Category: არქივი

  • კახა კალაძე: არ მგონია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა იყოს, პირიქით – წინსვლაა

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი კახა კალაძე საერთაშორისო კვლევის შედეგებს აფასებს: 

    “ის რომ წინსვლა გვაქვს, მისასალმებელია. თუ პრობლემები არსებობს, მიდგომები უნდა გამკაცრდეს,რომ თუ არის კორუფციის ნიშნები მაქსიმალურად უნდა იყოს აღმოფხვრილი და ამის პრევენცია უნდა მოხდეს – ეს არის ჩემი მიდგომა. :არ მგონია, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა იყოს, პირიქით, გვაქვს წისვლა, თუმცა ამით არ უნდა დავმკაყოფილდეთ”,ამბობს კახა კალაძე.

  • კახა კალაძე: თუ ასეთი ჩანაწერები იყო ნაჩვენები, ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია

    მმართველი პარტია, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე გამორიცხავს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან შესაძლოა, მმართველი გუნდის წევრები იდგნენ. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

    “არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი-გუშინ საუბრობდნენ, რომ ვრცელდებოდა, თუმცა ჩანაწერები არავის უნახავს. ზოგადად, ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება, ჩანაწერებით შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია-ყველა გავერთიანდით და ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე – მე არ ვიცი, შესაძლოა, კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ, გამოძიება ალბათ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. თუ ასეთი ჩანაწერები იყო ნაჩვენები, ეს ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია”,ამობს კახა კალაძე.

  • გუდაური – კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქარბუქის, ნამქერისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: “შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების, ქარბუქის, ნამქერისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები”.

  • პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება: მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ოპოზიციური პარტია”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების არც ერთ ფაქტებზე გამოძიება დასრულებული არ არის და დამნაშავეები არ დასჯილან.

    “ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ხდებიან არასასურველი ამ ხელისუფლებისთვის მათ მიმართ გამოიყენება ასეთი მეთოდები. აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევების დროს იქნებოდა ეს გვარამიას შანტაჟი, სხვა ჟურნალისტების შანტაჟი თუ ახლა ბესელიას საქმე, ჩვენ არასდროს სახელმწიფოსგან პასუხის არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ეს არის ის ბინძური მეთოდი, რითიც ებრძვიან ისინი ოპონენტებს. ეს არის კატასტროფული საფრთხე ქვეყნისთვის, პირადი კადრების გამოყენება ოპონენტების მიმართ უფსკრულში მიათრევენ ამ ქვეყანას,”-ამბობს ელენე ხოშტარია. 

    მისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია გამორიცხავს,რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოკადრების გავრცელებას “ქართულ ოცნებასთან” ჰქონდეს კავშირი.

    “ყველა ხედავთ, გიორგი გახარია ცდილობს, მაქსიმალურად დაუბრუნოს პოლიციას ის სტატუსი, რას მას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით საზოგადოების მხრიდან. თუ ამ თემას აქვს რაიმე ტექნიკური ბარიერი, რომელიც ძნელად გადასალახია, ამაზეც ღიად უნდა ითქვას. თუ ასე არაა, მაშინ უახლოეს დროში, მეტი სიცხადეა საჭირო, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან”, განაცხადა კაკულიამ.

    “ამას გამოვრიცხავ აშკარად. ვინ მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა ამ პროცესებისგან? მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა, არავის ინტერესი არაა ასოცირებული იყოს იმ ძალასთან, რომელიც შეიძლება, კავშირში იყოს ამასთან. ჩემი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ იზიარებს. ძალოვნებს დაველოდოთ, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამის გამოძიება”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

    მისი თქმით, მან აღნიშნული ჩანაწერების შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გაიგო.

    გია ვოლსკის ვარაუდით, არ არის გამორიცხული რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მმართველ გუნდში ახალი სკანდალის გამოწვევას ისახავდეს მიზნად.

    “საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს თვითონ ეს კადრები. მაგრამ თვითონ ეს თემა კადრების გავრცელების, მნიშვნელოვნად უკავშირდება გარკვეული ადამიანების, თუნდაც პოლიტიკური ჯგუფიც შეიძლება ინტერესს, რომ კიდევ დამატებითი სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს უმრავლესობის გუნდი,”-განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა.

    სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და კადრების გავრცელების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე მიუთითებს ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი.

    “დასადგენია ზუსტად, გავრცელება მოხდა თუ არ მოხდა, იმიტომ, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ მოხდა და ვინმეს აზრად მოუვიდა, რომ ასეთი ქმედება განეხორციელებინა, ეს იქნება ერთდროულად ამაზრზენი და თანაც დანაშაულებრივი ქმედება. ერთხელ, როდესაც ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, 8 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და თუ ასეთი რამ კიდევ ვინმეს თავში მოუვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ასცდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონის წინაშე აგებს პასუხს”, ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

    თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ეკა ბესელიას მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ: “შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ გარკვეული ეჭვი არსებობს, ხომ არ უკავშირდება მის ბოლოდროინდელ აქტიურობას ამ კადრების გავრცელება. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს ფაქტი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების პირადი ცხოვრება იყოს დაცული,”-აცხადებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

  • “კორუფციის აღქმის ინდექსი 2018“: საქართველო დემოკრატიის უკან დახევას განიცდის

    საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებული “კორუფციის აღქმის ინდექსის” 2018 წლის კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, თუ მთავრობა სასწრაფოდ არ გადადგამს ნაბიჯებს ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, და არ დაუჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, მდგომარეობა შეიძლება ადვილად გაუარესდეს.


    გასულმა წელმა ცხადყო, რომ საქართველოში დემოკრატია უკან დახევის წინაშეა, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ქმნის, ნათქვამია ანგარიშში; ამის მიზეზად სამართალდამცველთა ანგარიშვალდებულების სიმცირე, სასამართლოს სისტემაში არსებული კორუფცია და პოლიტიკური ჩარევები, სახელმწიფოს მიტაცება და სამოქალაქო საზოგადოებაზე მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი თავდასხმები სახელდება. “მიუხედავად მთავრობაში კორუფციის და დარღვევების შემთხვევების სასწრაფო გამოძიების საჭიროებისა, საქართველომ ვერ მოახერხა შეექმნა დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ამ ფუნქციას განახორციელებდა; დაუსჯელობა ასაზრდოებს მოსახლეობის უნდობლობას; “საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 36 პროცენტს სჯერა, რომ თანამდებობის პირები ძალაუფლებას პირადი სარგებლობისთვის იყენებენ”, ნათქვამია ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტის ფიქრობდა ასე.

    ანგარიშის თანახმად, რომელიც ვითარებას მსოფლიოს 180 ქვეყანასა და ტერიტორიაზე აფასებს, საქართველო შარშანდელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული და 58 ქულით 41-ე ადგილზეა; შარშან საქართველო 56 ქულით 46-ე ადგილზე იყო.

    “საერთაშორისო გამჭვირვალობის” “კორუფციის აღქმის ინდექსის” კვლევაში საქართველოს იმ ქვეყნების სიაშია მოხვედრილი, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღებით უნდა დააკვირდნენ მომავალი წლების განმავლობაში.

  • “საკმარისია! მიფრთხილდით!“– ეკა ბესელიას ახალი მიმართვა

    გვიან საღამოს ეკა ბესელიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მორიგი განცხადება გაავრცელა. „ღია წერილი საზოგადოებას„ ასე ქვია ამ მიმართვას, რომელსაც წინ უძღვოდა პარლამენტის დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის განცხადება სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შესახებ. ეკა ბესელია საქართველოში არ იმყოფება. მან საკუთარი პოზიცია მომხდარის შესახებ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და ამ ფაქტს მის მიმართ ანგარიშსწორება უწოდა. მოგვიანებით დავით ჭიჭინაძე შსს–ში დაკითხვაზე დაიბარეს.  შსს–მ ფაქტზე საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. გვიან ღამით კი ბესელიამ სოციალურ ქსელში მეორე მიმართვა დადო.

    გთავაზობთ ეკა ბესელიას მიმართვისი სრულ ტექსტს უცვლელად:

    გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით.

    პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან –ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა – მიზანს ვერ მიაღწიე!!! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას , გაუჩინარებას!!!
    ვერ შეძლებ ! ჩემში გააღვიძე ახალი ეკა , რომელსაც უფრო მეტად გაუმყარე საკუთარი თავის რწმენა, ვალდებულება და პასუხისმგებლობაც, რომ მას სხვების დაცვა საკუთარ თავზე მეტად შეუძლია!!!
    შემდეგ მივმართავ ოჯახს, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა ჩემს გამო მთელი ეს წლები რაც მე პოლიტიკაში ვარ. მე მათ პატიებას ვთხოვ ამდენი განცდისთვის, მაგრამ ისე როგორც ყოველთვის მჯერა რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.
    მივმართავ ყველა ქალს – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში ! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და არა ვიყო სხვისი ხელის შემყურე…სწორედ იმიტომ , რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დაჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს.
    ახლა მივმართავ ყველა დანარჩენს :
    შინაარსში ასახსნელი არაფერია , რაც გაავრცელეს, ფორმაა ამაზრზენი. ოჯახური თანაცხოვრების ხელყოფა და ფარული კამერით შეჭრა პირად სივრცეში. იქ სადაც არავის არასოდეს არაფერი ესაქმება!!! ის რაც ხელშეუხებელია!!!
    ამას ჩადიოდა ყველა საჯარო პირის მიმართ სააკაშვილის რეჟიმი , მან შექმნა სისტემა , რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა.
    სწორედ იმიტომ , რომ ამის ატანა და შეგუება არ შემეძლო , გამოვიხურე იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი ვიდრე მქონდა და მიმზადებდნენ და გავედი ქუჩაში ბარიკადებზე, აქციებზე , მიტინგებზე სხვათა დასაცავად!!!
    ამ სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად მაშინაც როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწავლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ. ვიდექი მე ქალი ამ სასტიკი დარბევების დროს და გაიხსენოს ვინც იდგა ჩემთან ერთად –არასოდეს გავქცეულვარ! არასოდეს შემშინებია! არასოდეს მინანია!!!
    და ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წწ ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს….არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული….
    და მოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. როგორც არ უნდა გავნაწყენდე , ვერსაოდეს დავუვიწყებ ბიძინა ივანიშვილს იმ თავდადებას როცა ყველაფერი სასწორზე დადო და ამ ბრძოლაში წინ დადგა….მე მან მიხმო მესამე დღეს მისი პოლიტიკაში ჩართიდან და მითხრა ამ ბრძოლაში გავყოლოდი…ჩემი პირველივე შეხვედრის სათქმელი იყო– რისთვის ვიბრძოდი? სამართლიანობა უნდა აღგვედგინა ამქვეყანაში ! ეს ვუთხარი როგორც მიზანიც და პირობაც !!!
    დანარჩენი ის იყო რაც ყველამ ნახეთ…
    დამარცხდა ყველაზე სასტიკი რეჟიმი 1 ოქტომბერს და პირველი რაც გავაკეთეთ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა –ნაწამები და ნაგვემი ციხე –თავისუფლების მანიფესტით გავათავისუფლეთ . ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე დიდი პოლიტიკური დარტყმა მივაყენეთ და 215 პოლიტიკური პატიმარი ვცანით პარლამენტის დადგენილებით იმ მოწვევის უმრავლესობამ. ათასობით კი სასჯელის შემცირებით გათავისუფლდა .ამ დარტყმის პასუხი იყო ის არაერთი თავდასხმა და ცილისწამება რაც დღემდე არ ცხრება ჩემს მიმართ. ამით ცდილობდნენ შურისძიებას ოპონენტები.
    არასოდეს მინანია, უფრო მეტიც, იმ დღის ბედნიერების ემოცია მომყვებოდა ეს წლები , როცა ციხის კარი გავაღეთ და გმინვაში მყოფი პატიმრები გამოვიყვანეთ მზის სინათლეზე . ამას მხოლოდ ის გაიგებს ვისაც სხვისი თავისუფლებისთვის უბრძოლია. ვისთვისაც მატერიალური გამორჩენა არაა სიცოცხლის აზრი და ვისაც ერთი ადამიანი მაინც უანგაროდ დაუცავს.
    მართალია დღეს ჩვენს ,,გუნდში,, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ამ მანიფესტს და ღირსების აქტს ჩდილს აყენებენ, მაგრამ ეს ისტორიის კუთვნილება გახდა და თავისუფლების ფასი არ არის არაფერი სხვა ….
    სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება –ესეც ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ხელით მოხდა…მახსოვს ლევან გოგიაჩაიშვილის ემოციური კითხვა როცა ვთხოვე ნაწამები პატიმრების საჩივრები გაეანალიზებინა დასკვნის წერის დროს.
    ,,რა დაგიშავე, რომ ეს გზა თავიდან რატო გამატარეო?…. ეს გზა გავიარეთ ყველამ ერთად ვინც ვიყავით მსხვერპლნი და არა მოძალადენი….
    და გვინდოდა ამ თავისუფლებისთვის და სამართლიანობის აღსრულებისთვის ეს გამარჯვება!
    გამოგვივიდა ???
    და ახლა ბოლოს ქართულ ოცნებას მივმართავ:
    გამოგვივიდა? შევძელით ეს ???
    დავიწყეთ და ვერ მივიყვანეთ ბოლომდე … კოლექტიური მოძალადე ფრაგმენტულად ,მაგრამ დიდი დოზით შემოვიდა ჩვენს ,,გუნდში“ … შიგნიდან დაგვიწყო რყევა და ჯაყჯაყი….
    არ მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ ეს გადმონაცვლებული მოძალადე მეოცნების როლში ….ვერ მიიღო სამართალი ამ აზელილი ,,გუნდით“….
    ვერ მივიყვანეთ სამართლის აღსრულება ბოლომდე …
    მე 7 წლის თავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა !
    სახელი დავარქვათ ყველაფერს!
    მოძალადის რეინკარნაციამდე მანძილს ვამცირებთ მათივე ანასხლეტების შეფარებით…ამდროს კი რამდენს ვატკინეთ გული უსამართლოდ ჩვენივე თანამებრძოლს ….
    აი რატომ არ შეიძლება ამ რეჟიმის მსახურნი გამოვაცხადოთ მსხვერპლად და ვაწინაუროთ მოსამართლის მანტიის როლში…მე

