Category: კავკასია

  • ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს–ექსპერტი ყირიმის ავიაბაზის განადგურებაზე

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე ყირიმში ნოვოფედოროვკას აეროდრომის აფეთქებას რუსეთისთვის დიდ დარტყმად თვლის:

    ყირიმის ნოვოფედოროვკასთან მდებარე საკის აეროპორტი უკრაინის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ლაქა იყო. 2014 წელს, რუსეთის ანექსიის შემდეგ, მათ აეროპორტის ევაკუაცია ისე განახორციელეს, რომ ტყვია არ გავარდნილა. შვეულმფრენები და მოიერიშეები აფრინდნენ, რუსები კი საფრენ ბილიკთან იდგნენ და უკრაინელებს ცინიკურად აცილებდნენ. ამის შემდეგ რუსებმა აეროპორტის ძალიან სწრაფი მილიტარიზაცია დაიწყეს და ზედ სუ-24 მოიერიშეები და სუ-30 გამანადგურებლები განათავსეს. როგორც ჩანს ომის წინ სარაკეტო სისტემებიც დამონტაჟდა მიკოლაივისა და ოდესის დასაბომბად.

    დღეს დილით თანამგზავრულმა ფოტოებმა დააფიქსირა, რომ რუსული სამხედრო ავიაცია თავის სატვირთო ნაწილებთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა (ფოტოს უკრაინის რადიო თავისუფლება ავრცელებს). შემდგომ კი საბრძოლო მოქმედების ყველაზე ახლო არეალიდან 250 კილომეტრში მდებარე აეროპორტზე აფეთქებების სერია დაიწყო. მინიმუმ 15 სხვადასხვა აფეთქება მოხდა, რასაც შემდგომი დეტონაციაც მოჰყვა. რეალურად, საკის აეროპორტი სრულად გამოეთიშა საბრძოლო მოქმედებებს.

    რუსების მუქარა, რომ თუკი ყირიმს დაბომბავდა უკრაინა მწარედ უპასუხებდნენ ცხადია რომ თავიდანვე ფუჭი იყო და სინამდვილეში არც არანაირი დამატებითი პასუხის საშუალება აღარ აქვს რუსეთს – ამიტომ, როგორც “კეთილი ნებით” დაიხიეს უკან უკრაინული ქალაქებიდან ასეთივე “შემთხვევას” აბრალებენ ნოვოფედოროვკას აეროპორტის განადგურებაც. სხვათა შორის “მოსკოვის” ჩაძირვისასაც ზუსტად ამავეს საუბრობდნენ კრემლში. თუმცა ახლა მთავარი ის კი არ არის რას ისაუბრებს რუსული პროპაგანდა, არამედ ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე შემტევი პოტენციალის მქონე სამხედრო აეროპორტი აღარ არსებობს, ხოლო მისი საწყობები, რომლებიც ერთმანეთისაგან საკმაო მანძილითაა დაშორებული და შემთხვევას ყველა მათგანის აფეთქება არ შეეძლო (არადა როგორც ჩანს აღარცერთი მათგანი აღარ არსებობს).

    ზუსტად რისი მეშვეობით მოხდა აეროპორტის განადგურება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თავისი სიზუსტიდან და სიშორიდან გამომდინარე თუკი მართლაც გარედან მოხდა მისი განადგურება მაშინ არაა გამორიცხული ATACMS ტიპის რაკეტები უკვე ადგილზეც კი იყოს. თუმცა შეიძლება ATACMS-ის ნაცვლად ისეთი რაკეტებიც იყოს გამოყენებული, როგორიცაა Грім, რაც უკრაინულ შეიარაღებაში 2019 წლიდან ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც არსებობს. თუმცა დაშვების დონეზე იმის შანსიც არსებობს რომ ბომბდამშენიდან გასროლილი ფრთოსანი რაკეტებს ჩაეღწიათ ყირიმამდე (თუკი მათ შეიარაღებაში ისე მიიღეს ისინი – თუნდაც დაშლილ მდგომარეობაში – რომ საჯაროდ არსად თქმულა).

