Category: არქივი

  • მეუფე დანიელი: გიორგი მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალება სურდა

    მეუფე დანიელის ინფორმაციით, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო იყო, თუმცა ვარაუდობს, რომ შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.

    მეუფე დანიელი ამბობს, რომ ეკლესიას ახლაც იგივე პოზიცია აქვს და თუ შეწყალება მოხდება, ეკლესია ამის წინააღმდეგი არ იქნება.

    “პრეზიდენტი მზად იყო, შეეწყალებინა დეკანოზი. მე ვფიქრობ, რომ ეკლესიაც არ არის წინააღმდეგი”, ამბობს მეუფე დანიელი. 

  • ბავშვობისას, ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ლევილში დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილს ეწვია. ლევილის სასაფლაოზე ყვავილებით შეამკო ემიგრაციაში გარდაცვლილ თანამემამულეთა მემორიალი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას და მშობლების საფლავები და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
    საქართველოს პრეზიდენტს ლევილში, დაბა ლევილის მერმა, ერიკ ბრეივმა უმასპინძლა. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლევილის ქართულ მამულსაც ეწვია, ბავშვობის წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისთვის ძალიან ამაღელვებელია ლევილში საქართველოს პრეზიდენტის რანგში სტუმრობა.
    “ბავშვობისას, ამ ადგილებში თამაშისას ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი მოულოდნელი და დაუგეგმავი რამ ხდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    ლევილის ისტორიული მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ სახელმწიფო სახსრებით 1922 წელს შეიძინა. საქართველოს კი, იგი 2016 წელს გადმოეცა.
    სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
    ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.
    დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.
    საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე საჯარო ლექციას, “საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“, საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo წაიკითხავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ასევე იუნესკოში, პარიზში შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორის ჩართულობის საჭიროებასა და მექანიზმებზე ისაუბრებს.
    ვიზიტის პირველ დღეს კი უკვე ეწვია წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას, სადაც შვილებთან ერთად წირვას დაესწრო. ზურაბიშვილს შვილები თან ახლდნენ ლევილის მამულში სტუმრობისასაც.
  • სააკაშვილის გენეტიკური ტესტი. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ 99%–ით ქართველი აღმოჩნდა

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ გენეტიკური ტესტი გაიარა და დადგინდა, რომ 99% –ით ქვართველია. ექსპრეზიდენტი ტესტის შედეგების ფოტოებსაც აქვეყნებს. “წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული”-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას,მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
    არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან.ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია საქართველოსთან,ოღონდ,იმის გამო,რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.
    აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით . ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს,მაგრამ აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას.“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

  • 4 ქართველი კიევში ქურდობისთვის დააკავეს

    უკრაინული მედიის ინფორმაციით კიევში ქურდობის სერიის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც უკრაინაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ და ჰოსტელში ცხოვრობდნენ.
    ეჭვმიტანილებმა წინასწარი მონაცემებით ერთ ღამეში ორი უცხოელი, ერთი ტაქსისტი და კიდევ ერთი ადამიანი გაქურდეს, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება. მათ მოიპარეს ორი საათი, პორტმონე, ძეწკვები და სხვა ძვირფასეულობა.
    ქართველები ქუჩაში დააკავეს, როცა მათი ავტომანქანა პატრულმა გააჩერა. მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები გამოიძახეს. მამაკაცები შეეცადნენ ნაქურდალი თავიდან მოეშორებინათ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამი მათგანი მთვრალი იყო, მეოთხემ კი განაცხადა, რომ თან ნარკოტიკები ჰქონდა.
    დაკითხვაზე დაკავებულებმა ქურდობებთან მათი კავშირი უარყვეს,  ამავე დროს ერთ–ერთი მათგანი დაინტერესდა, აძლევენ თუ არა პატიმრებს უკრაინულ ციხეში პლედებს.
    როგორც კიევის პოლიციის ვებგვერდზეა ნათქვამი, 16 თებერვალს სამართალდამცავ ორგანოებში 119 შეტყობინება შევიდა ქურდობის შესახებ, 4 ძარცვის და ერთი ყაჩაღური თავდასხმის შესახებ.
  • აქცია საპატრიარქოსთან დეკანოზის შეწყალების მოთხოვნით

    საქართველოს საპატრიარქოსთან მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს პატრიარქს მოუწოდებს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართოს.
    დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია“, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რესპუბლიკელების ლიდერი ხათუნა სამნიძე და „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნიკა მაჭუტაძე.
    საპროტესრო აქციაზე გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად მივიდნენ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია.
    „ის, რომ ზიარება მოხდა, ეს არის კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სანამ ამ მდგომარეობამდე არ მივიდა, არ მოხდა მისი ზიარება. მივმართავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რადგანაც ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და მისი მღვდელია. ასეთი განმეორებით შემთხვევაში, ჩემი ძმის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამიტომაც მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით“.- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
    ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს საღამოს გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზმა ღუდუშაურის კლინიკაში აზიარა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.
    დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვდა, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.დეკანოზის ზიარების მოთხოვნით გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა.
    ზიარების შემდეგ ოჯახის წევრებს ერთადერთი მოთხოვნა რჩებათ – მისი შეწყალება.
  • მოზარდის ცხედარი ფოთში მაშველებმა იპოვეს

    მაშველებმა ფოთში 20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ   16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
    მოზარდი ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან 29 იანვარს გადავარდა. მას შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.
    სამძებრო– სამაშველო ღონისძიებები თითქმის სამი კვირის განმავლობაში როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.
    ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.
  • რობერტ სტურუა და გია ყანჩელი ერთ პალატაში მკურნალობენ

    {{ARTICLEIMAGE}}ისრაელი–საქართველოს კლინიკა ჰელსიკორი საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს წარწერით:
    “წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს❤!“
    როგორც ირკვევა, კომპოზიტორი და რეჟისორი ერთ პალატაში მკურნალობენ. მათი დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.
  • როგორ დავუმეგობრდეთ მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სიტყვებმა, რომლებიც მამაკაცს ვერძს ესიამოვნება, შესაძლოა მამაკაც თევზებს გული ატკინოს და თავმოყვარეობა შეულახოს. მოგიყვებით, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებთან, თუ მათთან მეგობრობა გვინდა.

    ვერძ მამაკაცთან ურთიერთობა ურთიერთგაგებასა და პატივისცემას უნდა ემყარებოდეს. ამას მოითხოვს მათი ღირსების გრძნობა. ამასთან, მათ თვითკმარ და მუდმივად სიმაღლეების დაპყრობისკენ მომართულ ნატურას სანტერესო მოსაუბრე სჭირდება, რომელსაც შეუძლია საკუთარი აზრი მშვიდად და გარკვევით ჩამოაყალიბოს და სხვისი აზრიც პატივისცემით მოისმინოს.

    კურო მამაკაცს უნდა გვერდით საიმედო ადამიანი ყავდეს, რომელსაც ძალიან გაუფრთხილდება. კუროებთან თავი უბრალოდ და ბუნებრივად უნდა გეჭიროთ, დარჩეთ ის რაც ხართ და არ ეცადოთ თავი განსაკუთრებულად წარმოაჩინოთ. კურო პატიოსნებას ძალიან აფასებს – თქვენი სიტყვები ყოველთვის საქმეს უნდა შეესაბამებოდეს , ნათქვამი კი სინამდვილეს. თუმცა ამ ნიშნის წარმომადგენლები მეგობრობაში ძალიან მგრძნობიარეები არიან და მათი გულისტკენა ადვილად შეიძლება, თუ მაგალითად სხვების მიმართ მომეტებული ყურადღება შეგატყოთ.

    ტყუპებთან ღრმა და მყარი ურთიერთობების დასამყარებლად მეტისმეტი მონდომება არ ღირს. მათი ზედაპირული ნატურა თქვენს მონდომებას მაინც წყალს გაატანს. ურთიერთობებში მათ სიმსუბუქე აინტერესებთ, ყოველგვარი ვალდებულებების და მოთხოვნების გარეშე. ასეთ არაერთგვაროვან და გაორებულ ნატურასთან ურთიერთობისას რაღაც საერთო, შეხების წერტილი უნდა იპოვნოთ. ასეთ შემთხვევაში ტყუპების მუდმივ ინტერესს შეინარჩუნებთ.

    კირჩხიბებისთვის გარშემომყოფებთან გახსნა ადვილი არ არის. ამიტომაც ხშირად ცხოვრებაში მეგობრებს პირველ ადგილზე აყენებენ. ისინი ძალიან აფასებენ მათ მიმართ კეთილგანწყობილ ურთიერთობას და ყოველთვის ცდილობენ საპასუხო კეთილგანწყობა არ დაიშურონ. კირჩხიბები ასევე ძალიან აფასებენ მათ, ვისაც მათი შეცდომების გაგება და ზოგიერთ სისუსტეზე თვალის დახუჭვა შეუძლია. თუ კირჩხიბმა თქვენში ეს დაინახა, ჩათვალეთ რომ მისთვის უახლოესი და მშობლიური ადამიანი ხართ.

    ლომ მამაკაცზე წინ არასოდეს დააყენოთ თავი. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მას გაუკეთოთ მასთან თანაბარ დონეზე ურთიერთობაა. ლომებს სიამოვნებთ ქება–დიდება, კრიტიკა და შეცდომებზე მითითება კი მათ სერიოზულ გაბრაზებას იწვევს. მეგობრულ ურთიერთობებში ყველაზე დიდი დარტყმა მათთვის შეიძლება ღალატი გახდეს, რასაც ლომები არასოდეს პატიობენ.

    ქალწულების ეგოისტი გულის მოგება მხოლოდ ქებით და აღტაცებით შეიძლება. ისინი ამას ხშირად იმსახურებენ კიდევაც. ქალწულების კრიტიკული ხასიათი კეთილგანწყობით და სითბოთი უნდა გაანეიტრალოთ. არ არის აუცილებელი მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა. გულითადი ემოციები ქალწულებს არ აღელვებს. მათი დაინტერესება მხოლოდ მახვილგონიერებით, საინტერესო მსჯელობით და ინტელექტუალური საუბრებით შეიძლება.

    სასწორი მათი მადლიერი იქნება, ვინც ყოყმანის და მერყეობისგან გაათავისუფლებს. მეგობრებს უნდა შეეძლოთ მხარი დაუჭირონ, დაამშვიდონ, შეაქონ მათი იდეები და გეგმები. სასწორებთან ურთიერთობისას მეტისმეტად ემოციური ნუ იქნებით. ნურც ტემპერამენტს გადმოანთხევთ. მათ უფრო მშვიდი ადამიანები და სასიამოვნო საუბრები იზიდავს. სასწორები მძიმედ განიცდიან მარტოობას, ამიტომაც ასეთ დროს გვერდით უნდა დაუდგეთ.

    მორიელს
    ისეთი მეგობარი ჭირდება, რომლიც იმ უკიდურესობებისგან დაიცავს, მორიელს რომ ახასიათებს. არ არის საჭირო მისი პროვოცირება კამათში და დაძაბულ საუბარში, რომელშიც შეიძლება მისი აგრესია გამოვლინდეს. მორიელთან ძალდაუტანებელი ურთიერთობა ჯობს, მსუბუქი ხუმრობით და იუმორით გაჯერებული. მორიელს ეს ყველაზე ძალიან მოსწონს.

    მშვილდოსანს ნებისმიერ ადამიანთან შეუძლია ურთიერთობა, იმიტომ რომ ძალიან კომუნიკაბელურია, შეუძლია ადამიანებში განუმეორებელი ინდივიდუალურობა დაინახოს. მშვილდოსნების ინტერესები მრავალმხრივია, ამიტომაც ასეთი მამაკაცები ძირითადად საინტერესო მოსაუბრეები არიან. ეს არის გულღია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერთან იურთიერთოს, ამიტომაც მოუყევით მეტი თქვენს შესახებ. თქვენს შორის ძალიან მალე გაჩნდება სიახლოვის და მეგობრობის განცდა. თუმცა მეტისმეტად დაჟინებით ნურაფერს მოახვევთ თავს, ნურც ყველა თქვენს საიდუმლოს მოუყვებით – მშვილდოსნებს სხვისი საიდუმლოს შენახვა უჭირთ. მხოლოდ იმ ადამიანის საიდუმლოს ჩატანენ სამარეში, ვისაც ნამდვილ მეგობრად თვლიან.

    თხის რქასთან დამეგობრება თუ გინდათ, პირველ რიგში უნდა დაამტკიცოთ, რომ საიმედო ადამიანი ხართ. არ ხართ ქარაფშუტა და თხის რქის ნდობას იმსახურებთ. უნდა შეგეძლოთ თხის რქა ისეთი მიიღოთ, როგორიც არის – მისი სამყაროთი, რომელიც თვითონ შექმნა თავის წარმოსახვაში. თუ ხშირად იქნებით გამგებიანი და თანაგრძნობას გამოიჩენთ, თხის რქა შესაძლოა მოგეჩვიოთ კიდეც და მეგობრად ჩაგთვალოთ.


    მერწყულს
    თვითკმარი ადამიანები იზიდავს, რომლებისგანაც ბევრი რამ შეიძლება მიიღოს. მათთვის ადამიანის სტატუსი საინტერესო არ არის. უფრო შინაგანი სამყარო აინტერესებთ. ურთიერთობებში ფრთხილად მხოლოდ მაშინ უნდა იყოთ, როცა მერწყული საკუთარ აზრს გამოთქვამს – არ შეეცადოთ მის გადარწმუნებას, მაინც ვერ შეძლებთ.

