Category: არქივი

  • ავსტრიაში დაკარგული ქართველი სტუდენტი ფლორენციაში იპოვეს

    ქართველი სტუდენტი, რომლის დაკარგვის შესახებაც გუშინ ინფორმაცია გავრცელდა, ფლორენციაში იპოვეს. ახალგაზრდა თავს უკვე კარგად გრძნობს. ის გზაში გახდა ცუდად, როდესაც იტალიაში, დედასთან მიდიოდა. 

    ოჯახი უკვე ინფორმირებულია მომხდარის შესახებ. 

    ავსტრიაში ქართველ სტუდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

    ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში ქართველი სტუდენტის დაკარგვის შესახებ ინფორმირებული იყო. საგარეო უწყების ცნობით, საკონსულო კონტაქტზე იყო ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და სტუდენტის ოჯახის წევრებთან.

    სტუდენტის დაკარგვის შესახებ საქმის კურში ჩააყენეს პოლიციაც.

  • ბორჯღალოსნებმა ინგლისელებთან იჩხუბეს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისის მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის მიწვევით ოქსფორდში იმყოფება და ინგლისის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. ერთ-ერთი ვარჯიშისას მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას foxsports.com.au ავრცელებს.

    გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი შერკინების მოწყობა გახდა. პირველი შერკინება ვერ მოეწყო, რის შემდეგაც მორაგბეებს შორის სიტუაცია დაიძაბა, თუმცა უილ კარლინგისა და საქართველოს შერკინების მწვრთნელის გრემ როუნთრიმის დახმარებით სპორცმენები ერთმანეთს დააშორეს. მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მეორე შერკინების შემდეგ, მორაგბეები კვლავ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჩხუბში შერკინების გარდა, ხაზის მოთამაშეებიც ჩაერთნენ.

    ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბი ქართველებმა დაიწყეს. საბედნიეროდ “ბორჯღალოსნებმა” ვარჯიშის შემდეგ მეტოქეს ხელი ჩამოართვეს და ყველაფერი შერიგებით დასრულდა.

  • რუსეთი საქართველოს ორ არჩევანს სთავაზობს – კარასინის მორიგი მუქარა

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თბილისს არჩევანის წინაშე აყენებს. რუსი დიპლომატის “რჩევით”, საქართველომ ან სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი უნდა აირჩიოს. ამბობს, რომ ამის ერთდროულად გაკეთება რთულია, რასაც ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება, მოჰყვეს.

    “კომერსანტთან” ინტერვიუში კარასინმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირად წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობები ადგილიდან დაიძრა.

    “ბოლო დროს გახშირდა ქართველი პოლიტიკოსების მკვეთრი განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის მხრიდან. ისინი საუბრობენ NATO-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, დემოკრატიული ევროპის მიმართ რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე და ასე შემდეგ.

    რა თქმა უნდა, ეს არ უწყობს ხელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ორმხრივი მიზიდულობის ატმოსფეროს გაძლიერებას. თბილისი უნდა ჩამოყალიბდეს: ან აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონალური კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნა, ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. ამის ერთდროულად გაკეთება რთულია და ძალიან სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. გასაგებია, რომ თუ სამხრეთ კავკასიაში NATO-მ სამხედრო აქტიურობა განავითარა, ადრე თუ გვიან, ეს პრობლემებს გამოიწვევს.

    ჩვენ კარგად გვახსოვს, რით დაიწყო უკრაინული პრობლემა. აქაც საკითხი აბსოლუტურად იგივენაირად დგას. მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა და ჩვენს ურთიერთობებში არსებული პრინციპიალური სირთულეების გათვალისწინებით, საქართველო ჩვენთვის ახლო ქვეყანაა. მაგრამ ჩვენ ურთიერთობებს იმ დოზით განვავითარებთ, რა დოზითაც ამისთვის საქართველო იქნება მზად. ისტორია გვიჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობები გაუგებრობას იწვევს და ამას ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს”, განაცხადა კარასინმა.

    წყარო – ინტერპრესნიუსი

  • მოქალაქემ, რომელმაც “ლიბერთი ბანკი” გაძარცვა, ტერიტორია ყვითელი სამარშრუტო ტაქსით დატოვა – თვითმხილველი

    თვითმხილველები ყვებიან, რომ პირმა, რომელმაც ნაძალადევის რაიონში “ლიბერთი ბანკი” გაძარცვა, ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა და წავიდა. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძარცვაში ერთი პირი მონაწილეობდა. მათივე ინფორმაციით, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ.

