Category: არქივი

  • რას გულისხმობს “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი”

    საგარეო საქმეთა სამინისტრო “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” დაფუძნების დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმება. საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნულ ინიციატივას საფუძველი 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა.

    უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოსა და საფრანგეთის საგარეო უწყებები ბოლო წელია, აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით; ფორმატის დაარსება ხაზს უსვამს საქართველოსა და საფრანგეთს შორს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, რაც განპირობებულია გააქტიურებული ორმხრივი თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადაყვანის საჭიროებით და ატარებს როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ დატვირთვას. დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა. დიალოგის საინაუგურაციო შეხვედრა, უახლოეს ხანში, პარიზში გაიმართება. “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” მომდევნო შეხვედრები კი წელიწადში ერთხელ, როტაციის პრინციპით , თბილისსა და პარიზში ჩატარდება. დიალოგის თანათავმჯდომარეები იქნებიან საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.ქართულ-ფრანგული დიალოგი ატარებს 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული უცხოური ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვარის სახელს.

    19 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას “დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის” დაარსების შესახებ.

  • “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნება” მოსამართლეების შერჩევის საკითხზე, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე განცხადებას ავრცელებს. პოლიტსაბჭოს განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებს. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააცნო.

    “საჯარო სივრცეში გრძელდება სასამართლოს საკითხთან დაკავშირებული აქტიური დისკუსია. მმართველმა გუნდმა, რომელიც ყოველთვის უსმენს საკუთარ საზოგადოებას, ამ დისკუსიის ფონზე იმთავითვე მიიღო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის გადავადების თაობაზე. ამასთან, დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე ჩატარდება მათი არჩევა საქართველოს პარლამენტში. მიუხედავად მმართველი გუნდის ამგვარი მიდგომისა, აღნიშნული დისკუსია, სამწუხაროდ, ხშირად, არაჯანსაღ ხასიათს იძენს.

    პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება პრობლემა სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო პარტნიორების დასკვნების თანახმად, მოსამართლეთა რაოდენობა საქართველოში სულ მცირე 100 მოსამართლით გაზრდას, ოპტიმალურ შემთხვევაში კი – გაორმაგებას საჭიროებს, მოსამართლეთა რაოდენობის განახევრება სასამართლო სისტემას მძიმე პრობლემებს შეუქმნის და შესაძლოა, მისი პარალიზებაც გამოიწვიოს. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

    ამავდროულად, ვაცხადებთ სრულ მზაობას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოვამზადოთ იმგვარი წინადადებები მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე, რომლებიც იქნება შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან, აგრეთვე არ გააღრმავებს პრობლემას სასამართლოს გადატვირთულობის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მივმართავთ ვენეციის კომისიას, ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში.

    მმართველი გუნდი აგრძელებს მუშაობას სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე. სამუშაო პროცესში ჩართულია დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრი, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები – ევროსაბჭოს ოფისის, აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, რისთვისაც მათ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რეფორმის მეოთხე ფაზა, რომელიც მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის, დისციპლინური წარმოებისა და სასამართლოების გადატვირთულობის საკითხებს, დაუყოვნებლივ განახლდება და უპირობოდ დასრულდება მიმდინარე საპარლამენტო სესიის ბოლომდე. ამავე ფორმატში განიხილება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხიც. მოვუწოდებთ ყველას, ვინც რეალურად არის დაინტერესებული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებით, მისი ეფექტიანობის გაზრდითა და სისტემის მიმართ ნდობის ამაღლებით, ღიად და კონსტრუქციულად ჩაერთონ რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ დისკუსიაში, რომელმაც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვრის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცება უნდა უზრუნველყოს.

    მმართველი გუნდი იმოქმედებს სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად და შექმნის ყველა პირობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების უზრუნველსაყოფად”,წერია განცხადებაში.

