Category: არქივი

  • თუ საჭიროა, ვიჯდები – მირზა სუბელიანი

    ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დღეს სუბელიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილა. იქიდან გამომდინარე, რომ საქმის განხილვა უკვე დასკვნით ეტაპზეა, დაცვის მხარე 5 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რასაც არც პროკურატურა და არც მოსამართლე არ დაეთანხმა. სიტყვის უფლებით ისარგებლა მირზა სუბელიანმაც და თქვა, რომ გამოსწორდა, თუმცა იჯდება ციხეში, თუ ეს საზოგადოებისთვის საჭიროა.

    “გამოვსწორდი ამ 9 თვის განმავლობაში, სამარტოო საკანში. თუ საჭიროა საზოგადოებისთვის, ვიჯდები, არ არის პრობლემა”, თქვა ბრალდებულმა პროცესზე.

    მირზა სუბელიანის სასამართლო პროცესი 4 მარტს, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება.

  • პატრიოტთა ალიანსს ფრაქცია ეშლება

    უმრავლესობის რიგების შემცირების შემდეგ მალე სავარაუდოდ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციაც დაიშლება. ოცნებიდან წამოსული ეკა ბესელია ფრაქციის შექმნაზე მუშაობს . ამისათვის ჯამში 6 დეპუტატია საჭირო, რომელთაგან ერთი დიდი ალბათობით ქართული ოცნებიდან რამდენიმე თვის წინ გარიცხული დავით ჭიჭინაძე იქნება. ქართული ოცნებიდან გარიცხვის შემდეგ დავით ჭიჭინაძე დროებით პატრიოტთა ალიანსში გაერთიანდა, რომელიც შემოდგომაზე ფრაქციის დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, როცა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პატრიოტთა რიგები დატოვა. სწორედ დავით ჭიჭინაძე აღმოჩნდა ის მეექვსე დეპუტატი, რომელიც ნატო ჩხეიძეს ჩაენაცვლა და პატრიოტებს ფრაქცია გადაურჩინა. ის თავიდანვე არ მალავდა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური სახის დახმარება იყო და პატრიოტთა რიგებში დროებით ირიცხებოდა, სანამ შემცვლელს არ მოუძებნიდნენ. ვადა როგორც ჩანს ამოიწურა, რადგან ჭიჭინაძემ ფრაქციის დატოვება უკვე ოფიციალურად გადაწყვიტა. პატრიოტებმა კი ჭიჭინაძის შემცვლელი ჯერჯერობით ვერ იპოვნეს. პატრიოტთა ალიანსის 5 დეპუტატი კი ფრაქციის არსებობისთვის საკმარისი აღარ იქნება. თუმცა არ არის გამორიცხული პატრიოტთა ალიანსს ბიძინა ივანიშვილი დაეხმაროს და უმრავლესობის რომელიმე წევრი მათ ფრაქციაში გაერთიანებაზე დაითანხმოს, რათა პატრიოტებმა პარლამენტში ფრაქციის შენარჩუნება შეძლონ, ყველა თანმდევი პრივილეგიით.
    დავით ჭიჭინაძის გარდა ამჟამად პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის – “საქართველოს პატრიოტების“ წევრები არიან: ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, გიორგი ლომია, გელა მიქაძე.
  • არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია – ბესელია მისი კადრების გამავრცელებლებზე

    ეკა ბესელია ფეისბუქით ავრცელებს განცხადებას მისი კადრების გავრცელებისთვის დაკავებული ახალგაზრდების საქმესთან დაკავშირებით:
    “მოკლედ ვეხმიანები იმ ისტორიას , რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო- უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა . ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილით და განცდით- ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი. მე გავაკეთე ადრე განცხადება როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა.
    მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ- არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათი უნებლიე , გაუაზრებელი შეცდომის გამო.
    მე არ მინდა ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია.
    არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე , სიზუსტე და სამართლიანობა.
    მე როგორც დაზარებულს მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა რასაც მე არ მოვხსნი დღის წესრიგიდან.
    აქვე , მედიას მინდა მივმართო,ამ თემებზე საუბრის თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია. გაუფრთხილდეთ ადამიანებს!
    ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო!
    ასეც ვაპირებ გავაგრძელო როგორი ბარიერებიც არ უნდა აღიმართოს წინ….“ – წერს ეკა ბესელია
  • რა მიზნით შეხვდა ზურაბ აბაშიძე ბიძინა ივანიშვილს? (ექსკლუზივი)

    რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე მმართველი პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. აბაშიძე განმარტავს, რომ “ქართული ოცნების” ლიდერთან ხანმოკლე საუბარი შედგა და აუდიენცია, რომელიც პირისპირ გაიმართა და მას გუნდის სხვა წევრები არ ესწრებოდნენ, ეხებოდა 27 თებერვალს გრიგორი კარასინთან დაგეგმილ შეხვედრას.

