Category: კავკასია

  • ევროკავშირმა უკრაინას თანამედროვე დასავლური ტანკები უნდა გადასცეს–ევროპარლამენტის თავმჯდომარე

    ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას დასავლური მოდელის ტანკები უნდა გადასცეს. ამის შესახებ მან სააგენტო ფრანს პრესთან ინტერვიუში ისაუბრა.მეცოლას თქმით, უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის შეიარაღება ჭირდება.“უკრაინელებს ჭირდებათ იარაღი, რომელიც მათ მათი ტერიტორიების დეოკუპაციის საშუალებას მისცემს, და ეს გულისხმობს, მაგალითად Leopard II–ის ტანკებს, რომლებიც ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოს აქვს“–თქვა მეცოლამ.

    ევროკავშირი მზად არის დონორ ქვეყნებს ტანკების უკრაინისთვის მიწოდების შემთხვევაში კომპენსაცია ევროკავშირის ფონდიდან მისცეს. ევროკავშირმა უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების შესაძენად 2.5 მილიარდი ევრო გამოყო. ტანკების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური რუსეთის მხრიდან ომის შემდგომი ესკალაციის და უკრაინის აქტიური კონტრშეტევის გამო გახდა.

    გერმანიას, ავსტრიას, დანიას, ფინეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ესპანეთს და შვედეთს ჯამში დაახლოებით 2000 ტანკი აქვთ. თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საკუთარი არსენალიდან უკრაინისთვის ტანკების გადაცემამ შესაძლოა მათი უსაფრთხოება დააზარალოს. მეცოლა თვლის, რომ Leopard–ების უკრაინისთვის გადაცემა ცალკეული ქვეყნების საბრძოლო მზადყოფნაზე გავლენას არ მოახდენს.

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია

    შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი საქართველოშია. ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას ესწრება და თავადაც ერთ-ერთი პანელისტია. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა კორონავირუსის მიერ შექმნილი გამოწვევები და მათი ანალიზია.

    ბონი ჯენკინსი საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება, თუმცა ჯერ არ კონკრეტდება გამართავს თუ არა ის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და რა იქნება შეხვედრების ძირითადი განსახილველი თემა.

  • New York Times:ამერიკული სპეცსამსახურები თვლიან, რომ დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინა მონაწილეობდა

    ამერიკული გაზეთი New York Times ამერიკული სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ აშშ–ს დაზვერვის აზრით პროკრემლისტი იდეოლოგის,აგრესიული იმპერიული რუსული პოლიტიკის სულისჩამდგმელის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მიერ იყო სანქცირებული.

    დარია დუგინა მოსკოვთან ახლოს, მოჟაისკოეს შოსეზე ავტომობილის აფეთქებისას 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. მანამდე ის მამასთან ერთად ესწრებოდა მოსკოვთანახლოს მდებარე მამულ ზახაროვოში ფესტივალ “ტრადიციას“.

    ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ აშშ ამ გეგმის განხორციელებაში არანაირად არ მონაწილეობდა – არც სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებით და არც რაიმე სხვა ფორმით. როგორც სტატიის ავტორები წერენ, ვაშინგტონში ირწმუნებიან, რომ ოპერაციის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდნენ, და რომ სცოდნოდათ, კატეგორიულად წინააღმდეგნი იქნებოდნენ.

    ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ვინც გამოცემას ანონიმურობის პირობით ესაუბრა, აშშ–მ უკვე გამოთქვა კიევთან უკმაყოფილება დუგინას მკვლელობასთან დაკავშირებით.

    New York Times  წერს, რომ ამერიკის მთავრობა იმედგაცრუებულია იმით,რომ როგორც გაირკვა, კიევი ყოველთვის არ თვლის საჭიროდ ვაშინგტონი მის სამხედრო გეგმებში ჩაახედოს, განსაკუთრებით საიდუმლო ოპერაციებში,რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იგეგმება.