    ამას ვერ შევეგუებოდი!!!

    მე კიდევ ერთხელ შევეხე შიშველ სადენებს და ვთქვი რომ არ დავიხევ უკან ამ ბრძოლაში.
    ეს ჯგუფი საკმაოდ ფესვებგადმულია და იბრძვის ყველა ფორმით! ეს მორალური ტერორიც ამის ნაწილი მგონია !
    ჩემი პასუხი ?
    არ ვაპირებდი პოლიტიკური დღის წესრიგით ცხოვრებას და ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისევ მათ მაიძულეს და
    ახლა მიფრთხილდით!
    ჩვენ თქვენ დაგამარცხებთ იმიტომ , რომ მე დავამარცხე ჩემში ყველა შიში ერთის გარდა –გალაქტიონის ენით რომ გადმოვცე –
    მე მეშინია იმგვარ სიცოცხლის, სიკვდილს რომ გავს და უარესია!!!
    ამიტომაც ,ერთად წავიდეთ წინ და ჩვენი თავისუფლება და სამართლიანობა ერთად მოვიპოვოთ!!!

     

  • ბრაზილიაში დამბის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    {{ARTICLEIMAGE}}ბრაზილიის სამხრეთ აღმოსავლეთში გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 58–მდე გაიზარდა. 300 ადამიანი უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები ამბობენ, რომ მათი ცოცხლად პოვნის ალბათობა მინიმალურია. სამაშველო სამუშაოები უკვე მესამე დღეა გრძელდება და დაკარგულთა შანსები სულ უფრო მცირდება.

     

    ტრაგედია შაბათს ქალაქ ბრუმანდინიუს რკინის მომპოვებელი მაღაროს კარიერში მოხდა. დამბის დანგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ორი დღის მანძილზე სამაშველო ოპერაციების შედეგად 192 ადამიანი გადაარჩინეს.

    დამბის ნგრევის შედეგად, რომელიც მადნის მოპოვების შედეგად დაგროვილ ნარჩენებს იკავებდა, ტალახის ტალღამ ქვეშ მოიყოლა კაფე, სადაც ასობით მუშა სადილობდა. შემდეგ კი ახლომდებარე სახლები, მანქანები და გზები დაფარა. ტალახის 15 მეტრიანი ფენის გამო ზოგიერთი რაიონი სრულიად მიუდგომელია და ამ ზონებში მაშველები ვერტმფრენებით მუშაობენ.

    ბრაზილიელი მაშველების დასახმარებლად ჩავიდა ინჟინრების, ექიმების და სამხედრო მყვინთავების გუნდი ისრაელიდან.