    ამჟამად კრიტიკული სიტუაციაა ყირიმში. რუსები მასობრივად გარბიან ნახევარკუნძულიდან. რუსეთისაკენ მიმავალ გზაზე საცობებია. პანიკაა სევასტოპოლშიც, რადგან შემდგომი სამიზნე ლოგიკურად სწორედ სამხედრო-საზღვაო შტაბები იქნება ამ მიმართულებით.“– ამბობს კობერიძე.

    ნახეთ აეროდრომის აეთქების ვიდეოკადრები სხვადასხვა რაკურსით:

  • საბანკო ტრასტები საკმაო ხანია აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წერილებსა და კითხვებს-ივანიშვილის ადვოკატები

    ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა MKD Credit Suisse-თან დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საბანკო ტრასტები უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ ივანიშვილის წარმომადგენლების წერილებსა და კითხვებს.

    ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბიძინა ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე.

    “ბ-ნი ივანიშვილის მხრიდან ერთი საბანკო ტრასტისთვის მიცემული ინსტრუქციიდან ოთხი თვე მიილია, ხოლო მეორე ტრასტისთვის გაცემული დავალებიდან – ორი თვე. საბანკო ტრასტები ამ პერიოდის განმავლობაში არათუ არ ასრულებენ დავალებებს, რითაც არღვევენ კლიენტის უფლებებსა და ვნებენ მის ინტერესებს, არამედ უკვე საკმაო ხანია საერთოდ აღარც კი პასუხობენ კლიენტის წარმომადგენელთა წერილებსა და კითხვებს.

    შესაბამისად, ბანკი პრინციპულად უზღუდავს ბ-ნ ივანიშვილს წვდომას თავის საბანკო რესურსებზე, რაც, ვფიქრობთ, უპრეცედენტოა საბანკო ისტორიაში”. – ნათქვამია ფირმის განცხადებაში.

    ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა. ადვოკატი ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილის მხრიდან საბანკო ჯგუფთან წარმოებულ დავას “ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა”.

    იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, “ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე”.

    თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

  • რუსეთში სანქციების გამო თვითმფრინავებს სათადარიგო ნაწილებად შლიან

    რუსული ავიაკომპანიები, მათ შორის “აეროფლოტი“ საკუთარ ავიალაინერებს შლიან და სათადარიგო ნაწილებად იყენებენ, რადგან მათი ყიდვა სანქციების გამო აღარ შეუძლიათ. ამის შესახებ როიტერი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

    რუსეთი მიმართ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ავიაკომპანიებს უკრძალავს ზოგიერთი მაკომპლექტებელი ნაწილის შეძენას და დასავლეთში ტექნიკური მომსახურების და რემონტის ჩატარებს.

    ივნისში რუსეთის მთავრობამ გასცა რეკომენდაცია ავიაკომპანიებისთვის, ნაწილობრივ დაეშალათ საჰაერო ხომალდები იმისათვის, რომ შეინარჩუნონ უცხოური საავიაციო პარკის 70%–ის გამართული მუშაობა 2025 წლამდე.

  • Washington Post: ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს რუსებს მათ ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალონ

    რუსული აგრესიის შეჩერება უკრაინაში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასავლეთის ქვეყნები საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ რუსეთის ყველა მოქალაქეს, განაცხადა Washington Post–თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა:

    “ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია, ეს იქნება საზღვრების ჩაკეტვა, იმიტომ რომ რუსები სხვის ტერიტორიებს იპყრობენ“–თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა საკუთარ სამობლოში უნდა იცხოვრონ, სანამ საკუთარ მიდგომას არ შეცვლიან.

    კრიტიკოსები თვლიან, რომ მსგავსი აკრძალვა უსამართლო იქნება იმ რუსების მიმართ, ვინც ქვეყნიდან პუტინის პოლიტიკასის მიუღებლობის გამო წავიდა. ასეთი ომის დაწყებიდან ათეულობით ათასი ადამიანია.