    ამერიკული გამოცემა წერს,რ ომ ომის დაწყებიდან უკრაინამ არაერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე დივერსიების ჩატარება, თუმცა,დუგინას მკვლელობა, თუ ეს დადასტურდება, შეიძლება ყველაზე თავხედურ უკრაინულ ოპერაციად ჩაითვალოს.ის უჩვენებს რა ახლოს შეუძლიათ უკრაინულ სპეცსამსახურებს ცნობილ რუს პერსონებთან მისვლა.

    სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ სპეცსამსახურებმა მათი გამოძიების შესახებ მთავრობას ჯერ კიდევ გასულ კვირას აცნობეს. დაზვერვის წარმომადგენლებს არ უთქვამთ გამოცემისთვის, უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად რომელ წარმომადგენელს შეიძლებოდა აენთო მწვანე შუქი ოპერაციისთვის და იყო თუ არა ის სანქცირებული პრეზიდენტ ზელენსსკის მიერ.

    ავტორები აღნიშნავენ, რომ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აქვთ სრული სურათი უკრაინის ხელისუფლებაში ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ძალაუფლების ცენტრების შესახებ, მათ შორის არმიის, სპეცსამსახურების და ზელენსკის ოფისის შესახებ, და ამ ფაქტით შეიძლება აიხსნას ის,  რატომ შეიძლებოდა გეგმის შესახებ უკრაინის მთავრობის ზოგიერთ ნაწილს არ სცოდნოდა.

    დარია დუგინას აფეთქებისთანავე უკრაინა ამ ფაქტთან მის კავშირს უარყოფდა. რუსეთი კი უკრაინულ კვალზე მაშინვე ალაპარადა.

    New York Times–ის ჟურნალისტების კითხვაზე ამერიკული დაზვერვის დასკვნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა:

    “ისევ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერ მკვლელობას  ომის დროს,ამა თუ იმ ქვეყანაში რაიმე პრაქტიული მნიშვნელობა უნდა ქონდეს. ის გარკვეულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. ისეთი ადამიანი, როგორც დუგინაა, არ შეიძლებოდა უკრაინის სტრატეგიული ან ტაქტიკური სამიზნე ყოფილიყო. ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე სხვა სამიზნეები გვაქვს, ვგულისხმობ კოლაბორაციონისტებს და რუსეთის მეთაურობის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენი სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის შეიძლება ფასეულები იყვნენ, თუმცა დუგინა არავითარ შემთხვევაში.“

    პუბლიაციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთები ამერიკის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ნამდვილი სამიზნე მამა დუგინი იყო – ულტრამემარჯვენე რუსი ნაციონალისტი, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორების გეგმით მანქანაში შვილთან ერთად უნდა ყოფილიყო.

    გაზეთის ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ როგორც წესი, სხვა ქვეყნების საიდუმლო ოპერაციების განხილვა სახელმწიფო დონეზე მიღებული არ არის, თუმცა გამოცემა წერს, რომ აშშ–ს ოფიციალური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის აზრით, აუცილებელია ბოლო მოეღოს იმას, რასაც ისინი “საშიშ ავანტურიზმს“ უწოდებენ, განსაკუთრებით პოლიტიკური მოტივებით მკვლელობებს.

    ამასთან, ამერიკელი ჩინოვნიკები ბოლო დღეებში მთელი ძალებით ცდილობენ ხაზი გაუსვან, რომ აშშ–ს და უკრაინის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობები კვლავ მყარია. ამერიკელების შეშფოთებას აგრესიული საიდუმლო ოპერაციების შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე გავლენა არ მოუხდენია უკრაინისთვის სადაზვერვო, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის აღმოჩენაზე.

    ამერიკელი მაღალჩინოსნები მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ ბოლომდე უკრაინის გვერდით იქნებიან ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენის საქმეში და მის სამხედრო და დიპლომატიური თვალსაზრსით გაძლიერებაში.

  • “საფრთხე ძალიან მაღალია“–ვიოლა ვონ კრამონი რუსების საქართველოში მასობრივ შემოსვლაზე

    რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური ადგილია, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ქართველების ნაწილი აპროტესტებს და ამაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს.