    ხელისუფლებამ სამთომომპოვებელი კომპლექსის მფლობელი კომპანიის – Vale –ს აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო საერთო ღირებულებით 2.9 მილიარდი დოლარი. ქალაქ ბრუმადინიუს მერმა კომპანია არათანმიმდევრულობასა და არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა. კომპანიის დირექტორმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ კომპანიამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო ექსპერტების ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.

    2015 წელს ამავე კომპანიის კუთვნილი დამბა დაინგრა მარიანაში. მიმდებარე ტერიტორია 60 მლნ. კუბამეტრი ტალახის მასამ დაფარა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შედეგად კომპანია ბრაზილიის მთავრობისთვის 2 მილარდი დოლარის გადახდას დათანხმდა.

  • “ურჩობისთვის დასჯის სასტიკი და არაადამიანური მეთოდი“ – გიგი უგულავას შეფასება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში გავრცელებას ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში აფასებს:

    საკუთარი გუნდის წევრი ქალების ურჩობისთვის დასჯის ასეთი სასტიკი და არადამიანური მეთოდი სიგნალია სხვებისთვისაც, რომ ჭკვიანად იყვნენ. ამჯერად, ასეთი ფორმით ქ-ნ ბესელიას იძულება ხდება, რომ დატოვოს ოცნება. ამის შემდეგ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ სასურველ მოსამართლეებს გაიყვანს. აქ ის ძალიან სცდება. ეს მონა მონსტრები უზენაესის უვადო მოსამართლეები ვერ გახდებიან არა იმიტომ, რომ ბესელია-გედევანს არ უნდათ, არამედ იმიტომ რომ საზოგადოების უკლებლივ ყველა ჯგუფია წინააღმდეგი, მათ შორის ოცნების უპირობო მომხრეებიც კი. ამ საქმის საფუძვლიანი გამოძიების და დამნაშავეების დასჯის გარეშე, კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ივანიშვილის და ამ ხელისუფლების კისერზე იქნება!

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა დღეს ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ქვეყანაში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟი უნდა დასრულდეს და რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
    მე დღეს ვერავის ვერაფერს დავაბრალებ და ვერაფერს ვერ დავუკავშირებ, მაგრამ ერთი რამ არის, რომ როდესაც იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, მაშინ იწყება ხოლმე კონკრეტულად და იმ ადამიანების მიმართ ტერორი, ვინც ამ ქვეყანაში სამართლიანობისათვის იბრძვის”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.


    მოგვიანებით ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. შსს–მ კადრების გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან (ვიდეო)

    ორგანიზაციის “ერთად სახლში” ორგანიზებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ის ემიგრანტებს ფილადელფიაში შეხვდა. სააკაშვილმა საქრთველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს მის მიერ განხორციელებულ პროექდებზე დეტალურად ისაუბრა. სააკაშვილმა ემიგრანტებთან შეხვედრა ორი კვირის წინ დააანონსა. ექსპრეზიდენტის თქმით, ემიგრანტებთან ერთად დაგეგმავს საქართველოში ჩამოსვლის თარიღს და პროცესს.

  • ზურაბიშვილი: პრაქტიკულად, NATO-ს კართან ვართ

    {{ARTICLEIMAGE}}
    ალბათ ჯერ არ მივიღებთ MAP-ს (NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას), მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მუდმივი, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც ბრიუსელში მისი პირველი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველომ მეტი NATO- და მეტი უსაფრთხოება უნდა მიიღოს.

    საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საქართველო ყველაზე მეტად არის მომზადებული NATO-ში გასაწევრიანებლად და ქვეყანა დგას NATO-ს კართან, რომელიც ღია უნდა იყოს. 

    “NATO–ს მხრიდან იყო არანაკლებად, და შეიძლება ითქვას – უფრო მეტად, პოზიტიური მიღება, რადგან საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად გაწევრიანებისთვის სამხედრო კუთხით. ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნილია გაწევრიანებისთვის, ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ NATO-ს კარებთან, რომელიც უნდა იყოს ღია. თუმცა აქაც რეალიზმია საჭირო – ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ დღეს, ალბათ, ჯერ არ მივიღებთ MAP-ს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან უნდა იყოს მუდმივი და არის… იმ დროს, როცა ჩვენ ველოდებით, არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი NATO, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მხრიდან მზაობა”,განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.