    “როგორ რუსზეც არ უნდა იყოს საუბარი, გაუშვით ისინი უკან რუსეთში. მაშინ მიხვდებიან, მაშინ იტყვიან: ჩვენ არ გვაქვს არანაირი კავშირი ამ ომთან. მთელი ერი ვერ იქნება პასუხისმგებელი, ასე არ არის? შეიძლება. მაგრამ სწორედ ამ ხალხმა აირჩია ასეთი ხელისუფლება და არ ებრძვის მას, არ ეკამათება, არ ეწინააღმდეგება.“– ამბობს ზელენსკი.

    მის წინა ინტერვიუებში ზელენსკი ამბობდა, რომ დაკარგა ემოციური დამოკიდებულება რუსი ხალხის მიმართ, თუმცა მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სამართლიანობის და უკრაინის მხარეს არის, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომელთაგან ბევრმა რუსეთი დატოვა.

  • 2008 წელს “დასავლეთში გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა,“- ბენ ჰოჯესი

    აგვისტოს ომის 14 წლის თავზე, ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში რუსული ომის შემდეგ დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანდა.

    ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია და დასავლეთში კარგად იციან, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს.

    „უნდა გვახსოვდეს ის ფაქტი, რომ რუსეთი ჯერ კიდევ უკანონოდ იკავებს ტერიტორიებს საქართველოში. მიუხედავად, იმისა, რომ ე.წ. სარკოზის შეთანხმებას ხელი მოაწერეს და [მათ]უნდა დაეტოვებინათ ეს ტერიტორიები. ჩვენ დასავლეთში, გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ როდესმე რუსეთი შეასრულებდა რაიმე შეთანხმებას. დღეს თუ ვინმე კიდევ ასე ფიქრობს, შესაძლებელია შეხედონ საქართველოს, სადაც რუსეთმა ვალდებულებები არ შეასრულა. მე ვფიქრობ, რომ დღეს დასავლეთი კარგად აღიქვამს შექმნილ ვითარებას,“- ამბობს ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს.

    თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს საქართველოსთან კითხვა აქვს, მისი აზრით ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს რა ურთიერთობა სურს დასავლეთთან.

    „დროა საქართველომ გადაწყვიტოს რა სურს რეალურად. ვფიქრობ ქართული საზოგადოება ახლა დაპირისპირებულია. სურთ კი მათ ნამდვილად იყვნენ დასავლეთის ნაწილი სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესააძლებლობები. სურთ კი მათ ჰქონდეთ ეკონომიკური განვითარება? სურთ ამერიკელებთან და ევროპელებთან ყოფნა? – მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლებას ეს ნამდვილად სურს, რადგან რუსეთს ეს არ სურს. სანამ საქართველო არ გადაწყვეტს, რომ იქნება აყვავებული, დასავლური ორიენტაციის ქვეყანა, მაშინ ის ვერ გამოიყენებს თავის პოტენციალს,“- ამბობს ჰოჯესი.

    დასავლეთში სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის ისეთი განცხადებები, სადაც მთავრობასა და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო ხაზი ივლება, ამ დროს კი პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრები აგრძელებენ დასავლელი ლიდერების კრიტიკას. მმართველი პარტიის წევრების რიტორიკას, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს ანალიტიკოსები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ეს რიტორიკა საქართველოს აზარალებს.

    ამერიკელ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ტაქტიკიდან გამომდინარე, აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე, ომის განახლება ნაკლებად სავარაუდოა. ანალიტიკოსი ანა ბორჩევსკაია ამბობს, რომ „საქართველო პირველადი სამიზნე არ არის“.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აეკრძალოთ რუსებს უკრაინაში შემოსვლა შემდეგი 50 წლით–პეტიცია ზელენსკის სახელზე

    უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსთის ყველა მოქალაქისთვის შემდეგი 50 წლის მანძილზე უკრაინაში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით პეტიციამ უკვე მოაგროვა 25 ათასი ხელმომწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ვალდებულია ეს წინადადება განიხილოს.

