Category: არქივი

  • სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს და ანგელა მერკელს შეხვდება

    საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა. საფრანგეთში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 17-19 თებერვალს შედგება – ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ასევე იუნესკოს გენერალურ მდივანს და სენატის პრეზიდენტს. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდება ქართველ სტუდენტებს და ქართულ დიასპორას. დაგეგმილია ინტერვიუები ფრანგულ მედიასთან. ამასთან დაკავშირებით დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, დაგეგმილია ბევრი საინტერესო შეხვედრა, მათ შორის ბრიჯით მაკრონთან. 

    რაც შეეხება გერმანიაში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც 20-21 თებერვალს გაიმართება. ვიზიტის დეტალები ზუსტდება და მხოლოდ ის არის დადასტურებული, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.

  • უთანხმოება ზურაბიშვილსა და ჟვანიას შორის?

    საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხარტია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ადმინისტრაციის უფროსს, ლაშა ჟვანიას შორის საკადრო პოლიტიკაზე უთანხმოებას გამორიცხავს. ამის შესახებ მოისწრაფიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებმა შესაძლო უთანხმოებაზე ჰკითხეს. 

    “მათ (ქეთევან მიქაძე, ნანა კაშია) არ აქვთ მრჩევლის სტატუსი და დროებითი ხელშეკრულებით არიან დასაქმებულები. ქალბატონ კაშიასთან მიმართებაში იყო ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას გადაწყვეტილება – მათ მრავალწლიანი სამსახურებრივი ურთიერთობა აკავშირებთ”,განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

    გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტსა და მისი ადმინისტრაციის უფროსს შორის საკადრო საკითხებზე უთანხმოებაა, ლაშა ჟვანია კატეგორიულად უარყოფს.

    “არა, როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან. მე პრეზიდენტის ბრძანებებს ვასრულებ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ რაც შეეხება საკადრო საკითხებს, პრეზიდენტი ვერ და არ ერევა. მხოლოდ და მხოლოდ მრჩევლებს არჩევს. დანარჩენი ადმინისტრაციაში რაც ხდება, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი იყოს ისე თავისუფალი დროის თვალსაზრისით, რომ მიუბრუნდეს და იმუშაოს ამაზე”, განაცხადა ლაშა ჟვანიამ “რუსთავი2თან”.

  • ეს გახლავთ რუსეთის მორიგი პროვოკაცია: პრეზიდენტი ხურვალეთზე

    საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ხურვალეთში განვითრებულ მოვლენებს რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს. 

    “საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ეს გახლავთ რუსეთის მორიგი პროვოკაცია, რომელსაც გმობს არამარტო ქართული მხარე, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამას ადასტურებს ეუთო-ს თავმჯდომარე, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. მიროსლავ ლაიჩაკი 10 თებერვალს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განიხილეს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლოების მდგომარეობა”,განაცხადა მოისწრაფიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე.

  • “თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შსს იყო – კირკიტაძის სასამართლო პროცესი

    დატოვებს თუ არა საპატიმროს დავით კირკიტაძე – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მისი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

    “არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო”, განაცხადა კირკიტაძემ.

    გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

    დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

    დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს – დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კირკიტაძე და გუსაევი ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

  • ყოფილი “კაგებეშნიკები”, “ზონდერები”, ყოფილი ცუდები არ არსებობენ” – შაქარაშვილი იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ

    ქართული ოცნების კიდევ ერთ წევრის კრიტიკა იუსტიციის საბჭოს. თბილისის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ვახტანგ შაქარიშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ გუშინ საქალაქო სასამართლოში გამართულ გასვლით სხდომას აფასებს, რომელზეც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

    შაქარიშვილი “ფეიბუქზე” წერს, რომ იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი! განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება შავით თეთრზე წერია, რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება! ორი ხელით ვემხრობი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას. ამის საწინააღმდეგო არგუმენტები კი, არ მომისმენია, ცუდყოფილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს იმეორებდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან – ცუდ რაღაცებს რომ სჩადიოდნენ – უფრო, მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა! მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება, გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო, მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო – როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?! P.შ. ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენ! ყოფილი ზონდერები არ არსებობენ! ყოფილი ნაცები არ არსებობენ! ყოფილი ცუდები არ არსებობენ!, წერს საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან. 

  • სარემონტო სამუშაოები პარლამენტში

    პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები იგეგმება. C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის რეკონსტრუქცია-მშენებლობისთვის პარლამენტის აპარატმა 1 100 000 ლარი გამოყო. სამუშაოები უნდა შესრულდეს ისე, რომ ხელი არ შეეშალოს პარლამენტის ფუნქციონირებას. უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი და წინადადებების მიღება პირველ მარტამდე გაგრძელდება.
    სამუშაოების დასრულება კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა უზრუნველყოს.

  • სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელები დაიწეროს – ოპოზიციის ინიციატივა კალაძეს

    ევროპული საქართველო საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის და თბილისის მერს მიმართავს, ტურისტულ ზონებში სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელები დაიწეროს. ელენე ხოშტარიამ საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილი ე.წ. ჩეკას შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე მერს კიდევ ერთი ინიციატივით მიმართა და იმ შენობის აღდგენა მოსთხოვა, რომელსაც 1921-1934 წლებში წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებდნენ და რომელშიც ათასობით ადამიანი დახვრიტეს.

    ხოშტარია თვლის, რომ აუცილებელია ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებული იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ვინაიდან შენობა საშინელი ისტორიის სიმბოლოა, რომლის შესახებაც ინფორმაცია არა თუ ტურისტებს, არამედ ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.

  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე, 1981 წელს დაბადებული ო.ს. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,აცხადებს შსს.

  • ყოფილ მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა – შსს შემთხვევის დეტალებზე

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.მ. ყაზბეგში დააკავეს. 

    ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს – 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    ნ.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა. ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11-117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს”,წერია შსს-ს ინფორმაციაში.

  • Apple ფასებს ამცირებს?

    ამერიკულმა კორპორაცია Apple–მა მიანიშნა, რომ შესაძლოა iPhone –ის სმარტფონებზე ფასები შეამციროს იმ ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში ნაციონალური ვალუტები დოლართან მიმართებაში შესუსტდა.
    ძლიერი დოლარი Apple–ს პროდუქციას ბევრად აძვირებს კონკურენტებთან მიმართებაში და განვითარებად ბაზრებზე გაყიდვებს ამცირებს, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა.
    მისი თქმით, Apple–მ ზოგიერთ ქვეყანაში იანვრიდან ფასების შეცვლა დაიწყო. კუკს ჯერჯერობით არ დაუსახელებია ბაზრები, რომელსაც ეს ცვლილება შეეხება. ძნელი სათქმელია მოხვდება თუ არა ამ ქვეყნებს შორის საქართველო.
    ზოგადად, მსოფლიოში 2018 წელს სმარტფონების საცალო გაყიდვები 5%–ით შემცირდა. ასეთია ანალიტიკური კომპანია Canalys –ის მონაცემები.