  • აშშ საქართველოს დასახმარებლად ბიუჯეტს ზრდის

    გამოქვეყნდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, იგივე აშშ-ს 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების მნიშვნელოვან ზრდას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

    ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. აგრეთვე ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

    კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

    აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია შეაქვს აღნიშნული ჩანაწერი აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც აშშ-ის მიერ საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

    ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 275 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და NATO-სთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით. აქვე, აღნიშნულია, რომ დაფინანსების ნაწილი უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

    რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის ბიუჯეტის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამები ითვალისწინებს საქართველოსთვის გაზრდილ დახმარებას და შეადგენს $127, 025,000 მლნ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა 22 მლნ. აშშ დოლარით აღემატება 2018 ფისკალური წლით გათვალისწინებულ დაფინანსებას.

  • პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიიღო

    დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას საქართველოს პარლამენტმა მხარი მესამე მოსმენით, 81 ხმით ერთი სწინააღმდეგ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა ქართული ოცნების დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ მისცა.
    დღეიდან სექსუალური შევიწროება დისკრიმინაციის ფორმად მიიჩნევა. შევიწროების ამ ფორმის განმარტება კანონმდებლობაშიც გაიწერა. კანონის პროექტით სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, დამამცირებელი, მტრული, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
    სექსუალური შევიწროების დეფინიცია ჩაიწერა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონშიც, სადაც განისაზღვრა რომ სექსუალური შევიწროება შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია.

  • როგორი მშობელი ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით

    ქვემოთ აღწერილ სიტუაციებში ალბათ საკუთარ თავს ან ახლობლებს ამოიცნობთ. რაღაც აუცილებლად დაემთხვევა თქვენს წარმოდგენებს და რეალობას, რაღაც – არა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ადამიანის ცხოვრება სუფთა მათემატიკას, ასტროლოგიას ან რომელიმე სხვა ზუსტ მეცნიერებას არ ემორჩილება. ტენდენციები, რომლებიც დაბადებიდან ჩაიდო ჩვენში მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა ხანდახან უკანა პლანზე გადადის. ჩვენი სახალისო ჰოროსკოპი დაგეხმარებათ გარკვეულ სიტუაციებს და ურთიერთობებს სხვა თვალით შეხედოთ. მაშ ასე, ვნახოთ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით რა თავისებურებები გახასიათებთ, როგორც მშობელს .


    ვერძი

    ვერძისთვის დამახასიათებელია აქცენტის გაკეთება ბავშვის პიროვნებაზე. ასეთი მშობლები როგორც წესი ბავშვის ხასიათს ერგებიან. იდეალური შემთხვევაა, თუ ვერძს დამჯერი შვილი ყავს, რომელიც ყველაფერში მშობელს ემორჩილება. ქალი და კაცი ვერძი, ორივე კარგი დამრიგებელია და თუ ბავშვთან საერთო ენას გამონახავენ, შესაძლოა ნამდვილად სანიმუშო და მზრუნველი მშობლები იყვნენ. თუმცა თუ ბავშვი თავნება და ჯიუტია, ოჯახში ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს. ვერძები ადვილად კარგავენ გავლენას და ამიტომაც ხშირად მათი შვილი ისეთ ადამიანად ყალიბდება, რომელიც სხვის აზრს არად დაგიდევს. თუ ერთ–ერთი მშობელი ვერძია, მეორე მშობელმა მკაცრად უნდა აკონტროლოს, რომ ბავშვმა და მშობელმა ოჯახში სუბორდინაცია დაიცვან.


    კურო

    კუროებს შორის ხშირად შეხვდებით ფანატიკოს მშობლებს, რომლებიც საკუთარ თავს მთლიანად შვილს უძღვნიან. ხანდახან ეს მართლაც სიყვარულის გამოვლინებაა, რომელიც ბავშვისთვის სასარგებლოა, თავს მნიშვნელოვან ადამიანად აგრძნობინებს და მშობლებში ძლიერ საყრდენს დაანახებს. თუმცა ასეთ მიდგომას უარყოფითი მხარეც აქვს. სამწუხარდ კუროებს შორის ბევრია განსაკუთრებულობის იდეით გატაცებული მშობელი – როგორც თავისი, ასევე შვილის. ამიტომაც ისინი გარშემომყოფების მიმართ ქედმაღლურად და ამპარტავნულად იქცევიან. ეს კი შვილებსაც გადაედება. საბოლოოდ დიდია რისკი, რომ ბავშვი დამოუკიდებელ ადამიანად ვერ ჩამოყალიბდეს და არაადეკვატური თვითშეფასება გაუჩნდეს. თუ შეგხვედრიათ ისეთი მშობელი, რომელიც მზად არის ყველას ყელში ეცეს, ვინც მისი აზრით მის შვილს ოდნავ ცერად შეხედა, სავარაუდოდ ის კუროა. ასეთ შემთხვევებში მეორე მშობელმა აუცილებლად უნდა გააკონტროლოს, რომ კურო მშობელი საკუთარი თავისა და შვილის შესახებ არარეალური წარმოდგენების მძევალი არ გახდეს.


    ტყუპები

    ტყუპები ხასიათის სიმსუბუქით გამოირჩევიან და ბავშვების მიმართაც ლაღი დამოკიდებულება აქვთ. ისინი ბავშვთან იქცევიან არა როგორც მშობლები, არამედ როგორც უფროსი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია შენი პრობლემა გაიგოს, დაგიცვას და სურვილებიც აგისრულოს, თუნდაც მეორე მშობლისგან მალულად. თუ გინახავთ მაღაზიაში მამა, რომელიც ბავშვს აფრთხილებს: “გიყიდი, ოღონდ დედას არ უთხრა“ და რამე ბავშვისთვის არცთუ სასარგებლო ტკბილეულს ყიდულობს, ან შვილს უფლებას აძლევს, თავფეხიანად ამოისვაროს ტალახში, დიდი ალბათობით ის ტყუპია. ბავშვები ასეთ მშობლებს აღმერთებენ და ხშირად აღზრდის ასეთი სტილი სასარგებლოა. თუმცა ხანდახან მშობლის მყარი ავტორიტეტის ნაკლებობამ შესაძლოა ბავშვზე მაინცდამაინც დადებითად არ იმოქმედოს. ტყუპებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს მეორე მშობელს, ან უფროს თაობას გადააბარებს. ამასთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ასეთ ოჯახში პრაქტიკულად ორი მშობელი კი არა, ორი ბავშვია.

    კირჩხიბი

    კირჩხიბისთვის ახლადდაბადებული ბავშვი მომენტალურად ხდება სამყაროს ცენტრი. ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, საუბარი მხოლოდ მას ეხება. თუ ნაცნობი კირჩხიბი გყავთ შეიძლება შემჩნეულიც გავთ: უშვილო კირჩხიბები იფიცებიან, რომ არ აინტერესებთ შვილის ყოლა, არ უნდათ, მაგრამ როგორც კი შვილი შეეძინებათ, მაშინვე იცვლიან მოსაზრებას. კირჩხიბები ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მშობლები არიან, რომლებიც შვილს დიდი მონდომებით იცავენ. კუროებისგან განსხვავებით ისინი შვილს სხვებს არ მოახვევენ თავს და კარგად აცნობიერებენ, რომ ბავშვის სიყვარულის ვალდებულება მხოლოდ მათ აქვთ. კირჩხიბებს შორის ბევრი მარტოხელა დედაა, რომელთა აღზრდის სტილი და თავდადება მშვენივრად აკომპენსირებს მეორე მშობლის არარსებობას. როგორც წესი კირჩხიბები ჯანმრთელ და ფსიქოლოგიურად სრულფასოვან შვილებს ზრდიან, მაგრამ მეორე ნახევართან ურთიერთობაში ბალანსის დაცვას რაც შეეხება, ბავშვის დაბადების შემდეგ როგორც წესი მეუღლეს ყურადღებას აკლებენ, რადგან მთლიანად ბავშვზე არიან კონცენტრირებული.


