Category: არქივი

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 8 მარტს 40 ქალს მიქსერს გადასცემს საჩუქრად. ინფორმაციას “გურიანიუსი”ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 460 ლარი გამოყო.

    დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს დასაჯილდოებელ 40 ქალბატონს უნდა გადაეცეს ფასიანი საჩუქრები: სამზარეულო ტექნიკა _ მიქსერი სადგამითა და მეტალის ქვაბით (ქვაბის ზომა არანაკლებ 2 ლიტრისა). 

    “ვცდილობთ, რომ საჩუქარი იყოს საოჯახო ტექნიკა და ამ საჩუქრით, რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა მიიღოს სარგებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საჩუქარი ოჯახისთვის“, _აცხადებს “გურიანიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე.

  • დიდი ბრიტანეთი რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

    გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, – ამის შესახებსაქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

    „კიბერშეტევები ნაწილია იმ მტრული და დესტაბილიზაციის გამომწვევი გრძელვადიანი კამპანიისა, რომელსაც რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს. გაერთიანებული სამეფო მიიჩნევს, რომ   ეს კიბერშეტევები არის მცდელობა შეარყიოს საქართველოს სუვერენიტეტი, დათესოს გაურკვევლობა და ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ყოვედლღიურ ცხოვრებას. გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ საქართველოში, 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა.

  • კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმებით გრძელდება

    კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 21 თებერვლიდან რიჩარდ ლინკლეიტერის ტრილოგიით განახლდება.

    აფიშა:

    · 21 თებერვალი – „მზის ამოსვლამდე“

    · 22 თებერვალი – „მზის ჩასვლამდე“

    · 23 თებერვალი – „შუაღამემდე“

    კინოთეატრ „ამირანისა“ და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენის, მარტინ სკორსეზეს, სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.

    ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

    კინოსეანსები 200:00 საათზე დაიწყება და ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

    თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

  • რას წერდა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს

    ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ 2011 წლის 7 ოქტომბერს განაცხადა, რის შემდეგაც, 11 ოქტომბერს, ღია წერილი გამოაქვეყნა. განცხადებაში ის ვანო მერაბიშვილს მიმართავდა. 

    ივანიშვილის განცხადებიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

    „მინდა მივმართო მერაბიშვილს, რომელსაც ვიცნობ, როგორც კარგ მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს და ბევრი დადებითი თვისებების მქონე პიროვნებას.

    მერაბიშვილმა დიდი შრომის შედეგად მოახერხა და შექმნა გამართული სისტემა შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით. საპატრულო პოლიცია თუ სხვა ძალოვანი სტრუქტურული დანაყოფები რომლებსაც ის სადამსჯელო, ჯალათური ფუნქცია რომ მოვაშოროთ, შეიძლება საზოგადოებისთვის ძალზე სასარგებლო როლი ითამაშონ.

    მერაბიშვილი ხშირად მაოცებდა ხოლმე ეკონომიკის სფეროში საკმაოდ სერიოზული კომპეტენტურობით, თუმცა მეც ბევრჯერ გამიოცებია იგი ჩემი პროფესიიდან შორს მდგარი ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.
    საკმაოდ ბევრი ფაქტიდან მხოლოდ ერთს შევახსენებ ვანო მერაბიშვილს.

    გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

    ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

    ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

    მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

    სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: – ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

    – სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

    მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.

    ჩემო ვანო, ერთი ამბავიც მინდა გაგახსენო და ამით დავამთავრებ.

    ვარდების რევოლუციიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, სააკაშვილი სპეციალურად ჩამოფრინდა ბობოყვათში ჩემთან შესახვედრად (მე იმ დროს ურეკში ვიყავი) და მითხრა, მერაბიშვილი უნდა გავუშვაო.

    მე მაშინ ყველაფერი გავაკეთე, რომ სააკაშვილს შენი გაშვება გადაეფიქრებინა. მე ის დავარწმუნე, რომ შენ ბუნებით ერთგული კაცი ხარ, გონიერი ორგანიზატორი და წინდახედული მენეჯერი.
    სააკაშვილმა მაშინ დამიჯერა და არც უნანია, რაც უდაოდ შენი დამსახურებაა. მე მისთვის არასოდეს არ მიმიცია ცუდი რჩევა, არც მისთვის, არც შენთვის.

    ახლა კი კიდევ ერთი რჩევა მინდა მოგცე – ურჩიე სააკაშვილს, რომ დროზე გადადგეს!

    სააკაშვილი დაიღალა, გამოიფიტა და ქვეყანაც და საკუთარ თავსაც უფსკრულისკენ მიაქანებს, შენ და შენი მასწავლებელი ადეიშვილი კი მას დათვურ სამსახურს უწევთ და ძალაუფლებას უნარჩუნებთ.

    ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს და ასე, ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ერთ საბედისწერო დღეს შეიძლება დიდი კატასტროფით დამთავრდეს.

    ურჩიე სააკაშვილს, რომ გადადგეს! ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მას საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება მიეცეს.

    თუ სააკაშვილი შენს რჩევას ყურად არ იღებს, მაშინ შენ თვითონ გადადექი, რადგან შენთვისაც ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია და ამით შენ დარჩები საქართველოში საპატივცემულო და ღირსეულ ადამიანად.

    მანამდე კი ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ვანო!

    ვიცი, მთელი მთავრობა, მთელი სახელისუფლო გუნდი გაოგნებული ხართ თუ რატომ გაიგეთ ასე დაგვიანებით ინფორმაცია ჩემი პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ.

    საქმე ის არის, მე ვისარგებლე ჩემს ორგანიზაციაში თქვენს მიერ დავერბოვკებული თქვენი აგენტის უფასო „მომსახურებით“, რომელსაც პერიოდულად ვარწმუნებდი, რომ პოლიტიკაში არასოდეს არ მოვიდოდი, რომ ეს სფერო საერთოდ არ მაინტერესებდა და მალე საქართველოსაც დავტოვებდი. თქვენი აგენტიც იჯერებდა ჩემს ნათქვამს და მერე თქვენც გარწმუნებდათ, რომ ჩემი მხრიდან პოლიტიკაში მოსვლა გამორიცხულია. თქვენც მშვიდად და არხეინად ბრძანდებოდით, ამიტომაც იყო შოკის მომგვრელი და თავზარდამცემი ჩემი განცხადება თქვენთვის.

    თქვენ ეს ადამიანი ახლა კი არა, სამი წლის წინათ გადაიბირეთ, ანუ მაშინ, როცა ჩვენს შორის ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა იყო.

    ასეთები ხართ თქვენ. ასეთი ზნე გაქვთ – დანდობა და სიყვარული არ იცით!

    თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია.

    ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს.

    ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ.

    „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი…

    თქვენთვის ამის გაგება დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ გაფრთხილებთ, ყველა თქვენი მცდელობა ჩვენს გარშემო ჯაშუშური ქსელის ხლართვისა, ზუსტად ისეთი კრახით დამთავრდება, როგორც ეს დამთავრდა.

    2008 წლის წაგებული ომიდან ორი-სამი თვის შემდეგ შემდეგ, როცა ქვეყანას დიდი არეულობა და ქაოსი ემუქრებოდა, მე თვითონ გავუგზავნე წერილი მიხეილ სააკაშვილს და ვურჩიე გადამდგარიყო.
    ქართველი ხალხი სულგრძელი, მიმტევებელი ხალხია და გაპატიებს, რაც შეგეშალა. გადადგომა შენ საშუალებას მოგცემს არა მარტო გააგრძელო შენს ქვეყანაში ცხოვრება, არამედ გააგრძელო პოლიტიკური საქმიანობაც – ვწერდი სააკაშვილს.

    მიშა, შენ ის მიშა ხარ, ხელისუფლებაში რომ მოხვედი და აღმაშენებლის საფლავზე დაიფიცე, რითაც საქართველოს მიანიშნე, რომ აღმაშენებლობას აპირებდი, მაგრამ დრო გავიდა და აღმაშენებლის ნაცვლად ბრეჟნევს დაემსგავსე, ბრეჟნევის ეპოქას მიუახლოვდი.

    ამის დასტურია თუნდაც შენი ბოლო შეხვედრა თელაველებთან, სადაც დაქირავებული ტაშის დამკვრელები კახელების სახელით გიკრავდნენ ტაშს და – მიშა! მიშას! გაჰყვიროდნენ.

    შენ და შენი გუნდი ქართველი კაცისათვის წმინდათაწმინდას, ეკლესიასაც კი შეეხეთ და მხცოვანი პატრიარქი, ეს ბრძენი ადამიანი უკიდურესად მძიმე სიტუაციაში ჩააყენეთ.

    იმის ნაცვლად, რომ დახმარებოდით პატრიარქს, ეკლესიის შიგნით სულმოკლე ადამიანების ძებნა და მათი მოქრთამვა და მოსყიდვა დაიწყეთ.

    შეჩერდი, მიშა, შენ უფსკრულის პირას დგახარ და შეჩერდი!

    მე შენთვის არასოდეს მომიცია ჩემი პირადი ინტერესებით ნაკარნახევი რჩევა და ახლაც ჩემი კი არა შენი ინტერესებიდან გამომდინარე გეუბნები ამას – გადადექი!”-წერდა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

    ვანო მერაბიშვილმა დღეს საპატიმრო დატოვა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8265 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8265 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0157 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0515 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0186 ლარი შეადგინა.

  • გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა

    გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

    „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

    აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

    საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

    მომხდარი ხაზს უსვამს ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების განმტკიცებისკენ საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმართული ძალისხმევის მნიშვნელობას და ასევე კიდევ ერთხელ მოწმობს კიბერუსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორობის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

    თავის მხრივ, საქართველო, მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რათა მომავალში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შესაბამისი რისკები და პოტენციური საფრთხეები. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

  • მერაბიშვილმა პოლიცია წუმპედან ამოიყვანა – გია ნოდია

    პოლიტოლოგი გია ნოდია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    „ისევ ვანო მერაბიშვილზე. ბევრს გულწრფელად გაუკვირდა ჩემი შეფასება, რომ ის პოლიციის წარმატებული რეფორმისთვის იჯდა ციხეში და არა რეალური დანაშაულისთვის. ეს გაკვირვება არ მიკვირს.

    ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება ბევრი ძალიან არასწორი ქმედება და ამ არასწორი ქმედებებიდან ზოგიერთს, ალბათ, „დანაშაულის“ კვალიფიკაციაც შეიძლება მივცეთ (ამ სიტყვის სამართლებრივი და არა მორალური აზრით).

    ასევე ცხადია, რომ ამ არასწორი ქმედებებიდან ზოგიერთი (საკმაოდ ბევრიც) ვანო მერაბიშვილის პასუხიმგებლობის სფეროს უკავშირდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მათგანი სამართლებრივ დანაშაულადაც შეიძლება შეირაცხოს. რაკი ის პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, მას ამასთან დაკვიშრებულ ბევრ არასასიამოვნო შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა და ამისთვის მზად უნდა იყოს.

    მე იურისტი არ ვარ და არ შემისწავლია ის კონკრეტული საქმეები, რომელთა გამო (ფორმალურად) ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვეს. ამიტომ ვერ მივცემ თავს უფლებას, კატეგორიულად შევაფასო ისინი სამართლებრივი კუთხით. აპრიორი ვერ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი მათგანი მართლა იმსახურებდა დანაშაულის კვალიფიკაციას. თუმცა, რაც მედიიდან ვიცი ამ საქმეების შინაარსზე, შემექმნა ეჭვი, რომ ისინი თითიდან გამოწოვილია. მაგალითად, არ მესმის, რა კანონი დაარღვია მან 2011 წლის 26 მაისს დემონსტრაციის დაშლისას (რაც არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიციის ქმედებები იმ ღამეს შეიძლება ლეგიტიმურად გავაკრიტიკოთ). „არასწორი ქმედება“ და „დანაშაული“ ორი სხვადასხვა რამეა.

    რაზეც ეჭვი არ შემქმნია, ისაა, რომ ხელისუფლების რეალური მოტივი ვანო მერაბიშვილის დევნისას პოლიტიკური იყო და არა სამართლებრივი. იმასაც შეგახსენებთ, რომ გამოთქმა „პოლიტპატიმარი“ ნიშნავს არა უდანაშაულო ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, არამედ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლება ციხეში პოლიტიკური მოტივით სვამს. ამიტომ იყო ვანო პოლიტპატიმარი ამ სიტყვის კლასიკური გაგებით.

    პოლიტიკურად, ჩემთვის ვანო მერაბიშვილი არის უპირველეს ყოვლისა ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი – პოლიცია – წუმპედან ამოიყვანა და, რეგიონის მასშტაბით მაინც, სანიმუშოდ აქცია. ეს მას ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ ფიგურად აქცევს. „ქართულ ოცნებას“ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამასთან მიახლოებულიც კი (კარგი) არაფერი გაუკეთებია. ამით ვანომ მნიშვნელოვანი მორალური კაპიტალი დააგროვა (ცხადია, საზოგადოების ნაწილში, ვიღაცისთვის ის საფრთხობელაა) და „ქართული ოცნებისთვის“ სახიფათოდ აქცია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ის პირველ რიგში წარმატებული რეფორმისთვის ჩასვეს ციხეში და არა თუნდაც რეალური გადაცდენებისთვის, რაც ჰქონდა.

    რაკი სიმბოლურად ვანო მერაბიშვილი „სისხლიანი ცხრა წლის“ იმიჯთანაა დაკავშირებული, ის პოლიტიკაში სერიოზული ნეგატიური ტვირთით ბრუნდება და ამ ნეგატივს მისი მოწინააღმდეგეები აქტიურად გამოიყენებენ. მაგრამ მას მნიშვნელოვანი პოზიტიური კაპიტალიც მოაქვს. მასზე და მის მომავალ თანაპარტიელებზეა (ვინც გინდა იყვნენ ისინი) დამოკიდებული, ეს პოზიტივი გადაძლევს თუ ნეგატივი“, – წერს ნოდია.

