Category: არქივი

  • მეუღლეზე და არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ 1 კაცი დააკავა

    შსს-მ 1968 წელს დაბადებული კ.ა. ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავა.

    გამოძიებით დაადგინა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1975 წელს დაბადებულ ხ.გ.-ს და არასრულწლოვან შვილს სხვადასხვა დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ასევე გაირკვა, რომ ბრალდებული მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    ოჯახის წევრის მიმართ მუქარისა და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, ასევე, სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სოფელ კირბალთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი გაიტაცეს

    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 17 წლის მოზარდი გაიტაცეს.ამ ინფორმაციას სუსიც ადასტურებს და აცხადებს, რომ საქმეში უკვე ჩართულები არიან ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.

    მოზარდის დაკავება გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კირბალის განაპირას ტყეში მოხდა, სადაც ალიკა შიუკაშვილი თანასოფლელებთან ერთად შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ტყეში შეიარაღებული ფორმიანი პირები გამოჩნდნენ, ნაწილმა გამოქცევა შეძლო, მოზარდი კი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს, რის შემდეგაც ის ცხინვალის მილიციაში გადაიყვანეს. 

    ალიკა შიუკაშვილის ოჯახი სოფლის განაპირას, გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობს. ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე იყო დაკავებული 17 წლის მოზარდის მამაც.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

    საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.

    „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

    კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, გთხოვთ თავი შეიკავოთ ირანში მოგზაურობისაგან. ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე:

    +989352110274;

    +989122997726;

    +989108201041“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ,,ანას ბაღთან” ადგილობრივი მცხოვრებლები და აქტივისტები სკვერს აწყობენ

    ამ წუთებში ,,ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები სკვერს აწყობენ. ისინი სხვადასხვა გასართობ კონსტრუქციას ამონტაჟებენ და ხეებს რგავენ.

    ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, რადგან თბილისის მერმა მათ შვილებს სათამაშო სივრცე არ დაუტოვა, ისინი სკვერს აკეთებენ და ამ ფორმით ეწინააღმდეგებიან მშენებლობას.

    ,,არ ეგონოს არავის, რომ ფარხმალი დავყარეთ. ყველანაირ ღონეს მივმართავთ, რომ ჩვენი შვილებისთვის სივრცე შევინარჩუნოთ”,- ამბობს ის.

    აქტივისტი გიგა მაქარაშვილის განცხადებით, ეს სკვერი იმის მაგალითი იქნება, თუ როგორ მოუგებს მართალი საზოგადოება სისტემას.

    ,,დილით გაღვიძებული თბილისი იგრძნობს, რომ მის ხელშია სიმართლე და შესაბამისად, მის ხელშია გამარჯვება. თუ არ დატოვებენ ამ სკვერს, ორჯერ უფრო დიდს ავაშენებთ, ვერ მოგვიგებენ”,- თქვა მაქარაშვილმა.

    მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.

    მოქალაქეების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, სკვერის ადგილას არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.
  • თეირანი–თბილისის რეისის 4 მგზავრი ვირუსის სიმპტომებით ინფექციურში გადაიყვანეს

    ინფექციურში თეირანი-თბილისის რეისის 4 მგზავრი გადაიყვანეს – მათ კორონავირუსზე გამოკვლევები ჩაუტარდებათ

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, ცოტა ხნის წინ, კიდევ 4 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ.  ერთ-ერთ მათგანს ტემპერატურა ჰქონდა მომატებული. პაციენტები ბოქსირებულ განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათ გამოკვლევები უტარდებათ.

    შეგახსენებთ ირანში კორონავირუსთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუარესდა.  Corvid-19-ს უკვე 5 ადამიანი ემსხვერპლა.

    იქნება თუ არა, ირანთან ფრენების შეწყვეტა კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმი – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

    საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყნებს შორის რჩება, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ სამეზობლოში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევების გამო, მთავრობამ კონკრეტული პრევენციული მექანიზმები აამოქმედოს, მათ შორის შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე.

  • ,,მათი ნდობა შეუძლებელია”- ზურა ჯაფარიძე მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გამორიცხავს

    ზურა ჯაფარიძის თქმით, ,,ქართულ ოცნებასთან” გირჩი თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან პროპორციულის ჩაგდების შემდეგ, მათი ნდობა შეუძლებელია.