    ლომი

    ლომებს უსაზღვროდ უყვართ საკუთარი შვილები, თუმცა ამას ცოტა განსხვავებულად გამოხატავენ, ვიდრე ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობა. ლომი ნაკლებად მოუყვება სხვებს შვილის მიღწევების შესახებ, თუმცა სიამოვნებით მოისმენს სხვების ნაამბობს. ყველაზე ხშირად ლომები ცდილობენ ბავშვს რაც შეიძლება მეტი უნარი განუვითარონ, საუკეთესო განათლება მისცენ, მისი გარანტირებული მომავალი უზრუნველყონ. ამიტომაც ლომების შვილებს თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ აქვთ. ისინი სკოლიდან აუცილებლად რამდენიმე დამატებით წრეზე მიდიან, არდადეგების დროს კი დამატებითი ლიტერატურა უნდა იკითხონ ან ის საგანი იმეცადინონ, რომელში გამოცდის ჩაბარება შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ უწევდეთ. მონდომებას შედეგიც მოაქვს და ლომის შვილი შესაძლოა მართლაც ნიჭიერი მხატვარი გახდეს, ან სკოლა წარმატებით დაამთავროს, მაგრამ როგორც წესი ეს მიღწევები ხშირად უშედეგოდ ქრება. ლომის დესპოტიით დაღლილი ბავშვები როგორც კი სტუდენტები გახდებიან და თავისუფლებაზე გააღწევენ, დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობენ და ხშირად სიძულვილი უჩნდებათ ყველაფრის – ცეკვის, ხატვის, ფორტეპიანოს, ბიოლოგიის , მათემატიკის თუ სხვა დანარჩენის მიმართ, რასაც ბოლო ათი წლის მანძილზე დაჟინებით აძალებდნენ. ლომების მეუღლეები უნდა შეეცადონ მეორე ნახევრის ინიციატივები მოთოკონ და ბავშვს უფლება მისცენ თავად აირჩიოს ცხოვრებისეული მიზნები და ინტერესები.

    ქალწული

    ქალწული – ეს არის მშობელი მფარველი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შვილს ცხოვრება გაუმარტივოს და ყურადღება არ მოაკლოს. მათ შეუძლიათ საათობით უდარაჯონ საწოლთან შვილს, თუ მცირედი ეჭვი მაინც აქვთ, რომ ბავშვი შეიძლება ავად იყოს. ქალწულები უამრავ ვალდებულებას აიღებენ საკუთარ თავზე, ოღონდ ბავშვი არ დაიღალოს. ხანდახან ასეთი მიდგომა უკიდურესად მავნებელია, რადგან ბავშვი შეიძლება დამოუკიდებელ პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდეს და ცხოვრებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყოს. თუმცა ხშირად ქალწულები ბავშვის აღზრდას უფრო გაცნობიერებულად უდგებიან და ყველაფერს ასწავლიან, რაც შეიძლება ცხოვრებაში დაჭირდეს. ადრეულ წლებში შეძენილი სასარგებლო და ეფეტური უნარები საბოლოოდ ბავშვს მართლაც შეიძლება გამოადგეს და მშობელს მადლობაც უთხრას ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ქალწული მშობლები მკაცრი დიქტატორები არიან, რომლებიც ბავშვის წინააღმდეგობას ვერ იტანენ. თუ თქვენი მეუღლე ქალწულია, მშვიდად იყავით – ბავშვი სანდო ხელშია. ერთადერთი, უნდა აკონტროლოთ, რომ ქალწული უკიდურესობაში არ ჩავარდეს სიმკაცრისა და ზრუნვის გამოვლენისას.