    პეტიციის ავტორები ამბობენ, რომ რუსეთთან ომი უკვე 8 წელია გრძელდება:

    “სამწუხაროდ ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ვერ შეძლო უკრაინის დაცვა დივერსანტებისგან, აგენტურისგან და მტრის სამიზნეების მაკორექტირებლებისგან, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინაში იყვნენ რუსეთთან უვიზო რეჟიმის გამო. ამის საფასური ჩვენ ათასობით ადამიანის სიცოცხლით გადავიხადეთ“– ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

    ავტორები გამოდიან წინადადებით, უკრაინაში ყველა რუსისთვის სრულად აიკრძალოს შესვლა და ბინადრობის ნებართვის გაცემა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.

    პეტიციის ავტორების აზრით გამონაკლისი შეიძლება ის ადამიანები იყვნენ, ვინც რუსეთ–უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

  • უკრაინელებმა მელიტოპოლში რუსების დისლოკაციის პუნქტებს დაარტყეს. განადგურებულია 100-ზე მეტი ოკუპანტი

    დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ჯარების დისლოკაციის პუნქტებზე დარტყმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

    „მელიტოპოლის სხვადასხვა ნაწილში მაღალი სიზუსტის HIMARS-ის რაკეტებით საოკუპაციო ძალების დროებითი განლაგების პუნქტებს ცეცხლი გაუხსნეს“, – აცხადებს ივან ფიოდოროვი.

    მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, განადგურდა მნიშვნელოვანი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა.

    „100-ზე მეტმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც დროებით ყაზარმებში იმყოფებოდა,  კობზონის კონცერტის ბილეთები მიიღო“ – ამბობს მერი.

    მელიტოპოლი რუსებმა ომის დაწყების პირველ დღეებშივე დაიკავეს. ფიოდოროვი ტყვედ აიყვანეს, მოგვიანებით კი რუს სამხედროებში გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.

  • რუსეთის სამხედრო ოკუპაცია უნდა დასრულდეს–გახარია

    საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთის საქართველოზე თავდასხმის 14 წლისთავთან დაკავშირებით ტვიტერზე წერს:

    “14 წლის წინ საქართველო გახდა რუსული აგრესიული რევანშიზმის პირველი მსხვერპლი. სამართლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნება. რუსეთის სამხედრო ოკუპაცია უნდა დასრულდეს და კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებებით.“–წერს გახარია.

  • რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მისი რესურსების 50% უკვე გამოიყენა–კურტ ვოლკერი

    რუსეთის ფედერაციამ  უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე მისი გაწვრთნილი სამხედროების და იარაღის ნახევარი უკვე დახარჯა. ამის გამო მისი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად არის შემცირებული.

    ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

    “მათი სამხედრო შესაძლებლობები დრამატულად შემცირდა. ეს კარგია, მაგრამ ახლა დაიწყეს ნაკლებად ზუსტი იარაღის გამოყენება და უფრო მეტად ხვდება მათი რაკეტები სამოქალაქო ობიექტებს. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი ნაკლებად არტყამენ მიზანში და ვერ ბომბავენ სამხედრო ობიექტებს, ამიტომაც მათი შესაძლებლობები მცირდება“– ამბობს ვოლკერი.

    გარდა ამისა, მისი განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას, კერძოდ დიქტატორ პუტნს არ აქვს სურვილი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, რადგან ამან რუსეთში შესაძლოა სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

    პუტინმა ისედაც ბევრი ხალხი მოაგროვა რეგიონებიდან უკრაინაში ომისთვის. მოსკოვის, პიტერის და საზღვრისპირა რეგიონებისთვის კი ფაქტიურად ხელი არ უხლია, რათა შეექმნა ილუზია, რომ ყველაფერი კარგად არის. თუ საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდება, ეს მას ახალ პრობლემებს შეუქმნის“– დასძინა ვოკლერმა.

  • კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები-ბლინკენი

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

    ენტონი ბლინკენი აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ წერს.

    „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – დაწერა ენტონი ბლინკენმა.