    შეგახსენებთ, შსს-ს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპატიმროდან დღეს დილით გათავისუფლდა.

  • თუ დამხობა უნდათ, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ- დიმიტრი ხუნდაძე

    კიდევ ერთი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს ვანო მერაბიშვილის განცხადებას და ამბობს, რომ თუ დამხობა უნდათ, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ.

    ,,შეიძლება მოიხადა წლები, სასჯელიც, სამართალიც, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობა მას სახეზე არ ეტყობოდა. აბსოლუტური უპასუხისმგებლობა და ისევ ძალაუფლების ჟინი და ლტოლვა თან იმდაგვარი მეთოდით, რა მეთოდიც მათ ჰქონდათ ყოველდღიურ წესად: დამხობა, ძალადობა, დაჭერა, გვამები გარედან, შიგნიდან. ეს დასრულებულია. თუ დამხობაზე აქვთ საუბარი, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი.

    ციხის დატოვებისას ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ,,ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება. მათი “დამხობის შემდეგ” ე.წ. მატროსოვის კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.

  • მეტი კახა ,,ქართულ ოცნებას”, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი- გოცირიძე კალაძეს პასუხობს

    ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, რომან გოცირიძე კახა კალაძის განცხადებას ,,მეტი ვანო ოპოზიციას”, პასუხობს. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება ,,ქართულ ოცნებაში”, მით მეტად იქნება ეს პარტია წარუმატებელი.

    „მეტი კახა კალაძე “ქართულ ოცნებას”. რაც უფრო მეტი კახა კალაძე იქნება „ოცნებაში“, მით მეტად იქნება “ქართული ოცნება” არჩევნებში წარუმატებელი. მეტი ბიძინა, მეტი კახა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი, მეტი ნუკრი. თუმცა, არ გვინდა მათი ზრდა, ისედაც ნათელია, რომ გაკოტრებული “ოცნებიდან” არაფერი შემორჩა ივანიშვილს. ვინც კი წერა- კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა იქიდან”,- აცხადებს გოცირიძე.

    მისი განმარტებით, მერაბიშვილს არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, სიტყვა ,,დამხობა” კი ,,ხატოვნად შეიძლება შევადაროთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვეს”. 

    ,,მისი განცხადების მთავარი შინაარსი იყო ის, რომ აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება სიტყვა – „დამხობას“, რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, როცა ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო ერთი ადამიანის მიერ არის უზირპირებული და როგორც გველეშაპი დაეპატრონება ზღაპარში წყალს და არ აძლევს ცხოვრების საშუალებას ხალხს, დაახლოებით ასე დაეპატრონა ის პროკურატურას, სასამართლოს, პარლამენტს, ბიზნესს. ამიტომ ცვლილების და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ „დამხობას“. მას არ უთქვამს, რომ ძალადობით აპირებს რამეს. პოლიტიკას აქვს თავის ლექსიკა, არის უამრავი სინონიმი, შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, დამხობა. ესენი არიან პოლიტიკური სინონიმები. მას არ უთქვამს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა,”- ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე.

    დღეს ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ,,მეტი ვანო ოპოზიციას”- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებას.

  • დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ- გახარია მერაბიშვილზე

    ვანო მერაბიშვილის განცხადებას ,,ქართული ოცნების” დამხობის შესახებ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც პასუხობს. მისი თქმით, მათ ,,დამხობების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ, არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ და არც აწი გამოუვათ”.

    ,,საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი დღეს, მაგრამ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნაციონალური მოძრაობა გუშინდელი დღე არის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე. ჩვენ უნდა ვაკეთოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს გამოწვევების და დამხობების ქვეყანა კი არა, შესაძლებლობების ქვეყანა ახალგაზრდობისთვის. თავისუფლების პირველ წუთებზე ადამიანმა თქვა, რომ დავამხობო, სიტყვასიტყვით , დავასრულებო ან შევცვლიო კი არ უთქვამს, თქვა, რომ დავამხობო. მოდი ასე შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვიყურებით წინ, მომავლისკენ, ეს დამხობების მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდათ. არც აწი გამოუვათ. ჩვენი მიზანია ხვალინდელი დღე, მომავალი, ძლიერი საქართველო, რომელიც არის შესაძლებლობების ქვეყანა და არა გადატრილებების დამხობების და იმ უბედურებების ქვეყანა, რომელიც წარსულში დავტოვეთ”,- აცხადებს გახარია.

    დღეს, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ,,ქართული ოცნების” მმართველობა დასრულდება და მათი “დამხობის შემდეგ, აი, ამ ციხის [მატროსოვის] კარები ფართოდ გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება”.