    მართლაც არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი შესვლის გამო, მოიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ცვლილებებს თავად რუსეთში და რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ამ თემებზე “ამერიკის ხმას” ინტერვიუ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვონ კრამონმა მისცა.

    “პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის აგრესიაშიც უკრაინის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება, თითქოს ნაწილობრივი, თუმცა რეალურად სრული სამხედრო მობილიზაციის შესახებ, (ეს სინამდვილეში მხოლოდ რიტორიკის საკითხია, გააჩნია, როგორ გამოაცხადებ) იქნება მისი რეჟიმის, მისი თანამდებობაზე ყოფნის დასასრული.

    ვხედავთ, რომ ხალხი ქვეყანას, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები 18 წლიდან ზევით, წარმოუდგენელი რაოდენობით ტოვებენ. თუ არ ვცდები, პირველი ორი დღის განმავლობაში 260,000-მა ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ისინი საქართველოს საზღვართან არიან მოგროვილნი. ვნახეთ, რომ ფრენები სტამბოლის, სომხეთის, ბელგრადისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, სრულადაა გაყიდული. იგივე ხდება რუსეთ-ფინეთის საზღვრებთანაც. რა თქმა უნდა, ამან ხალხი გამოაღვიძა.

    შეცვლის თუ არა ეს სიტუაციას რუსეთში? ასე ვიფიქრებდი, რადგან ამ ხალხს [ქვეყნის დატოვების მსურველებს] შორის ბევრია, ვისაც კარგი სამსახური აქვს, ისინი პროფესიონალები არიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ უმუშევარ, შემთხვევით ხალხზე. ესენი არიან კომპიუტერული სფეროს წარმომადგენლები, ინჟინრები, ხალხი, ვინც რუსეთის ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმებზე, წამყვან მენეჯერებზე და ა.შ

    ვფიქრობ ევროკავშირის სანქციები, ლიდერშფის, მენეჯმენტის და ძირითადი სექტორების, ქვეყნიდან გადინება, ისევე როგორც პროტესტები რუსეთში, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით დაღესტანში, ბაშკირეთში, ირკუტსკში და ა.შ ნამდვილად შეცვლის სიტუაციას [რუსეთში]. პროტესტს განსაკუთრებით აქტიურად გამოხატავენ ქალები, რომლებიც კითხულობენ სად არიან მათი ბაბუები, შვილები, ძმები, ქმრები… ვფიქრობ, პუტინისთვის განსაკუთრებულად ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა.“– ამბობს კრამონი.

    კითხვაზე, რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა, ევროპარლამენტარი პასუხობს, რომ საფრთხეები ძალიან მაღალია:

    “ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, ისინი ყველანი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ის ხალხი არ არის, ვინც იძულებული გახდა, რომ წასულიყო.

    ისინი შეიძლება იყვნენ ოპორტუნისტები, ხალხი, ვინც კმაყოფილი იყო [პუტინის] რეჟიმით, ვინც სარგებელს იღებდა ამ რეჟიმისგან, ან ვინც ამ რეჟიმისთვის მუშაობდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრი “ეფ-ეს-ბეს” აგენტი იყოს.

    ახლა ევროპაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ, ევროპაში, თუ საქართველოში შესვლაზე უარის თქმა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შევამოწმოთ ისინი რეალურად უსაფრთხოების მხრივ იქამდე, ვიდრე მათ ჩვენს ქვეყნებში შემოვუშვებთ. იქამდე, ვიდრე ისინი ჩვენს პოლიტიკურ წრეებში, თუ ჩვენს დედაქალაქებსა და ქალაქებში შემოაღწევდნენ.

    დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს” უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. ამის საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოშია, სადაც რუსული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა მობილიზაციის გამოცხადებამდეც.

