Category: არქივი

  • საკადრო ცვლილებები შსს-ში

    მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა, წერია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    როგორც ცნობილია, 5 თებერვალს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

  • სამეგრელოში აფხაზური აქციზური მარკით სიგარეტი მასობრივად იყიდება

    საქართველოში სიგარეტის ფასის მატების შემდეგ სამეგრელოში კონტრაბანდული სიგარეტის რაოდენობა გაიზარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ “დახლს ქვეშიდან“ თავისუფლად  არის შესაძლებელი სიგარეტის ყიდვა აფხაზური აქციზური მარკით. მაგალითად, სიგარეტი Manchester ბაზრობებზე და კერძო პირებთან 2 ლარი ღირს და გაძვირებულ სიგარეტს ბევრი მის ყიდვას ამჯობინებს. რა მაშტაბებს მიაღწია სიგარეტის კონტრაბანდამ სამეგრელოში ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი სიგარეტის ყიდვა ადვილად ხელმისაწვდომია.

  • გააძევეთ ეს კომპანია: კალაძის დავალება მერიას

    თბილისის მერია შპს ტაოსთან, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს. დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კომპანიის გაძევება მოითხოვა. კახა კალაძის განცხადებით, შპს ტაოს სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა გამოვლენილი ხარვეზების გამო მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში სამუშაოები შეაჩერა. კალაძემ სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა, რომელზეც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებია ასახული.

    ტაქსების თეთრად გადაღებვა პირველი მარტიდან დაიწყება. თბილისის მერი ამბობს, რომ მარტიდან ავტომობილების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს, მხოლოდ ის ტაქსის მძღოლები მიიღებენ, რომელთაც ტექდათვალიერება გავლილი ექნებათ. ტაქსების გადაღებვას კი კომპანია, ალმა უზრუნველყოფს, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ორი წლით ტაქსებზე რეკლმის განთავსების უფლება ეძლევა.

    კალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში 4 ახალი შემადგენლობის დამატებაზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, მეტროსადგურებში მოცდის დროს შეამცირებს. ასევე დააანონსა მიწისზედა მეტროს პროექტებიც, რომელიც ორი – სამგორი- ლილოს და თბილისი-რუსთავის მიმართულებით იგეგმება. პროექტებთან დაკავშირებით მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა.

    დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცემს. კახა კალაძე ამბობს, რომ პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით ის ოჯახები დაკმაყოფილდებიან, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება მოსწავლე ახალგზრდობის სასახლეს. უკვე გამოცხადებულია კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტირების ღირებულება კი 599 000 ლარია.

  • “ზედანიას სურს, მიბაძოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის”: ხმაური ილიაუნიში

    “ბიზნესის სკოლა ჩვენია”, ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია სასწავლო დაწესებულების შენობაში გაიმართა.

    სტუდენტები უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შეწყვეტას მოითხოვენ.

    სტუდენტებმა წაიკითხეს ილიაუნის მოწვეული ლექტორების განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სტატუსის დაბრუნებასა, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას მოითხოვენ.

    აქციაზე მივიდა უნივერსიტეტის რექტორი. გიგა ზედანიამ სტუდენტებს სხვა ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.

    სტუდენტებმა რექტორს ჰკითხეს, რატომ მიიღო უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მათი ჩართულობის გარეშე, რასაც ხმაური მოჰყვა.

    “კომუნიკაციის პრობლემას ვერ მიგვარებ, რა უნდა მომიგვარო” – მიმართა აქციის მონაწილე სტუდენტმა რექტორ ზედანიას, რის შემდეგაც მიკროფონთან მივიდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ემზარ ჯგერენაია. სტუდენტებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და სთხოვეს, შეეწყვიტა საუბარი.

