Category: კავკასია

  • რუსული გამოძიება საქართველოსაც ასახელებს იმ ქვეყნებს შორის,რომლებიც ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა სატვირთომ მანამდე გაიარა

    რუსეთის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდის აფეთქებაში უკრაინის სპეცსამსახურები დაადანაშაულა. ამის შესახებ მან რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ალექსანდრ ბასტირკინთან შეხვედრისას განაცხადა.

    პუტინის თქმით, ხიდის აფეთქების ავტორები, შემკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

    “ეს არის ტერაქტი, მიმართული რუსეთის ფედერაციის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. აფეთქების ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან“–თქვა პუტინმა.

    თავის მხრივ, ბასტირკინმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმე ტერორიზმის მუხლით აღიძრა. მან პუტინს მოახსენა, რომ “ტერაქტის“ მზადებაში უკრაინის სპეცსამსახურებს რუსეთის მოქალაქეებიც ეხმარებოდნენ უცხოეთის ქვეყნებიდან.  ბასტირკინმა პუტინისთვის ანგარიშის ჩაბარებისას ასაფეთქებლით დატვირთული მანქანის უცნაური  მარშრუტი დაასახელა:

    “ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი,  რომელიც ხიდზე აფეთქდა: ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე. გარდა ამისა, დადგენილია გადამყვანები – პირები, რომლებიც ამ ავტობუსის მოძრაობას უწევდნენ ორგანიზებას. ფეესბეს ოპერატიული თანამშრომლების მიერ მოხერხდა ეჭვმიტანილების დადგენა მათ შორის, ვისაც შეეძლო ტერაქტი მოემზადებინა, და იმ ადამიანებისა, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებენ.“–ხაზი გაუსვა ბასტირკინმა.

  • გერმანიაში ეჭვი აქვთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მათ რკინიგზაზე საბოტაჟი მოაწყვეს

    გერმანელი სამართალდამცავები ეჭვობენ, რომ გერმანიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე შეტევის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Tagesspiegel საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

    პარალელურ ვერსიად განიხილება მემარცხენე ექსტრემისტების ბრალეულობა, რომლებმაც წარსულში ერთხელ უკვე გადაჭრეს გერმანიის რკინიგზის კაბელები. გაზეთი აზუსტებს, რომ რუსულ კვალთან დაკავშირებული ვერსია შესაძლოა რეალური იყოს, რადგან კრემლს უნდა ევროპაში პანიკა დათესოს.

    გერმანიის რკინიგზის გაჩერებასთან რუსეთის შესაძლო კავშირზე საუბრობენ ექსპერტები.

    “ეს არ იყო არაპროფესიონალების გაკეთებული. ეს პროფესიონალურად გაკეთდა. იმის ალბათობა, რომ ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩარეული, ძალიან მაღალია, თუმცა მკაფიო მტკიცებულებები არ არსებობს.  ეს ჯერ მხოლოდ თეორიაა“– თქვა უსაფრთხოების ექსპერტმა პიტერ ნოიმანმა RTL-ის ეთერში.

    შაბათს უცნობმა პირებმა ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელები გადაჭრეს, რამაც გერმანიის რამდენიმე რეგიონში ერთდროულად გამოიწვია რკინიგზის გაჩერება. კაბელები დილის 6:40 საათზე გადაჭრეს, ერთდროულად ორ ადგილზე – ბერლინსა და ჰერნში(ქალაქი ქვეყნის დასავლეთში)– წერს Tagesspiegel.

    გერმანული რკინიგზის ოპერატორმა, Deutsche Bahn–მა განაცხადა, რომ ბოროტმოქმედების ქმედებები წინასწარ განზრახული იყო, სიტუაციას კი საბოტაჟი უწოდა. მიზანმიმართული აქტი უწოდეს მომხდარს გერმანიის შს და ტრანსპორტის მინისტრებმა.

    ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა ევროკავშირის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ.

  • რუსეთმა წუხელ ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლები დაბომბა

    უკრაინის ხელისუფლება აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც კარგად ჩანს ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად დანგრეული შენობები. მაშველები ნანგრევებში ადამიანებს კვლავ ეძებენ. ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის ინფორმაციით წუხანდელი სარაკეტო დარტყმების შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ვრცელდებოდა ინორმაცია 17 დაღუპულის შესახებ. ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით დაშავდა კიდევ 49 ადამიანი. მათ შორის 6 ბავშვია.