    ვფიქრობ, რთული იქნება საქართველოს მთავრობისთვის იმის ახსნა, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსებს. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც თავშესაფარი სჭირდება, მაგრამ საზღვრის უბრალოდ ყველასთვის გახსნამ შესაძლოა, უსაფრთხოების უდიდესი რისკები გამოიწვიოს.“– ამბობს კრამონი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ფრონტზე მარცხმა და მობილიზაციამ პუტინის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის დაპირისპირება გააშიშვლა–ISW

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში აანალიზებს “რუსული სამყაროს“ სხვადასხვა რადიკალურ დაჯგუებებს შორის დაპირისპირებას, რომელიც ზედაპირზე უკრაინის ფრონტებზე რუსული არმიის მარცხის შემდეგ ამოვიდა.

    ISW სამ ძირითად ასეთ დაჯგუფებას გამოყოფს: სამხედრო ბლოგერები და კორესპონდენტები, ყოფილი სამხედროები და ძალოვანების ნაწილი, რომლებსაც საკუთარი ძალოვანი რესურსები აქვთ (“ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი და ა.შ.).

    ანალიტიკოსების აზრით, პუტინს ამ სამივე დაჯგუფების მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ფრონტებზე მარცხის და “ნაწილობრივი მობილიზაციის“ პროცესში დიდი აურზაურის ფონზე მათ შორის როგორც ჩანს განხეთქილება დაიწყო.

    ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით პუტინი ცდილობს ყველა ერთიანად  შეინარჩუნოს– სამხედრო ბლოგერები სახელმწიფო ტელევიზიების ეთერში გამოჰყავს, “ძალოვანებს“ უფლებას აძლევს საკუთარი არმიები ჰყავდეთ და განაგრძონ შეტევების მცდელობა ბახმუტთან და დონეცკთან, ასევე, გამოაცხადა მობილიზაცია, რომელსაც ვეტერანების საზოგადოება დიდი ხანია ითხოვდა.

    თუმცა, ეს სამივე ჯგუფი ომის წარმოების მიმართ სხვადასხვა მიდგომას ითხოვს, და დაპირისპირება მათ შორის შეიძლება პუტინის რეჟიმის სტაბილურობაზეც აისახოს.

    ანალიტიკოსები თვითონ ამ ჯგუფების შიგნით არსებულ დაპირისპირებასაც უსვამენ ხაზს, მაგალითად სამხედრო ბლოგერების და კორესპონდენტების ჯგუფს შორის.

    “პუტინს არ შეუძლია თავს უფლება მისცეს რომელიმე ამ დაჯგუფების მხარდაჭერა დაკარგოს. ამავე დროს, არ შეუძლია ყველა მათგანი ერთდროულად დააკმაყოფილოს, ამ დროს კი ომი გრძელდება და რუსული არმია კვლავ განიცდის დანაკარგებს. ხარკოვის ოლქში და ლიმანში მარცხისგან მიღებულმა შოკმა, რომელსაც მობილიზაციის ხარვეზებით ჩატარებაც დაემატა, პუტინის მხარდამჭერ ძირითად ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირება გააშიშვლა რიგითი რუსების თვალწინ, და მათ შეიძლება ეჭვიც კი გაუჩნდეთ, აკონტროლებს თუ არა პუტინი სრულად საკუთარ მომხრეებს. მოვლენების ასეთი განვითარების შედეგები რთულად პროგნოზირებადია“– წერენ ანალიტიკოსები.

     

  • “მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს“–უკრაინის გენშტაბმა ხერსონში წინსვლა ოფიციალურად პირველად დაადასტურა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის საღამოს ინფორმაციაში პირველად გამოჩნდა ოფიციალური აღიარება, რომ უკრაინული არმია სამხრეთით კონტრშეტევას ახორციელებს, თუმცა კონკრეტული რაიონების გარეშე.

    რუსული და უკრაინული მედიის და ტელეგრამ–არხების ინფორმაციით ბოლო 3 დღის განმავლობაში უკრაინის არმიამ შეძლო რუსული ჯარის თავდაცვის გარღვევა ხერსონის ოლქში და რამდენიმე დასახლებული პუნქტის დაკავება მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ და ოლქის ჩრდილოეთით. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფლის, დავიდოვ ბროდის გათავისუფლება დაადასტურა, რომელიც მანამდე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რუსული არმიის თავდაცვითი პოზიციების გამაგრებაში.

