Category: არქივი

  • ბაღების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელს ოპოზიცია საკრებულოში იბარებს

    საკრებულოს ოპოზიცია ბაღების მართვის საააგენტოს ხელმძღვანელს ფრაქციის სხდომაზე იბარებს, თუმცა კახაბერ გვანცელაძე ოპოზიციის კითხვებს არ პასუხობს. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი იმ მწვავე კითხვებზე პასუხებს, რაც ოპოზიციას აქვს, თავს არიდებს. კერძოდ ლევან ხაბეიშვილის თქმით, მათი კითხვები ბაღებში კვების ხარისხსა და ერთ-ერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში პიროტექნიკის აფეთქებას უკავშირდება, რის შემდეგაც დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა, ხოლო მისივე თქმით, ბაღებში ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი საკვები პროდუქცია შეაქვთ.

    ბაღების მართვის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ამბობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სხდომაზე გვანცელაძის დაბარების შესახებ სააგენტოსთვის წინასწარ არ უცნობებია.

  • ექსპერტიზის დასკვნა დიდი დიღმის ტრაგედიაზე

    ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 16 იანვარს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის მიზეზით გამოწვეული აფეთქებისას დაზიანებული კორპუსი საცხოვრებლად მდგრადია, თუმცა როდის შეძლებენ დაზარალებულები სახლში დაბრუნებას უცნობია. საბურთალოს რაიონის გამგებლის ინფორმაციით, კორპუსი ისევ სარეაბილიტაციაო სამუშაოებს საჭიროებს.

    ყველაზე რთული დაზიანებები კორპუსის მეექვსე სართულს აქვს, და ის საცხოვრებლად სრულად უსაფრთხო მას შემდეგ იქნება, რაც მერია სამხარაულის რეკომენდაციებს მოისმენს. ამ ეტაპისთვის თბილისის მერიისგან ბინის ქირის კომპენსაცია 55 ოჯახს ერიცხება.

    16 იანვარს დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვისას აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებულია კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ორი თანამშრომელი.

  • დარჩება თუ დატოვებს “ქართულ ოცნებას” ეკა ბესელია – გამოვრიცხავ, გავუჩინარდე

    დარჩება თუ დატოვებს “ქართულ ოცნებას” – ეკა ბესელიას, რომელიც საკუთარ გუნდს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნის გამო დაუპირისპირდა, ამბობს, რომ გადაწყვეტილებისთვის ჯერ დრო სჭირდება, თუმცა დაწყებული ბრძოლის შეწყვეტას გამორიცხავს. ბესელიას თქმით, ერთედრთი რაც აფიქრებს, არის ის რომ ის და მისი თანამოაზრეები თავისი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შუწყობენ, არამედ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელი შეუშალონ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით დაბრუნებაში.

    “ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, განაცხადა ბესელიამ.

    როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში იტყვის: “ახლა მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრები ამის თაობაზე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ის, რომ არცერთი ჩვენი ნაბიჯით, არცერთი ჩვენი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შევუწყობთ და არ მივეხმარებით, არამედ, ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას. ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს”, განაცხადა ბესელიამ.

    “თუ ყოველდღე მკითხავთ რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება. მართლა გვჭირდება ეს დრო, არ ვართ უქმად და გვაქვს შიდაკონსულტაციები, ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ ეს იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი შედეგზე, იმ შედეგზე, რომელიც ამ პროცესს სჭირდება. დიდხანს არა, ალბათ, იმდენი დღე დაგვჭირდება, რამდენიც აუცილებელია შევჯერდეთ შემდეგ ნაბიჯებზე. ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე. ეს ახლა სხვა ტიპის არჩევანია ჩვენთვის, ეს არის საპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესი. დრო გვჭირდება გასარკვევად, სად ვაგრძელებთ და ვისთან ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასოდეს მითქვამს, არ უთქამს გედი ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და სხვებს. ჩვენ არ შეგვიცვლია ღირებულებათა სისტემა. ჩემი აზრით, შეიცვალა იმ ადამიანების ხედვა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი. ამიტომ დგას ეს არჩევანი პირადად ჩემთვის”, თქვა ეკა ბესელიამ.

  • H1N1 ვირუსის მორიგი მსხვერპლი საქართველოში

    ბათუმში H1N1 ვირუსის შედეგად 72 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მამაკაცი კლინიკაში მკურნალობდა და მაღალი რისკის პაციენტი იყო. მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. აჭარაში ე.წ. ღორის გრიპით წელს სულ 8 ადამიანია გარდაცვლილი.

