Category: არქივი

  • ნედლი რძის და სუნელ-სანელებლების 23 შემთხვევაში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის მონაცემებით, ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლებლების 8 ნიმუშში ტყვიის შემცველობა ნორმას აღემატება, რის შესახებაც უკვე ეცნობა შესაბამის სამსახურებს და პროდუქციის ბაზრიდან ამოღებაც მოხდა. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს – სააგენტოს ცნობით ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში.  სულ გამოკვლეულია 1176 ნიმუში, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 23-ში გამოვლინდა.

     

  • ინაშვილი: ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, ყველა დაისჯებით (ვიდეო)

    “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი პერლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე  – ინაშვილი ფარული ჩანაწერების თემაზე საუბრობს.

  • Freedom House-ის პროგრამების დირექტორი: საქართველო არის ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგში

    საქართველო არის ამ ორი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით, “ამერიკის ხმის” ქართული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაცია Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტიმ.

    მისი თქმით, ძალიან ბევრი კითხვაა, რომელსაც ქართული პოლიტიკური კლასი არ სვამს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

    “ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი, დიახ, ის არის და ეს არაა კარგი, რომ ვიღაცას, ვინც არ არის არჩეული ამხელა გავლენა აქვს, მაგრამ ეს ქართული პოლიტიკის სინამდვილეა. ვფიქრობ, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს. იფიქრონ, რა არის ის, რაც საქართველოს სურს, რომ გააკეთოს და როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში. მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით, ეს რაციონალური პოლიტიკური პარტიების განვითარებას უშლის ხელს, პარტიების, რომლებსაც ექნებათ ძლიერი იდეები და პლატფორმები, რომლებსაც ხალხი შეხედავს და შეაფასებს, უნდა თუ არა, რომ ამას მხარი დაუჭიროს. არ არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრორუსული თუ პროდასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევროატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს”, განაცხადა მარკ ბერენტიმ.

  • ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსპიკერი: დაკავებული სასულიერო პირი ცხინვალის მილიციის იზოლატორშია (ექსკლუზივი)

    ევროკავშირის მონიტორინგის მისია ინფორმირებულია საოკოპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირის, მამა დავითის (დურგლიშვილი) დაკავების შესახებ. ამის შესახებ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრეს-სპიკერმა, დეს დოილიმ solostudio.agency/-ს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფაქტზე ინფორმაციას აგროვებს.  

    ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ინფორმაციით, დაკავებული სასულიერო პირი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

    მედიაში 4 თებერვალს, საღამოს გავრცელდა ცნობები, რომ მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა კი გაქცევა შეძლეს.

    ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში მოავლინეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

    მისიის პრიორიტეტებია: (ტექსტში მოცემულია მონიტორინგის მისიის მიერ გამოქვეყნებული შინაარსი)
    • საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა;
    •აფხაზეთის და “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
    • კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
    • საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.

    მას შემდეგ, რაც მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი ახორციელებს 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. ჩვენი სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. ჩვენი მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დღემდე არ გვაძლევენ მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე შესვლის უფლებას.

  • დაპირისპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანს, გიორგი ქადაგიძესა და უნივერსიტეტის რექტორს, გიგა ზედანიას შორის დღეს დებატები გაიმართება. “რუსთავი2-ის შეთავაზებას ორივე მხარე დათანხმდა.

    დებატებს წინ უძღოდა გიორგი ქადაგიძის გათავისუფლება, რის შესახებაც საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა. ის ამბობს, რომ ბიზნესის სკოლისთვის მიუღებელია, როდესაც სასწავლო პროცესისთვის და სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ორი ადამიანი და არ არის უზრუნველყოფილი ამ პროცესებში შესაბამისი რგოლების ფართო ჩართულობა. წერილის თანახმად, გიორგი ქადაგიძე აკადემიური საბჭოსგან მოითხოვდა:

    1. გაუქმდეს და თავიდან დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ბიზნესის სკოლის წარმომადგენლების შესარჩევად და შემდგომი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ეცნობოს სკოლის აკადემიურ პერსონალს;

    2. არაეფექტური და აკადემიური სივრცისთვის შეუსაბამო სტანდარტის მენეჯმენტისთვის ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება უნივერსისტეტის კანცლერს;

    3. უნივერსიტეტის მართვა განხორციელდეს ისე, როგორც ამას ითხოვს კანონმდებლობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა;

    4. უზრუნველყოფილ იქნას უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული გამჭირვალობა სტრუქტურული ერთეულების მიხედვით.