    უკრაინის გენშტაბის საღამოს ანგარიშში სამხრეთის მიმართულებაზე ნათქვამია:

    “დაზუსტებული ინფორმაციით, 3 ოქტომბერს უკრაინის სამხრეთით დადასტურებულია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის 30–მდე ობიექტის განადგურება. მტერი დემორალიზებულია, პოზიციებს ტოვებს და უსაფრთხო დისტანციაზე გადის, ანადგურებს საბრძოლო მასალების მარაგებს, ცდილობს ხიდების და გადასასვლელების განადგურებას. ეს ყველაფერი ჩვენი არმიის შეტევის შესანელებლად ხდება“– წერს უკრაინის გენშტაბი.

     

     

  • უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს–პენტაგონი

    უკრაინას შეუძლია მთავარ სამხედრო მიზნებს ზამთრის დადგომამდე მიაღწიოს და ოკუპანტებთან ბრძოლაში საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. ამის შესახებ პენტაგონის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების კურატორმა, სელესტ უოლანდერმა განაცხადა.

    მან აღნიშნა უკრაინის მიერ ხერსონის ოლქში გამოჩენილი ძალისხმევა, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის და დონეცკის ოლქებში მიღწეული წარმატება.

    “უკრაინა ახლა როგორც ჩანს, მისი სამი მიზნის მიღწევის გზაზე წარმატებულად მიდის. უკრაინის მიზანი რუსული პლაცდარმის განდევნაა დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან ხერსონის ოლქში“– უთხრა მან ინტერვიუში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრს.

    უოლანდერის თქმით, ეს რუსეთის დიდი მარცხი იქნება, რადგან კრემლის ამბიციებს, დაიპყროს ოდესა, დიდ ბარიერებს შეუქმნის, უკრაინას კი ბევრად უკეთეს თავდაცვით პოზიციაში ჩააყენებს, რომ ზამთრის მანძილზე აქტიური საბრძოლო მოქმედებების სავარაუდო შენელება წარმატებით გადაიტანოს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ სამხრეთით მიმდინარე შეტევა იმ ტაქტიკის ასახვაა, რამაც კიევს დიდი წარმატებები მოუტანა სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის აღმოსავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა სწრაფად აიღეს ტერიტორიები,მრავალრიცხოვანი რუსული ძალები მომარაგების წყაროს მოწყვიტეს და უკანდახევა აიძულეს.

    უოლანდერი აღნიშნავს, რომ პარასკევს უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსების უნარზე, შეავსონ მარაგები და ჯარი ფრონტის ხაზის გასწვრივ გადააადგილონ.

  • “რომელი მასკი უფრო მოგწონთ?“–ზელენსკიმ მასკის სკანდალურ გამოკითხვას ტვიტერზე გამოკითხვითვე უპასუხა

    მილიარდერმა ილონ მასკმა გადაწყვიტა სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრი გაიგოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ბიზნესმენმა დაასკვნა, რომ უკრაინა რუსეთთან ომში წააგებს იმის გამო, რომ რუსეთის მოსახლეობა სამჯერ მეტია.

    “რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თუ ყირიმი რისკის ქვეშ დადგება, ისინი სრულ მობილიზაციას გამოაცხადებენ. ორივე მხრიდან უზარმაზარი მსხვერპლი იქნება.

    რუსეთის მოსახლეობა 3–ჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის, ამიტომაც უკრაინის გამარჯვება ომში ნაკლებ სავარაუდოა. თუ თქვენ უკრაინის ხალხზე ზრუნავთ, ეძებეთ მშვიდობა“–დაწერა მასკმა.

    კომპანია Tesla–ს და Space X–ის დამფუძნებლის გამოკითხვა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყირიმს და დონბასს ეხება.

    “მოდით ასე ვცადოთ: ადამიანებმა, ვინც დონბასში და ყირიმში ცხოვრობენ, უნდა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში უნდათ თუ უკრაინის“– დაწერა მან და ტვიტერზე გამოკითხვა წამოიწყო ორი სავარაუდო პასუხით: დიახ და არა.

