Category: არქივი

  • ცენტრი რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა

    პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დაანონსებული ცენტრი რომელიც შეყვარებულებს აღრიცხავს საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. მისი სახელწოდებაა – “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი”, ემზარ კვიციანის თქმით წყვილებმა განცხადება უნდა დაწერონ.

    “ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი” – თქვა კვიციანმა.

    “მოგვმართავენ, რომ “დაქორწინებას ვაპირებთ, გთხოვთ დახმარებას” და დახმარება წავა მაგათზე, პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე… [დახმარების ოდენობა] იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება, აუცლებლად ეს იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის” – ამბობს ემზარ კვიციანი.

  • ქვედადინებები თქვენთვის შეინახეთ – დაპირისპირება იურიდიულ კომიტეტზე

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომიტეტის სამოქმედო გეგმას განიხილავდნენ, კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს ანერი ოხანაშვილსა და კომიტეტის წევრ ლევან გოგიჩაიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. ლევან გოგიჩაიშვილმა პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გვარი ამოღებული იყო კანონპროექტებიდან, სადაც ის გეგმის თავდაპირველი ვარიანტით პასუხისმგებელ პირებს შორის იყო.

    “ჩამწერეთ ისე, როგორც აქამდე ეწერა და მოიქეცით ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი”, – მიმართა გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილს. სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა ასევე კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ, რომლის ინფორმაციით, მისი გვარი ამოღებულია რამდენიმე პროექტზე პასუხისმგებელ პირთა სიიდან.

  • ზედანიას შეხვედრა მოშიმშილე სტუდენტებთან

    ილიაუნის რექტორის, გიგა ზედანიას ინფორმაციით, სასწავლებლის მოშიმშილე სტუდენტებთან გარკვეული შეთანხმება შედგა. ზედანიას თქმით, შეთანხმება ეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიზნესის სკოლის ავტონომიის უზრყნველყოფა ახალი ფაკულტეტის ფარგლებში, რაშიც სტუდენტები თავად იქნებიან ჩართულნი. თუმცა სტუდენტები ჯერ ისევ შიმშილობენ და ხელმძღვანელობას ორკვირიან ვადას აძლევენ, რათა ახალი ფაკულტეტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძის თემას, ზედანია ამბობს, რომ შეხვედრაზე პერსონებზე არ უსაუბრიათ და ქადაგიძის სურვილზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას დეკანობისთვის კონკურსში. 

    სტუდენტი, მარიამ ჯომიდავა ამბობს, რომ რექტორთან შეხვედრაზე ორი შეთანხმება შედგა. პირველი – ფაკულტეტის ცვლილება, რომელშიც ჩართულები იქნებიან აკადემიური საბჭოს წევრები, სტუდენტები და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები. მეორე კი, წესდების ცვლილებაა. მისივე თქმით, სტუდენტები შიმშილობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ერთიანად მიიღებენ.

  • “გაზპრომი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე გაზპრომს ჩვენ” -გიორგი ქობულია

    საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულიას აცხადებს, რომ საქართველოში გაზი მხოლოდ აზერბაიჯანიდან არ უნდა შემოდიოდეს და ქვეყანამ “ცოტა გაზი” რუსეთიდანაც უნდა იყიდოს. ამის შესახებ მინისტრმა იმედი LIVE-ის ეთერში ისაუბრა.

    “ამისგან ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი კომპანიები, ჩვენი ბიზნესი მიიღებენ ძალიან დიდ სარგებელს იმიტომ, რომ გაჩნდება მინიმალური კონკურენცია და რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს ფასებზე”, — განმარტა მინისტრმა.

    ქობულიას ასევე მიაჩნია, რომ “გაზპრომი ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე გაზპრომს ჩვენ”.

    “ამიტომ გაზპრომს არ აქვს არანაირი დიდი ინტერესი ამაში… მე დიდ რისკებს ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ რაღაც განსაზღვრული რაოდენობა შემოვიტანოთ იმიტომ, რომ ეს უნდა მოხდეს ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ფარგლებში”, — განმარტა ქობულიამ.

