Category: არქივი

  • “ქვეყანას ჭირდება კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანმა პარტია დააფუძნა

    “ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას – უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“ – ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა მის მიერ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაანონსებული პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელთა ყრილობაზე გააკეთა.
    პარტიის „ კანონი და სამართალი“ დამფუძნებელთა ყრილობა ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა, სადაც შეკრებილებს თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდის წევრებად ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე წარუდგინა. ახალი პარტიის მხარდამჭერებთან და დელეგატებთან ერთად, დამფუძნებელთა ყრილობას პარტიის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
    „ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ შრომა დაფასდა გაერთიანებული ოპოზიციისა მეორე ტურით. ძალიან კარგია, რომ გაანალიზდა კარგად – ძლიერი ოპოზიცია არის და მშვიდად აღარ სძინავს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიული, გენიალური ფორმულა, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს. ვის სჭირდება მიძინებული და სუსტი ოპოზიცია?!–მხოლოდ ცუდ ხელისუფლებას, მხოლოდ რუსული კორუფციული მართვის ჯგუფს, რომელიც მგონია , რომ სათავეში არის. მეშვიდე წელია ვხედავ, რომ რუსული კორუფციული მართვის სტილს გვთავაზობს. ზუსტად ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია – ვგულისხმობ ინფლაციას, ნარკოტრაფიკს, პლანტაციებს, რომელიც შემოგვთავაზეს და დროებით შეჩერდა პროგრამა, მონოპოლიზებული ბიზნესი, გარჩევები მაღალ ეშელონებში, თუ ქუჩებში – ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი. ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას – უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. მისივე თქმით, პარტიას კონსულტაციებს უცხოელებიც გაუწევენ , პარტიის სავიზიტო ბარათი რეგიონის განვითარების პროგრამა იქნება. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, თაკო ჩარკვიანის თქმით, „კანონი და სამართალი“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გეგმავს.
    „ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ქვეყანაში ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ორი ასეთი ნათელი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
    ახალი პარტიის წევრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც მიმართა. „გულწრფელად გილოცავთ, რომ არენაზე გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელსაც სახელმწიფოს ბედი აღელვებს. რასაც ოდესმე გადაწყვეტს, რომ დაიწყოს თაკო ჩარკვიანმა, ვიქნები მის გვერდზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ შევქმნათ რამდენიმე კოლონა, რომელიც მოვა საქართველოში, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, დავკარგავთ ქვყანას. ჩვენ ვითანამშრომლებთ, გვაქვს ერთიანი ამოცანები. ამ ჭირის დამარცხება მარტო არ გამოუვა არავის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ
  • “დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.აქცია–პერფორმანსი

    “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” – აქცია–პერფორმანსი ამ ლოზუნგით დღეს ქუთაისში გაიმართა. დილიდან პლაკატები ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში გააკრეს პლაკატები ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, დავით კაკაბაძის, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის და მელიტონ ბალანჩივაძის გამოსახულებით და ამ წარწერით.

    პერფორმანსი ორგანიზაციის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ინიციატივით გაიმართა, პოსტერების ავტორი კი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.

    პოსტერების გამოკვრა  იმ აქცია-პერფომანსის შემადგენელი ნაწილია,  რომელიც 12 მარტს  ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

    ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

  • თაკო ჩარკვიანის პარტია დღეს ოფიციალურად ფუძნდება

    თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური პარტია ოფიციალურად დღეს ფუძნდება. „კანონი და სამართალი“ -ეს არის ახალი პოლიტიკური გაერთიანების სახელი. პარტიის დამფუძნებელი ყრილობა  „ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში იმართება. ჩარკვიანის მხარდამჭერები და გაერთიანების დელეგატები შეკრებას მალე დაიწყებენ.

    „კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე. თაკო ჩარკვიანის თქმით ქვეყანას ყველაზე მეტად სწორედ კანონი და სამართალი აკლია.

    ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

  • დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა კალიფორნიაში 38 მედალი მოიპოვეს

    საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. სპორტული შეჯიბრებები 7 ქვეყნის წარმომადგენელ, დაახლოებით, 200 მონაწილეს შორის სპორტის 8 სახეობაში გაიმართა. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.
    ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს – აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
    საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა შვიდ ტურნირში მიიღეს. კალათბურთში, ფინალურ მატჩში მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. ამასთან ერთად, მათ იასპარეზეს მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში.
    დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ამ ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.
    ქართველმა ჯარისკაცებმა 2019 წლის თამაშები შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:
    ჯონი თოფურია – 5 ოქრო
    რეზო გორგაძე – 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
    ახმედ საფაროვი – 3 ოქრო, 1 ბრინჯაო
    ალუდა სეთურიძე – 2 ოქრო, 2 ბრინჯაო
    ალიკა გითოლენდია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
    გოგიტა ხოზრევანიძე – 1 ოქრო, 1 ვერცხლი
    დავით ნარეშელაშვილი – 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
    გრიგოლ მინაგორაშვილი – 1 ოქრო
    გუგა ჩიმახიძე – 1 ოქრო
    ჯიმშერ ჩხენკელი – 1 ოქრო
    არჩილ აბულაძე – 1 ოქრო
    ლაშა სურმანიძე – 3 ვერცხლი
  • ვინ მართავს ხელისუფლების “ტროლების ფაბრიკას“. ერთ–ერთი კონსპირაციული ოფისი გაშიფრულია

    შაბათის კურიერის ინფორმაციით რუსთაველის 12 ნომერში მდებარე კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში ქართული ოცნების “ტროლების ფაბრიკა“ ფუნქციონირებდა, რომელიც ფუნქცია ხელისუფლების ოპონენტებზე და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებზე ყალბი ახალი ამბების შექმნა და მათი დისკრედიტაცია იყო.
    რუსთაველის თორმეტ ნომერში მდებარე შენობა პირველად პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ ახსენა. მისი თქმით თიბისი ბანკზე ზაფხულში კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც ბანკის სერვერები დროებით გაითიშა. თიბისის IT სამსახურმა დაადგინა შენობა და ოთახი, საიდანაც ეს თადასხმა მომდინარეობდა და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, თუმცა დღემდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ დაუდია.
    რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას ოთხი მფლობელი ჰყავს – ავიაკომპანია აირზენა, შპს ნოა-ნოა, ეთერ გაიაშვილი და კომპანია სილქნეტი.
    შენობაში შესვლა საშვის გარეშე შეუძლებელია. დაცვის სამსახური ყველა სართულს აკონტროლებს.
    ოფისი, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა და რომელიც შენობის მესამე სართულზე მდებარეობს, კურიერის ინფორმაციით რამდენიმე წლის წინ ყანდიაშვილმა ტურისტული სააგენტოსთვის იქირავა, თუმცა, ტურების შესაძენად მისული ხალხი რუსთაველის 12-ში არავის უნახავს.
    სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ კონსპირაციული ოფისი, სადაც ქართული ოცნების ტროლების დაჯგუფება მუშაობდა, შენობის მესამე სართულზე იყო განთავსებული. დაცვის სამსახურის წინააღმდეგობის მიუხედავად, კურიერმა შენობაში შესვლა მოახერხა.
    მას შემდეგ, რაც თიბისი ბანკის დამფუძნებელმა შს სამინისტროში წერილი გააგზავნა და აცნობა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმას რუსთაველის 12-დან განხორციელდა, კონსპირაციული ოფისის დაცლა დაიწყეს, ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე კომპიუტერია დარჩენილი.
    რუსთაველის 12-ში დაადასტურეს, რომ ყანდიაშვილი ტროლების დაჯგუფების ოფისში ხშირად დადიოდა.
    კურიერმა მოიპოვა კონსპირაციულ ოფისში დასაქმებული იმ ადამიანების სია, ვინც საზოგადოებისათვის ცნობილ სახეებსა და პოლიტიკოსებზე ყალბ ახალ ამბებს იგონებდნენ და ავრცელებდნენ. სიაში პირველი ალექს ამაზაშვილია. ის კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტია.
    საიდუმლო ოფისის თანამშრომელთა 17-კაციან სიაშია ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი. მან კურიერთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ რუსთაველის გამზირზე ოფისში ქართული ოცნების პრესამსახურის უფროსმა, კოკა ყანდიაშვილმა, დაასაქმა, თუმცა ამბობს, რომ ის ინტერნეტ გამოცემაში მუშაობდა.
    კოკა ყანდიაშვილი ჯერჯერობით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
    კურიერის ერთ-ერთი ვერსიით, კოკა ყანდიაშვილთან ერთად ტროლების და ბოტების მუშაობას სოციალურ ქსელში უშიშროების ყოფილი მინიტრის მოადგილის, ლაშა ნაცვლიშვილის ტელევიზიის სახე – შალვა რამიშვილიც აკონტროლებს. თუმცა, რამიშვილი აცხადებს, რომ რუსთაველის 12 ნომერში ოფისი არასდროს ჰქონია და იქ არც ყოფილა.
    ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე კი ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილი ლაშა ნაცვლიშვილის დავალებით მოქმედებს, ტროლებისა და ბოტების მუშაობისთვის კი მათ კავშირგაბმულობის ყოფილი შენობა საგანგებოდ შეარჩიეს, რადგან აქ სილქნეტის აპარატურის ნაწილია განთავსებული და თუ პოლიტიკური ნება იქნება შესაძლებელია ამ აპარატურის საშუალებით დაიწყო კიბერ შეტევა რომელიმე ორგანიზაციაზე.