  • 21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის საქმე

    21 წლის წვევამდელის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი კომენტარს აკეთებს. გიორგი ბუთხუზი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მოკვლევა უკვე მიმდინარეობს და მომხდარს სამხედრო პოლიცია შეისწავლის. რაც შეეხება წვევამდელის ოჯახის განცხადებას, რომ 21 წლის ახალგაზრდაზე ფიზიკურად იძალადეს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ წვევამდელს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, მათ შორის, ტვინის ტომოგრაფია და ტრავმები არ აღენიშნება. ინციდენტი კრწანისის სასწავლო ცენტრში რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით 21 წლის წვევამდელის ოჯახი სერჟანტს ადანაშაულებს. თუმცა, რა მოხდა გვიან ღამით სასწავლო ცენტრში, დაზუსტებით არავინ იცის. წვევამდელის ოჯახი ამტკიცებს, რომ ის სამხედრო ბაზაზე ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.

    საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება. ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა “რუსთავში” ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრამვის კვალი აღმოჩენილა. რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე, არ გამოვლენილა. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია”,წერია უწყების განცხადებაში. 

  • ოდიშარია: რა უბედურებაა – მკვლელი ხარ, მოკალი – ამის ძახილი, დავფიქრდეთ რა

    განათლების მინისტრის მოსმენა საღამოს განათლების კომიტეტში გაგრძელდა. სხდომაზე დაპირისპირება ზუგდიდის 6–ე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საკითხის განხილვას მოჰყვა. სხდომას გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელაია და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. ოპოზიციამ მინისტრი სკოლებში ზონდერების გაგზავნასა და დირექტორის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ოპოზიციამ სიტყვა “მკვლელობა“ ახსენა, რასაც უმრავლესობის პროტესტი მოჰყვა. უმრავლესობამ ოპოზიციას უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვისკენ მოუწოდა.{{VIDEO}}

  • ჯარის ეკიპირება, სპეცფორმები და ფეხსაცმელი კითხვის ნიშნის ქვეშ

    აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც ძალოვანებისთვის უნიფორმების დეფიციტზე იყო საუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი აფასებს. მინისტრის მოადგილე უარყოფს, ინფორმაციას, რომ უნიფორმების საკმარისი რაოდენობა არ აქვს უწყებას.

    სახელმწიფო მაკონტროლბლის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ დღეს სამინსიტროს საწყობებში ჟურნალისტები შეიყვანეს და ჯარისკაცების ფორმები უჩვენეს. აუდიტის სამსახური კრიტიკულ დასკვნაში კი წერს, რომ ჯარს არ აქვს საკმარისი ეკიპირება, სპეცფორმები და ფეხსაცმელი.
    გიორგი ბუთხუზი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არა დეფიციტი, არამედ უნიფორმებისრეზერვი აქვს უწყებას. მისივე თქმით, 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც უნიფორმების გაცემის წესი შეიცვალა და სამხედროები ორ წელში სამ უნიფორმას მიიღებენ.
    აუდიტის დასკვნა ეფუძნებოდა გასულ წლებს და კონკრეტულად ბოლო დასკვნა 2017 წელს. დასკვნაში მითითებული პრობლემები ძირითადად იყო მემკვიდრეობითი. 2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ გატარებული თანმიმდევრული და სწორი სანივთე პოლიტიკის შედეგად, 2018 წლიდან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები 100%-ით არიან უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით და იქნება შესაბამისი მარაგები რომელიც გარდამავალი იქნება. მინდა სიამაყით განვუცხადო საზოგადოებას, რომ ქართული ჯარი 2018 წლიდან და შემდგომ წლებში იქნება სრულად უზრუნველყოფილი სანივთე ქონებით. 2019 წლიდან შეიცვალა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ფორმით უზრუნველყოფის ნორმები. ადრე თუ გაიცემოდა ერთ წელიწადზე ერთი ფორმა, დღეს კაპრალ სერჟანტების პირად შემადგენლობაზე ორ წელიწადში სამი ფორმა გაიცემა, ხოლო ოფიცრებზე იგივე რაოდენობა ოღონდ ორწელიწადნახევარზე.
    ეს მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას და შექმნის იმ უწყვეტობის ციკლს, რომელიც მომავალ წლებშიც გადავა”, განაცხადა გიორგი ბუთხუზმა. მისივე თქმით, სანივთე ქონების მარაგების შევსება პერიოდული და უწყვეტი პროცესია და პროდუქცია წინა წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
    შეგახსენებთ, აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი (აღსანიშნავია რომ წლების განმავლობაში უნიფორმებით უზრუნველყოფა უმჯობესდება) ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.
  • შეწყვიტეთ თავდასხმა – მოსამართლე ბესელიას

    ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის რამდენიმე წლით შეჩერებასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი აფასებს. მოსამართლე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ დეპუტატის ინიციატივა კონსტიტუციაზე თავდასხმაა.