  • მარგველაშვილს დეკანოზის შეწყალება სურდა?-ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეუფე დანიელს სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტს მსჯარვდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების სურვილი ჰქონდა. ამის შესახებ მეუფე დანიელმა “ტვპირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა ყოფილ პრეზიდენტს და დაუდასტურა, მიზი მზადყოფნა, შეეწყალებინა გიორგი მამალაძე. მეუფე დანიელი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონი საუბარში მას უთხრა, რომ შეწყალების კომისიის დასკვნა არ იყო დადებითი, რის გამოც ვერ მოხერხდა გიორგი მამალაძის შეწყალება. მეუფე დანიელის განმარტება დღეს მის მიერვე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. 

    როგორც ცნობილია, 15 თებერვალს, გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს თავის ტვინის იშემიური შეტევის დიაგნოზით. დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით. სასულიერო პირი დანაშაულის ჩადენას უარყოფს.

    აღსანიშნავია, რომ დეკანოზის ადვოკატებმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 2018 წლის 9 აგვისტოს მიმართეს. შეწყალების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარე ზვიად ქორიძე 2018 წლის სექტემბერში ამბობდა, რომ მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს. ზვიად ქორიძე ამბობდა, რომ მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა.

    სპეციალური წესით განხილვისას კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის 3/4, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს.


  • კალაძე და ბერა ივანიშვილი მოდური რუსი მამაკაცების ათეულში მოხვდნენ

    რუსულმა გამოცემამ, GQ –მ 2019 წლის ყველაზე მოდური რუსი მამაკაცების 50–ეული შეადგინა. რატომღაც რუს მამაკაცებს შორის თბილისის მერი, კახა კალაძე  და რეპერი ბერა ივანიშვილიც მოხვდნენ. მათ რეიტინგში წამყვანი პოზიციები დაიკვეს : ბერა ივანიშვილმა მეცხრე ადგილი, კალაძემ კი მეექვსე. მათ ფოტოზე რედაქციამ შემდეგი მინაწერები გააკეთა:

    ბერა ივანიშვილი – მუსიკოსი 

    ქართველი ჰიპ–ჰოპ შემსრულებელი ფრანგული ფესვებით სამ იმიჯს ირგებს და სწრაფად უნაცვლებს ერთმანეთს: 1960 იანი წლების პარიზელი ბიჭის, ტყავის ქურთუკში და გრძელ შარფში, რომელსაც ედი სლიმანი თავის კოლექციებში უმღეროდა. მეორე : ტრადიციებისადმი ერთგული ქართველის (იხილეთ მისი ქორწილის ფოტოები) და მოდური რეპერის იმიჯს. აქედან რომელი იმიჯი ჯობს, გადაჭრით თქმა შეუძლებელია. სამივე მათგანი სტილისტურად სრულყოფილია.

    კახა კალაძეს კი გამოცემა  ასე ახასიათებს:

    კახა კალაძე– ჩინოვნიკი

    “თბილისის მერი ოდესაღაც საფეხბურთო კლუბ მილანში და საქართველოს ნაკრებში წარმატებით თამაშობდა. შემდეგ კი სხვა – პოლიტიკურ ლიგაში გადავიდა. მაგრამ ხულიგნური ჩაცმულობა და სამეულ–კოსტუმებზე უარი არ თქვა. თავისი ჩაცმულობით ის ახალი ამბებისთვის არანაკლებ საფუძველს ქმნის, ვიდრე მერის კომპეტენციაში მიღებული გადაწყვეტილებებით. ინსტაგრამში და პოპულარულ ტელეგრამ არხებზე რამდენიმე დღე განხილავდნენ მის ქურთუკს და ვარდისფერ ნაქსოვ ქუდს. ჩვენ ჩვენის მხრივ განვმარტავთ: ჩვენ მისი კოსტუმებიც , პარკაც და სიცილიური სამოსიც მოგვწონს. საკუთარ თავს ჯანსაღი ირონიის გრძნობით უნდა მოეკიდო და კახამ ეს იცის“ – წერს გამოცემა.

  • პატრიარქს მსჯავრდებული დეკანოზის სიცოცხლის გადარჩენას სთხოვენ

    “დეკანოზის სიცოცხლის გადასარჩენად” – ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული სასულიერო პირის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატიცო ჯგუფი პატრიარქს მიმართავს. ადვოკატები ილია მეორეს დეკანოზის შეწყალებისთვის სალომე ზურაბიშვილთან შუამდგომლობას სთხოვენ.

