Category: არქივი

  • სააკაშილი: თუ ოლიგარქებს ცოტათი შევაშინებთ ევროპის ცენტრში “ტიტუშკებს” გამოგზავნიან

    ბელგიაში განვითარებული მოვლენებზე გერმანულ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა. 

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.

    “შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი მსოფლიოდან. აქტივისტების და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერენ თავიანთ ქვეყნებს, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა მიგრანტების სპეციალური ბანკის ორგანიზება, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული. ამისთვის წამყვან სპეციალისტებს მოვიწვევთ. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არის იგივე სიტუაცია, როგორიც უკრაინასა ან მოლდოვაში. მათ ოლიგარქები აკონტროლებენ. ერთი, ორი ან სამი ადამიანი ყველაფერს წყვეტს. ხოლო მათი აზრი, ვინც რეალურად ინახავს ამ ქვეყნებს – არავითარ აინტერესებს. თუკი ოლიგარქებს მხოლოდ ცოტათი შევაშინებთ ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებს მოიპარავენ, შეავიწროებენ მედიას და მასიურად დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, ან ევროპის ცენტრში ე.წ. “ტიტუშკებს” გამოგზავნიან, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • ხაბეიშვილი: სააკაშვილი აუცილებლად ჩამოვა და ივანიშვილის ხელისუფლებაც დასრულდება

    რა მოხდა ლიეჟში, რა გეგმები აქვს მიხეილ სააკაშვილს და რატომ ეშინია მისი საქართველოს ხელისუფლებას – ლევან ხაბეიშვილი “ბარიერში”. 

    “ხელისუფლება არის სრულ ისტერიკაში”, “ლიეჟში გააკეთეს ის, რაც გააკეთეს კორცხელში”, “ხელისუფლებას ეშინია სააკაშვილის ყველა ნაბიჯის”, “თვითონ გაიქცხევა ბიძინა ივანიშვილი”, “მართლა ვინმეს სჯერა, რომ სააკაშვილის დამჭერები არიან ესენი”? “თუ ნაცმოძრაობას და სააკაშვილს ებრძვი, ფარცხალაძის, მურუსიძე- ჩინჩალაძის და კობახიძის გვერდზე როგორ ხარ? “სააკაშვილი რომ ჩამოვა ამ ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლებაც დამთავრდება”, “აუცილებლად ჩამოვა მიშა, აბა სად წავა”. 

  • ცამეტი წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

    ცამეტი წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მოსამართლე აღმკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს. სასმართლო სხდომამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვალერი ირემაძეს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით იყო ჩადენილი. ადვოკატი მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს. მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ბიძა 11 თებერვალს დააკავეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, მიუხედავად ამისა ადგილის უქონლობის გამო იგი არ მიიღეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ამასთან დაკავშირებით მედპერსონალი კომენტარს არ აკეთებს.

  • წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა

    წყნეთში მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. დაშავებული 7 ადამიანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

  • ლიეჟში, სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მივლენილი სპორტსმენები თბილისში დაბრუნდნენ

    ლიეჟში, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრაზე მივლენილი სპორტსმენები თბილისში გვიან ღამით დაბრუნდნენ. “კურიერის” ინფორმაციით, მათ კონგრესის შენობაში შესაღწევად და ღონისძიებაზე არეულობის მოსაწყობად ფრანგული პასპორტები წარადგინეს.

    რუსთავი 2 -ის ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის ღონისძიების ჩაშლის სანაცვლოდ სპორტსმენების ჯგუფს ბელგიაში მგზავრობა დაუფინანსა და დღიური ფულიც გადაუხადა:

    “დედაქალაქში მმართველი ძალის 5 აქტივისტი დაბრუნდა. ისინი ჟურნალისტის შეკითხვებს გაექცნენ, თუმცა “კურიერმა” მმართველი ძალის მიერ მოსყიდული იმ არაემიგრანტი ქართველების კადრები მოიპოვა, ვინც ბელგიაში საგანგებო დავალება შეასრულეს და თბილისში დაბრუნდნენ”.