    “მინდა მივმართო დეპუტატ ეკა ბესელიას და მის თანამოაზრე კოლეგებს, რომლებმაც მომზადეს საკანონმდებლო ინიციატივა, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების თაობაზე: მკაფიოდ ვაფიქსირებ, რომ მსგავსი ქცევა და ქმედება (ვგულისხმობ თქვენ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივას) წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციაზე, ანუ თავდასხმას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციაზე, ასევე წარმოადგენს თავდასხმას საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების სხვა შტოს ლეგიტიმურობაზე. ასეთი ქცევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას!!! შეწყვიტეთ თავდასხმა”,წერს მეთოფიშვილი. 

  • რუსეთის მარცხი ბალკანეთში. მაკედონიას ნატოში იღებენ

    იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა, მაკედონია ბოლოს და ბოლოს ნატოს წევრი გახდება. 6 თებერვალს ბრიუსელში “გაწევრიანების ოქმს“ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლა დიმიტროვმა და ნატოს წევრი 29 ქვეყნის ელჩებმა მოაწერეს. საბოლოო გაწევრიანება კი ერთი წლის შემდეგ გაფორმდება. მანამდე ამ ქვეყნების პარლამენტებმა ოქმის რატიფიცირება უნდა მოახდინონ, რასაც სავარაუდოდ ერთი წელი დასჭირდება. პირველ რიგში ოქმის რატიფიცირებას სიმბოლური ჟესტის სახით საბერძნეთი მოახდენს, რადგან სწორედ ეს ქვეყანა ბლოკავდა ნატოში მაკედონიის გაწევრიანებას, სანამ ეს მაკედონია სახელს არ შეიცვლიდა. საბერძნეთი ჩრდილელი მეზობლისგან სახელის შეცვლას იმ მოტივით ითხოვდა, რომ საბერძნეთის სახელმწიფოში არსებობს იგივე დასახელების პროვინცია – მაკედონია.
    გასული წლის ზაფხულში ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმად მაკედონიას სახელი გადაერქვა და “ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა“ დაერქვა. ამ წლის დასაწყისში შეთანხმება ორივე ქვეყნის პარლამენტმა დაამტკიცა, რის შემდეგაც მაკედონიას ნატოსკენ გზა საბოლოოდ გაეხსნა.

    რუსეთის მარცხი
    კიდევ ერთი სლავური სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებას ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი რუსეთის მარცხად განიხილავს, რომელიც ნატოს გაფართოებისთვის ხელის შეშლას თავის სტრატეგიულ მიზნად თვლის. ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ეჭვობდა, რომ რუსეთი მაკედონიის ნატოში გაწევრიანების მიზნით მაკედონიასა და საბერძნეთს შორის შეთანხმების ჩაშლას შეეცდებოდა, თუმცა საბერძნეთისგან განსხვავებით მაკედონიაში რაიმე სკანდალური პროცესის გამოწვევა რუსეთმა ვერ შეძლო.
    როცა გასული წლის ივლისში საბერძნეთთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მაკედონია ნატომ უკვე ფორმალურად მიიწვია მოლაპარაკებებისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ნაბიჯი მორიგი განცხადებით დაგმო. 14 იანვარს კი შეთანხმების მაკედონიის პარლამენტის მიერ რატიფიკაციის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ “ ეს არის ნატოს მარწუხებში ქვეყნის ჩათრევის მიზნით ქვეყნის სახელმწიფოს სახელწოდების შეცვლის პროცესი, რომელიც გარედან არის თავმოხვეული.“
    რუსი და ბალკანელი ექსპერტებიც მუდმივად ამბობდნენ, რომ რუსეთი უკმაყოფილო იყო მაკედონიის ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სვლით არა მხოლოდ იმის გამო, რომ ნატოს საკუთარ მტრად თვლის, ბალკანურ ქვეყნებს კი ისტორიულ მოკავშირედ, არამედ იმის გამოც, რომ მაკედონიაზე “თურქული ნაკადის“ გაზსადენს უნდა გაევლო.

    სხვათა შორის, მაკედონიამ ჯერ კიდევ 2015 წელს, წინა ხელისუფლების დროს განაცხადა, რომ თანახმა იქნება გაზსადენის გაყვანაზე, თუ ის ევროკავშირთან იქნებოდა შეთანხმებული.
    სერბი ჟურნალისტის, ალექსანდრ მილადინოვიჩის თქმით “საბერძნეთსა და მაკედონიას შორის შეთანხმებისა და მაკედონიის ნატოში სრულუფლებიან წევრად მიღების მოახლოებასთან ერთად რუსეთის როლზე საუბარი მიჩუმდა. მხოლოდ მაკედონიის მცირე ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამ თემის განვითარებას, ყველა დანარჩენი უკვე ნატოზეა ფოკუსირებული. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% – როგორც მაკედონელები, ასევე ეთნიკური ალბანელები ამ ნაბიჯის მომხრეა.“
    30 სექტემბერს მაკედონიაში საბერძნეთთან შეთანხმების თაობაზე რეფერენდუმი გაიმართა. ევროინტეგრაციის მომხრეები ამბობენ, რომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის და რეფერენდუმის ბოიკოტირების, ანუ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ბარიერების მოხსნის წინააღმდეგ პროპაგანდით ბევრი პრორუსული ვებგვერდი და სოციალური ქსელის გვერდები იყო დაკავებული.
    თუმცა არანაირი კონკრეტული სკანდალი ბოლო თვეების განმავლობაში მაკედონიაში რუსეთის ღია ჩარევის შესახებ არ ყოფილა. განსხვავებით საბერძნეთისგან, საიდანაც ივლისში ორი რუსი დიპლომატი გააძევეს. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ათენსა და სკოპიეს შორის შეთანხმების ჩაშლას ცდილობდნენ.
    მაკედონიაში და საბერძნეთში შეთანხმების ხელმოწერისთანავე გამოსვლები დაიწყო. სკოპიეში საპროტესტო აქციაში პატარა პრორუსული პარტიის, “ერთიანი მაკედონიის“ ლიდერი, იანკო ბაჩევი მონაწილეობდა, რომელიც მაკედონიის და რუსეთის დროშებს აფრიალებდა. ამ კვირაში კი ბაჩევმა მოუწოდა ნატოში თურქეთის და უნგრეთის ელჩებს ბრიუსელში ხელი არ მოეწერათ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმისთვის. თუმცა ელჩები ამ მოწოდებას იგნორირებით შეხვდნენ.


    ბალკანეთის რუკა ნატოსთვის თითქმის ათვისებულია
    ბევრი ბალკანელი ექსპერტის აზრით იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკები, ჩერნოგორია და მაკედონია ნატოში იმის გამოც მიისწრაფოდნენ, რომ თავი მათ ტერიტორიაზე სერბეთის და სხვა მეზობლების ჰიპოთეტური თავდასხმისგან დაიცვან და შიდა სტაბილურობა უზრუნველყონ. ჩერნოგორია ნატოს წევრი 2017 წელს გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ნატოს წინააღმდეგიყო განწყობილი.
    მაკედონიის გაწევრიანების შემდეგ სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს არაწევრი სამი სახელმწიფო რჩება : სერბეთი, ბოსნი და ჰერცოგოვინა, ასევე კოსოვო.
    სლოვენია ნატოში 2004 წელს გაწევრიანდა. ხორვატია და ალბანეთი -2019 წელს. ჩერნოგორია, როგორც უკვე გითხარით 2017 წელს.  სერბეთი ნატოსთან თანამშრომლობს, თუმცა ალიანსში გაწევრიანებას ჯერჯერობით არ აპირებს. ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება, რომელთათვისაც ნატოს ბლოკი მტრად მოიაზრებოდა გასული საუკუნის 90–იანების დასაწყისში, ბოსნიის ომის დროს, ასევე 1999წელს კოსოვოში ინტერვენციის დროს.
    ბოსნია და ჰერცოგოვინა ნატოს წევრობის ოფიციალური კანდიდატია, თუმცა მის გაწევრიანებას ხელს უშლის ფედერაციიის შემადგენელი ნაწილის, სერბეთის რესპუბლიკის წინააღმდეგობა.  კოსოვო – ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. მას ნატოს ოთხი წევრი – საბერძნეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი და რუმინეთიც არ აღიარებენ. ამიტომაც ალიანსი ჯერჯერობით “პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში მონაწილეობის შესახებ კოსოვოს განაცხადსაც კი არ აკმაყოფილებს.