Category: არქივი

  • მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ- ბადრი ჯაფარიძე

    ,,ლელოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში არმონაწილეობა არ ნიშნავს, რომ განზე დგანან, მისი პარტია მზად არის კოორდინაციაში იყოს ოპოზიციურ პარტიებთან.

    ჯაფარიძის თქმით, კოორდინაციის მიზანი ხმების დაცვა და ხელისუფლების ოპოზიციაში გადაყვანა იქნება.

    ,,ჩვენ ვაკვირდებით მოლაპარაკებებს კოლეგებს შორის, მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ჯერ სანამ არ გარკვეულა თუ რა სისტემით უნდა ჩატარდეს არჩევნები, რამდენი მაჟორიტარი და პროპორციული უნდა იყოს, საბოლოოდ არ არის გარკვეული. ჩვენ ძალიან მძლავრად ვვითარდებით რეგიონებში… ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებში მაჟორიტარებთან დაკავშირებით, არ ვმონაწილეობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განზე ვდგავართ. ჩვენ მზად ვართ კოორდინაციაში ვიყოთ ოპოზიციურ პარტიებთან. ოპოზიციასთან კოორდინაციაში მიზანი იქნება: პირველი – მოვახერხოთ ხმების დაცვა, რათა ობიექტური შედეგი მივიღოთ. მეორე – ხელისუფლება გადავიყვანოთ ოპოზიციაში და ვნახოთ, როგორი ოპოზიციური ძალა იქნება”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

    არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ,,ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მსჯელობენ და აპირებენ, ,,ქართულ ოცნებას”არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქებში 1 ოპოზიციური კანდიდატი დაუყენონ. ისინი საკუთარ გეგმებზე დაწვრილებით 4 აპრილს, მასშტაბურ აქციაზე განაცხადებენ.

  • დაელოდეთ გაზაფხულს, მალე იქნება- გახარია სამთავრობო ცვლილებებზე

    ,,დაელოდეთ გაზაფხულს, მალე იქნება”,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები და დატოვებს თუ არა ის თანამდებობას.

    ოპოზიცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე თვეზე მეტია საუბრობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა გახარია თანამდებობას.

  • თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

    თელავში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

    თელავი -ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოძრავი მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს შეეჯახა.

    შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის ორი მგზავრი, მძღოლი კი მძიმედ დაშავდა. 45 წლამდე მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში , რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

    გამოძიება 276 მუხლით მიმდინარეობს.

  • ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს იუნკერების შეურაცხყოფაა- ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარლამენტში სსრკ-ს ჰიმნის გაჟღერება იუნკერების შეურაცხყოფაა.

    ,,მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი. ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არის , რაც არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში უნდა ვიყოთ ერთიანი,”,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

    18 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ევროპული საქართველოს დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სსრკ-ს ჰიმნი ჩართეს. მათი თქმით, პარლამენტში არსებული მდგომარეობა საბჭოთა ჰიმნისა და საბჭოთა კავშირის სიმბოლოა.

  • კორონავირუსის საფრთხის გამო ირანის მოქალაქეების შემოსვლა უნდა აიკრძალოს- სააკაშვილი (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ირანის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა უნდა აიკრძალოს.

    მისი თქმით, მალე სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი მოდის და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რისი დაშვებაც კატეგორიულად გამორიცხულია, რადგან ირანში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა. 

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მთავრობას მიმართავს, შეაჩეროს ირანთან ავიამიმოსვლა, აკრძალოს ირანის მოქალაქეებისთვის დროებით შემოსვლა და ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები საგულდაგულოდ შეამოწმოს.

  • თურქეთში 5.7 მაგნიტუდის მიწისძვრას 8 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

    თურქეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

    თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილია 8 , ხოლო დაშავებულია 21 ადამიანი.

    ,,სამძებრო და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს”,- განაცხადა სულეიმან სოილუმ. ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ ადამიანები შენობების ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.