    ნაძალადევის რაიონში, “ლიბერთი ბანკი” გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით 10:00 საათზე მოხდა.

    ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

    წყარო – (ფოტო) ინტერპრესნიუსი

  • პროკურატურამ თიბისის საქმეზე “დანაშაულის სქემა” წარმოადგინა

    თიბისი ბანკის საქმეზე დღეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საფინანსო ინსტიტუტის მიერ კანონდარღვევაზე გაამახვილეს ყურადღება: რა სქემით მიიღეს 17 მილიონი დოლარი თიბისი ბანკიდან მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ – პროკურატურაში ამბობენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარი 2008 წელს მათთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიების მეშვეობით მიიღეს. ამ კომპანიებზე გაცემული სესხი იმავე დღეს მათ პირად ანგარიშებზე დაირიცხა. ამის შემდეგ კი, თიბისი ბანკმა სესხის მომსახურება ყოველგვარი კანონდარღვევით დაიწყო,
    საბოლოოდ, მას უიმედო სესხის კვალიფიკაცია მიანიჭა და საერთოდ ჩამოწერა. ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარდა, თიბისი ბანკიდან საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი, რომელიც პროკურატურას დღეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ის სავარაუდოდ, თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე პაატა ღაძაძეა, რომელიც იმ დროს ბანკის” საკრედიტო კომიტეტის წევრი იყო, შემდეგ კი “თიბისი ბანკის” ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

    პროკურატურაში არ უთქვამთ – პასუხისმგებლობის თვალსაზრისით, რა შედეგი უნდა მოყვეს თუნდაც დღეს გასაჯაროებულ ინფორმაციას. საგამოძიებო უწყება ჯერჯერობით არც დასაკითხი პირების ვინაობას ასახელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ საქმეზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე დაკითხულები არიან. 
    {{VIDEO}}
    “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ ამ ეტაპისთვის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები:

    როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 2 აგვისტოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის 01 აგვისტოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწოდებული წერილობითი ინფორმაცია.

    გამოძიების ამ ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებებით იკვეთება შემდეგი სქემა: 2008 წლის აპრილ-მაისში – “თიბისი ბანკმა” მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებზე – “სამგორი M”-სა და “სამგორი თრეიდზე” სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი.

    იმავე დღეს, აღნიშნული 17 მილიონი აშშ დოლარი უკლებლივ ჩაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე. მაშინ როდესაც კომპანიებს ,,თიბისი ბანკიდან” აღნიშნული სესხი აღებული ჰქონდათ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით და არა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის სესხის სახით გადასაცემად. ანუ საკუთარი ბანკიდან გაცემული 17 მილიონი აშშ დოლარი იმავე დღეს გადაირიცხა ხაზარაძე-ჯაფარიძის პირად ანგარიშებზე.

    ამის შემდგომ მოვლენები ვითარდება შემდეგნაირად:

    2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში – მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიებს, ისე რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული, სესხის გადახდის ვადა, სრულიად უსაფუძვლოდ, გაეზარდათ ერთი წლით.

    თუმცა დაახლოებით ერთ თვეში, 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, “თიბისი ბანკმა”:

    1. აღნიშნულ სესხებს სრულიად უსაფუძვლოდ მიანიჭა უიმედო კლასიფიკაცია;
    2. საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა ისე, რომ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა;
    3. არ მოახდინა თავმდები პირებისთვის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა;
    4. არ მოახდინა ანგარიშზე არსებული თანხის უაქცეპტო წესით ჩამოჭრა ან სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონებების ჩამორთმევა.

    ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულის პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის მიერ შპს სამგორი თრეიდსა და სამგორი M-ზე გაცემულ სესხებს მიენიჭა უიმედო კლასიფიკაცია, “თიბისი ბანკი” განაგრძობდა მამუკა ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებული კომპანიების დაკრედიტებას და მათზე სხვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე სესხების გაცემას.

    მეტიც, 2012 წელს, “თიბისი” ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: “თიბისი ბანკმა” ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა. ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა კომპანიამ, ნაცვლად “სამგორი M””-ისა და “სამგორი თრეიდისა”, აიღო “თიბისი ბანკისთვის” 17 მილიონის ოდენობის სესხის დაბრუნების ვალდებულება და თავის მხრივ წარმოეშვა ხაზარაძე-ჯაფარიძისგან თანხის მოთხოვნის უფლება.