    სასწორი

    სასწორები შესანიშნავი მშობლები არიან და ისევე როგორც ყველაფერში და ყოველთვის, შვილებთან ურთიერთობაშიც ჰარმონიას ესწრაფვიან. თუ სასწორი ნაცნობი გყავთ, მის მაგალითზე შეგიძლიათ ადვილად დარწმუნდეთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა მათ სახლში და რამდენად კარგად არის აწყობილი თაობებს შორის ურთიერთობა. სასწორი მეორე მშობლისთვის ერთგვარი გამტარია, რომელსაც შეუძლია ბავშვის ენიდან ზრდასრულის ენაზე გადათარგმნოს ყველაფერი, ნებისმიერ კონფლიქტში და ჩხუბში კომპრომისი მოძებნოს და იდეალური დასვენება დაგეგმოს, რომელიც ოჯახის ყველა წევრს დააკმაყოფილებს. თუ თქვენი მეუღლე სასწორია, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ნებისმიერ დროს თქვენი შვილი რამე საინტერესო საქმით იქნება დაკავებული, ჩაცმულ–დახურული, გამოკვებილი და ბედნიერი. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებენ შესანიშნავ ურთიერთობებს შვილებთან.


    მორიელი

    მორიელებს საოცარი ენერგეტიკა აქვთ, რომელმაც შესაძლოა ბავშვებთან ურთიერთობაში გამოუცდელობა და აღზრდაზე ელემენტარული წარმოდგენის არქონაც კი დააკომპენსიროს. უბრალოდ თავისი არსებობითაც კი ამ ზოდიაქოს ნიშნები ბავშვებზე არაჩვეულებრივ გავლენას ახდენენ – ერთის მხრივ ეს გავლენა მათ ამშვიდებს, მეორეს მხრივ კი ბავშვის დაინტერესებას იწვევს. ერთადერთი, რაც მორიელსა და ბავშვს შორის ურთიერთობას აფუჭებს, ის არის რომ თავად მორიელს ბავშვთან დროის გატარება ნაკლებად აინტერესებს. მორიელს ბავშვთან ურთიერთობა მალე ბეზრდება, რადგან სალაპარაკო არაფერი აქვს, ერთობლივ საქმიანობას კი მორიელის ინტერესებთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია და ბავშვის წამოზრდასთან ერთად გაივლის. მორიელები შესანიშნავი დამრიგებლები არიან. შეიძლება გატაცებით დაინტერესდნენ იმით, რომ საკუთარი შვილი რამე საქმეს ან სფეროს აზიარონ. მორიელების მეუღლეებს საკუთარ თავზე ბევრი მოვალეობის აღება მოუწევთ, რათა მორიელებს მეტი დრო დარჩეთ სხვა საქმეებისთვის.


    მშვილდოსანი

    მშვილდოსანი აღზრდის საკითხებში უშუალოა. მას არ აქვს სხვა ბევრი ნიშნისთვის დამახასიათებელი ემოციები ბავშვების მიმართ. ბავშვი მათთვის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც არ ღირს ყოველ წუთას ყურადღება დაუთმო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უპასუხისმგებლო და გულგრილი მშობლები არიან. მშვილდოსნის ინტერესი ბავშვის გაზრდასთან ერთად იზრდება. ასე რომ იმ მომენტისთვის, როცა ბავშვი საკუთარი აზრების გასაგებად ჩამოყალიებას ისწავლის, დიდია ალბათობა, რომ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მშვილდოსანი თავადაც ბავშვია, რომელსაც ნებისმიერ ავანტიურაში ჩართვა შეუძლია. მშვილდოსნის ცოლს თუ დაელაპარაკებით, ის სავარაუდოდ არაერთ ისტორიას მოგიყვებათ, როგორ მოიფიქრეს მისმა ქმარმა და შვილმა ერთობლივად რაღაც სისულელე, მერე მთელი სერიოზულობთ ჩაერთნენ მის კეთებაში, შემდეგ კი შედეგს დიდხანს განიხილავდნენ. მშვილდოსნის მეუღლეებს მოთმინება და აღზრდის საკითხების საკუთარ თავზე აღება მართებთ. სხვას ვერაფერს შეცვლიან, რადგან მშვილდოსანი აიძულო მისთვის უინტერესო საქმეში ჩაერთოს პრაქტიკულად შეუძლებელია.