  • ყაზტრანსგაზ თბილისის მფლობელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

    კომპანია, რომელმაც ყაზტრანსგაზ თბილისის 100 %-იანი წილი შეიძინა განცხადებას ავრცელებს:
    “ქართულ საინვესტიციო ჰოლდინგში – შპს „სიბიეს ჯგუფში“ შემავალმა კომპანია WALTBAY-მ დედაქალაქის გაზმომარაგების ერთ-ერთი კომპანიის – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ 100%-იანი წილი რამდენიმე თვის წინ შეიძინა.
    მიმდინარე ეტაპზე გაზმომარაგების კომპანიას სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი ხელმძღვანელობს, ქართული ბიზნესჯგუფის შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მენეჯმენტში შესვლა კი სახელმწიფოს მიერ დროებითი მართვის გაუქმებისთანავე, უახლოეს პერიოდში იგეგმება.
    ბიზნესჯგუფი შეშფოთებას გამოხატავს შპს „ყატრანსგაზ-თბილისის“ მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ სტატისტიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, სადაც მოცემულია მხუთავი აირით – CO-თი, მოწამვლისა და გარდაცვალების შედეგები. ფატალური შემთხვევები, უმეტესწილად, მომხმარებლის მიერ გაზდანადგარების კუსტარულად დამონტაჟებით ან ექსპლუატაციის წესების დარღვევითაა გამოწვეული.
    აქვე მოგახსენებთ, რომ შპს „სიბიეს ჯგუფი“, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, აქტიური სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობისთვის გაზდანადგარების უსაფრთხოებასთან და მოხმარებასთან დაკავშირებული წესების შესახებ ინფორმაციის მუდმივ რეჟიმში მიწოდებას გეგმავს. ასევე, მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი აირის უსაფრთხოდ მოხმარებისა და რისკფაქტორების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მართვაში შესვლისთანავე, მფლობელი კომპანია წელიწადში 27-მილიონლარიანი საინვესტიციო გეგმის განხორციელებას დაიწყებს, რაც გაზგამანაწილებელი ქსელის ეტაპობრივ განახლებას მოიცავს.
    „სიბიეს ჯგუფი“ აცნობიერებს, რომ ზემოხსენებული კამპანიის ეფექტიანობისთვის აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ნდობით მოსარგებლე სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობა. შესაბამისად, ჯგუფი დადებითად აფასებს შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ საკონსულტაციო საზოგადოებრივი საბჭოს ტიპის პლატფორმის არსებობის შესაძლებლობას და მენეჯმენტის განხორციელებისთანავე მის ფორმირებაზე მუშაობას დაიწყებს”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
  • ეროვნული გამოცდები, შესაძლოა, ერთი, “კომბინირებული“ გამოცდით ჩანაცვლდეს

    განათლების სამინისტროს უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ახალი გეგმა აქვს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების რადიკალურად შეცვლას გულისხმობს. როგორც 11 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, რომ 2023-24 წლიდან, აბიტურიენტებმა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები არა სხვადასხვა საგანში, არამედ ჩააბარონ მხოლოდ ერთი, კომბინირებული გამოცდა, რომელიც “საგნის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა” იქნება.
    “შესაძლოა, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას არსებობდეს სამოტივაციო წერილი, პროექტები, რის მიხედვითაც უნივერსიტეტები შეარჩევენ სტუდენტებს. თუ ჩვენ ამ ყველაფერზე შევთანხმდით და გეგმას მივყევით, ეს შესაძლებელი გახდება 2023-24 წლისთვის”, – განაცხადა ირინა აბულაძემ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით კი, განათლების რეფორმის ფარგლებში ყურადღება არა გამოცდების რაოდენობაზე, არამედ სკოლაზე უნდა იყოს გადატანილი. “ჩვენ გვინდა მთლიანად ორიენტაცია შევცვალოთ სკოლებში. მოდით გავაძლიეროთ მასწავლებლები, მოდით, დავეხმაროთ მათ თვითონ შეაფასონ უკეთესად”, აცხადებს სოფო გორგოძე.
  • დაპირისპირება მმართველ გუნდში

    ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ მმართველ გუნდში კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე ყოფნისას ეკა ბესელიას მოადგილე იყო და პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობისტად სახელდება, ბესელიას იურისტობას უწუნებს და მის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. ამბობს, რომ ეს პროექტი ანტიკონსტიტუციურია და არცერთი თავმოყვარე იურისტი მას ხელს არ მოაწერს.

    ზარდიაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც – რომ ის პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობია. ზარდიაშვილმა ამ მოსაზრებას ბესელიას სუბიექტური ხედვა და ინტერესი უწოდა; საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე კი თქვა, რომ გუნდის შიგნით საუბრები ვიღაცებს მახინჯი ფორმით მიაქვთ ჟურნალისტებამდე

    ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის თავმჯდომარეც აფასებს და ამბობს, რომ ჯერ სიღრმეებშია ჩასახედი – ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას. ირაკლი კობახიძის შფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.

    ეკა ბესელიას თანამოაზრე ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობისგან პრინციპული წინააღმდეგობა არ ექნება, თუმცა ქართული ოცნების დეპუტატები ჯერ არ საუბრობენ – დაუჭერენ თუ არა მხარს იმ კოლეგების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლებიც გუნდს მოსამართლეთა სიის გამო დაუპირისპირდნენ. მათგან განსხვავებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ, რომლებიც პროექტს მხარს დაუჭრენ

    ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივა – საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეტა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების შესახებ იმ ხმაურიანი სიით არის განპირობებული, რომელიც იუსტიციის საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დასანიშნად პარლამენტს წარუდგინა. კანონპროექტს ხელს აწერენ: გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.

    ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ლობისტები პარლამენტში ძალიან ააღელვა მისმა საკანონმდებლო ინიციატივამ.

    “დღეს მოვისმინე განცხადება, ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე”, თქვა ბესელიამ.

    ბესელია და მისი თანამოაზრე დეპუტატები ფიქრობენ, რომ პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა გადავადდეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია საპარლამენტო უმრავლესობის მეორე ნაწილისთვის. ამ ინიციატივის ავტორი თავად ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს კი ხელს აწერს 9 დეპუტატი.

    საკანონმდებლო ცვლილების საკომიტეტო განხილვა პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება.

  • ინაშვილი: დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და სააკაშვილს დავაკავებ

    ლიეჟში შეხვედრა საზოგადოებისთვის არ იყო საინტერესო, “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს, მიიჩნევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი.

    ინაშვილს აინტერესებს, რატომ არ მოქმედებს პროკურატურა და არ მუშაობს სათანადოდ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დაკავება”.

    “მას რამდენი ბრალი აქვს წაყენებული საქართველოში, დროა, იმოქმედონ ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ჩამოაბრძანონ საქართველოში და დააპატიმრონ. ის რეიტინგი, რასაც “ნაციონალურ მოძრაობას” უწერს “ენდიაი” (NDI) და რაც აბსოლუტურად ერთი დიდი საპნის ბუშტი და ტყუილია, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინდელ დარბაზში. “ნაცმოძრაობასა” და სააკაშვილს ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. ტყუილია ყველა რეიტინგი, რაც მათთან დაკავშირებით ვრცელდება, ვერ კრებენ ხალხს ვერც თბილისში და ვერც ლიეჟში. ასი ათასობით ემიგრანტს რომ ელოდებოდნენ, დამნიშნონ ერთი კვირა მთავარ პროკურორად და ქართველ ხალხს პირობას ვაძლევ, ერთ კვირაში სააკაშვილს ავიყვან და დავაკავებ. ყველა ძებნილს დავაკავებ და ჩამოვიყვან საქართველოში. ჩემი შეთავაზებაა “ქართული ოცნებისადმი”. სააკაშვილი არის დიდი ავანტიურისტი და კომიკური პერსონა. დაბრუნდეს და წესით უნდა დააკავონ შესაბამისმა უწყებებმა. ძალიან მარტივია ეს სქემა. პროკურატურამ უნდა იმოქმედოს”, ამბობს ირმა ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.