Category: არქივი

  • ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთ პირს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

    {{ARTICLEIMAGE}}
    პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

    “თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მდმა”-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ “ბასსიანში” 2 აბი 240 ლარის საფასურად, 3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი 240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.

    სამართალდამცველებმა ჯ.ე. 2018 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა”,წერია პროკურატურის ინფორმაციაში.

  • საპარლამენტო უმრავლესობა მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე შეთანხმდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    მმართველმა გუნდმა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებზე შეჯერება შეძლო. როგორც საპარლამნეტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატურაზე ინდივიდუალური კენჭისყრა გაიმართება და პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე სათითაოდ იმ კანდიდატებზე იმსჯელებს, ვინც ახალი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევა. სამუშაო ჯგუფში კი, რომელმაც სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა შიმუშავოს, დაინტერესებული მხარეები იქნებიან ჩართული და შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებასაც ექნება. შეხვედრით ნაწილობრივ კმაყოფილია ეკა ბესელია, მისი თქმით, მოსაზრებების გაცვლის პროცესში ბევრ საკითხზე გუნდში მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა მაგრამ დარჩა პრინციპული საკითხები, რაზეც მომავალშიც გაგრძელდება მსჯელობა. “ქართული ცონების” ოფსიში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლეოსბის წევრებთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი დღეს ხანგრძლივი აღმოჩნდა და 7 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.


    “შედეგიანი შეხვედრა იყო, გუნდი შეჯერდა ამოსავალ პრინციპებზე და უმრავლესობა მზად არის, სამუშაო ჯგუფის მონაწილე გახდეს ისე, რომ შეიმუშაოს ეფექტური რეგულაციები, სადაც კრიტერიუმებზე იქნება საუბარი. რაც შეეხება პრინციპებს, სამუშაო ჯგუფი იქნება საკმაოდ მონაწილეობითი, სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს შეთავაზება და მათ აქვთ სურვილი, რომ ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეთ. ასევე ვიმსჯელეთ, რომ ოპოზიციური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულნი და თქვენ ნახავთ მათ წარმომადგენლობას. სხვა პრინციპები კი ასეთია:იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც მოემსსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას და კეთილსინდისიერი მოსამართლეების დანიშვნას უზენაეს სასამართლოში”,განაცხადა თალაკვაძემ.

    სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა კვირას, 27 იანვარს გაიმართება. სხდომას ბესელია არ დაესწრება, რადგან ის მივლინებით კვლავ საზღვარგარეთ მიდის.


  • ეკონომიკური თავისუფლების კვლევაში საქართველოს პოზიციები გაუარესდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენმა” გამოაქვეყნა ახალი კვლევა “ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ინდექსი”, რომელშიც მსოფლიოს 186 ქვეყანა 12 სხვადასხვა კრიტერიუმით არის შეფასებული.

    “რეიტიგნი მოწმობს, რომ ყველაზე საუკეთესო ეკონომიკური შედეგები მიიღწევა რეფორმების ისეთი პოლიტიკით, რომელიც ზღუდავს მთავრობის მასშტაბებს და გზას უხსნის დიდ ეკონომიკურ დინამიზმს კერძო სექტორში”, ნათქვამია “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” ანგარიშის პრეამბულაში.

    ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს 75,9%-ით კვლავ მე-16 ადგილი უჭირავს. მაგრამ ქვეყნის საერთო ბალანსი შემცირდა 0,3%-ით “სასამართლოს სისტემის ეფექტურობის კლების” შედეგად.

    კონკრეტულად ამ კატეგორიაში 2019 წლის ინდექსით საქართველომ ყველაზე საგრძნობი კლება განიცადა, შარშანდელთან შედარებით 10%-ი და, ამ მაჩვენებლით, “მეტწილად არათავისუფალ” ქვეყნებს შორის აღმოჩნდა.

    საქართველომ ასევე ნაკლები ქულები დაიმსახურა “კეთილსინდისიერი მთავრობის” ინდექსის თანახმად. ამ კატეგორიაშიც მისი რეიტინგი “მეტწილად თავისუფალიდან” შეიცვალა “მეტწილად არათავისუფალით”.

    “ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად საქართველოში შარშანდელთან შედარებით ოდნავ გაუარესდა ვითარება კაპიტალის თავისუფლებისა და შრომის თავისუფლების მიხედვით. ეს მაჩვენებელი 76,6%-ის ნიშნულზეა შარშანდელ 77,3%-თან შედარებით.

    ამასთან, საქართველომ ოდნავ წინ წაიწია საკუთრების უფლებების, საგადასახადო ტვირთის და სამთავრობო ხარჯების რეიტინგში. ქვეყანას კვლავ სტაბილურად მაღალი რეიტინგი აქვს და “მეტწილად თავისუფალს” უახლოვდება ფინანსების, ბიზნესისა და ინვესტიციების თავისუფლების მხრივ.