    ,,მას შემდეგ რაც ჩვენ გადაგვაგდეს ყველა ერთად, მათთან საუბარი და მათი ნდობა უბრალოდ არის შეუძლებელი. რაზეც იყო საუბარი, რომ გირჩის ზოგადი ფორმულა არის ის, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ იმასთან, ვინც მეტ თავისუფლებას დაგვპირდება, ეს ფორმულა დღეს აღარ მუშაობს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ გადაგდებულები, ამ ხელისუფლებას არ ენდობა არავინ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ამიტომ ეგ საკითხი ამოწურულია”,- აცხადებს პოლიტიკური პარტია ,,გირჩის” ლიდერი.

  • ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან აქცია დღესაც იმართება

    აქტივისტები ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან დღესაც შეიკრიბნენ.

    ისინი უკვე მე-4 დღეა ითხოვენ, რომ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მანდატი დატოვონ, რადგან მათ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერეს.

    ,,მათი უპასუხისმგებლო, არშემდგარი პერფორმანსის გამო იმ სიმბოლურ ადგილზე, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის არაერთმა ჩვენმა თანატოლმა წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლეც კი დათმო, ამ ადამიანებმა პრორუსული ჰიმნის გაჟღერებით, ვფიქრობთ, რომ არა საქართველოს ევროპულ მომავალს შეუწყეს ხელი, არამედ პირიქით”,- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

    აქტივისტები უარყოფენ, რომ ,,ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები არიან და ირწმუნებიან, რომ ,,ევროპული საქართველოს” ოფისთან საკუთარი ნებით, ჯანსაღი პროტესტის გამოსახატად მიდიან.

    20 თებერვალს მოძრაობამ ,,გხედავ” შეძლო აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება. მოძრაობის ცნობით, ისინი ქართული ოცნების” აქტივისტები არიან.

    18 თებერვალს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში სსრკ-ის ჰიმნი არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს ჩართეს იმის ხაზგასასმელად, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ქვეყანას საბჭოთა მეთოდებით მართავს.

  • მე რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს არჩილ ტატუნაშვილის გმირობის დამსახურებაა- ვაჟა გაფრინდაშვილი

    ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ოკუპანტებს 48 დღის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდათ, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებს.

    მისი თქმით, რომ არა ტატუნაშვილის გმირობა, ის თბილისში მშვიდობით ვერ იქნებოდა.

    ,,დღეს არის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღე. მე მინდა, ოჯახს მივუსამძიმრო. მე რომ მშვიდობიანად ვარ თბილისში, ეს არის ბატონი არჩილის გმირობის დამსახურება. მისი დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა არც ერთხელ ფიზიკური ზემოქმედება ჩვენს თანამემამულეებზე”, – თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

    2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და წამებით მოკლეს, მისი ცხედარი კი იჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს.

    ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს კასპის რაიონში დააკავეს და 48-დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.

  • “ტატუნაშვილი გმირია”- სამოქალაქო აქტივისტებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მდუმარე აქცია გამართეს

    “ტატუნაშვილი გმირია”- მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ტრანსფარანტები მიიტანეს და მდუმარე აქცია გამართეს. ასე გააპროტესტეს მოძრაობის წევრებმა, 2 წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი წამებით მკვლელობა.

    “არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 2 წელი გავიდა, ჩვენ დღეს რუსეთის საელჩოსთან მოვედით და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს არჩილ ტატუნაშვილი და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგდეგ,” – აღნიშნა სამოქალაქო აქტივისტმა.

    აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმეს და ტატუნაშვილთან ერთად, პატივი ყველა იმ გმირს მიაგეს, რომელიც ოკუპაციასთან ბრძოლას შეეწირა.

  • “ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ” – ილია მეორე

    ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე.

    “ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამას, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი მიცავს, ღმერთი გვაძლევს მადლს და ძალას რომ გავუძლოთ, მე მადლობელი ვარ რასაც თქვენ აკეთებთ მთაში, მტა ძლიერია, მთა ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს აკეთებს, ძალა მოგცეთ მამა ზეციერმა, მადლობელი ვარ”, – თქვა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ მთას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხალხი დაბრუნდეს სოფლებში.

    პატრიარქმა 21 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და ამ ეპარქიის წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ შორის, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, თამაზ მეჭიაური, მწერლები ბესიკ ხარანაული და ტარიელ ხარხელაური და სხვანი.

    პატრიარქმა დალოცა სტუმრები და იმედი გამოთქვა, რომ სირთულეების მიუხედავად გაძლიერდება მთა და ჩვენი ქვეყანა.