    თხის რქა

    თხის რქებს  შორის ისეთებსაც შეხვდებით, რომლებიც საერთოდ ვერ აღიქვამენ ბავშვებს და ისეთებსაც, რომლებიც მათ უბრალოდ აღმერთებენ. მეორე პოზიცია თხის რქებში ბევრად უფრო გავრცელებულია, ასე რომ სწორედ მას მივაქცევთ ყურადღებას. თხის რქები ბავშვის აღზრდას კონსტრუქციულად და თანმიმდევრულად უდგებიან. ყოველთვის გაწონასწორებულად იქცევიან, ცდილობენ შვილები იმით უზრუნველყონ, რაც მათ მართლაც ჭირდებათ, თანაც ცდილობენ საუკეთესო შეარჩიონ, რომ სხვებს შეშურდეთ. თხის რქა ბავშვს უამრავ წრეზე და სკოლაში არ ატარებს. ამოირჩევს ერთს, ოღონდ ელიტურს და ისეთს, სადაც მის შვილს საუკეთესო ცოდნას მისცემენ, რომლითაც გარშემო ყველა თანატოლს აჯობებს.


    მერწყული

    მერწყულებს შორის ხშირად შეხვდებით ისეთებს, რომლებიც სულ თავის შვილზე ლაპარაკობენ და სულ თან დაატარებენ. მერწყულები უკვე წამოზრდილ ბავშვსაც არ უშვებენ უმეთვალყურეოდ არსად და სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ შვილის ცხოვრება. თუმცა ეს მომეტებული ზრუნვა სულაც არ ნიშნავს, რომ მერწყულის ცხოვრებაში შვილის დაბადებამ გლობალური ცვლილებები მოახდინა და სხვა ყველაფერი დაავიწყა. თუ რომელიმე თქვენმა ახლობელმა როკ კონცერტზე ორი თვის ბავშვი წამოიყვანა, სავარაუდოდ ის მერწყულია. მათი შვილები ადვილად აკოპირებენ მშობლის თვისებებს და გატაცებებს და მათი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხდებიან. მერწყულები შვილებისთვის ყველაზე ლამაზ ტანსაცმელს არჩევენ, კითხულობენ აღზრდის შესახებ პოპულარულ ლიტერატურას და როგორც წესი, მათი წვლილი ბავშვის განვითარებაში დადებით შედეგს იძლევა. მერწყულების მეუღლეებმა საერთო ჰარმონიის შესანარჩუნებლად იგივე ინტერესები უნდა გაიზიარონ, თუმცა მაინც თვალყური ადევნონ, რომ ეს ყველაფერი გონივრულობის ფარგლებს არ გასცდეს.


    თევზები

    ისევე, როგორც ყველაფერ დანარჩენში, ბავშვების აღზრდაშიც თევზები უკიდურესობებით გამოიჩრევიან. მათ შეძლიათ უკანასკნელი გროში გაიღონ რომ ძვირფასი და სრულიად უსარგებლო ნივთი შეუძინონ შვილს, ან კიდევ სიმკაცრე და სიჯიუტე გამოიჩინონ და ბავშვს იაფფასიანი, მაგრამ საჭირო ნივთი არ უყიდონ, რომ “არ გაანებივრონ“. თევზების მშობლური სტრატეგია იმას ეფუძნება, რაც მათ თავად გამოსცადეს ბავშვობაში. ამასთან, მთავარი მოტივი საკუთრი მშობლების შეცდომების არგამეორებაა. მაგალითად, თუ თევზები ბავშვობაში გრძნობდნენ, რომ მათთვის არასაკმარისად ლამაზ ტანსაცმელს ყიდულობდნენ, მათ შვილს უზარმაზარი გარდერობი ექნება ულამაზესი ტანსაცმლით და პირიქით. თევზებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და მათ მაგალითზე თავადაც დარწმუნდებით, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შვილში საკუთარ თავს ხედავენ პატარაობისას და ცდილობენ მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ.