    მიმართვაში, რომლის ადრესატიც პატრიარქია, უფლებადამცველები ყურადღებას დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ გიორგი მამალაძის საავადმყოფოდან საპყრობილეში დაბრუნება შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.

    ადვოკატები ამბობენ, რომ ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც მამა გიორგი მამალაძე ამ დრომდე ინსულტის დიაგნოზით მკურნალობს, ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არასწორად ასაჯაროებენ და მსჯავრდებული სასულიერო პირის მდგომერეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ექიმები საუბრობენ.
    დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი სკანდალური განცხადებით ეხმაურება. მეუფე დანიელი ამბობს, რომ მამალაძის შეწყალება ქვეყნის წინა პრეზიდენტს სურდა და ამის წინააღმდეგი არც საპატრიარქო ყოფილა, თუმცა შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილს ხელისუფლებამ არ მისცა.
  • ფადი ასლის ინფორმაციით, ივანიშვილი ხაზარაძესთან დაკავშირებით ორ სცენარს ამუშავებს

    საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს. პალატის სახელით განცხადება დღეს ფადი ასლიმ გააკეთა. ის მოუწოდებს ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს, თავს ნუ დაუხრის ზეწოლას ბანკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, რადგან ეროვნული ბანკი უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტია ქვეყანაში.

    “იმ შემთხვევაში, თუ ვერ გაუძლებს ზეწოლას, ვურჩევთ გადადგეს, რომ შეინარჩუნოს პატიოსანი კაცის რეპუტაცია. თუ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც ბოლო კვირებია, აკეთებს, ამით შელახავს საკუთარ რეპუტაციას და ზიანს მიაყენებს თავის სამომავლო პროფესიულ საქმიანობას”,ამბობს ფადი ასლი.

    მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს “თიბისი ბანკი” და ანაკლიის პორტი.

    “თიბისი-სთან” დაკავშირებით ამის გაკეთებას ბანკის ყიდვით კი არ აპირებს, არამედ ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის გადაყენებით. შემდეგი ნაბიჯი იქნება მენეჯმენტის ჩანაცვლება მასთან დაახლოებული ხალხით, ამისთვის გამოიყენებს ეროვნულ ბანკს. იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გვაქვს, ივანიშვილის მიზანია, დაეხმაროს რუსულ კომპანიებს, თავი აარიდონ სანქციებს. დაზვერვის გაერთიანება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკვე ინფორმირებულია ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ. ეს საშიში თამაშია და საქართველოს რეპუტაციას შელახავს”, ამბობს ფადი ასლი.

    რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ფადი ასლის ვარაუდი ასეთია:

    “ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი – ანაკლიის პორტს საერთოდ გააჩერებს, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ, როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ საქმეა, აღძრული, საქმის დაჭერისგან თავს იკავებენ”,ამბობს ფადი ასლი.

    საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს  2-თვიან ვადას აძლევს. 

    ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.

    “ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

    ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

    ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

    თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”.

    თიბისი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ბანკის პასუხი სებს

  • მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელიც სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა

    თიბისი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას არა გარესაფრთხეების არამედ შიდასაფრთხეების ეშინია, რადგან ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც შიდაფაქტორების გამო მომხდარა ქვეყნის უკან დახევა. 

    “ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში ჩვენ ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც. იმიტომ, რომ გამოსავლის პოვნა ყველას უნდა. მე არ ვარ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ის, რითიც შეგვიძლია, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვშველით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახლიდან დავიწიყოთ, მოდი ერთად ვაკეთოთ ბიზნესი…რაც შეეხება მეორე საფრთხეს, ისტორიულადაც ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც რატომღაც ეწინააღმდეგება ან ეომება პროგრესს. სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარასად ვეღარ მიხვალ (შედარებას არავისთან ვაკეთებ, უბრალოდ ციტატაა ასეთი). დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს ძალიან დამაფიქრებელია და ამოსახსნელი, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და მუდამ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით”, ამბობს მამუკა ხაზარაძე.