Category: არქივი

  • ვახუშტის ხიდი ნაწილობრივ ჩაიკეტა

    27 იანვარს, 09:00 საათიდან თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება.

    საპატრულო პოლიციის ინფორმაციით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად – ვახუშტის ხიდიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით.

    სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს (წერეთლის გამზირი) მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯვენა სანაპიროსა და გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის გავლით.

    ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის გეგმის შესახებ თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ათი დღის წინ განაცხადა.

    “პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ახალი კონსტრუქციის, სავალი ნაწილის, სადეფორმაციო ნაკერების, რკინა-ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, ასევე, გარე განათების ქსელის, ხიდთან მისასვლელი სანიაღვრე ჭების, დაზიანებული კედლების რეაბილიტაცია და სანაპირო ბურჯების დანაგვიანებული შიდა სივრცის დასუფთავება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    ხიდის რეაბილიტაცია იმ კვლევის მიხედვით გადაწყდა, რომელიც 2015 წელს ჩატარდა თბილისის ხიდების მდგომარეობის დასადგენად. კახა კალძის განცხადებით ვახუშტის ხიდის მდგომარეობა არასახარბიელოა.სარეაბილიტაციო სამუშაოები ხუთი თვის მანძილზე გაგრძელდება.

  • მილტონ ჰეიგმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

    {{ARTICLEIMAGE}}როგორც მოგეხსენებათ, 9 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს რუმინეთთან ჩაატარებს. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2019 წლის პირველი ორი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გუნდში როგორც გამოცდილი, ისე ახალგაზრდა მოთამაშეები არიან. 

    ბორჯღალოსნები რუმინელებს 9 თებერვალს კლუჟში, საქართველოს დროით 16 საათზე დაუპირისპირდებიან. ხოლო მეორე მატჩს ესპანეთის წინააღმდეგ 17 თებერვალს 18 საათზე ავჭალაზე ჩაატარებენ.

    ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამბობს, რომ დებიუტანტების გამოცდა სურს, აინტერესებს რა სარგებელს მოუტანენ ისინი ნაკრებს.

    წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას:

    პირველი ხაზი

    პირველ ხაზში ორი გამოცდილი მორაგბეა – კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ლევან ჩილაჩავა, დანარჩენებს კი ბორჯღალოსნების კვართით 10 და ნაკლები თამაში ჩაუტარებიათ.

    მეორე ხაზი

    მეორე ხაზში ბრუნდება გიორგი ნემსაძე, რომელსაც ნოემბერში თიბისის სერიები ტრავმების გამო გაუცდა და რომელიც თებერვლის მატჩებისთვის გამოძახებულ რაზმში ყველაზე ასაკოვანია (34 წლის). გამოძახებულთა შორისაა ნოდარ ჭეიშვილი, რომელმაც 2018 წელს ერთის გარდა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

    მესამე ხაზი

    მესამე ხაზში ორი დებიუტანტის გარდა ბექა გორგაძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე გამოცდილი გიორგი თხილაიშვილი ითამაშებენ.

    ბურჯ თორნიკე მატარაძეს ნაკრების კვართით შარშანდელი რაგბი ევროპის პირველი მატჩის შემდეგ, აღარ უთამაშია. ნაკრებს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ უბრუნდება ხაზის ორი მოთამაშე – გიორგი აფციაურმა ბოლოს 2016 წლის ნოემბერში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა, ხოლო მირიან მოდებაძე ქვეყნის მთავარ გუნდში სამივე კეპი 2017 წლის ნოემბერში მოაგროვა და მას შემდეგ ტრავმას მკურნალობდა.

    ყველაზე გამოცდილი ამ ნაკრებში ლაშა მალაღურაძე, რომელსაც 88 მატჩი აქვს ჩატარებული. ნაკრებს უბრუნდება სოსო მათიაშვილი, რომელმაც იტალიასთან ტრავმა მიიღო. შეკრებაზე მყოფთაგან ყველაზე ახალგაზრდა თედო აბჟანდაძეა, რომელსაც დებიუტი ნოემბერში, სამოასთან ჰქონდა, ტონგას წინააღმდეგაც ითამაშა და ჯამში 22 ქულა მოაგროვა.

  • ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

    ვენესუელაში მიმდინარე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. აქამდე გავრცელებული მონაცემებით საუბარი იყო 364 დაკავებულზე. ვენესუელაში ქვეყნის მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა ანტისამთავრობო აქციები იმართება. 23 იანვარს ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ. ვენესუელის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის ყოფილ მმართველთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ამ წინადადებით ხუან გუაიდოს თავად ნიკოლას მადურომ მიმართა, თუმცა უარი მიიღო. გუაიდო ამბობს, რომ ის ყალბ დიალოგს არ დასთანხმდება.
  • საქართველოს საელჩო ისრაელში- ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საელჩო ისრაელში- ისრაელის საზღვრის კვეთისას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებით აფრთხილებს და წერს რომ პროცედურებს შორის ერთ-ერთი-მესაზღვრესთან გასაუბრებაა, რაც ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს. საელჩო თხოვნით მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმ მიზეზების ჩამონათვალს, რომელთა საფუძველზე მათ შესაძლოა, უარი უთხრან ქვეყნაში შემოსვლაზე.