Category: არქივი

  • პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება.

    ნათია მეზვრიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვებზე ძალადობის თემა ძალიან სენსიტიურია.

    “ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას”, განაცხადა მეზვრიშვილმა.

  • კობახიძე: “ნაცმოძრაობისთვის” პასუხის გაცემაში საზოგადოებას დავეხმარებით, თუმცა ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო

    რატომ სჭირდება “ქართულ ოცნებას” პრევენციული ღონისძიებები “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური აქტივობის მიმართ და ხომ არ ეშინია მმართველ გუნდს ოპოზიციის, ამ კითხვებით მიმართეს დღეს ჟურნალისტებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, როდესაც ბელგიის ქალაქ ლიეჟში განვითარებული მოვლენების შეფასება სთხოვეს.

    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ “ქართულმა ოცნება” არაერთხელ დაამტკიცა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შიში არ აქვს და “ნაციონალურ მოძრაობას” უფლება აქვს, შეიკრიბოს სადაც უნდა, თუმცა პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია.

    “რამდენჯერაც შეეცდება “ნაციონალური მოძრაობა” თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემ საზოგადოება საკადრის პასუხს თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას ჩვენც დავეხმარებით, ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო, სხვა შემთხვევაში შეგვიძლია, ჩვენც დავეხმაროთ. საზოგადოებამ გასცა პასუხი, როგორც წარსულში გაუცია. ასევე – მომავალშიც გასცემს პასუხს”, აცხადებს ირაკლი კობახიძე.

    {{VIDEO}}

  • 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

    13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.

    რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში 13 წლის ბავშვის მკვლეობაში ბიძაა ბრალდებული. 

  • კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? – ფარული ჩანაწერების საქმეში ფიგურანტის ძმა

    პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა.

    გაზეთი “კვირის პალიტრა” ანდრეევის ძმას იმ ფაქტების შესახებ ესაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა რუსთავი 2 -ის ეთერში მის მიერ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    “მისგან ყველაფერს ველოდი, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს – არა. კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა¬ (დიმიტრი ანდრეევი ფაცებოოკ-ში სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. – ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა. ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფაცებოოკ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ! არ ვიცი, რისთვის უნდოდა ეს სპექტაკლი, ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო. ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით. ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან. კაცს სინდისი უნდა გქონდეს, რომ ჩადენილისთვის სასჯელი ღირსეულად მოიხადო. ამ საქმიდან დასაძვრენად არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო და სხვას რაღაცები დააბრალო. ყველა მისი სიტყვა ტყუილია. უნდა გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ალაპარაკებს”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” რომა ანდრეევმა.

    როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ბუბა ლომთათიძის სახელით დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

    პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან, სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

  • ქართველების შეხლა–შემოხლა ბელგიაში. ადამიანების ჯგუფმა სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლა სცადა

    ხმაური ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზის გარეთ, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იყო დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე დაიწყო. ადამიანების ჯგუფმა, რომლებსაც სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პლაკატები ჰქონდათ თან სხდომათა დარბაზში შესვლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
    პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.ისინი ამბობდნენ, რომ საქარველოდან ლიეჟში საკუთარი სახსრებით ჩავიდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა უნდოდათ. შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

    გარეთ მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან მაინც შედგა. ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შეიჭრა. მან შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.ინციდენტის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვიტავს და მან შეკრებილ ქართველებთან საუბარი განაგრძო.

    ტელეკომპანია რუსთავი2–ის ინფორმაციით პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
    კურიერის ინფორმაციით მეორე დღეა ბელგიის ქალაქ ლიეჟში სუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.კურიერის გადამღები ჯგუფი კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე იმყოფებოდა, როდესაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შენიშნა, რომელიც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ფოტოებს უღებდა. მან ჟურნალისტის დანახვისთანავე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
    მსგავსი ტიპის ადამიანების ყოფნა შეინიშნებოდა სხვა ტერიტორიაზეც. ეს ადამიანები უშუალოდ კონგრესის შენობაში, სადაც ქართველების შეკრება იმართება, არ გამოჩენილან და სიტუაციას მიმდებარე ტერიტორიაზე აკონტროლებდნენ, თუმცა კითხვაზე, “რომელი ქვეყნიდან ჩავიდნენ ისინი ლიეჟში,” ან “რომელ დიასპორას წარმოადგენენ” – პასუხების გაცემა არ ისურვეს და ტერიტორიიდან მიიმალნენ.
    კურიერის ინფორმაციით ლიეჟში ჩასული სუს-ის ის წარმომადგენლები, ადამიანებზე ახორციელებენ კურირებას, რომლებიც ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.გარდა ამისა, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ სხედან ავტობუსში ქართველები, რომლებმაც შეკითხვებზე, საიდან არიან და რისთვის ჩავიდნენ ლიეჟში, არ პასუხობენ.