  • შუამავალი, რომელმაც ხაზარაძეს გახარიას წერილი გადასცა კურიერმა დაასახელა

    შაბათის კურიერის ინფორმაციით ბიზნესმენი, ვინც მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიას მუქარის წერილი მიუტანა მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძეა. გიორგი გახარია თბილისში ამაღლების თორმეტ ნომერში მეორე სადარბაზოში ცხოვრობს. ბადრი ჯაფარიძე კი პირველ სადარბაზოში. ისინი მეობლები არიან და საკმაოდ კარგი ურთიერთობა ქონდათ.  კურიერის ინფორმაციით მათ ორმა წყარომ დაუდასტურა, რომ გახარიას წერილი ხაზარაძეს სწორედ ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა. თუმცა უცნობია, სად გადასცა გახარიამ ჯაფარიძეს ეს წერილი. არსებობს ორი ვერსია – შს მინისტრის კაბინეტი და კორპუსის საერთო ავტოფარეხი .
    მამუკა ხაზარაძე ჯერჯერობით შუამავლის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიების შემდეგ ეტაპზე ის ოფიციალურად დაასახელოს. ჯერჯერობით გახარიას წერილი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რათა დადგინდეს, არის თუ არა მასზე შინაგან საქმეთა მინისტრის თითის ანაბეჭდები.

  • ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

    ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის კვალი ეტყობოდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება  ორი – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.

  • ევროპული საქართველოს წევრს დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ

    ევროპული საქართველოს წევრს დავით ნაფეტვარიძე თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. როგორც მისი ცოლი, ნანა კოკაია ამბობს, უცნობმა კაცმა მოულოდნელად დავით ნაფეტვარიძეს ქვა ჩაარტყა. ექიმის თქმით , ამბობს  ნაფეტვარიძეს  ტვინის შერყევა აქვს და მარცხენა ხელის ცერა თითი აქვს ამოვარდნილი. 

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

  • შალვა ნათელაშვილი ივანიშვილის ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს

    შალვა ნათელაშვილი თიბისი ბანკის საქმეს გამოეხმაურა და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესზე ზეწოლაში დაადანაშაულა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ასევე სხვა ბანკირებმაც წინასაარჩევნოდ ლეიბორისტულ პარტიას საბანკო კრედიტზე უარი უთხრეს. ნათელაშვილის თქმით, ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის სხვაობა არაა რადგან ივანიშვილმა პოლიტიკის და საქართველოს პრივატიზაცია მოახდინა, ხაზარაძემ 30 წელი არაადამიანური საბანკო პროცენტებით ძარცვა ხალხი

  • აშშ თურქეთს აფრთხილებს

    ვაშინგტონი თურქეთს აფრთხილებს, თუ რუსულ C-400-ს შეიძენს ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანკარამ C-400 ტიპის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყიდვა დაადასტურა და მათი განლაგების თარიღი დააანონსა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსული შეიარაღების შესყიდვის გამო, ანკარას შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის სფეროში შეზღუდვები დაუწესდება. თურქეთი ვეღარ შეიძენს ამერიკულ მოიერიშეებს და პატრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებს. შტატების მხრიდან არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკარა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო დანადგარ C -400-ის ყიდვას კვლავ აპირებს. როგორც 8 მარტს თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, სისტემის განთავსება ქვეყანაში 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება.