თქმას ბედავს ბოლომდე, იმდენად დაუსაბუთებელი იქნებოდა პირდაპირი უარი.
აღნიშნული ტრასტის მიმართ განზრახულია დამატებითი სარჩელის აღძვრა სინგაპურში, რათა დადგეს ტრასტის პასუხისმგებლობა და აღდგეს ბენეფიციარის დარღვეული უფლებები.
ჯამში, აშკარაა, რომ „კრედიტ სუისის“ ქვეშ არსებული ტრასტების მოქმედების ხელწერა „თანმიმდევრულია“. დიახ, ისინი თანმიმდევრულად უგულებელყოფენ ბენეფიციარის ინტერესებს და მოქმედებენ იმის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ, ვიდრე მათ ევალებათ.
ყველა ზემოთ დასახელებულ შემთხვევაში, ბატონი ივანიშვილის ნებაა საბანკო ტრასტების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს მტკიცედ და ბოლომდე მიჰყვეს. აღნიშნული პროცესი დაწყებულია და კვლავაც გაგრძელდება.
ამ განცხადებაში დასახელებული ტრასტების მხრიდან ბატონი ივანიშვილის მისამართით შექმნილ ხელოვნურ შეზღუდვებზე, გვსურს, კიდევ ერთხელ განვმარტოთ შემდეგი: ტრასტების მართვის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე ბატონი ივანიშვილის კუთვნილ აქტივს არაფერი აქვს საერთო „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ ბერბუდაზე, სინგაპურსა და საკუთრივ შვეიცარიაში მრავალ-მილიონიან სასარჩელო მოთხოვნებთან. აქაც საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული იმ წარმატებებზე, რასაც ბერმუდაზე მივაღწიეთ და ვაღწევთ; ისევე როგორც იმ პოზიტიურ მოლოდინზე, რასაც სინგაპურში მიმდინარე დავას ვუკავშირებთ ზიანის ანაზღაურების ნაწილში.
რასაკვირველია, ამ და სხვა საკითხებზე საზოგადოებისათვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – წერია განცხადებაში.
-
უკრაინაში HIMARS–ების ახალი პარტია ჩავიდა
აშშ–დან უკრაინაში კიდევ ოთხი ახალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – HIMARS ჩავიდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა.
მან აშშ–ს პრეზიდენტს, პენტაგონის ხელმძღვანელს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის სწორად გამოყენება შეგვიძლია. HIMARS–ის ზალპის ხმა ფრონტის წინა ხაზზე ამ ზაფხულს მთავარ მუსიკალურ ჰიტად იქცა“– დაწერა მინისტრმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა გერმანული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები –MARS II.
-
აზოვსტალი ტექნოპარკად იქცევა–რუსეთი მარიუპოლის აღდგენის გეგმებს აწყობს
რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა РБК–სთან ინტერვიუში მარიუპოლის აღდგენის გეგმებზე ისაუბრა. რა არის მთავარი რუსეთის გეგმებიდან:
აზოვსტალი ტექნოპარკის რეჟიმში გაიხსნება. რას ნიშნავს ეს, ვიცე პრემიერს არ დაუკონკრეტებია
- ისტორიული შენობები ქალაქის ცენტრში აღდგება, თუ ისინი ნაწილობრივ არის დანგრეული
- 2025 წლისთვის მოსალოდნელია ქალაქის მოსახლეობის გაზრდა 350 ათასამდე.( 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 431 859 იყო).
- პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება.
- სრულად შეიცვლება საინჟინრო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო კვანძები, მათ შორის სარკინიგზო.
- პუტინის დავალებით გაჩნდება ახალი პარკები.
“ყველაფერი, რისი აღდეგნაც შესაძლებელია, აღდგება. რასაც ვერ აღვადგენთ, ახლიდან ავაშენებთ“– ამბობდა მანამდე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვიცე პრემიერი.
ხუსნულინი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიების აღსადგენად რუსეთის რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შეკვეცა არ მოხდება.
ქალაქის საბჭოს ინფორმაციით 2 თვიანი სასტიკი ბრძოლების შედეგად მარიუპოლში შენობების 90% დანგრეულია. ქალაქში დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დარჩენილი. წყალი, სინათლე და გაზი დღემდე მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს. ზოგიერთი ადამიანი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საჭმელს კოცონზე ამზადებს.
-
პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა, რომლითაც რუსეთს შეუძლია მსოფლიო ოკეანეში სამხედრო ძალა გამოიყენოს
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის ახალ სამხედრო დოქტრინას. დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სააგენტო ინეტრფაქსის ცნობით დოქტრინაში აღიშნულია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ამოწურავს.
ინტერფაქსს მოჰყავს ციტატა დოკუმენტიდან, რომლის მიხედვით “აშშ–ს კურსი მსოფლიო ოკეანეში დომინირებისკენ რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები დოქტრინაზე დაყრდნობით წერენ, რომ განმსაზღვრელი ფაქტორი ნატოსთან ურთიერთობაში გახდება “რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოების მიუღებლობა“.
ასევე აღნიშნულია “ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზღვებთან და საზღვაო სივრცეებთან მიმდებარე ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორის წითელი ზღვისა და კასპიის ზღვის ჩათვლით.“
საზღვაო დოქტრინა, რომელიც რუსეთმა 2015 წელს მიიღო, ძალადაკარგულად ცხადდება.
-
ყირიმში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი დრონებიდან დაიბომბა
ყირიმში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მოხდა. ანექსირებული ქალაქის მერის ცნობით დაჭრილია 5 ადამიანი.
“ფლოტის შტაბის ეზოში მოფრინდა ამოუცნობი ობიექტი, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი. დაჭრილია შტაბის 6 თანამშრომელი. დაღუპულები არ არიან. ყველას აღმოუჩინეს დახმარება. “ფეესბე“ მუშაობს, გარემოებები დგინდება“– დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.
31 ივლისი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა. ამ შენობაში სწორედ დღესასწაულის ემზადებოდნენ. თუმცა, სევასტოპოლში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ყველა ღონისძიება გაუქმდა.
ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა შავი ზღვის შტაბის ფოტოები, რომლებზეც ჩანს შეტევის შედეგები. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
რაზვოჟაევი მომხდარში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს.მოგვიანებით შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოტის შენობას თვითნაკეთი დრონებით შეუტიეს, რომლებზეც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
უკრაინელები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ოდესის ადმინისტრაციის სპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა უკვე უწოდა შტაბზე თავდასხმას აშკარა პროვოკაცია.
“ჩვენი ყირიმის გათავისუფლება ოკუპანტებისგან არა ასე , არამედ ბევრად ეფექტურად მოხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. “–თქვა მან.
-
პუტინი უკრაინაში 30 ათასი მოხალისის გასაგზავნად ემზადება, მათ შორის არიან სრულიად გამოუცდელები–CNN
მთელ რუსეთში ხდება მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება უკრაინაში გასაგზავნად. ანალიტიკოსების შეფასებით 30 ათასზე მეტი მოხალისის მობილიზაცია შესაძლოა მოხდეს უკრაინაში რუსული არმიის რიგების შესავსებად.
ამასთან, როგორც CNN წერს, მობილიზაციისთვის არ არის სავალდებულო შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. რუსეთი ეძებს იმ სამხედროების შემცვლელ ძალას, ვინც უკრაინასთან 5 თვიანი ომის დროს გამოიფიტა ან მოკვდა. 30 ათასი მობილიზებულიდან მესამედის გადასროლა დონბასში იგეგმება.
გასულ კვირას, ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსებს სულ უფრო გაუჭირდებათ ცოცხალი ძალით ფრონტის მომარაგება შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს საპასუხო დარტყმები განახორციელოს.
პუტინი დიდი ხანია თავს იკავებს საყოველთაო მობილიზაციის იდეის განხორციელებისგან, და საშემოდგომო გაწვევაც რუსეთში წინა წლის გაწვევისგან არ განსხვავდებოდა. მოხალისეთა ბატალიონები ერთ–ერთი გზაა რუსული არმიის რიცხოვნობის გასაზრდელად, რადიკალური ნაბიჯის გარეშე.
ამასთან, მოხალისედ ჩაწერის მოწოდებები როგორც წესი, უფრო ღარიბი და იზოლირებული რეგიონებისკენ არის მიმართული, “სწრაფი ფული“ კი სატყუარად გამოიყენება.
გამოცემა სვამს კითხვას, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ ბატალიონებმა. ჩეჩნურმა მოხალისეთა რაზმებმა დიდი როლი ითამაშეს დონბასის კამპანიაში, განსაკუთრებით მარიუპლოში. თუმცა ისინი შედარებით კარგად არიან აღჭურვილი და დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. სხვა ადგილებში შეგროვილ ბატალიონებს კი ეს ყველაფერი არ გააჩნიათ.
როგორც CNN წერს, ზოგიერთი ბატალიონი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაში მიიღებენ მონაწილეობას, იმ დროს, როგორც ზოგიერთი მოხალისე უშუალოდ შეავსებენ უკვე არსებულ საბრძოლო ბატალიონებს.
ინფორმირებული ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი მოხალისეთა გაწვრთნას ერთ თვეს დაუთმობს, რაც სავარაუდოდ მათ მოსამზადებლად არასაკმარისი იქნება.
-
უკრაინიდან მოპარული ხორბლით დატვირთული ხომალდი ლიბანში დააკავეს
ლიბანის პროკურატურამ დააკავა სირიული ხომალდი “ლაოდიკეა“ რომელიც რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით არის დატვირთული.
ლიბანური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საელჩომ ლიბანში ხომალდის 72 საათით დაპატიმრებას მიაღწია.
პროკურატურამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.
მანამდე როიტერი იტყობინებოდა, რომ ბეირუთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ სირიული გემის და მასზე არსებული ტვირთის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოძიების შემდეგ მიიღო.
სააგენტოსთვის გაკეთებულ განცხადებაში საელჩომ ასევე თქვა, რომ ხომალდის ტვირთის კონფისკაციის შემთხვევაში უკრაინა მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ბეირუთთან ლიბანისთვის ამ ტვირთის გადაცემის პირობების შესახებ.
ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა ბუ ჰაბიბმა ბიბისი–სთან ინტერვიუში თქვა, რომ ლიბანმა მიიღო გაფრთხილება მთელი რიგი დასავლური ქვეყნებისგან ტრიპოლის პორტში “ლაოდიკეა“–ს შესვლის შესახებ, რომელზეც 5 000 ტონა ქერი და 5000 ტონა ფქვილი იყო დატვირთული.
ტვირთი დიდი ალბათობით რუსეთის მიერ დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზე მდებარე საწყობებიდან არის გატანილი.
მინისტრის თქმით, ლიბანის შესაბამისი ორგანოები ამჟამად გემს ათვალიერებენ.