    "ხანმოკლე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც 27 თებერვალს პრაღაში გაიმართება",განუცხადა აბაშიძემ solostudio.agency/-ს.

    რაც შეეხება რუს კოლეგასთან განსახილველ საკითხებს, პრემიერის სპეცწარმომადგენელი ამბობს, რომ შეხვედრა ტრადიციული დღის წესრიგით წარიმართება.

    რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ბოლოს პირველ ოქტომბერს პრაღაში შეხვდა. ორ ქვეყანას შორის ორმხრივ არაფორმალურ დიალოგს საფუძველი 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა.

    შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ განაცხადა, რომ დიპლომატებმა ორმხრივი ვაჭრობის ზრდაზე, ეკონომიკის და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობებზე ისაუბრეს და საბაჟო მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების “პრაქტიკული განხორციელებისთვის” მზადყოფნა გამოთქვეს.

    მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორ კვირაში, 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე, ორი ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა, მხოლოდ სირიამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ნიკარაგუამ აღიარეს.

  • უვადო პატიმრობა არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით კანონპროექტი, რომელიც პედოფილიაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა. მისი განცხადებით შეიქმნება ბაზები, რომელიც საშუალებითაც გაკონტროლდება ამ დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი ადამიანების ქცევა.

    „არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის ჩამდენი პირების ბაზაზეა საუბარი, რომელიც შეიქმნება იმ კანონის საფუძველზე, რომელიც ჩვენ მთავრობაზე წარვადგინეთ. ეს კანონი მალე განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება. საუბარია იმაზე, რომ მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების პრევენცია უფრო მეტად მოვახდინოთ. იმიტომ, რომ სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. ეს ძირითადად განპირობებულია მიმართვიანობის მაჩვენებლის ზრდით. სულ უფრო მეტი მოზარდი, მათი ოჯახის წევრი, პედაგოგი, მასწავლებელი, მანდატურის სამსახური, ფსიქოლოგი მოგვმართავს, რაც დადებითი ტენდენციაა. საზოგადოების ცნობიერება ამაღლდა. ეს ბაზა შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სექსუალური მოძალადეების ქცევა, მას შემდეგ რაც ეს ადამიანები სასჯელს მოიხდიან, უფრო აქტიურად გაკონტროლდეს. კონტროლის ფუნქცია ექნება არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ შესაბამის უწყებებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.

    მაგალითად, კანონი ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლების შეზღუდვას. თუ სასამართლო ასეთ შეზღუდვას გამოიყენებს, ბუნებრივია ეს იქნება განათლების სამინისტროს მონიტორინგის სფერო. ე.წ. “პედოფილიაზე” კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს ის კანონპროექტი, რომელიც მთავრობაზე წარვადგინეთ, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის ნაწილში გავამკაცრეთ სანქციები, მაგალითად არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში, უვადო თავისუფლების შეზღუდვაც იქნება გათვალისწინებული, რაც აქამდე ასე არ იყო“, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი

  • არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა

    ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გადაიღეს, რის შემდეგაც კადრები სოციალურ ქსელში აიტვირთა. ვიდეო სავარაუდოდ, ამავე დაწესებულების დამხმარე, მშენებარე ნაგებობაშია გადაღებული. ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ ბათუმის რესურსცენტრს აცნობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე დაიწყო. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. პროცესში ჩაერთო სოციალური მომსახურების სააგენტოც.

    “2019 წლის 25 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული უკავშირდება ბათუმის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მომხდარ ფაქტს.

    ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვის ფაქტის და დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის დადგენის მიზნით. დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით ისჯება როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში ატვირთვა, ისე მისი შენახვა და ნებისმიერი ფორმით გავრცელება. კადრების შენახვა და გავრცელება ხელს უწყობს პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მასშტაბების ზრდას. შესაბამისად, სრულიად მიუღებელია ბოლო პერიოდში გავრცელებული სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულია მხოლოდ კადრების შექმნა და ატვირთვა, ხოლო კადრების შენახვა და გავრცელება ნაკლებად მძიმე ფაქტია და სამართალდამცავები ასეთი ფაქტების მიმართ ლოიალურები უნდა იყვნენ. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა მოქმედი კანონმდებლობით ისჯება როგორც კადრების ატვირთვა, ისე შენახვა და გავრცელება. ცხადია, ასეთი სპეკულაციები მხოლოდ ახალისებს ახალი დანაშაულის ჩადენას, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის.

    შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, მსგავსი კადრების მიღების შემთხვევაში, არ შეინახოთ და არ გაავრცელოთ აღნიშნული მასალა, დაუყოვნებლივ წაშალეთ და აცნობეთ სამართალდამცავ ორგანოებს. ნუ გახდებით დანაშაულის თანამონაწილეები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები იძულებული იქნებიან დააყენონ როგორც ვიდეოს ამტვირთავის, ისე მისი შემნახავის და გამავრცელებლის პასუხისგებლობის საკითხი”,წერია შსს-ს განცხადებაში.

  • შეხვედრა ივანიშვილის შუშის სასახლეში

    სოლოლაკში, შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად უკვე მივიდნენ რეჟისორი გოგა ხაინდრავა, “ქართული ოცნების” პიარკონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. დღევანდელი შეკრება იმით არის გამორჩეული, რომ სოლოლაკში ასევე მივიდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მსგავს კონსულტაციებზე აბაშიძე დღემდე არ გამოჩენილა. კომენტარი ივანიშვილის არც ერთ “სტუმარს” გაუკეთებია. შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა თემებს განიხილავენ მმართველი პარტიის ლიდერთან. 

    ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე

    საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის

    ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა

    ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება

  • საპარლამენტო უმცირესობა დაშლის პირას

    უმრავლესობიდან წევრთა გასვლის პარალელურად იზრდება საპარლამენტო უმცირესობის დაშლის შანსები. ბაქრაძე–ბოკერიას გუნდი უმცირესობის სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. უმრავლესობიდან კიდევ ერთი წევრის გასვლა მათ ამ სტატუსს ავტომატურად დააკარგვინებს.
    საქმე იმაშია, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით უმცირესობის შექმნა მხოლოდ უმრავლესობის შექმნის შემთხვევაშია შესაძლებელი. თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტართა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია მისი მოთხოვნის საფუძველზე უმცირესობის სტატუსს იძენს.
    ეს სტატუსი მხოლოდ ცარიელი სიტყვა არ არის. უმირესობის ლიდერის პოსტი ისეთივე საპარლამენტო თანამდებობაა, როგორც უმრავლესობის ლიდერობა და მათი ხელფასიც ზუსტად თანაბარია – 5540 ლარი; თანაბარია მათი მოადგილეების ხელფასებიც – 4800 ლარი; უმცირესობა პარლამენტში მთელი რიგი კვოტებით და პრივილეგიებით სარგებლობს, მათ შორის წარმომადგენლობითობის თვალსაზრისით თუ სიტყვით გამოსვლისას.
    ასე რომ, შეიძლება ითქვას უმრავლესობის რიგების შემცირებით ევროპული საქართველოს საპარლამენტო გუნდი არანაკლებ ზარალდება.
    საპარლამენტო უმრავლესობაში არეულობის დაწყებამდე 115 დეპუტატი იყო გაერთიანებული. ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის გამოსვლის შემდეგ უმრავლეოსობაში 111 დეპუტატი დარჩა. გია ჟორჟოლიანის გამოსვლის შემდეგ კი 110. შესაბამისად, უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების რიცხვი 40 შეადგენს.

    ევროპული საქართველოს საპარლამენტო ფრაქციაში ამჟამად 20 დეპუტატია, რაც უმრავლესობის გარეთ დარჩენილი დეპუტატების ნახევარს შეადგენს და მათ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის ფლობის საშუალებას აძლევს. საკმარისია უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვოს, რომ ევროპულ საქართველოს უმცირესობის სტატუსის შესანარჩუნებლად საკუთარ რიგებში უკვე მინიმუმ 21 დეპუტატის გაერთიანება დასჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უმცირესობის სტატუსს დაკარგავს.