Category: არქივი

  • “მხარს ვუჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემას, კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად წარმოსადგენია”- ლომჯარია

    საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ის მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან და თანასწორ საარჩევნო გარემოს.

    „ამ შემთხვევაში მთავარი სათქმელი ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველ პოლიტიკოსებს. მიმაჩნია, რომ ჩვენს რეალობაში და ქართულ კონტექსტში პროპორციული საარჩევნო სისტემა გაცილებით მეტად უზრუნველყოფს სამართლიან, თანასწორ საარჩევნო გარემოს. შესაბამისად, სახალხო დამცველი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გარდა იმისა, რომ ამ სისტემაში უფრო მეტად არის დაცული საარჩევნო უფლებები, ეს უფრო მეტად სამართლიანია, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად უწყობს ხელს პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში. კარგია, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურობენ, თუმცა, მთავარი სათქმელი გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენ უნდა მივიდეთ ამ გადაწყვეტილებამდე”,- განაცხადა ლომჯარიამ.

    იმ პირობებში, როდესაც არცერთი მხარე კომპრომისზე არ მიდის, ლომჯარიას განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება რთულად წარმოსადგენია.

    “ეს არის პოლიტიკური პროცესი. სახალხო დამცველის ჩართულობა მინიმალურია. მაქსიმალური, რაც ჩვენ გავაკეთეთ ეუთო/ოდირისთვის მიმართვა იყო. მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მიღებული კონსენსუსის და ჩართულობის გზით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და ქვეყნებმა აღიარონ არჩევნები და გაგრძელდეს მხარდაჭერა, რაც ჩვენ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას გაგვაჩნია, მთავარი მოთხოვნა მათი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო სისტემა უნდა იყოს მიღებული მაქსიმალური კონსენსუსის გზით. ჩემი აზრით, მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული კონსენსუსური გადაწყვეტილება. ვისი მხრიდან იქნება მეტი კომპრომისული ნაბიჯი გადადგმული, ეს სხვა დისკუსიის საგანია. იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, მისი მხრიდან შესაძლოა უფრო მეტი კომპრომისი იყოს საჭირო. თუმცა, გეთანხმებით, რომ კომპრომისული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ცოტა რთულად არის წარმოსადგენი იმ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს”, – განუცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.

  • “რამდენიმე პარტიამ შეხვედრის სურვილი გამოთქვა – მზად ვართ ყველას შევხვდეთ”- კალაძე

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება.

    მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით.

    “ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც დიალოგი გაიმართება. თუ ვერანაირი შეთანხმება ვერ მოხერხდა და ვერ მოხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ, რა თქმა უნდა, არჩევნები ჩატარდება არსებული საარჩევნო სისტემით. ძალიან მალე უნდა დამთავრდეს საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა და გარკვეული შეთანხმების მიღწევა, რადგან სხვანაირად ცვლილებების განხორციელება გახდება შეუძლებელი”,- განაცხადა კალაძემ.

    მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა შეხვდეს როგორც ცალკეულ პარტიას, ასევე გაერთიანებულ ოპოზიციას.

    “ჩვენი სურვილია, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან მოხდეს შეხვედრა, როგორც ყველა ერთად, ასევე ცალკეულ პარტიასთან თუ ექნებათ სურვილი. რამდენიმე პარტიამ გამოთქვა სურვილი. ჩვენ მზად ვართ ყველას შევხვდეთ”, – განაცხადა კალაძემ.

  • მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

    ასპინძაში, მდინარე მტკვარში შუა ხნის მამაკაცის ცედარი იპოვეს. ის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრია.

    მამაკაცი სახლიდან გუშინ, 23 თებერვალს დილით გავიდა. მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცხედარს კი ცოტა ხნის წინ მიაკვლიეს.

    „გუშინ, საღამოს ხუთი საათის შემდეგ ეძებს მთელი სოფელი. შვილს აქვს მძიმე დაავადების დიაგნოზი, არაფერს გამოვრიცხავ, შეიძლება ამ ამბავს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, შეიძლება უბრალოდ ჩავარდა. ძალიან მშრომელი კაცი იყო“, – ამბობენ სოფელში.

  • სამეგრელოში საფლავების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

    სამეგრელოს პოლიციამ საფლავების გაქურდვის ბრალდებით 21 წლის ორი ახალგაზრდა დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ცნობით, ახალგაზრდებმა სულ 10 საფლავი გაქურდეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სოფლებში – ჭოღაში, ნაფიჩხოვოში, კურზუსა და ქალაქ ჩხოროწყუში 10 საფლავი გაქურდეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ საფლავების მესრების ლითონის დეტალებს, რომლებიც შემდეგ ქალაქ სენაკსა და ქალაქ ზუგდიდში მდებარე შავი და ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტებში ჩააბარეს.

    პოლიციამ ქალაქ სენაკში, ფერადი ლითონების მიმღები ერთ-ერთი პუნქტიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო საფლავებიდან მოპარული ლითონის ფირფიტები. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • “ანას ბაღთან” გაშენებულ სკვერს არბევენ (ლაივი)

    ამ წუთებში  “ანას ბაღთან” პარტიზანულად მოწყობილი პარკს მშენებელი კომპანიის დაქირავებული მუშები და დაცვის თანამშრომლები შლიან. ამოთხარეს ნერგები, გადაიტანეს საქანელა, სკამი და მაგიდა, რომლებიც ადგილობრივებმა პარკის მოსაწყობად მიიტანეს.

    შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა ითხოვენ, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, ,,ანას ბაღთან” არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი.

  • პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

    პარლამენტში დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ.

    დღის წესრიგის მიხედვით, მაჭავარიანი ძირითადად სამ საკითხზე ისაუბრებს: 1. ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; 2. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია და პოზიცია. 3. საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    24 თებერვალს საქართველოში შედარებით გამოიდარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    „დასავლეთ საქართველოში 24 თებერვალს შედარებით გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონში კი, მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა აქაც, +13, +18 გრადუსამდე გათბება.

    თბილისში კი, უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის +14, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    გლდანის რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანი IVბ მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ვარდისუბნის, გორგულის, ღების, ხანძთის, განთიადის, სვანეთისა და სხარტალის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძისა და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ზესტაფონის, ღრმაღელეს, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, კნოლევის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, სამღერეთისა და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლებს. 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, ავშნის, ევგენი ღვალაძის, რეზო გაბაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის, ქობის, ქუჯი ერისთავის, ამირან ბობოხიძისა და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის დასახლებისა და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონისა და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი – 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III კვარტლისა და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხოშტარიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გორგასალის, დიმიტრი გულიას, შოთა ნიშნიანიძის, კოტე აფზაზის, გულუასა და გიორგი ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ფარნავაზის გამზირის, დიდი დიღომი I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გივი კარტოზიას, ანტონოვსკაიას, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწისა და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

  • „ჩემი თანასოფლელები გამოიქცნენ, მე დამაკავეს“ – რას ყვება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული 17 წლის მოზარდი

    საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დაკავებული 17 წლის მოზარდი, ალეკო შიუკაშვილი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ მოზარდმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

    „ტყეში ვიყავი. ჩემი თანასოფლელები გამოიქცნენ, მე დამაკავეს. სამი ან ოთხი იყო, ვინც დამაკავა. ტყეში შეშას ვაგროვებდი. სად წამიყვანეს არ ვიცი, გადამიყვანეს, დამკითხეს, დღეს გამათავისუფლეს. იქ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ“ – აცხადებს ალეკო შიუკაშვილი.

    მედიასთან კომენტარი მოზარდის დედამ, ხათუნა თაყაძემაც გააკეთა:

    „ბაშვი უვნებელი დაგვიბრუნდა მადლობა პოლიციას, ჩვენს ხელისუფლებას, რომ დროულად გაათავისუფლეს. გადაუყვანიათ ცხინვალში. ჯანმრთელად არის. ფული არ გადაუხდევინებიათ“ – ამბობს მოზარდის დედა.

  • ილონ მასკის შვილი საკუთარ სქესს თვითონ აირჩევს

    31 წლის მომღერალი გრაიმსი, რომელიც Tesla–ს და SpaceX–ის დამფუძნებლის, ილონ მასკისგან შვილს ელოდება მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მან ტვიტერის პოსტში დაწერა, რომ მათი მომავალი შვილი თვითონ შეძლებს გენდერული კუთვნილება აირჩიოს.

    მან აღნიშნა, რომ ბავშვის სქესი არ დაკონკრეტდება, სანამ ის თვითონ არ მიიღებს გადაწყვეტილებას გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით. მანამდე კი მშობლები მას მრავლობით რიცხვში მოიხსენიებენ, რათა სქესის განმსაზღვრელი ნაცვალსახელი არ გამოიყენონ. ცოტა ხნის წინ ინტერვიუში მომღერალმა თქვა, რომ უნდა ბავშვი მოკრძალებულ გარემოში გაზარდოს – ბაბუმისის სახლში, რომელიც ტყეში მდებარეობს.

    “მინდა ჩემი შვილი ტყეში იზრდებოდეს. მუდმივად ბაბუასთან არ ვიცხოვრებთ, თუმცა ხშირად გავატარებთ იქ დროს, რომ ბავშვი მოკრძალებულ გარემოში გაიზარდოს.“– თქვა მან.

    გრაიმსი ამბობს, რომ ბაბუის სახლში ბავშვისთვის იმდენი ცდუნება არ არის, რამდენიც დიდ მეგაპოლისში.