    ინციდენტების მიუხედავად სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა მაინც შედგა. სააკაშვილმა ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
    „ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. წაგვართვეს სიტყვა იმედი და წაგვართვეს სიტყვა ოცნება. ყველაფერს გვართმევენ. ოცნება რომ გვესმის ცუდი ასოციაციაა უკვე. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ოცნების საქართველო. ივანიშვილმა გამოუცხადა ომი საქართველოს, როგორც ერს. საქართველოს, როგორც საზოგადობას. ივანიშვილის კონცეფცია არის ძალიან მარტივი. ყველა უნდა იყოს დაჩმორებული, ყველა უნდა იყოს ღარიბი და მთელი დოვლათი უნდა იყოს მარტო მის ხელში. ჩემი კონცეფცია არის სრულიად საწინააღმდეგო, საქართველოს უნდა იყოს მდიდარი, თითოეული ქართველი უნდა იყოს მდიდარი და ეს უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    მისი თქმით, ყველა ის ემიგრანტი, რომელიც არის საქართველოდან გასული, არის საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონდეს საქართველოს პასპორტი.
    სააკავშილის თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის დაბრუნდეს, თუმცა ეს მალე მოხდება.
  • პოლიციამ ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამ პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 9 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • სმარტფონები, რომელთა გამოსხივება დასაშვებ ნორმას აღემატება

    გერმანული კომპანია Statista –ს იმავე დასახელების ონლაინ პორტალმა ტვიტერის საკუთარ ექაუნთზე სმარტფონების ანტირეიტინგი, ანუ იმ სმარტფონების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველაზე მაღალი დონე აქვთ. სიაში 16 სმარტფონი შედის. როგორც ირკვევა გამოსხივების ყველზე მაღალი დონით კომპანია Xiaomi და OnePlus – ის მოდელები გამოირჩევა. პირველ ადგილზე მოხვდა მოდელი Xiaomi Mi A1, მას მოყვება მოდელი OnePlus 5T ანტილიდერების სამეულს კი Xiaomi Mi Max 3 ასრულებს. ანტირეიტინგში მოხვდნენ ეფლის მოდელებიც – iPhone 7 ათეულში მოხვდა, iPhone 8 с კი მეთოთხმეტე ადგილზე.

    სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.


    მცირე რაოდენობით ელექტრომაგნიტური გამოსხივება სრულიად უსაფრთხოა. ნორმის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში კი მან შეიძლება ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოახდინოს გავლენა და ორგანიზმის უჯრედების ნგრევაც კი გამოიწვიოს.
    Statista–მ კვლევაში გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური უწყების მონაცემები გამოიყენა. კომპანია აზუსტებს, რომ გაზომვები უშუალოდ ზარის განხორციელების დროს მოხდა და არა ტელეფონის პასიურ მდგომარეობაში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სიაში მოხვედრილი სმარტფონების გამოსხივება გერმანიაში დადგენილ ელექტრომაგნიტური გამოსხივების რეკომენდირებულ დონეს აღემატება. გერმანიის ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით გამოსხივების უსაფრხო დონე 0.6 ვტ/კგ –ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხვალ დილიდან მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება.
    დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შესძლებს გადაადგილებას; ჩაიკეტება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ; ასევე, ჩაიკეტება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ; ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შესძლებენ.
  • ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში ერევნის ციხიდან აიტვირთა შსს –მ დაადასტურა. შსს-მ შაბათის კურიერის ანონსის გასვლის შემდეგ დაადასტურა, რომ ერევნის ციხის ქართველი პატიმარი დეპუტატის საქმეში ფიგურირებს.უწყების ინფორმაციით, სომხეთის ერთ-ერთ ციხეში ჩხრეკაც ჩატარდა და მობილური ტელეფონიც ამოღებულია, თუმცა, პოლიციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი, რატომ მალავდნენ ამ ამბავს მანამდე, ვიდრე ფაქტის შესახებ კურიერმა არ გაიგო და ინფორმაცია არ გაასაჯაროვა.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ facebook-ის გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა – buba lomtatidze-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები.
    ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და FACEBOOK-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ facebook-ის გვერდით – buba lomtatidze-ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
    საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის. დ.ი.-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად, 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.
    ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას ამოღებულია მისი კუთვნილი samsung-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც youtube-ზე კადრები ატვირთა.
    პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში, ან მის წახალისებაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები,“ – წერია შსს–ს განცხადებაში.
    კურიერის ინფორმაციით კიბერდანაშაულის დეპარტამენტის გამომძიებელი, შოთა ჯანჯღავა, პატაკში სამინისტროს მაღალჩინოსნებს წერს, რომ ბუბა ლომთათიძეა ადამიანი, ვინც ბესელიას კადრებს ღია სივრცეში ავრცელებს.პატაკში წერია, რომ ლომთათიძემ ბესელიას ვიდეომასალა გააზიარა, ანუ კადრები სხვისი Facebookგვერდზე იყო ატვირთული და კადრები მის პირად გვერდზე გადმოიტანა, თუმცა, კურიერის ინფორმაციით რეალობა სულ სხვაა. ერევნის ციხის ქართველმა პატიმარმა კადრები 28 იანვარს თავად ატვირთა. ანუ ის იყო ვიდეომასალის გავრცელების წყარო, თუმცა, ეს ფაქტი შს თანამშრომელმა პატაკში არ ასახა.
    სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ბუბა ლომთათიძე წერს, რომ ვიდეომასალის გასაჯაროვების მიზეზი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა იცის.
    ამ აღიარებითი წერილის მიუხედავად, შს სამინსიტროს ბრალი ბუბა ლომთათიძისთვის ამ დრომდე არ წარუდგენია.
    კანონის თანხმად, განცხადება, სადაც ლომთათიძე ივანიშვილის გვარს ახსენებდა, პოლიციას საქმეში რომ ჩაედო, მაშინ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე ივანიშვილის დაკითხვაც მოუწევდა.
    კურიერი აზუსტებს, რომ საქართველოს მოქალაქე სასჯელს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის, საკუთარ მეუღლესთან ერთად, ერევნის ციხეში უკვე 9 თვეა, ბრალდებულის სტატუსით იხდის. სომეხი სამართალდამცველები მას 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობას ედავებიან.
    ბუბა ლომთათიძე კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში ვრცლად საუბრობს მის დაპირისპირებაზე ივანიშვილების ოჯახთან და მის კონფლიქტზე ურეკის პოლიციასთან.
    რანდემინე კვირის წინ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.