Category: არქივი
-
ბანკიდან წასვლა იძულებითი ნაბიჯი იყო, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ – ხაზარაძე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას საუბარი სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პარლამენტში მისი მისვლის მიზანს სიმართლის თქმა წარმოადგენდა და სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომა “დაიხურა”.
“ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი (როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე, საპარლამენტო უმცირესობის) მოწვევა, მერწმუნეთ, ჩვენ აქ არ მოვიდოდით, რამეთუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები ვართ და არ გვჭირდება ტრიბუნა პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის. ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახით უკვე გავაჟღერეთ. სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და სერიოზული შემოტევა სხვადასხვა ბოტებით თუ “ფეიკნიუსებით”. ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ პარლამენტი შესაძლოა, ყოფილიყო ერთადერთი ადგილი, სადაც ქართველ ხალხს, საზოგადოებას, დეპუტატებს მივცემდით იმ ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს. მეორე – კატეგორიულად არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლებოდა, მიყენებოდა ჩვენ აქ გამოსვლას და სამწუხაროდ, კომიტეტი დაიხურა. დღევანდელი მსჯელობა მგონი სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ განმარტება გაგვეკეთებინა, დაწყნარებულიყო აჟიოტაჟი და მედიას, საზოგადოებას, დეპუტატებს გაერკვიათ, რა მოხდა რეალურად – ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ ბანკი დაგვეტოვებინა, მაგრამ ჩვენ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ”,თქვა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან.
ის ამბობს, რომ საკითხი არ ეხება თიბისის და მამუკა ხაზარაძეს – ეს ეხება ქვეყნის რეპუტაციას, მის სტაბილურობას. “თუ თქვენ მოიკითხავთ ნებისმიერ მსოფლიოს სააგენტოში, რა ინფორმაცია გადის დღეს საქართველოზე, ჩვენ უკვე ასოცირებული ვხვდებით რაღაც ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ აბსურდულ ბრალდებებთან. მე ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეხვედრები მაქვს თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან, ეს არის ნომერი პირველი სალაპარაკო თემა. სამწუხაროა, რომ უკვე მიდის კომენტარები, რომ საქართველო მიდის სხვა მიმართულებით – ეს ძალიან ცუდი მოსასმენია”,თქვა ხაზარაძემ.
თავის მხრივ, სხდომის დასრულების მოტივაციად რომან კაკულიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება დაასახელა: “კომიტეტის სხდომა დასრულდა – ამის მიზეზი გახდა მთავარი განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა კობა გვენეტაძემ. მან თქვა, რომ ის მზად არის, ისაუბროს ყველაფერზე თუ პასუხისმგებლობას აიღებენ კომიტეტის წევრები იმიტომ, რომ მისი მოსაზრებით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა, ზარალის მიმყენებელი ყოფილიყო კომერციული ბანკისათვის. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა როდესაც ვიმსჯელეთ, გადავწყვიტეთ, რომ ეს განცხადება არ არის თითიდან გამოწოვილი და ამის უკან გარკვეული ლოგიკა – რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებთან ერთად, ეს არ იყო ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება”.
-
კომიტეტის სხდომა, რომელზეც ხაზარაძის და გვენეტაძის მონაწილეობით, “თიბისის” საკითხი უნდა განხილულიყო, ჩაიშალა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც თიბისის საკითხი უნდა განხილულიყო, ჩაიშალა. სხდომის მონაწილეები რომან კაკულიას ხელმძღვანელობით მიმდინარე შეხვედრის ფორმატზე ვერ შეთანხმდნენ – პროცედურული ომი საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
-
აქ დარჩებით, ვიდრე პასუხს არ გასცემთ ყველა მწვავე შეკითხვას – ოპოზიცია გვენეტაძეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გუშინდელი განცხადების მიუხედავად, პარლამენტში მაინც მივიდა.საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან ასევე “თიბისი ბანკის” წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
-
“იერიში რეგულატორზე” – გვენეტაძე პარლამენტში მაინც მივიდა
“რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული, – ამ სიტყვებით მიმართა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას და დეპუტატებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გუშინდელი განცხადების მიუხედავად, პარლამენტში მაინც მივიდა. საკანონმდებლო ორგანოში ასევე იმყოფებიან ასევე “თიბისი ბანკის” წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
-
ბახტაძე ამბობს, რომ ხაზარაძის წერილი არ მიუღია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლისგან წერილი მიიღო.
“მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, რომ არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეროვნული ბანკის პოზიციაზეც, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში “თიბისი ბანკის” საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რეალობის ამსახველია ეროვნული ბანკის და “თიბისი ბანკის” მიერ 21 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლახან, როცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ საკრედიტო რეიტინგი რეგიონში მხოლოდ საქართველოს გაუზარდა, მნიშვნელოვან წინაპირობად აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს სწორ პოლიტიკას და მდგრადია საბანკო ფინანსური სექტორი.
“ეს არის კონკრეტული ფაქტი, დანარჩენი ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი”, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 თებერვალს, “ფეისბუქით” გავრცელებულ წერილში მამუკა ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ფულის გათეთრების აბსურდული ბრალდებით მიყენებული სერიოზული რეპუტაციული ზიანით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მისწერა და შესაბამისი დოკუმენტებიც გაუგზავნა.
-
“ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა პარლამენტში, არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ – პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველ გუნდში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პლურალიზმი გუნდის მონაპოვარია და სწორედ ამ კონტექსტში განიხილავს იმას, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება.
“მინდა დავადასტურო ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა გუნდის თითოეული წევრის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ის იდეალები, რომელიც გვაერთიანებს და რითაც 2012 წელს საზოგადოების მხარდაჭერა მივიღეთ, ეს დემოკრატიის კონსოლიდაცია წარმატებით შესრულდება, რადგან ეს ფასეულობები გვაერთიანებს. პლურალიზმი არის ჩვენი გუნდის მონაპოვარი. ჩვენ შევცვალეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელი და ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. შესაბამისად, რაც ხდება, მე სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ. ეს არის პლურალიზმი, დემოკრატიის ბუნებრივი პროცესი და არაფერს ტრაგიკულს არ ვხედავ. გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში და ბუნებრივია, ასეც გაგრძელდება”, რაც შეეხება პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამას ვერ დავეთანხმები იმიტომ, რომ ეს ყოველგვარ საფუძველსმოკლებულია. “ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან მყარი უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში”,თქვა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება