Category: არქივი

  • თბილისში “ქურდული შეკრების” მონაწილეები დააკავეს

    “ქურდული სამყაროს” წევრობის, “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სადაც განაცხადეს, რომ შსს განაგრძობს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და უწყების მიზანია ქვეყანაში “ქურდული სამყაროსა” და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა:

    “თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, “ქურდული შეკრება” გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.

    ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. “კანონიერი ქურდი” სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება “ქურდული წესებით” გადაწყვიტა. სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.

    ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. “კანონიერ ქურდ” სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის, “კანონიერი ქურდობის”, “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”.

  • ტრამპს ოპონენტი ციხეში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს

    მასაჩუსეტსის შტატის დემოკრატი სენატორის, ელიზაბეტ უორენის აზრით აშშ–ს პრეზიდენტო 2020 წლამდე შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. ელიზაბეტ უორენი საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობს. “2020 წელს დონალდ ტრამპი შესაძლოა პრეზიდენტი აღარც იყოს. სინამდვილეში შესაძლოა თავისუფლებაზეც აღარ იყოს… თუმცა დონალდ ტრამპი არ არის ჩვენი ერთადერთი პრობლემა“ – განაცხადა სენატორმა აიოვაში გამართულ მიტინგზე.
    პოლიტიკოსის აზრით ტრამპი შესაძლოა ციხეში მისი ტვიტების გამო აღმოჩნდეს, რომლებიც სავსეა რასისტული და სიძულვილით აღსავსე გამონათქვამებით.
    ასეთი განცხადებით უორენმა ტვიტერში ტრამპის პოსტს უპასუხა, რომელიც არაპირდაპირ ინდიელების დაცინვას შეიცავდა. “დღეს ელიზაბეტ უორენი, რომელსაც ხანდახან პოკაჰონტას ვეძახი, საპრეზიდენტო მარათონს შეუერთდა. იყრის თუ არა ის კენჭს, როგორც ძირძველი ამერიკელების პირველი კანდიდატი თუ გადაწყვეტს, რომ 32 წლის შემდეგ ეს უკვე აღარ არის კარგი? შევხვდებით კამპანიის დროს. “– დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
    დონალდ ტრამპი რამდენიმე წელია დასცინის უორენის განცხადებებს მისი წარმოშობის შესახებ. სენატორი დიდი ხანია ამბობს, რომ მის ძარღვებში ინდიელების სისხლი ჩქეფს. სწორედ ამის გამო ეძახის მას ტრამპი პოკაჰონტას. ეს არის ინდიელების პრინცესას სახელი , რომელიც ამავე სახელწოდების მულტფილმის მთავარი გმირია. თუმცა 2018 წელს სენატორმა დნმ ტესტი ჩაიტარა და დაამტკიცა, რომ მისი წინაპრები მართლაც ძირძველი ამერიკელები, ანუ ინდიელები იყვნენ და ის 1/32 –ით ინდიელია.
  • საგანგებო სიტუაციების სამსახური დღეიდან შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს

    საგანგებო სიტუაციების  სამსახური  ქვეყნის მასშტაბით 14 თებერვლიდან შენობა-ნაგებობების შემოწმებას დაიწყებს.

    “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტები შემოწმებას 3 ეტაპად განახორციელებენ. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას სამსახური მოახდენს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოხდება კანონით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება. კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში, საგანეგო სიტუაციების სამსახურს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება,”-წერია განცხადებაში.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმებისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილს.

    სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

  • საფრანგეთის ელჩი: “TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია ნამდვილად

    საქართველოში საფრანგეთის ელჩისთვის “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

    პასკალ მენიეს შეფასებით, ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება უცნაურია.  

    “ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“, განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

  • სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – დავა ტერმინების გარშემო

    სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – ადამიანის უფლებების კომიტეტში, სადაც სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფი ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ამოღებას ითხოვენ. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ერთ-ერთ გამომსვლელს მოუწოდა, სიძულვილის ენა არ გამოეყენებინა.

  • ქართველმა დეპუტატმა ბაქოში 600 ევროდ იმღერა

    დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2 320​ ლარი გადაუხადეს “ჰარდ როკ კაფემ” და ფაბ “ნალში”. ამ კლუბებში დეპუტატი გასულ წლებშიც უკრავდა.

    2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მან თბილისში დაკვრისთვის 5 466 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციაში აღრიცხულია ბაქოში ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი, ასევე 600-ევროიანი ჰონორარით. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7 200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.

    2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ “ჰარდ როკ კაფეში” უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1 200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამისათვის მას 6 300 ლარი გადაუხადეს.

    ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის მესამე ოლქში აირჩიეს.

    ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს მოხვდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში.

    ეს ანგარიში დეპუტატების არადეკლარირებულ ქონებას, ბიზნესკავშირებსა და დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ზაზა ხუციშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მეტრი).

    მოგვიანებით, საჯარო სამსახურის ბიურომ დაადასტურა, რომ არასრული იყო 59 დეპუტატის დეკლარაციები. მათ შორის იყო ზაზა ხუციშვილიც.

  • ყველაზე მეტად ეშინიათ იმის, რომ ჩვენ ცივილიზებულად ვამარცხებთ – გრიგოლ ვაშაძე ლიეჟში ემიგრანტებთან

    ბელგიაში, ქალაქ ლიჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც ჩავიდა. მან კონგრესის სასახლის დარბზში შეკრებილ ემიგრანტებს სიტყვით მიმართა, არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა ფორმას გამოიყენებს ხელისუფლების ცივილიზერბულად შესაცვლელად. „მათ ყველაზ მეტად ეშინიათ იმის, რომ ცივილიზებულად ვამარცხებთ, თუ საჭირო გახდება საყოველტაო გაფიცვასაც გამოვიყენებთ“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

  • ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

    ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით ქალს ჭრილობები საკუთარმა მეუღლემ მიაყენა. დაშავებული ამჟამად ღუდუშაულის კლინიკაშია გადაყვანილი.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს