Category: არქივი

  • პროტესტის მეორე დღე საპატრიარქოსთან

    ე.წ. ციანდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის – გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა გასული ღამე კარვებში გაატარეს. მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, ვიდრე დეკანოზს მატროსოვის ციხეში არ აზიარებენ. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მოძღვარი მზად იყო, გიორგი მამალაძე საკანში ეზიარებინა, თუმა საპატრიარქოს გარკვეულმა ჯგუფმა ამის საშუალება არ მისცა.

    თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის იმ განცხადებასაც აფასებს, რომელშიც სასულიერო პირმა თქვა, რომ მზად არის დეკანოზის შეწყალებას დაუჭიროს მხარი, თუკი სასულიერო პირთა ვიწრო წრეში, გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების ყველა დეტალს მოყვება. საპირისპირო ინფორმაცია აქვს მსჯავრდებული დეკანოზის ძმას, რომელიც ამბობს, რომ მეუფე იაკობი საპატიმროში დეკანოზს დაემუქრა და გააფრთხილა არაფერი ეთქვა.

    პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს მატროსოვის ციხეში უკვე 2 წელია იხდის. ის სასამართლოს სამივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის საქმე ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკვე გაგზავნეს.

  • პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ფონდი დააფუძნა

    {{ARTICLEIMAGE}}
    სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. საქველმოქმედო ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტებს დააფინანსებს. ფონდი ასევე იმუშავების ემიგრანტების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გახდნენ შემომწირველებიც. თანხებს კი სპეციალური საბჭო გააკონტროლებს. აღნიშნულ ფონდში უკვე ჩაირიცხა რვაათას 80 ლარი, ეს არის პრეზიდენტის ხელფასი, რომელსაც ზურაბიშვილი ამ ფონდში გადარიცხავს.

  • 850 000 ტანსაცმელში, 425 000 მანქანებში, 2მლნ–ზე მეტი უძრავ ქონებაში. რა დახარჯა 2018 წელს კალაძის ოჯახმა

    {{ARTICLEIMAGE}}იანვრის ბოლოს თბილისის მერმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალი, გასავალი, ქონება და ფულადი სახსრებია ასახული. კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ მხოლოდ ტანსაცმელში 2018 წელს 850 000 ლარამდე თანხა დახარჯეს. ამავე წელს კახა კალაძემ შეიძინა 5 ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა გაზ 24. სულ ავტომობილების შესაძენად თბილისის მერმა  425 000 ლარამდე დახარჯა. 

    2018 წელს კახა კალაძემ თბილისში, მარო მაყაშვილის ჩიხში 2 ბინა და 3 ავტოფარეხი შეიძინა. ჯამში ეს ყველაფერი 1 943 838 ლარი დაუჯდა.  ხარჯი გაიღო სახლის მშენებლობისთვისაც -400 000 ლარი. საოჯახო ნივთების შესაძენად კი  83 382 ლარი დახარჯა.

    კახა კალაძემ სოლიდური ხარჯები გაიღო შვილის განათლებისთვის, ეზოს კეთილმოწყობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და სხვა ხარჯებისთვის. 


    იხილეთ დეკლარაცია სრულად.

  • კალაძე: ვისაც გუნდის დატოვება სურს, კარი ღიაა

    პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს. კახა კალაძე ამბობს, რომ პარტიულ დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, დატოვოს გუნდი, კარი ღიაა.

    “პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია, ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ, დატოვონ გუნდი”, განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სოფია 2019-ზე ცნობილია

    ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონში მესამე ტურნირზე იწყებს თამაშს.  სოფიის ღია პირველობა ATP-ის 250-იანი სერიიდანაა და ქართველი ჩოგბურთელი იქ მე-5 ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილის  მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვა. 5 თებერვალს პირველ წრეში ნიკა გერმანელ დანიელ ბრანდსს დაუპირისპირდება, რომელმაც წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ბადე. იგი რანგით 180 ჩოგანი. 

    31 წლის ბრანდსს ბასილაშვილი 5 წლის წინ შეხვდა ორ სეტში – 6:3, 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის გამარჯვებული მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მირზა ბაშიჩისა და მარტინ კლიჟანის  შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

    ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში 22 ადგილზე იმყოფება.