    “ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი, ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის. პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს “მომზადებული” ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას, რომლის შედეგად, სამწუხაროდ, აღარ ვარ სკოლის დეკანი. მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა, სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის. ცხადია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება”, წერს ქადაგიძე.

    ქადაგიძე რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის.

    წერილში ქადაგიძე საუბრობს, რომ სკოლა არის ღრმა კრიზისში, უნივერსიტეტის მენეჯმენტი ვერ აღიქვამს პრობლემების და გამოწვევების სიღრმესა და სიმძაფრეს. ქადაგიძე წერს, რომ არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბიზნესის სკოლის ადმინისტრაციამ და აკადემიურმა პერსონალმა შეიმუშავა და ატარებს რეფორმებს, რომლებიც მოიცავს თანამედროვე კონტენტის შემუშავებას, სილაბუსების მთლიან გადამუშავებას, საგნების მიმართულებებათ დაჯგუფებას და აკადემიურ პერსონალის უფრო სიღრმისეულ ჩართულობას, დამსაქმებლების ჩართულობას სასწავლო პროცესში, ცენტრალიზებული საგამოცდო ცენტრის ჩამოყალიბებას, მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის საჭირო სტატისტიკის წარმოებას, საგანმანათლებლო პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას და დანერგვას, პროცესების მაქსიმალურ ელექტრონიზაციას, ეფექტური სამიზნე ნიშნულების შემუშავებას თითქმის ყველა მიმართულებით და შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპის დანერგვას. ამბობს, რომ პრობლემური საკითხების მოგვარების ტემპი, რომელიც განეკუთვნება ცენტრალური ადმინისტრაციის კომპეტენციას, დამაკმაყოფილებელი არ არის.

    “აღნიშნული პრობლემების მოუგვარებლობა მით უფრო გაუგებარია, როდესაც ბიზნესის სკოლიდან ყოველწლიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტი ივსება ათეულ მილიონ ლარზე მეტით. ჩემი ვარაუდით, (ვინაიდან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება უნივერსიტეტის ბიუჯეტზე სტრუქტურული ერთეულების მიხედვით შეუძლებელი ამოცანაა ბიზნესის სკოლისთვის) ბოლო ოთხ წელიწადში ბიზნესის სკოლიდან არსებულმა წმინდა შემოსავალმა შეადგინა 40 მილიონი ლარი, რომლის გათვალისწინებით, სტუდენტებზე გაწეული სერვისების ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს”, წერია ქადაგიძის წერილში.

    სოციალური ქსელიდან უპასუხა ქადაგიძის ამ წერილს უნივერსიტეტის რექტორმა, გიგა ზედანიამ, რომლის განცხადებით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები; იდეა – ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის. ზედანია ამბობს, რომ პერსონალურ კინკლაობაში შესვლას კი არ აპირებს.

    “პროფესორები რჩებიან, პროგრამები რჩება, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის. ამ ფაკულტეტის სასწავლო პროცესი განხორციელდება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერისტეტთან ერთად აშენდა და რომელიც მოიცავს სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს. შედეგად, სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს. გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას – ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი”, წერს ზედანია და აღნიშნავს, რომ ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც – უკანასკნელი.

    ზედანიას თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში; სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია; დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი; სახელმწიფოსგან მიიღო უპირობო ავტორიზაცია; საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში; მოიპოვა ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის, პირველმა და ერთადერთმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა და სხვა.

    “2019 წელს განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე. გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც. სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. “მოძრაობა და მარტო მოძრაობა.” ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია”, წერს ზედანია. 

  • საქართველომ თავისუფლების მხრივ უკან დაიხია

    საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელიც აფასებს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მდგომარეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

    ანგარიშის “თავისუფლება მსოფლიოში 2019” თანახმად, საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად, თუმცა მისი საერთო ქულა გაუარესდა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს 100 საუკეთესოდან 63 ქულა აქვს. ორგანიზაციის წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საერთო ქულა 64 იყო.

    Freedom House-მა საქართველოში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებათა მდგომარეობა 3-3 ქულით შეაფასა. საქართველოს ასეთივე შეფასება ჰქონდა წინა ანგარიშშიც. უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასების სისტემით, საუკეთესო მაჩვენებელი 1 ქულით აღინიშნება, ყველაზე ცუდი კი, 7-ით.