    საბოლო ჯამში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველოს ევროპის რეგიონის 44 ქვეყანაში მე-8 ადგილზეა, რაც მსოფლიოსა და რეგიონში საშუალოზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

    ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით უსწრებს მხოლოდ ესტონეთი, რომელიც მე-15 ადგილზეა.

    ლიდერთა ათეული კი ასე გამოიყურება: ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ავსტრალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, არაბთა გაერთიანებული საამირო, ტაივანი და ისლანდია.

  • წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე დააკავეს

    წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანის სანაცვლოდ ქრთამის სახით 250 000 ლარი აიღო.

    “გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს”,წერია სუს-ის ინფორმაციაში.

  • ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს

    ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საქართველოში ჩამოასვენეს – პანაშვიდები წყნეთში, ფიროსმანის #6-ში გაიმართება.

    ლევან ჩხაიძეს 27 იანვარს, კვირას, საბურთლოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება ქაშვეთის ტაძრიდან მოხდება.

    “TVპირველის” გადაცემა  “დღის ამბების” წამყვანი, ლევან ჩხაიძე 21 იანვარს, ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ჟურნალისტი უგრეთის დედაქალაქში კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ლევან ჩხაიძე 33 წლის იყო.

    ლევან ჩხაიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა მედიასაშუალებებში: ტელეკომპანია “იმედი”, “მაესტრო”, “იბერია” და “რადიო მაესტრო”.

    solostudio.agency/ თარაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

  • საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო მედიასთან შეხვედრა გადადო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებს, ჟურნალისტთა კორპუსს და მთელ საქართველოს. აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო გადადო საქართველოს პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი პრესკონფერენცია, რომელიც ბრიუსელშო პრეზიდენტის პირველი ვიზიტის შედეგებს ეძღვნებოდა.

    “21-23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტისას უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები გამართა, როგორც ევროკავშირის, ასევე NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თუმცა, ჩვენი კოლეგის, ლევან ჩხაიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, მართებულად მივიჩნიეთ, აღნიშნულ თემაზე დაგეგმილი პრესკონფერენციის გადადება. პრესკონფერენცია ორშაბათს, 17:00 საათზე გაიმართება და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ,  მიიღონ პასუხი, ყველა მათთვის საინტერესო, კითხვაზე”, აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

  • არჩილ თალაკვაძე: “ქართული ოცნება“ 2020-მდე შეინარჩუმებს მყარ უმრავლესობას და არჩვნებზეც გამოვალთ მყარი პოზიციებით

    “ქართული ოცნების” ოფისში მეორე დღეა, უმრავლესობის შეხვედრა იმართება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განწყობები გაზვიადებული იყო და გუნდის დაშლა არ მოხდება.

  • NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

    {{ARTICLEIMAGE}}
    28 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, გარემოს დაცვასთან, საგარეო პოლიტიკასთან, განათლებასთან, კრიმინალთან და მედიასთან დაკავშირებული მიგნებები. 

    კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაციას ორგანიზაცია 30 იანვარს გამართავს.

  • ნიკა გვარამია: მუქარებიც იყო, უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება

    “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლის მიმართულებით სროლის ფაქტს ჟურნალისტის მიერ მომზადებულ სკანდალურ სიუჟეტს უკავშირებს. “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორს ამ ვარაუდის საფუძველს ჟურნალისტის მიმართ წარმოებული მუქარები აძლევს.

    “ჩვენ გავერკვევით დეტალებში. პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ მუქარებიც იყო, ეს არის სრული კატასტროფა. ეს არის შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის გამო. მივმართავ საქართველოს პროკურატურასაც და შს მინისტრსაც, ჯერ ერთი, სასწრაფოდ გამოიძიონ ეს საქმე და მეორე, ასეთია მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5 ათას ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ორგანიზებას უკვე ჟურნალისტებზე თავდასხმისა. მე წინასწარ ვერავის დავადანაშაულებ, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით. უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება, ყველა სამართალდამცავ ორგანოს მოვუწოდებ, იყოს ადეკვატური, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადავა მთლიანად მათი პასუხისმგებლობის სფეროში,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • რუმინეთში ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა

     

    24-25 იანვარს რუმინეთში ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართული კულტურის დღეები გაიმართა სადაც ქართველი პოეტის ბესიკ გაბაშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში პირველად იყო წარმოდგენილი რუმინულ ენაზე ნათარგმნი ბესიკ გაბაშვილის ლექსების კრებულის მეორე გამოცემაც.  ასევე გაიმართა ფოტო  გამოფენა  ბესიკის ეპოქის რუმინეთისა და საქართველოს ამსახველი სურათებით და ასევე თბილისისა და ქუთაისის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი გამოფენა  ” თბილისი,ქუთაისი – კულტურა გვაახლოვებს”.
     

     

    ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებდა, რადგან პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ რუმინეთში ქალაქ იაშში გაატარა.

     

     

     

    ღონისძიებაზე გაფორმდა შეთანხმება ქალაქ იაშისა და ქალაქ ქუთაისის დამეგობრების შესახებ, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას განათლების კულტურის სპორტის ჯანდაცვის ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.