  • გზავნილები საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტების პრესკონფერენციიდან

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ კი ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც მაკრონმა ზურაბიშვილს მადლობა უთხრა იმის გამო, რომ ორმხრივი სახელმწიფო ვიზიტების ფარგლებში პირველ ქვეყანად საფრანგეთი აირჩია.

    თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმაც მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას იმისთვის, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მის უნაუგურაციაზე ქვეყნის წარმომადგენლად გამოუშვა.

    “საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს. შეხვედრისას ქალბატონ პრეზიდენტს განვუცხადე, რომ საფრანგეთი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის სასარგებლოდ ჩართულობის პოლიტიკა მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ინიციატივის წარმატებას. ჩვენ მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს ადმინისტრაციულ ხაზზე სეპარატისტულ რეგიონებსა და დანარჩენ საქართველოს შორის, ეს პროცესი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, მათ დაბრკოლებებს უქმნის თავისუფალ გადაადგილებაში. ყველაფერი ეს ხელს არ უწყობს ვითარების ნორმალიზებას. საფრანგეთი ყოველთვის მოუწოდებდა რუსეთს ამ საკითხთან მიმართებაში კონსტრუქტიული მიდგომა გამოეყენებინა, რაც ასევე მოიცავს ევროკავშირის დაშვებას ამ რეგიონებში. ეს ის პოზიციაა, რომელიც ჩვენ მომავალშიც გვექნება. რუსეთს მოვუწოდებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები დაიცვას”,განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.  

    “საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს გამოიჩინა თავისი სოლიდარობა, მხარდაჭერა და ჩაერთო იმ კონფლიქტის იმ დროისთვის შეწყვეტაში და თუ არა საფრანგეთისა და პრეზიდენტი სარკოზის დახმარება, ჩვენ შეიძლება, სხვა მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ამ წარსულის გამო, ჩვენ ერთგვარად, იძულებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ამ მხრივ, მე მიმაჩნია, რომ ჩემი არჩევანიც ერთგვარი სიმბოლოა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, როცა საქართველოს მოსახლეობამ ამირჩია, ამირჩია, ერთდროულად, როგორც ევროპელი პრეზიდენტი და ამირჩია იმისთვის, რომ სწორედ, ეს როლი შევასრულო საქართველოსა და ევროპას შორის, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავახლოვდეთ, ვიდრე ის დღე მოვა, როცა ევროპისა და ევროკავშირის სრული წევრები გავხდებით”,ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

    საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს-რუსეთს შორის საფრანგეთის შესაძლო შუამავლის როლზეც კითხეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ამისთვის რუსეთის თანხმობაც იქნება საჭირო, რაშიც ის დარწმუნებული არ არის. მისივე თქმით, საფრანგეთის მხრიდან გარდა განცხადებების გაკეთებისა, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს აღებული ვალდებულებები გაახსენოს.

    “მგონი იმისთვის, რომ საფრანგეთი გახდეს რუსეთთან შუამავალი, უნდა იყოს მეორე მხრიდანაც თანხმობა, რის არსებობაშიც დღეს დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ საფრანგეთის მზადყოფნა, რომ არამხოლოდ განცხადებებს აკეთებს და მუდმივად იმეორებს, რომ ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და გვეხმარება არაღიარების პოლიტიკაში. განცხადების იქით ასევე, არის მზადყოფნა, რომ რუსეთს თავისი ვალდებულებები ყველანაირად გაახსენოს იმ ფორმატში და იმ მომენტში, როდესაც ამის საშუალება მიეცემა. ეს მზადყოფნა არსებობს”,-თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.  

  • ვერცხლის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

    თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლის დროს დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

    მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

    თბილისში, 19 თებერვალს, ვერცხლის ქუჩაზე 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. რუსთავი 2 – ის ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა სავარაუდოდ, თავის არეში აქვს მიყენებული.