    მასკის ამ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. მას უკრაინული მხრიდან არაერთმა უწყებამ და პერსონამ უპასუხა.

    ილონ მასკს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკიც გამოეხმაურა და დაუსვა კითხვა:

    “იმ ცდილობ ფსევდო რეფერენდუმების ლეგიტიმაციას, რომლებიც იარაღის ქვეშ, დევნის, დასჯის და მასობრივი წამების პირობებში ჩატარდა? ცუდი გზაა “

    რაზეც მასკმა უპასუხა:

    “არა, მე გთავაზობთ კენჭისყრა ჩატარდეს გაეროს(ან შეარჩიეთ ორგანიზაცია ან ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობით) დაკვირვების ქვეშ ხმის მიცემას“

    პრეზიდენტ ზელენსკის ტვიტერის გვერდზე ასეთი გამოკითხვა გამოჩნდა:

    რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?

    პასუხებია:

    ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს

    ის, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს

    ტვიტერში გაჩნდა სხვადასხვა მემები და ხუმრობები. მაგალითად, ერთ–ერთი მომხმარებელი წერს, რომ მასკმა ტესლას ახალი მოდელი – Tesla Model Z დააანონსა.

  • თვითმკვლელობა,ალკოჰოლით ინტოქსიკაცია,ცეროზი–სვერდლოვსკის გარნიზონში სამი მობილიზებული რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

    რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქში ელანსკის გარნიზონში, კურგანის ოლქიდან მობილიზებული სამი სამხედრო დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დგინდება და ექსპერტიზა ტარდება.

    რეგიონის ადამიანის უფლებების დამცველი, ტატიანა მერზლიაკოვა ამბობს, რომ ერთ–ერთი მობილიზებულის სიკვდილი შესაძლოა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე ეპილეფსიის შეტევა იყოს. სვერდლოვსკის ოლქიდან რუსეთის დუმის დეპუტატი, მაქსიმ ივანოვი მედიას ეუბნება, რომ მეორე დაღუპულმა თავი მოიკლა.

    კიდევ ერთი მობილიზებული კი ჯერ პოლიგონზე გაგზავნეს, შემდეგ “ჩამოწერეს“ და სახლში გაუშვეს, სადაც დაბრუნებისთანავე ღვიძლის ცეროზით მოკვდა.

    რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.

  • რუსეთში 1.5 მილიონი სამხედრო ფორმის კომპლექტი დაიკარგა

    რუსეთში, ზაბაიკალიეში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ 1.5 მილიონი სამხედრო ფორმის კომპლექტი გაქრა. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, გენერალ–ლეიტენანტმა ანდრეი გურულევმა მის ტელეგრამ არხზე განაცხადა.

    მისი თქმით, მილიონნახევარი კომპლექტი პირადი შემადგენლობის მიმღები პუნქტიდან გაქრა.

    “დღეს პრობლემა გვაქვს ხან ფორმასთან, ხან კიდევ რაღაცასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იყო, მაგრამ სადღაც აორთქლდა? ამის ახსნას ვერავინ, ვერსად, ვერანაირად, ვერაფრით ვერ შეძლებს“ – წერს გურულევი.

    დეპუტატი თვლის, რომ პირადი შემადგენლობის მიმღები პუნქტები მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ახლავე უნდა მომზადდეს. ამისათვის ისინი ყველა საჭირო კომპლექტაციით უნდა უზრუნველყონ, მათ შორის სამხედრო ფორმებით. დანაკარგზე პასუხი კი მისი აზრით გენერალმა დმიტრი ბულგაკოვმა უნდა აგოს. ბულგაკოვი სექტემბრის ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან ომისთვის მობილიზებულ ტუველებს ფქვილს, კარტოფილს და ცხვრის თავს დაპირდნენ. რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონის ხელისუფლება ასევე დაპირდა ერთჯერადად ყოველ ბავშვზე 5 ათასი რუბლის გადახდას ყველა ოჯახს, რომელსაც მობილიზაცია შეეხო.