    “ავიდეთ აუდიტორიაში და ერთმანეთს გავაგებინოთ. არც თქვენ გესმით ჩემი და მეც არ მესმის თქვენი”,-ამ სიტყვებით ხმაურის ფონზე დატოვა სტუდენტების შეკრების ადგილი ზედანიამ და შეხვედრა აუდიტორიაში მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორის ამ მოთხოვნას სტუდენტები არ დათანხმდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან დათმობა იქნება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რექტორმა უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა.

    “ზედანიას სურს, იყოს ბელადი, ცდილობს დაემსგავსოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის”, – ასეთი იყო ერთ-ერთი სტუდენტის რეპლიკა.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე “ახდენილი ოცნებების ქალაქის” მოწყობას იწყებს

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე “მუყაოს ქალაქში” მასშტაბურ სამუშაოებს აანონსებს. რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის ახდენილი ოცნებების ქალაქად გადაქცევას გეგმავს: 

    “მინდა გაცნობოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის მოცემულ რეალობას და ასობით ადამიანის ყოფას.

    სულ მალე ე.წ ოცნების ქალაქი გადაიქცევა ახდენილი ოცნებების ქალაქად.

    სახელმწიფო იღებს ხალხზე პასუხისმგებლობას, ჩვენ ვერ შევეგუებით მოქალაქეების ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ და დამამცირებელ პირობებში.

    “მუყაოს ქალაქში” ავაშენებთ საცხოვრებელ კორპუსებს, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს სამუშაო ჯგუფი და მოხდება ყველა საკითხის ინდივიდუალური შესწავლა, ბინების აშენება და გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, ფაზების მიხედვით, სამართლიანობის პრინციპების სრული დაცვით, რათა არავის დარჩეს უსამართლობის განცდა”, აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

    ინფორმაციისთვის: მუყაოს ქალაქი” ხელვაჩაურში, 25-ე და 53-ე ბატალიონების ყოფილ ტერიტორიაზეა. აგებულ ფიცრულებში ათასობით ადამიანი შესახლდა და მათი ნაწილი ეკომიგრანტია.

  • ბელგიაში 27 წლის ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა

    {{ARTICLEIMAGE}}ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვისთვის 27 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგიური მედია ავრცელებს.

    დაკავებული წარმოშობით ქართველი, ბელგიის მოქალაქეა. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვაში 3 ადამიანი მონაწილეობდა.

    ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს. ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან.

    ძარცვა ადგილობრივი დროით 2-ის ნახევარზე მოხდა. ბანკში სიგნალიზაციის ხმა დაკეტილი საცავიდან გაისმა. სანამ ბანკის წარმომადგენლებმა საცავი გახსნეს დაახლოებით 20-30 სადეპოზიტო ყუთი უკვე მოპარული იყო და მძარცველები იქ უკვე აღარ იყვნენ.

  • მალხაზ მაჩალიკაშვილი 150 დეპუტატს წერილობითი განცხადებით მიმართავს

    პანკისში სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პარლამენტის 150 დეპუტატს წერილობითი განცხადებით მიმართავს. მალხაზ მაჩალიკაშვილს აინტერესებს პარლამენტის წევრების პოზიცია, ემხრობიან თუ არა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ ამ ხელისუფლების იმედი უკვე აღარ აქვს, თუმცა ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე არ ეტყვიან, რატომ ესროლა სპეცრაზმელმა მის შვილს. 

  • 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმე: ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

    გორში მოკლული გოგონას ნანა ბერიაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია. ოჯახის ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ურიკაზე და ბავშვის ტანსაცმელზე აღმოჩენილი დეენემის კვალი, ამ საქმეზე დაკავებულ იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. ასევე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, იმ მავთულებზე აღმოჩენილი დეენემიც, რომლითაც გოგონას ხელ-ფეხი ქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძეს ეკუთვნის. ექსპერტიზის დასკვნას ბავშვის ბაბუაც ენდობა, რომელიც ასევე გაეცნო მას და ახლა სასამართლო გადაწყვეტილებას ელოდება.

    შეგახსენებთ, 2017 წლის 25 ოქტომბერს 8 წლის გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის 141 მუხლითაც წაუყენეს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.