    ადგილობრივების განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცს ავტომობილიდან ესროლეს.

    ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები.

  • NBA აფრიკაში ლიგის შექმნას გეგმავს

    ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია აფრიკაში ლიგას ქმნის. ამის შესახებ NBA-ს კომისარმა ადამ სილვერმა განაცხადა.

    მისი თქმით, მომავალ წელს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (FIBA)-სთან ერთად აფრიკაში საკალათბურთო ლიგას დააარსებენ. ახალი ლიგის სახელწოდება იქნება BAL (Basketball Africa League).

    სავარაუდოდ, აფრიკულ ლიგა ტუნისის, ეგვიპტის, ანგოლის, კენიის, ნიგერიის, მაროკოს, რუანდის, სენეგალის და სამხრეთ აფრიკის კლუბებს მოიცავს.

    აფრიკის საკალათბურთო ლიგის პირველი სეზონი 2020 წლის იანვარში დაიწყება.

  • თბილისში ლგბტ ჯგუფი კვირეულს და ღირსების მარშს გამართავს

    თბილისში პრაიდის კვირეულის გამართვა დაანონსდა. შესაბამისი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ შემქნილ გვერდზე გავრცელდა: 

    ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები. ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!

    ჩვენი დები და ძმები საზოგადოებაში არსებული სიძულვილისა და აგრესიის გამო სხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს. ჩვენ არ გვინდა გაქცევა, გვინდა ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში!

    ჩვენ გვეხება და გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა.

    ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და გვინდა ვიცხოვროთ არაძალადობრივ საზოგადოებაში.

    ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოება შემდგარია მაშინ, როდესაც მისი თითოეული წევრის უფლებები აღიარებული და დაცულია.

    ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას, რადგან გაუსაძლისია ასე ცხოვრება და არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა ღირსებისთვის ბრძოლისა!

    ჩვენ არ ვართ ცოტა და არავის დავტოვებთ მარტოს!

    ჩვენ ვართ სტუდენტები, მიმტანები, მუსიკოსები, დიზაინერები, არტისტები, მწერლები, სპორტსმენები, ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები, მეშახტეები, ტაქსის მძღოლები, სოციალური მუშაკები, პოლიტიკოსები, მღვდელმსახურები…

    ჩვენ ვართ თქვენი შვილები, მშობლები, დები, ძმები, მეგობრები, ნათესავები, თანამშრომლები და მეზობლები.

    ჩვენ ვართ თქვენ!

    18-23 ივნისს, თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება გაიმართება.

    პრაიდის კვირეულს დაასრულებს – ღირსების მარში, რომლის ფორმა არ იქნება საზეიმო და კარნავალური, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ქვიარებს არ გვეზეიმება.

    შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ. ერთად დგომა გვჭირდება!

  • სააკაშვილი: ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა უბრალოდ იღუპება

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მასზე საქართველოში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და ეს ვითარება სულაც არ ახარებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისგან “ხალხი რაღაც მოქმედებას ელის, სხვა შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ იღუპება”.

    “ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა, უბრალოდ, იღუპება. ეს ისეთივე შერძნებაა, თითქოს შენი შვილი იღუპება, რომელიც გააჩინე, გამოკვებე, მეექვსე კლასამდე მიიყვანე და უცებ რაღაც საშინელი გრიპი შეეყარა, გართულებებით. აი, მთელი ამბავი. თავიდან იყო სურდო, ახლა უკვე ფილტვების ანთებაა, რომელიც მენინგიტში გადაიზარდა და გადარჩენაა საჭირო, სასწრაფო ზომებია მისაღები და მშობელი ვერ იტყვის, ბავშვი ჩაგაბარეთ და ახლა მიხედეთ ბავშვსო. ეს უკვე შიგნით გტკივა და შეუძლებელია რეაგირების გარეშე დატოვება. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ . ჩემი პირმშო იღუპება”, ამბობს სააკაშვილი ონლაინტელევიზიაKrym TV“-სთან ინტერვიუში.