    ეპიცენტრი ირანული სოფელი ჰაბაშე-ოლიას მახლობლად იყო, საზღვრიდან 10 კილომეტრში. მიწისძვრა მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში, 09:23 საათზე მოხდა.

    თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრამ 1000-ზე მეტი შენობა და 43 სოფელი დააზიანა.

    მიწიდან 5 კილომეტრის სიღრმეში
  • დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში დიალოგს დავუბრუნდებით- არჩილ თალაკვაძე

    პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციასთან მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში დიალოგს დაუბრუნდება.

    მისი თქმით, ამას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები მოითხოვს და ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება.

    ,,სამწუხაროა, რომ ამ მომენტისთვის როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აშშ, ევროკავშირი და საქართველოს ხელისუფლება არის ერთ პოზიციაზე და ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება ამ დიალოგს. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ შევძლეთ დავბრუნდეთ დიალოგის მაგიდასთან. იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები ამას მოითხოვს ოპოზიციას სხვა გზა არ ექნება”,- აცხადებს თალაკვაძე.

    მისივე თქმით, მაგიდის აყირავება ოპოზიციური ტერმინია, სინამდვილეში მაგიდა თავის ადგილას დგას. 

    ,,მაგიდის აყირავება არის ოპოზიციური ტერმინი, რომელსაც იყენებს ოპოზიციის ნაწილი, სინამდვილეში მაგიდა დგას თავის ადგილას. საქართველოს ხელისუფლება, აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის საელჩო მხარს უჭერს დიალოგს, ხოლო ოპოზიციის ეს ნაწილი ჯერჯერობით დგას ცალკე და დგას დესტრუქციულ პოზიციაზე, რომ არ მიიღებს მონაწილეობას დიალოგში”,- ამბობს თალაკვაძე

    ის რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების ინიციატივით გამოვიდა. შეხვდა პარტია ,,გირჩს”, რომელთან შეხვედრაც შეთანხმების გარეშე დასრულდა.

    ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ შეწყდა.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზარში ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

    სურსათის ეროვნული სააგენტომ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ე.წ. „გვირაბში“ ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმა.  

    11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის თქმით, აგრარული ბაზრების ტერირორიაზე მონიტორინგი და კონტროლი მიმდინარეობს.

    „მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება როგორც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვევლი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია “- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

    სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.

  • გიორგი გახარია – მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი

    ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

    გახარია აცხადებს, რომ ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის გზებზე მსჯელობა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს და საჭიროების შესაბამისად, ყველა დამატებითი მექანიზმი ამუშავდება.

    „ეს იქნება ფრენების შეზღუდვა თუ სხვა, რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კონტროლი“, – განაცხადა პრემიერმა.

  • ოპოზიციას აინტერესებს დაძაბულობა და არჩევნების მეორე დღე- ირაკლი სესიაშვილი

    ,,ქართული ოცნების” წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას აინტერესებს არა არჩევნები და მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა და არჩევნების მეორე დღე.

    ,,ჩვენი აზრით, სწორი, კომპრომისული ვერსია შევთავაზეთ საზოგადოებას, პირველ რიგში, იმიტომ რომ ოპოზიციურ ჯგუფს ვერ ექნება მონოპოლია პოლიტიკურ პროცესებზე. შევთავაზეთ და ველით პასუხს. მე პირადად მეჩვენება, რომ იმ ჯგუფს, რომელიც ოპოზიციის სახელით ლაპარაკობს, აინტერესებს არა არჩევნები, არა მშვიდობიანი პროცესი, არამედ დესტრუქცია, დაძაბულობა, უფრო მეტად არჩევნების მეორე დღე და ეს მეტანკლებად გამოჩნდა მათ განცხადებებში. მაგრამ ჩვენი მხრიდან შეთავაზება რჩება და მივესალმებით, თუკი ოპოზიცია გადმოვა კონსტრუქციულ ფორმატში”,- ამბობს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი.

    ცნობისთვის, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს. რამდენიმე დღის წინ ,,ქართულმა ოცნებამ” ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო ცალკეულ პარტიებთან, თუმცა ამას ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.