  • რა შუაშია ეს ჯანდაბა „ნაციონალური მოძრაობა“ და სისხლისმსმელი ნიკა მელია?“

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას
    ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მოუწოდა, გამოიძიონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე. მან ასევე უმრავლესობას სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში დაბარებისკენ მოუწოდა.

  • გოცირიძე: ქვეყანას არაფორმალური მმართველი განაგებს საკუთარი ხუშტურების შესაბამისად

    საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და პოლიტიკური განცხადებები.
    რომან გოცირიძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, რაც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში და პრეზიდენტის სასახლის ავლაბრიდან ათონელის ქუჩაზე გადატანით გამოიხატება.

    რომან გოცირიძის თქმით, ავლაბრის რეზიდენცია გათვლილია უმაღლესი თანამდებობის პირზე, მათ შორის სამხედრო კუთხით და ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერი უნდა გადავიდეს.

  • “დაიკვეხნონ, როცა თემირლანის სისხლი შერჩებათ: მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მიმართვა სუს-ს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა. აიზა არგოშვილმა და მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტებთან ერთად საგამოძებო უწყების მიმართ სამართლებრივი ბრძოლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათი თქმით, სპეცრაზმელის მიერ მოკლული თემირლანის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედ-მამა მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ. თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. მშობლები და მათი ადვოკატები კი მიიჩნევდნენ, რომ სუს-მა ტერორისტებთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირის შესახებ გაკეთებული განცხადებით დაარღვია მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია.

    სასამართლო პროცესს თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები არ დასწრებიან. მოგვიანებით კი მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მისთვის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა დანებებას არ აპირებს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი შვილის უდანაშაულობა დამტკიცდეს.

    ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ამბობს, რომ სასამართლომ ფრაგმენტულად შეფასა სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებები და მთლიანი კონტექსტის შეფასება არ მომხდარა. 

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი კი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. გერმანე გვარამიამ დღეს ჟურნალისტების კითხვებს ვრცლად არ უპასუხა და თქვა მხოლოდ ის, რომ მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

    დღესვე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგი აქცია გამართა და პარლამენტში მისი შვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ამ მოთხოვნით შვილმოკლულმა მამამ 2000 ხელმოწერა შეაგროვა, რომელსაც პარლამენტს ხვალ წარუდგენს.

    თემირლან მაჩალიკაშვილი პანკსის სპეცოპერაციის ფარგლებში საკუთარ სახლში 2018 წლის 26 დეკემბერს დაჭრეს-ის სიკვდილს 2 კვირის განმავლობაში ებრძოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და ამიტომ ესროლეს. ამ სპეცოპერაციის შედეგად 4 პირი დააკავეს. მათ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან – ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირსა და დახმარებას ედავებიან. მაჩალიკაშვილისთვის კი გამოძიებას არანაირი სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია.

  • გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს

    გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. განცხადება დეპუტატმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან არსებული აზრთასხვადასხვაობა დაასახელა. ფოფხაძის თქმით, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რომც არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ. გედევან ფოფხაძე ერთ-ერთია “ქართული ოცნების”  იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიაზე უკმაყოფილება გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ფოფხაძის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება უძღოდა წინ.

  • “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება

    პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს:

    “გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას და განვაცხადოთ შემდეგი:

    ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ” სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.

    ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ – პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია.

    დეტალურად არ შევჩერდებით იმ კომპლექსური რეფორმების ჩამონათვალზე, რაც ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში განხორციელდა და იმ აზრისგანაც შორს ვართ, რომ ყველაფერი იდეალურად არის. თუმცა, იმის საილუსტრაციოდ, თუ რას მივაღწიეთ ამ რეფორმების შედეგად, რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს წარმოგიდგენთ, რათა ობიექტური წარმოდგენა შეიქმნას, სად ვიყავით გზის დასაწყისში და სად ვართ ახლა:

    – ექვსჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა;

    – სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

    – განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

    – 18-ჯერ (91 მილიონიდან 5 მილიონ ლარამდე) შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი;

    – თითქმის 5-ჯერ (229 მილიონიდან 48 მილიონ ლარამდე) შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი;

    – სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი;

    – 200-ჯერ გაიზარდა პოლიციისა და სიტი-პარკის წინააღმდეგ საჩივრების დაკმაყოფილების მაჩვენებელი;

    – 11-ჯერ (4453-დან 415-მდე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა.

    ქართული სასამართლო სისტემის ასეთი საგრძნობი ტრანსფორმაცია შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს, კერძოდ:

    – ზედიზედ მეორე წელია, მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციისა და ვაშინგტონის წამყვანი ანალიტიკური ცენტრის – “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” კვლევის თანახმად, საქართველოს სასამართლო სისტემა ეფექტიანობით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 პოზიციაზეა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ამ ორგანიზაციამ მსოფლიო ქვეყნების სასამართლო სისტემები შეაფასა ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლო პროცესების ხარისხი და კეთილსაიმედო სასამართლო გადაწყვეტილებების მიღების ალბათობა. შედეგად, ორგანიზაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ამ პარამეტრებით საქართველოს სასამართლო სისტემა უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს – ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, უნგრეთს, მალტას, ლატვიას, საბერძნეთს, კვიპროსს, რუმინეთს, ბულგარეთს, სლოვაკეთს და სლოვენიას.

    – იმავდროულად, “მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2017-18 წლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორისაც.

    – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის “გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის” მიხედვით, საქართველო საზოგადოების დაცულობის მაჩვენებლით, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილზე გავიდა, ხოლო ორგანიზებული დანაშაულისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-13 პოზიცია დაიკავა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, 2012 წელს, ამ პარამეტრში 75-ე ადგილით, ყველაზე მაფიოზური ქვეყნების ჯგუფს მივეკუთვნებოდით.

    – მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების კვლევაში, 2017 წელს საქართველომ, სახელშეკრულებო დავების განხილვის ეფექტიანობის მაჩვენებლით, მსოფლიოში მე-16 პოზიცია დაიკავა.

    სასამართლოს სისტემური გაუმჯობესების გზაზე, უკიდურესად მნიშვნელოვან ეტაპად საკონსტიტუციო რეფორმა იქცა. სწორედ ახალი საკონსტიტუციო მოდელის ამოქმედებას დაემთხვა ის საზოგადოებრივი ვნებათაღელვა, მათ შორის მკვეთრად ნეგატიური პროცესები, რომლებიც სასამართლოსთან მიმართებაში განვითარდა, კერძოდ:

    2018 წლის 16 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოიყენა მისთვის მინიჭებული ახალი უფლებამოსილება და უზენაეს სასამართლოში შექმნილი მძიმე საკადრო კრიზისის დასაძლევად, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა 10 მოსამართლის კანდიდატურა. სწორედ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა ვნებათაღელვა სხვადასხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო და საზოგადოებრივ ჯგუფებში. მმართველ პარტიაშიც გაჩნდა მოსაზრება, რომ მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმალურად კანონი არ დაურღვევია, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. შედეგად, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაედო, რასაც, თავის მხრივ, მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტი კანონით დაადგენდა მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურასა და კრიტერიუმებს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე წარადგენდა მოსამართლეთა განახლებულ სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფდა უზენაესი სასამართლოს წევრობის თითოეული კანდიდატის განხილვისა და დამტკიცების სრულიად ღია, ამერიკული სტანდარტის შესატყვის პროცედურას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასული წლის დეკემბერში წარდგენილმა ათივე მოსამართლეობის კანდიდატმა, სამართლებრივი პრობლემის დაძლევის მიზნით, თავად თქვა უარი საკუთარი კანდიდატურის განხილვაზე.

    მიუხედავად იმისა, რომ პროცესმა აბსოლუტურად კონსტრუქციული სახე მიიღო და გაჩნდა შესაძლებლობა, პოლიტიკური, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობით შედეგზე ორიენტირებული სამართლებრივი დისკუსია მიგვეღო, სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ.

    მათი შეურაცხმყოფელი და უკიდურესად დესტრუქციული რიტორიკა და დღის წესრიგი სასამართლოს რევოლუციური წმენდისა და სისტემიდან გარკვეულ მოსამართლეთა არაკანონიერი გზით განდევნისა და დასჯის თაობაზე ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული “ურჩი” სასამართლო კორპუსი.

    ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი – საზოგადოებისა და ხელისუფლების – ერთობლივი მონაპოვარის – თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

    მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

    ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად”, წერია განცხადებაში.