    “წუხელ მტერმა ტაქტიური ავიაცია გამოიყენა საოლქო ცენტრზე სარაკეტო დარტყმისთვის. წინასწარი ინორმაციით ზაპოროჟიეს 12 რაკეტა ესროლეს. რაკეტების უმრავლესობა საცხოვრებელ მრავალსართულიან და კერძო სახლებს მოხვდა ზაპოროჟიეს ერთ–ერთ რაიონში. ნაწილობრივ დანგრეულია 9 სართულიანი სახლი. დანგრეულია 5 კერძო სახლი. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაზიადა 20 ავტომობილი“– წერს სტარუხი.

  • “დივერსიის შედევრი“–ექსპერტები ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზებაზე და შესაძლო შედეგებზე

    ქერჩის სრუტეში, რუსეთის ტერიტორიის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო ვერსია და დადასტურებული ინფორმაცია. რამ გამოიწვია აფეთქება – სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი ნივთიერებით თუ რაიმე ტიპის შეტევამ ხიდზე – წყლიდან ან ჰაერიდან. ექსპერტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე მსჯელობენ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ეს აფეთქება მომხდარიყო და რა შედეგებს გამოიწვევს ის.

    ჯერჯერობით უკრაინას აფეთქებასთან მისი კავშირის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა მინიშნებები და იუმორი ამ თემაზე უკვე იყო.  არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რუსებმა ეს აფეთქება თვითონ დაგეგმეს, საუბრობენ შიდა დაპირისპირებაზე სამხედროებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ძალოვანები კრემლის კონტროლიდან გავიდნენ.

    ასეა თუ ისე, გთავაზობთ ექსპერტების მოსახრებებს, რომლებიც ამ დროისთვის უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება.

    ბრიტანეთის არმიის ყოფილი ექპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში, რომლის ვინაობა არ სახელდება,  ბიბისისთან საუბარში ქერჩის ხიდის აფეთქებას “ფარული დივერსიის შედევრს უწოდებს“.  მისი აზრით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებების აშკარა კვალის არარსებობა გზის საფარზე იმაზე მეტყველებს, რომ საავიაციო იარაღი არ იქნა გამოყენებული.

    ექსპერტის აზრით, აფეთქების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო შეტევა ხიდის ქვევიდან. ის ვარაუდობს, რომ აფეთქებები საავტომობილო ხიდზე და სარკინიზო გზებზე თითქმის ერთდროულად იყო ინიცირებული კოდირებული რადიობრძანების საშუალებით.

    ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი ტვიტერზე წერს, რომ ხიდის ასეთი ჩამონგრევისთვის ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერებაა აუცილებელი და მის ადგილზე მიტანას რამდენიმე ადამიანი ერთადაც ვერ შეძლებდა. ამისათვის საჭირო იქნებოდა აფეთქების კარგად გააზრებული გეგმა, რადგან რკინაბეტონის ხიდები ყველაზე მდგრადია.

    “რამდენიმე სატვირთო ან რაკეტა/ბომბი შეძლებდნენ ამ მიზნის მიღწევას, თუ მათ ზუსტად მიმართავდნენ ხიდის საჭირო მონაკვეთებზე“–თვლის რაიანი.

    მომხდარის რუსული ოფიციალური ვერსიით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა და ამან მატარებლის 7 საწვავის ცისტერნის აფეთქება  და ორი საავტომობილო სექციის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.

    თუმცა, ხიდზე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, უსაფრთხოების ძალიან მკაცრი სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე შედის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე მოწმდება. შესასვლელებში განთავსებულია სტაციონარული საინსპექციო– დათვალიერების რადიოტექნიკური კომპლექსები, რომლებიც მანქანებს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობაზე ამოწმებს. შემოწმებას უშუალოდ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უწყებრივი დაცვის სამმართველო ატარებს და მას სახელმწიფო კონტრაქტი აქვს ხიდის დაცვაზე, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი რუბლია წელიწადში.

    თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე უწყება იცავდა ტაგანროგის აეროდრომს,სადაც სარემონტოდ იდგა რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე საიდუმლო სამხედრო თვითმფრინავი, ილ–80,რომელიც ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში არმიის მეთაურობისთვის არის განკუთვნილი. მას განკითხვის დღის თვითმფრინავსაც უწოდებენ. 2020 წლის დეკემბერში გაირკვა, რომ ვიღაცამ თვითმფრინავში შეაღწია და 2.5 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების საიდუმლო აღჭურვილობა მოიპარა. ქურდობაში დამნაშავე ტაგანროგელი უმუშევარი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ, რომლებიც დააპატიმრეს და გაასამართლეს.

    “სატვირთო მანქანის ვერსია ლოგიკურია იმით, რომ პასუხს სცემს  დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ადგილზე მიტანის საკითხს“–ამბობს ბიბისისთან საუბრისას ებრაელი სამხედრო ექსპერტი დევიდ გენდელმანი.

    რამდენად მნიშვნელოვანია ყირიმის ხიდი ხერსონის და ზაპოროჟიეს ფრონტებისთვის

    სამხედრო გადაადგილებები ყირიმის ხიდზე 2018 წლიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როცა ხიდის საავტომობილო ნაწილი გაიხსნა. 2019 წელს კი  მისი სარკინიგზო ნაწილი გაიხსნა. 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ თვითმხილველები ხიდის გავლით ყირიმში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის გადასროლას აფიქსირებდნენ.

    ყირიმის ხიდი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ჯაჭვია, თუმცა არა ერთადერთი. ხიდის გარდა ყირიმში  და ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაპყრობილ ტერიტორიებზე სამხედრო დაჯგუფებების მომარაგება კიდევ მინიმუმ სამი გზით ხდება.

    რა თქმა უნდა,ყირიმის ხიდს ბევრი უპირატესობა აქვს სამხედრო მომარაგების სხვა მარშრუტებთან შედარებით. პირველ რიგში ეს სამხედრო ლოჯისტიკის თავისებურებებთან არის დაკავშირებული, რომელიც რუსეთს მემკვიდრეობად ერგო საბჭოთა კავშირისგან, კერძოდ, იმასთან, რომ ჯარის მომარაგებაში უდიდესი როლი აქვს სარკინიგზო მარშრუტებს. განსხვავებით მსოფლიოს სხვა არმიებისაგან, რუსეთში სპეციალური სახეობის ჯარიც კი არსებობს– სარკინიგზო ჯარები.

    საავტომობილოსთან შედარებით სარკინიგზო ტრანსპორტი საშუალებას იძლევა ფრონტზე დიდი რაოდენობით ტვირთი სწრაფად გადაიზიდოს. ყირიმის სარკინიგზო მომარაგების შემთხვევაში, ისინი ძირითადად ჯანკოიზე მოდის– სატრანსპორტო კვანძზე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, საიდანაც ტვირთები ხერსონის, კრივოი  როგის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოქმედი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მოსამარაგებლად იგზავნება.

    რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობები იმდენად დიდია, რომ მუდმივი ნაკადი საჭირო აღარ არის. ყირიმში სამხედრო ეშელონების გადასროლა კრასნოდარის მხარიდან რეგულარულად ფიქსირდება, თუმცა არა ყოველდღიურად.

    აგვისტოს ბოლოდან, როცა უკრაინის არმიის ხერსონის მიმართულებით შეტევის პერსპექტივა გამოჩნდა, რუსული სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა ყირიმის ხიდით გააქტიურდა. 26–27 აგვისტოს ხიდზე მსხვილმა სამხედრო ეშელონებმა გაიარეს, კიდევ ერთი ასეთ ეშელონი ყირიმში 1 სექტემბერს ჩავიდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყირიმის ხიდის სამხედრო დანიშნულების გაზვიადება არ ღირს უკრაინის სამხრეთის ფრონტზე შექმნილ სიტუაციაში. საქმე იმდენად ხიდისთვის მიყენებულ ზიანში და მისი აღდენის შესაძლო ვადებში არ არის.

    რუსული არმიის პრობლემები უკრაინის სამხრეთით ბოთლის ყელის ეფექტის პრობლემას უკავშირდება. მათი რეზერვები, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების მარაგები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ყირიმს უკავშირდება, დიდია, თუმცა მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონში და ბერისლავის რაიონში არსებული დაჯგუფებების მომარაგება ნელი ტემპებით ხდება–საბორნე გადასასვლელებით და ვერტმფრენებით. ხიდები მდინარე დნეპრზე და ინგულეცზე უკრაინულმა არტილერიამ დაანგრია და მათი აღდგენა ვერ ხერხდება. უკრაინული ძალები კი სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. ამის მიუხედავად, რუსეთი ძალიან მგრძნობიარედ ეკიდებოდა ყირიმის ხიდის უსაფრთხოებას. მას იცავდნენ ხმელეთიდან და ზღვიდან. ხიდი სავსეა სხვადასხვა სპეციალური საინჟინრო ნაგებობებით, ვიდეოკამერებით, რადიოტექნიკური საშუალებებით, ჰიდროაკუსტიკური სისტემებით და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ხიდზე მუდმივად მორიგეობენ სპეცსამსახურები და შავი ზღვის ფლოტის სპეციალური ნაწილები, მათ შორის წყალქვეშ.

    თუმცა, როგორც გაირკვა, დაცვის ეს მრავალშრიანი სისტემა უნაკლო არ აღმოჩნდა. თუმცა, თავად რუსული კონტრტერორისტული სამსახურის ვერსიას თუ დავუჯერებთ, დარტყმა იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან.

    როგორც გენდელმანი აღნიშნავს, დიდხანს განიხილებოდა, რომ უკრაინას არ აქვს რაკეტები ან საჰაერო თავდასხმის ისეთი საშუალებები,რომ დარტყმას რეალური ეფექტი ქონოდა და არა მხოლოდ  პროპაგანდისტული. ასევე, ხიდის თავზე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და როგორც გენდელმანი ამბობს, როგორც ჩანს “უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ამდენი რაოდენობის ასაფეთქებელი ნვთიერება ხიდზე ვერ მიფრინდება, ის იქ სახმელეთო გზით უნდა მივიდეს.“

    თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ რჩება შეკითხვა აფეთქებულ მატარებელთან კოორდინაციის შესახებ: ანუ, მატარებელი ცალკე ააფეთქეს, თუ ის სატვირთოს აფეთქების შედეგად დაზიანდა.

    ამის დადგენამდე კი ექსპერტი ამბობს, რომ მთლიანობაში ეს იყო კარგად კოორდინირებული ოპერაცია: მომზადება, მიწოდება, ორგანიზაცია, შემოწმების გავლა, და საჭირო მომენტში მოქმედება.

    სამხედრო  მიკ რაიანი ვარაუდობს, რომ ხიდზე შეტევა შეიძლება ყირიმის დაბრუნების გეგმის ნაწილი იყოს, ან მცდელობა, რუსი სამხედროების ყურადღება უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქეთ გადმოიტანონ. მისი აზრით, ხიდის აფეთქების მთავარი შედეგია–ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლა, როგორც სამხედროებისთვის, ისე სამოქალაქო პირებისთვის. ხიდის აფეთქებამ უკვე გამოიწვია პრობლემები, მაგალითად საწვავით მომარაგებაში.

    ყირიმის ხიდის აფეთქებამ რუსეთისთვის შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს უკრაინის სამხრეთი რეგიონების შენარჩუნება, მაგალითად მელიტოპოლის, რადგან სამხრეთის ოკუპაციის შედეგად რუსეთი ყირიმს უკვე  სახმელეთო გზითაც უკავშირდება.

    თუმცა, ხიდის აფეთქება მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ რუსეთს არ შეუძლია ბოლომდე აკონტროლოს არცერთი ანექსირებული რეგიონი. ახლა რუსები აქტიურად დატოვებენ ყირიმს, პუტინის და შეიარაღებული ძალების მიმართ უნდობლობა კი ქვეყნის შიგნით გაიზრდება – ამბობს რაიანი.

    რუს სამხედროებს ახლა სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ყირიმის ხიდი რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის მნიშვნელოვოანი შემადგენელია – პროგნოზირებს ლოურენს ფრიდმანი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების პროფესორი. “მაშინაც კი, როცა რუსეთს ჯარისკაცების შთამბეჭდავი ჯგუფი ყავს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან – კარგად შეიარაღებულები და მებრძოლები, ისინი ვერ შეძლებენ მათ მხარდაჭერას მომარაგების გარეშე“– ამბობს ფრიდმანი.

    ამასვე აცხადებს უკრაინის შს მინისტრის მოადგლე, ანტონ გერაშენკო. მისი თქმით, ხიდის აფეთქება იმას ნიშნავს, რომ რუსული არმიის მომარაგება უკრაინის სამხრეთით ძალიან გართულდება. “სამხედრო ტექნიკა, საწვავი, საბრძოლო მასალები ქერჩის ხიდით კიდევ დიდხანს ვერ გაივლის“– ამბობს ის.

    მთლიანობაში, ხიდის აფეთქების მიზანი ნათელია– რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ყირიმის გამოყენება უკრაინის სამხრეთით ომისთვის საყრდენ წერტილად– თვლიან ექსპერტები. თუმცა, თანხმდებიან იმაზეც, რომ სუფთა სამხედრო კონტექსტთან ერთად, ყირიმის ხიდის აფეთქებას მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ეფექტიც ქონდა. ანუ რუსეთის მმართველის რეპუტაციას დაარტყა, შესაბამისად, ახლო მომავალში ექსპერტები ურაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერებას ელიან, რაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იქნება მათი საკრალური მნიშვნელობის ობიექტზე შეტევის გამო.

  • მოსკოვში სამხედროების დაპატიმრებები დაიწყო–უკრაინის დაზვერვა

    მოსკოვში სამხედროების დაპატიმრებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით რუსეთის დედაქალაქში დაწყებულია “ზომების კომპლექსი“ სამხედროების წინააღმდეგ. მოძრაობა ცენტრში გადაკეტილია.

    ქალაქში შევიდნენ როსგვარდიის ოპერატიული დანიშნულების ძერჟინსკის სახელობის ელიტარული დივიზიის ქვედანაყოფები. ისინი ქალაქის ცენტრში პოლიციის ქვედანაყოფებთან ერთად გადაადგილდებიან.

    ცნობილია სამხედროების მრავალრიცხოვანი დაპატიმრებების, დაკავებების და დაბლოკვების შესახებ.

    მოსკოვის მთელ პერიმეტრზე ყველა სამხედრო ქვედანაყოფი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

  • ყირიმის ხიდის აფეთქება: კრემლის პირველი რეაქცია

    ამ დროისთვის მოძრაობა ყირიმის ხიდზე მთლიანად ჩაკეტილია. მზადდება საბორნე გადასასვლელი ქერჩის სრუტე. ამის შესახებ ყირიმის ხელისუფლება აცხადებს. მინიმუმ ერთი საგზაო ზოლის ორი სექცია დანგრეულია.

    რუსეთის ანტიტერორიტული ნაციონალური კომიტეტი აცხადებს, რომ მოხდა დივერსია – ხიდზე სატვირთო ავტომობილის აფეთქება, რის შედეგადაც რკინიგზის შემადგენლობის საწვავით სავსე 7 ცისტერნას ცეცხლი გაუჩნდა. ხიდის ორი საავტომობილო მონაკვეთი ჩამონგრეულია.

    ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ხიდის დაზიანების ხარიხი მოგვიანებით შეფასდება, რაც ცეცხლი ბოლომდე ჩაქრება და მონაკვეთი გაიწმინდება.

    თვითმხილველების თქმით, აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლების კედლები ზანზარებდა.

    პუტინის პრეს მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს ყირმის ხიდზე მომხდარი “ხანძრის“ გამოძიება დაავალა. პუტინმა მომხდარის შესახებ ანგარიში ჩაიბარა პრემიერ–მინისტრისა და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისგან და მათ “სამთავრობო კომისიის შექმნა დაავალა მომხადრის მიზეზების გასარკვევად და შედეგების სალიკვიდაციოთ“– ამბობს დიმიტრი პესკოვი.

    “ყირიმის რკინიგზა“ დილით აცხადებდა, რომ ქერჩის ხიდზე ხანძარი ცისტერნის აალების შედეგად დაიწყო.

    “06:05 საათზე სატვირთო მატარებლის კუდში საწვავის ცისტერნების აალება მოხდა. მიმდინარეობს საავარიო სამუშაოები. მომხდარის მიზეზები დგინდება“– გაავრცელა განცხადება ყირიმის რკინიგზამ აფეთქებიდან მალევე.

    ამასთან, თვითმხილველების მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა კადრებზე ჩანს, რომ სარკინიგზო მონაკვეთზე ხანძრის გარდა, დაინგრა გზის ზედაპირი.

  • ილონ მასკმა უპასუხა ბრალდებებს, რომ Starlink–ის ინტერნეტის გამოყენებისას უკრაინელ სამხედროებს პრობლემები აქვთ

    SpaceX–ის მფლობელმა, ილონ მასკმა პასუხი გასცა Financial Times–ის სტატიას, რომელშიც საუბარი იყო Starlink-ის ტერმინალების მუშაობის შეფერეხებებზე, რომლებსაც უკრაინული არმია იყენებს.

    გამოცემის მასალაში მოყვანილი იყო უკრაინელი სამხედროების გამონათქვამები, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინის სამხრეთ–აღმოსავლეთში კონტრშეტევისას მათ ტერმინალების მუშაობისას პრობლემები შეექმნათ.

    მასალაში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ Starlink–ის ათასობით ტერმინალი აშშ–ს ხელისუფლებამ და დონორებმა შეიძინეს უკრაინის არმიის დასახმარებლად, რათა მათ უპილოტო აპარატების მართვა, მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის მიღება და ერთმანეთთან კომუნიკაცია შეძლებოდათ იმ რაიონებში, სადაც სხვა უსაფრთხო ქსელები არ არსებობს. მასკმა ყურადღება სწორედ ამ ასპექტზე გაამახვილა:

    “ცუდი რეპორტაჟი იყო. ამ სტატიაში მცდარი მტკიცებებია, თითქოს Starlink–ის  ტერმინალები და მომსახურება ანაზღაურებული იყო, არადა მხოლოდ მცირე პროცენტი აანაზღაურეს. ეს ოპერაცია  SpaceX–ს 80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლოსთვის თანხა 100 მილიონს გადააჭარბებს. რაც შეეხება იმას,რაც ბრძოლის ველზე ხდება, ეს საიდუმლოა.“

    რა პრეტენზიები არსებობს Starlink–ის  ტერმინალების მიმართ

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყურადღება მიაქციეს ერთ კანონზომიერებას: კავშირის პრობლემები მას შემდეგ ჩნდება, რაც უკრაინელი სამხედროები ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან ათავისუფლებენ და ფრონტის ხაზს გადადიან. ვარაუდობენ, რომ Starlink–ის   წარმომადგენლები ტერმინალებს თიშავენ, რომ მათი ტექნოლოგიების რუსების მიერ გამოყენება აღკვეთონ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში ილონ მასკი უკრაინასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ტვიტერზე რამდენიმე სტატუსი მიუძღვნა უკრაინა–რუსეთის ომს.

  • მამა წევს და ვერ დგება, ძალიან მოკლე მანძილის გასავლელადაც კი სჭირდება სასიარულო ხელსაწყო–ნიკოლოზ სააკაშვილი

    რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს და ტახტზე ჩამომჯდარი მაინც დავინახო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა “ვივამედის” კლინიკაში მისი მონახულების შემდეგ განაცხადა.

    ნიკოლოზ სააკაშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად მოკლე მანძილის დაფარვაც ურთულდება და მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გადაადგილდება.

    “აქამდე რომ ვნახულობდი მამას, ყოველთვის შეეძლო მოკლე მანძილით სიარული. ახლა ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, რომ წევს და ვერ დგება. ძალიან მოკლე, 2 მეტრი მანძილის გასავლელად სჭირდება სასიარულო ხელსაწყო. რაც ახლა ხდება, მართლაც ძალიან სანერვიულოა. გამიხარდება, რომ მასთან ექსპერტი მაინც შეუშვან, რაიმე პროგრესი იყოს

  • ორ კვირაში უკრაინამ 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

    უკრაინუილ გენშტაბის განცხადებით 21 სექტემბრიდან უკრაინულმა არმიამ ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთში და ხერსონისი ოლქში 122 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.

    უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ალექსეი გრომოვმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ 21 სექტემბრიდან კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის და დონეცის ოლქებში 93 დასახლებული პუნქტი, ხოლო ხერსონის ოლქში 29 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

    ხერსონის ოლქში უკრაინელების კონტრშეტევა 3-4 ოქტომბრის სწრაფი წინსვლის შემდეგ შეჩერდა, რაც გენერალმა გრომოვმა გარკვეულწლილად აღიარა:

    “ხერსონის მიმარათულებით მოწინააღმდეგე რეზერვების ხარჯზე ცდილობს კონტრშეტევაზე წამოიწყოს, რათა ჩვენი ჯარების შეტევა შეაკავოს და დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს“– თქვა გრომოვმა.

  • ზელენსკი თვლის, რომ ნატომ რუსეთზე პრევენტული დარტყმა უნდა მიიტანოს. რას პასუხობს რუსეთი

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს ლოუის ინსტიტუტში ონლაინ შეხვედრა გამართა ავსტრალიის ჩინოვნიკებთან, ექსპერტებთან და მეცნიერებთან, რომლებიც გეოპოლიტიკასა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე არიან სპეციალიზებული.

    სიტყვით გამოსვლის დროს ზელენსკიმ ილაპარაკა იმაზე, როგორ მიმართავს რუსეთი ბირთვულ შანტაჟს და რა უნდა გააკეთოს ნატომ, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება შეუძლებელი გახადოს.

    “ისევე, როგორც 24 თებერვლამდე – პრევენტული დარტყმები. უნდა იცოდნენ, რა დაემართებათ, თუ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ და არა პირიქით: ველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს და შემდეგ ვთქვათ: “აა, ასე იქცევი? მაშინ მიიღე ჩვენგან“. უნდა გადაიხედოს ზეწოლის გამოყენების ფორმები – აი, ჩემი აზრით რა უნდა გააეთოს ნატომ.“–თქვა ზელენსიმ.

    როგორ მიიღეს მისი განცხადებები რუსეთში

    ზელენსის ამ განცხადებაზე ოპერატიული რეაგირება ქონდა კრემლს. პუტინის პრეს მდივანმა, პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკის გამოთქმები “სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო ომისკენ მოწოდება არაპროგნოზირებადი და შემზარავი შედეგებით“.

    “აშშ–მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ზელენსკის განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენტულ დარტყმებზე. აშშ და დიდი ბრიტანეთი დე ფაქტო ხელმძღვანელობენ კიევის საქმიანობას, ამიტომაც მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ზელენსკის განცხადებებზე“–თქვა პესკოვმა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ასევე გააკეთა კომენტარი ზელენსკის განცხადებაზე.

    “დასავლეთი ბირთვული ომის გაჩაღებით არის დაავებული. ზელენსკი მონსტრად გადაიქცა, რომლის ხელითაც შეუძლიათ პლანეტა გაანადგურონ“–თქვა ზახაროვამ.

    კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია ზელენსკის განცხადებები რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს:

    “ზელენსკიმ განაცხადა პრევენტული ბირთვული დარტყმების აუცილებლობაზე რუსეთის წინააღმდეგ. ამ იდიოტს ზრდილობიანმა ფსიქიატრებმა თავის ქალის პრევენტული ტრეპანაცია უნდა გაუკეთონ, სანამ დიდი უბედურება არ დაატრიალა“–თქვა მედვედევმა.

    უკრაინის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტის სიტყვები არასწორად გაიგეს.

    “კოლეგებო, ძალიან შორს წახვედით ამ ბირთვულ ისტერიაში და ახლა ბირთვულ დარტყმებს ხედავთ იქ, სადაც ისინი არ არის. პრეზიდენტი საუბრობდა 24 თებერვლამდე პერიოდზე. მაშინ უნდა გამოყენებულიყო პრევენტული ზომები, რომ რუსეთს ომის გაჩაღების უფლება არ ჰქონოდა. შეგახსენებთ, რომ ერთადერთი ზომა, რომელზეც მაშინ იყო საუბარი, პრევენტული სანქციებია. მსოფლიოს დაშანტაჟების უფლებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურით და ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებით საკუთარ თავს მხოლოდ ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი აძლევს. უკრაინისგან ასეთ მოწოდებებს ვერასოდეს გაიგონებთ.“–თქვა მან.