    ამის პარალელურად “თიბისი ბანკმა”, გარკვეული პერიოდულობით, იპოთეკისგან გამოათავისუფლა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული უძრავი ქონებები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქე პ.ღ, რომელიც “სამგორი M””-ზე და “სამგორი თრეიდ”-ზე სესხების გაცემისას იყო “თიბისი ბანკის” საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა “თიბისი ბანკის” ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

    ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის ხსენებულ კომპანიებსა და ოფშორულ კომპანიას შორის ჩართულ შუამავალ კომპანიასთან მომსახურების გაწევაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 28 სექტემბერს.  ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ “სამგორი თრეიდს” და შპს “სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოეწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გადაუხდიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს “სამგორი თრეიდისა” და შპს “სამგორი M” – ის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება. გამოძიების ფარგლებში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა, ასევე დამატებითი დოკუმენტაციის მოპოვება და შესწავლა. საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების შესახებ ინფორმაციას”,განაცხადეს პროკურატურაში. 

    უწყების განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკს დავუკავშირდით, თუმცა საფინანსო ინსტიტუტი კომენტარს არ აკეთებს. ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე კი ასეთ კომენტარს აკეთებს: “დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს -სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას”.

    რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, ის მზად არის, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივიდეს. მან რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქის” გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მზად არის საჯარო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს:

    “მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა არ შედგა და არ მომეცა საშუალება გამოვსულიყავი და მეთქვა ჩემი სათქმელი. ჩვენ მზად ვართ შესაბამის საპარლამენტო კომიტეტში კიდევ ერთხელ მივიდეთ, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია საჯარო ტრიბუნიდან.

    რადგან ეს ცდება ერთი და ორი ადამიანისა თუ ინსტიტუტის საკითხს და ეხება მთლიანად ქვეყანას და ამასთან ძალიან მაღალია საზოგადოების ინტერესი, ველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსგან უახლოეს დღეებში. იმედია, მალე გაირკვევა სიმართლე და არ შეიქმნება ვითარება შემდგომი გაუგებრობისა და სპეკულაციებისთვის”.{{VIDEO}}

  • კარასინი: უსიამოვნო მოულოდნელობები არ იქნება

    პრაღაში დახურულ კარს მიღმა გამართული სამსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მის მიერ დაანონსებულ უსიამოვნო სიურპრიზზე დასმულ შეკითხვას პასუხობს.

    რუსმა დიპლომატმა შეკითხვას არაპირდაპირ, “NATO-სა და აშშ-ის მიერ რეგიონში მზარდი აქტიურობით” გამოწვეული შეშფოთების გამოხატვით უპასუხა:

    “უსიამოვნო მოულოდნელობები ვფიქრობ რომ არ იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონის გარესახელმწიფოთა მისწრაფება, უფრო აქტიურად ჩაერთონ სამხრეთ კავკასიის სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციაში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს შეშფოთებას და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც დააზუსტა, რომ გარესახელმწიფოებში იგულისხმება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და აშშ-ის მზარდი აქტიურობა საქართველოს ტერიტორიაზე.

    “ჩვენ მოკლედ შევეხეთ რეგიონულ პრობლემებს. და ამასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან გამოითქვა შეშფოთება რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ბლოკისა და აშშ-ის მზარდი აქტიურობის, არაერთი სწავლების ჩატარების გამო საქართველოს ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოების მონაწილეობით. ცხადია, ჩვენ ეს გარკვეული ამოცანების წინაშე გვაყენებს. ვინაიდან იგი არღვევს სახელმწიფოთაშორის კონტაქტების განვითარების ხელსაყრელ ატმოსფეროს, გვაიძულებს ვიფიქროთ შედეგებზე”, განაცხადა გრიგორი კარასინმა რადიო თავისუფლებასთან.

  • კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა – ვახშამი ალიევთან

    საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო რეზიდენცია “გიანჯლიკიში” გამართულ ვახშამზე სახელმწიფოს ლიდერებმა ოფიციალური სადღეგრძელოები წარმოთქვეს და ორ ქვეყანას შორის არსებულ სამაგალითო მეგობრობაზე გაამახვილეს ყურადღება. 

    “თქვენი ასეთი დახვედრა არის დასტური იმისა, რომ მასპინძლობა ჩვენი ერების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელია; ეს არის კავკასიური კულტურის ძირძველი ნიშანი, უცვლელი ტრადიცია.

    დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთხელ მოწმობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობას.