    თევზებს მსუბუქი ხასიათის კეთილგანწყობილი ადამიანები უყვართ. ისინი გახსნილნი არიან ურთიერთობებისთვის, ამიტომაც მათთან დამეგობრების შანსი ყველას აქვს. თუმცა ამით ბოროტად არ უნდა ისარგებლოთ და თევზებთან ურთიერთობისას თავს ზედმეტის უფლება არ უნდა მისცეთ. მათზე ზეწოლა არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ. უხეშობა და თავხედური ტონი არაკონფლიქტური თევზებისთვის მიუღებელია.

  • შსს ოთხი ახალგაზრდის წამებას უარყოფს. რა მოხდა გლდანი–ნაძალადევის პოლიციაში

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ შაბათის კურიერის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია და ვიდეომასალა, რომლითაც 5 თებერვალს გლდანი–ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში მომხდარის განსხვავებულ ვერსიას აღწერს.
    კურიერის ანონსში საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის შენობაში ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი რადიატორზე მიაბეს და აწამეს, მანამდე კი ბორკილებდადებული ძირსდაგდებული ცემეს. ერთ–ერთი ახალგაზრდის მშობლები და ახლობლები ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვდნენ. საპასუხოდ შსს–მ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს უარყოფს.
    “მიმდინარე წლის 5 თებერვალს, მოქალაქე თორნიკე ც.-ზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა ჯგუფურად, რის შესახებაც მან შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მანვე პოლიციას მიუთითა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირებზე: წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისათვის და ხულიგნობისათვის ნასამართლევ, 1999 წელს დაბადებულ თემურ ს.-ზე, წარსულში ქურდობისთვის, ძარცვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევ, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ, 1999 წელს დაბადებული თორნიკე ს.-ზე და ამჟამად ქურდობისთვის ბრალდებულ 1998 წელს დაბადებულ თამაზ კ.-ზე.
    დაზარალებულის მითითების საფუძველზე, ზემოაღნიშნული პირები გადაყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.
    პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვის დაწყებამდე, სავარაუდო ბრალდებულთაგან ერთ-ერთი თემურ ს. თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელს და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, თემურ ს.-მ მასთან ერთად დანაშაულის სავარაუდო ჩადენაში მონაწილე დანარჩენ 2 პირს მოუწოდა, დაერბიათ პოლიციის ადმინისტრაციული შენობა და თავს დასხმოდნენ პოლიციელებს, რაც განახორციელეს კიდეც. მიუხედავად პოლიციის არაერთგზის მოწოდებისა, აღნიშნული პირები განაგრძობდნენ სამართალდამცველებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. ბუნებრივია, პოლიციამ არ დაუშვა და არც მომავალში დაუშვებს პოლიციის შენობის დარბევას და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციელებმა გამოიყენეს პროპორციული ძალა.
    თემურ ს.-ს, თორნიკე ს.-ს და თამაზ კ.-ს ბრალი წარედგინათ მოქალაქე თორნიკე ც.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღობისთვის და პოლიციის შენობაში სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობისთვის.
    პოლიციის შენობაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი დაკავებულის მამამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტის შესწავლის მიზნით. გენერალური ინსპექციის მოკვლევის შედეგად, ამ დროისთვის, აღნიშნული ფაქტის დროს პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა ან ძალის გადამეტება არ დასტურდება. საქმის მასალები ასევე გადაგზავნილია გენერალურ პროკურატურაში.
    პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი დაფიქსირებულია ამავე შენობაში დამონტაჟებულ კამერებზე. “– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში, რომელსაც თან ვიდეოკადრებიც ერთვის.
  • აუთვისებელი 169 მილიონი ლარი და შეუსრულებელი პროექტები

    ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე 2018 წლის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა და შესაბამისად, 169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა.
    “საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ეს აუთვისებელი 169 მილიონი ლარი საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მინიმუმ 30 ლარით გაზრდილიყო პენსია, ან 25%-ით შემცირებულიყო საწვავზე აქციზის გადასახადი, რაც გააიაფებდა ისედაც გაძვირებულ პროდუქტებს
    ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, რას ნიშნავს უნიათობა და უვიცობა, რომელიც უკვე დანაშაულის ტოლფასია“ – განაცხადა გიგი უგულავამ.