Category: არქივი

  • ზურაბ დათუნაშვილს გეგეშიძის სინანულის არ სჯერა

    ევროპის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ზურაბ დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის საუბარი შერიგებაზე, მხოლოდ მისი თანამდებობის შენარჩუნების მიზნით ხდება. ამის შესახებ დათუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

    “ვითხოვ, რომ მოძალადე ადამიანი დაისაჯოს. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უბრალოდ ჩემი გაჩუმება სურს და თავისი სკამის შენარჩუნება. ფედერაციის პრეზიდენტის სინანული ფორმალობაა, ამის მერე არაფერი შეიცვლება. აქამდეც, ზაფხულშიც მქონდა პრობლემა, დაველაპარაკე ამ ხალხს და არაფერი შეცვლილა. შიგნით ისეთი რაღაცები ხდება, რომ ამას ვერავინ გააკონტროლებს. პიროვნულად მართლა შერიგება რომ სდომოდა, თავიდანვე იტყოდა. ხელი არ მომიქნევიაო, მაგრამ ახლა აღიარებს და ვნახოთ, შეიძლება ისიც აღიაროს, რომ ხელში რკინა ეჭირა და ის ჩამარტყა”, თქვა დათუნაშვილმა.

    ქართველი მოჭიდავე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ გაუგებარია, პრეზიდიუმმა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე, რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როცა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავად არის.

    დათუნაშვილის თქმით, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ და ფიზიკური დაპირისპირების დროს დათუნაშვილი წინააღმდეგ წავიდნენ.

    მისივე თქმით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს შერიგება და პრობლემის მოგვარება დათუნაშვილს არ სურს.

    ​სპორტსმენის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ გეგეშიძესთან შერიგება იმ პრობლემებზე გაჩუმებას ნიშნავს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არსებობს.

    “პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ საქმე, თითქოს შერიგება უნდათ და ზურაა წინააღმდეგი. მე თუ შევურიგდები გეგას, მას უბრალოდ ფულადი თანხით დააჯარიმებენ, რასაც მოჭიდავეების ფულით გადაიხდის. ამ ადამიანს შერიგება არ უნდა, მას უნდა რომ მე გავჩუმდე და მან სკამი შეინარჩუნოს. ამ მიზნით, შესაძლოა ისიც აღიაროს, რომ რკინა ეჭირა ხელში და ის ჩამარტყა, თავიდან ხელის მოქნევასაც არ აღიარებდა. პრეზიდიუმის სხდომა რომ ჩაინიშნება, გავერკვევი ვინ იქნებიან მის შემადგენლობაში და იმის მიხედვით გადავწყვეტ დავესწრები თუ არა პრეზიდიუმის სხდომას. ​მე ვაპროტესტებდი, გადავედი ლეიბიდან და თავში ჩამარტყეს რაღაც, კიდევ მე უნდა მივიღო დისკვალიფიკაცია?”, აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

    ქართველი მოჭიდავე ამბობს, რომ მისთვის მარტივი გადაწყვეტილება არ არის ქვეყნიდან წასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.

    “ჩემთვის არ არის მარტივი ავდგე და წავიდე. მაშინ ფედერაციამ უნდა შემიქმნას პირობები, რომ ჩემი მაქსიმუმი დავხარჯო. აქამდეც მქონდა პრობლემები, დაველაპარაკე ამ ხალხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. შარშან ზაფხულში მქონდა იგივე პრობლემა. ვიბლოკებოდი. სამი საერთაშორისო ტურნირიდან, არც ერთგან წასვლის უფლება არ მომცეს. 2013 წლის შემდეგ საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ წამიგია, მხოლოდ ერთხელ წავაგე, ისიც ჩემს ძმასთან”, აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი.

  • რეზოლუცია კონგრესში: ვგმობთ რუსეთის ვასალი სახელმწიფოს მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას

    აშშ-ის კონგრესს წარედგინა სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია – ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ცნობილი გახდა კონგრესმენ ფრანცის რუნისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შორის გამართული შეხვედრისას. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ინიცირება წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გამოხატულებას.

    “რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონი ოკუპირებას. “საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია მშვიდობისა და დემოკრატიის გასავრცელებლად ევრაზიის რეგიონში”, ნათქვამია რეზოლუციაში.

    “ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს (“client state”)) – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას”, აღნიშნულია რეზოლუციაში.
    ის ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინეტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.
    კონგრესმენი რუნის განმარტებით, “საქართველო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოკავშირეა ევრაზიის კონტინენტზე.”
    რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.

    “რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა.” .. აშშ და მისი პარტნიორები საჭიროა წინ აღუდგნენ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ექსპანსიას”, წერია რეზოლუციაში.

  • აქცია პარლამენტთან: კილაძე არ არის სისხლხორცით უფლებადამცველი, თავს ესხმის უფლებადამცველებს

    არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომას საკანონმდებლო ორგანოსთან აქციით ითხოვს.პროტესტის ორგანიზატორები არიან “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,””თანასწორობის მოძრაობა” და “ქალთა მოძრაობა.”მათი შეფასებით,სოფიო კილაძის საჯარო განცხადებები და პირადი დამოკიდებულება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან სრულიად შეუსაბამოა მის ამჟამინდელ თანამდებობასთან.
    აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, “სოფიო კილაძის დამოკიდებულება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ შეუსაბამოა საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად გაცხადებულ პოლიტიკასთან, ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მას, ატარებს დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული ჯგუფების ჩაგვრის გამართლებისკენ.”
    აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ “სოფიო კილაძეს არც განათლება აქვს და არ არის სისხლხორცით უფლებადამცველი. ის არის ადამიანი, რომელსაც უმცირესობებთან აქვს პრობლემები, ვერ ეგუება მათ და არ არის ტოლერანტული; თავს ესხმის უფლებადამცველებს”.
    დღევანდელი აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 4 თებერვალს, ბავშვის უფლებათა კოდექსის განხილვისას სოფიო კილაძე დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წევრებს ანა არგანაშვილსა და ანა აბაშიძესთან, რომლებიც დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია 2018 წლის მაისის დასაწყისშიც გამართა მას შემდეგ, რაც კილაძემ განაცხადა, რომ კომიტეტი არ აპირებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას.
  • ხმაურიანი დაპირისპირება განათლების კომიტეტში, სადაც მინისტრის მოსმენა გვიან ღამემდე გაგრძელდა

    განათლების მინისტრის მოსმენა საღამოს განათლების კომიტეტში გაგრძელდა. სხდომაზე დაპირისპირება ზუგდიდის 6–ე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ოპოზიციამ მინისტრი სკოლებში ზონდერების გაგზავნასა და დირექტორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოპოზიციამ სიტყვა “მკვლელობა“ ახსენა, რასაც უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. უმრავლესობამ ოპოზიციას უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ მოუწოდა.
    {{VIDEO}}