    მინდა გავიხსენო დიდი აზერბაიჯანელი, ისტორიული ფიგურა ალი ბეი ჰუსეინზადე, რომელსაც ეკუთვნის აზერბაიჯანის აღორძინების პროგრამა – “თურქიზაცია, ისლამიზაცია, ევროპეიზაცია”.

    ჩვენთვის – ქართველებისთვის ასეთი გმირი ილია ჭავჭავაძე იყო. მან ჩვენს ეროვნულ ლოზუნგად აქცია “მამული, ენა, სარწმუნოება” და ევროპეიზაციის იდეას ქადაგებდა. ქართველებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად გავიარეთ გზა თავისუფლებისკენ და სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ. ეს გზა დღეს საერთო მიზნებს გვისახავს.

    ჩვენ ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა 1918 წელს, გამოვცადეთ ფედერალური წყობაც, შემდეგ დავკარგეთ დამოუკიდებლობა და გავიარეთ მძიმე საბჭოთა წნეხის პერიოდი. ბოლოს ჩვენ ასევე ერთდროულად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა.

    საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობა მძიმედ დაგვაწვა. კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ორივე ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ დღემდე ერთად ვიბრძვით საერთაშორისო ორგანიზაციებში – გაეროდან იუნესკომდე, რათა ჩვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს აღიარებული და აღდგენილი.

    ამ ტრაგედიების მიუხედავად, ჩვენ შევძელით თანამედროვე სახელმწიფოების მშენებლობა, თანამედროვე ეკონომიკის განვითარება და დიდი პროექტების განხორციელება. ჩვენ კავკასია მსოფლიო რუკაზე გამოვაჩინეთ – თქვენ ამ რუკაზე ჩანხართ, როგორც გაზისა და ნავთობის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, ჩვენ კი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა ვართ. ჩვენი სამეული – აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ამ რეგიონის ენერგოგზების ქვაკუთხედი გახდა. კავკასიის პოტენციალი მსოფლიოსთვის ამით არ იწურება. ამ რეგიონის გამორჩეული მდებარეობისა და უნიკალური მონაცემებიდან გამომდინარე, დიდი როლი გვაქვს შესასრულებელი.

    ჩვენი ქვეყნები იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აზიასა და ევროპას, ჩინეთსა და დასავლეთს, კასპიის ზღვასა და შავ ზღვას. ამ სატრანსპორტო დერეფნების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.

    იმისათვის, რომ ეს გზები მაქსიმალურად დაიტვირთოს და სათანადო მნიშვნელობა შეიძინოს, აუცილებელია, ჩვენმა რეგიონმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ყველას გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტი პარტნიორი, მეტი ტურისტი, მეტი ბაზრები. ეს ყველაფერი ჩვენს სტაბილურობაზეა დამოკიდებული.

    სტაბილურობისა და წინსვლის განუყოფელი ნაწილია კულტურა. ჩვენმა ქვეყნებმა ღირსეული ადგილი უნდა დაიკავონ მსოფლიო და ევროპულ თანამეგობრობაში, რომელიც, ეკონომიკის გარდა, სწორედ კულტურის სფეროს მოიცავს.

    მიმაჩნია, რომ დადგა დრო, როცა საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიანთი კულტურა სავიზიტო ბარათად უნდა აქციონ. ჩვენ ვფიქრობთ ახალ სტრატეგიებზე: ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებზე, ვფიქრობთ მასშტაბურ კულტურულ პროექტებზე.

    ახლახან, იუნესკოში ვიზიტის დროს, გამოიკვეთა რამდენიმე ასეთი მიმართულება. მათ შორის არის ინდუსტრიული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლად იქნას აღიარებული გასული საუკუნის დასაწყისში ბაქოში ნავთობის აღმოჩენა და ინდუსტრიის განვითარება.

    ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ გამოცდილება და, თუ თქვენი სურვილი იქნება, ერთობლივად წარმოვადგინოთ კავკასიის ინდუსტრიული მემკვიდრეობა (ბაქო, რკინიგზა და ფოთი).

    ეს პირადად ჩემთვის იქნება დიდი პატივი, რადგანაც ჩემი წინაპარი – ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ იყო ჩართული ამ წამოწყებებში და ურთიერთობდა კაპიტალისტებთან, რომლებიც მაშინ კავკასიაში საქმიანობდნენ. ესენი იყვნენ: ნობელები – თქვენთან, როტჩილდები კი – ჩვენთან. არ დავივიწყოთ ისიც, რომ ნავთობის ინდუსტრიის ისტორია ჩვენი რეგიონის მშვიდობის ისტორიაცაა. მისი ახლებური წაკითხვა და მსოფლიოსთვის წარდგენა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ერებს და შეცვლის ცრუ წარმოდგენას რეგიონზე, რომელიც მხოლოდ კონფლიქტების ჭრილში აღიქმება.

    არსებობს მრავალი პროექტი კულტურის, ეკონომიკის სფეროებში. მათ შეუძლიათ ჩვენი ქვეყნების, ხალხების, ახალგაზრდების უფრო მჭიდროდ დაკავშირება.

    ჩვენს დედაქალაქების შორის უფრო აქტიური გაცვლები უნდა მოხდეს: თქვენი ტრადიციული ხელგარჯილობის, მხატვრების, კომპოზიტორების, მწერლების წარმოჩენა; გაიმართოს ფორუმები აქტუალურ საკითხებზე, – მაგალითად, გარემოს დაცვაზე, რამეთუ კავკასიის ბიოდივერსიფიცირებული ფლორა და ფაუნა ჩვენი დასაცავია.

    ამისათვის უნდა ვიმუშაოთ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე მსოფლიო კონფერეციებზე. ახალგაზრდებს შორის ამ პასუხისმგებლობის შეგრძნება და ამაღლება, ახალი მიდგომების დანერგვა შეიძლება გახდეს ძალიან ეფექტიანი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი.

    არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებენ ჩვენს ქვეყნებში მცხოვრები ქართველები და აზერბაიჯანელები.

    ხვალ აქ ვესტუმრები ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებს. მათ მიმართ ჩვენ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ და გვინდა, რომ ვიზრუნოთ მათზე – ისევე, როგორც თქვენ გინდათ, ხელი გაუწოდოთ აზერბეიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებენ ჩვენს ქვეყნ მინდა ვისურვო, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევითა და დიდი თუ პატარა მეზობლების კეთილგანწყობით მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.

    ეს არის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საწინდარი იმ რეგიონში, რომელიც კულტურებისა და ცივილიზაციების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენ მსოფლიოს წინაშე ვალდებული ვართ, დავიცვათ მისი უნიკალურობა!”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ ვახშამზე.

    თავის მხრივ, ილჰამ ალიევის განცხადებით, დღეს არსებობს კარგი შესაძლებლობები და პერსპექტივები აზერბაიჯანსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის, ესენია: ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, კულტურის სფეროები.

    ცნობისათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 18 ნოემბერს.

    თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

    აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც საქართველოს აკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები. აქტიურია ორმხრივი ვიზიტების დინამიკა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე.

    აზერბაიჯანთან არსებული სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს.

    საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ (სუამ-ის ფარგლებში) ფორმატში.

    წლების განმავლობაში, აზერბაიჯანი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს. საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინვესტიციები აზერბაიჯანული კომპანიების მიერ.

    ენერგეტიკა წარმოადგენს თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებას, რაც გამოხატულია ერთობლივად რეალიზებულ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა “ბაქო-სუფსისა” და “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” ნავთობსადენები და “ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენი, ასევე გარდაბანი-სამუხის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი.

    გრძელდება აქტიური ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტებისა და “ბაქო-თბილისი-ყარსის” სარკინიგზო პროექტის განხორციელების თვალსაზრისით.

    წარმატებულად მიმდინარეობს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ვიზიტორთა რაოდენობა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ყოველწლიურად იზრდება.

    მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2012 წელს (“ტრაპიზონის დეკლარაცია”). სამმხრივი მექანიზმი აგრეთვე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს შორის. ასევე არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.

  • ცნობილია, ვის შეჰქონდა ბაღებში ცხენის ხორცი – გამოძიება

    სამტრედიაში, საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება, იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

    ამავე უწყების ინფორმაციით, ბრალდებულს სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა.

    “კომპანია ვალდებული იყო საქონლის ხორცის შეტანისას მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა. ნაცვლად ამისა, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ბაღებში საქონლის ხორცი შეჰქონდა. გარდა ამისა, კომპანია ბაღებს საქონლის ხორცის ნაცვლად, ნაწილობრივ ცხენის ხორცსაც აწვდიდა”,აცხადებს უწყება.

  • თბილისში CO-ს დაგროვების გამო 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა

    თბილისში სავარაუდოდ СO-ს დაგროვების შედეგად, 2 ახალგაზრდა დაიღუპა. კომპანია ყაზტრანსგაზის ინფორმაციით ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული იყო ღია წვის კამერიანი გამათბობელი, მთავარ მრიცხველზე კი თვითნებურად იყო შეერთებული რამდენიმე ქვემრიცხველი. შემთხვევა კნოლევის ქუჩაზე მოხდა. ბინა, რომელშიც ცხედრები იპოვეს, სავარაუდოდ, ნაქირავები იყო.
    “ჩვენს მიერ ბინაში შემოწმდა გაზგაყვანილობა სამზარეულოში გაზის გაჟონვა არ აღინიშნა. სამზარეულოში დამონტაჟებული იყო სამ სანთურიანი გაზქურა ასევე შესასვლელში დამონტაჟებული იყო ნიკალას ტიპის გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით. ჩვენს მიერ აღნიშნულ ბინას შეუწყდა გაზის მიწოდება, ქვემრიცხველიდან რეზინის მილის ჩახსნის მეშვეობით და 15მმ-იანი ბურთულიანი ონკანის გადაკეტვით. ასევე აღნიშნული მისამართზე ნიკალას ტიპის გამათბობელი ჩაიხსნა გაზის რეზინის მილიდან. აღნიშნული მისამართზე მთავარ მრიცხველზე დაერთებულია ქვემრიცხველები, ასევე ეზოში ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია სამი ცალი ღიაწვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. ჩვენს მიერ გადაიკეტა და დაილუქა ცენტრალურ მრიცხველი,” – ნათქვამია ყაზტრანსგაზ თბილისის განცხადებაში.
    გამოძიება დაწყებულია უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
  • ფლანგვის დეტექტორმა ლევან მურუსიძეს ხელფასი დაუთვალა

    ფლანგვის დეტექტორმა მოსამართლე ლევან მურუსიძეს მოსამართლედ მუშაობის მანძილზე აღებული ხელფასი დაუთვალა და სტატუსი მიუძღვნა. ლევან მურუსიძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2006 -დან 2018 წლამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული.
    ფლანგვის დეტექტორის სტატუსი ლევან მურუსიძის შესახებ:
    • ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და რუსთავი2-ის პრობლემური საქმეები.
    • გაოგნებულნი ვართ იმ შეთანხმებული ქმედებით (…) რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. – ევროსასამართლო გირგვლიანის საქმის შესახებ.
    • მურუსიძის თქმით, ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რაც უვადო მოსამართლედ გამწესებისათვის აუცილებელი იყო.
    • მურუსიძის უსამართლო ვერდიქტებს ქართველი ხალხი აფინანსებს.
    ლევან მურუსიძე 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2013 წელს აირჩიეს იუსტიციის საბჭოს წევრად.
    შემდეგ კი, იუსტიციის საბჭოს მდივნად. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში იგი იყო უვადოდ გამწესებისთვის განკუთვნილ გამოსაცდელ ვადაზე სამი წლის განმავლობაში. 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ იგი უვადო მოსამართლედ დანიშნა. საბჭოში მის უვადოდ გამწესებას 14-დან 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა. მურუსიძის პოზიციით, ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რაც უვადოდ გამწესებისთვის აუცილებელი იყო.
    ლევან მურუსიძე მონაწილეობდა სხვადასხვა გახმაურებული საქმეების განხილვაში, მათ შორისაა სულხან მოლაშვილისა, სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის, რუსთავი2-ის საქმეები.
    მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, რაზეც ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით,რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
    ამ და სხვა სკანდალური საქმეების მიუხედავად, ლევან მურუსიძე 2018 წლის 27 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა, შესაბამისად უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანაში ბიუჯეტის ფულის აღებას კვლავ გააგრძელებს.
    ლევან მურუსიძის და მისი ე.წ „კლანის“ დამსახურებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ და უსამართლო სისტემად რჩება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. Freedom House-ის ერთ-ერთ უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა არსებით პრობლემად რჩება, ისევე, როგორც კორუფცია და გამჭივალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა.“
    სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციით ლევან მურუსიძე სასამართლო ხელისუფლებაში პრივილეგიებით სარგებლობს და სისტემაში ერთგვარი „შეფია“.
    მურუსიძის სასამართლო და პოლიტიკური აღმავლობის დასანახად მისი ხელფასის დინამიკა გამოგვადგება. 2006 წელს 11 848 ლარი ჰქონა დარიცხული, ხოლო 2016 წელს სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავალი 99 965 ლარს უდრიდა.
    ლევან მურუსიძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2006 -დან 2018 წლამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული.