Category: არქივი

  • სააკაშვილი 1 აპრილს კიევში ჩასვლას აპირებს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს. ეს განცხადება სააკაშვილმა დიმიტრი გორდონის გადაცემაში ჩართვისას გააკეთა. მისი თქმით, ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.

    საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 31 მარტს ჩატარდება. სააკაშვილი კი უკრაინაში ჩასვლას 1 აპრილს გეგმავს. სააკაშვილი თვლის, რომ მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავა.

    “ვაპირებ ჩავფრინდე ბორისპოლში. ეს ბილეთი ავიღე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გადავა. როგორც კი ის მეორე ტურში ვერ გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მესაზღვრეს არ მოუნდება შეასრულოს მისი ბრძანება და ქვეყანაში არ შემიშვას“ –განაცხადა სააკაშვილმა.

    2017 წელს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. 2018 წლის თებერვალში უკრაინის სამართალდამცავებმა ის ქვეყნიდან გააძევეს. სააკაშვილს 2021 წლის თებერვლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.

  • მთელ მსოფლიოში გადავადგილდები და შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები – სააკაშვილი

    “მთელ მსოფლიოში გადავადგილდები და შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები“ – ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჟურნალისტ დიმიტრი გორდონის შეკითხვას– როგორ არის და რას საქმიანობს.
    “ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური ვარ, რომელსაც არა ერთი, არამედ ორი ქვეყნის მოქალაქეობა წაართვეს. ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში, რომელიც ერთდროულად ორ, ნომინალურად სხვადასხვა ქვეყანაში ეწევა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას. ექსტრაორდინარული შემთხვევაა და ისტორიის სახელმძღვანელოებში უნდა შეიტანონ. მაგრამ ჩემი აზრით ეს კურიოზული სიტუაცია დროებითია. “- განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა დიმიტრი გორდონის ორსაათიან გადაცემაში.

    ჟურნალისტი დაინტერესდა, რა შემოსავლებით არსებობს სააკაშვილი. სააკაშვილი ამბობს, რომ ძირითადი შემოსავალი ლექციებიდან აქვს:

    “კონტრაქტი მაქვს ნიდერლანდების სპიკერების აკადემიასთან, რომელიც ჩემთვის ლექციების ორგანიზებას აკეთებს. რამდენიმე ლექცია ჩავატარე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ახლა პოლონეთში ვაპირებ ლექციათა სერიას. რა თქმა უნდა ეს ბევრი არ არის, მაგრამ იმაზე მეტია, ვიდრე ოდესის გუბერნატორობაში ვიღებდი. როცა პოლიტიკურ საქმეებზე გადავადგილდები, ნაზღაურდება იმის ფარგლებში, რა საქმესაც ვაკეთებ.როცა ქართველ ემიგრანტებს ვხვდები, იქ ჩვენი ფონდი გვაქს. როცა უკრაინული საქმეებით ვარ დაკავებული, არის ხალხი, ვინც ამას აფინანსებს. რა თქმა უნდა ეს არ არიან უკრაინელი ოლიგარქები. მოკლედ ასე, რაღაცას ვახერხებ.“ – ამბობს სააკაშვილი
  • ყალბი ახალი ამბებით აღშფოთებული ირმა ინაშვილი პარლამენტს დამცავი კანონის მიღებას სთავაზობს

    ირმა ინაშვილი პარლამენტს მიმართავს ინიციატივით ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ კანონის შემუშავება დაიწყოს. ამის მიზეზი დავით თარხან–მოურავთან და სამეფო ოჯახთან დაკავშირებული ისტორია გახდა. პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე–სპიკერმა საკუთარი აღშფოთება ფეისბუქ სტატუსში გამოხატა:
    “ახალი “სტანდარტია” ქართულ ჟურნალისტიკაში. ჯერ შენს შესახებ ყალბ ინფორმაციას გაავრცელებენ, მერე სააგენტოები ერთმანეთს აბრალებენ,- პირველწყარო მე არ ვყოფილვარ, სხვა სააგენტო იყოო. ბოლოს, ნაძალადევ ბოდიშს საზოგადოებას კი უხდიან, შენ კი, ვისაც ყალბი ინფორმაცია მოგაწერეს, ბოდიშს არავინ გიხდის, მაგრამ საქმე არაა მხოლოდ ბოდიშის მოხდა- არმოხდაში. დასჯადი უნდა გახდეს ყალბი ინფორმაციის გავრცელება. სხვა შემაკავებელ მექანიზმს ვერ ვხედავ. ადამიანს მიაწერო ის, რაც მას არ უთქვამს, ეს ნიშნავს ჩემი სახელით მანიპულირებას. ამ კუთხით სრულიად არაეფექტურია კიბერუსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა. გაუგებარია, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის არსი. ვფიქრობ, სასწრაფოდაა მოსამზადებელი საკანონმდებლო პაკეტი და ამის ორგანიზებას ვთავაზობ “ქართულ ოცნებას”, რადგან ოპოზიციის არც ერთი ინიციატივა პარლამენტში დღეს არ გადის.“ – წერს ირმა ინაშვილი.
    ინაშვილის აღშფოთება გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, რომელშიც ეწერა, თითქოს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, დავით თარხან–მოურავი ბაგრატიონთა სასამართლო დავასთან დაკავშირებით აცხადებდა:

    “მივმართავ არა მხოლოდ “პატრიოტთა ალიანსის” ასიათასობით ამომრჩეველს, ასევე სრულიად საქართველოს:

    ნუ უწყობთ ხელს ამ აჟიოტაჟის გაღვივებას, ხოლო გლეხებისთვის განკუთვნილი სანახაობა მეფეთა სეირის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს!
    რადგანაც ისეთი საკრალური ინსტიტუტი, როგორიც სამეფო კარია, ქილიკის საგნად აქციეთ, ყველა, ვინც ჩაებმება ამ ფერხულში, მოიკვეთება ამ კარიდან.
    ასევე სირცხვილია, რომ მეფის ბედს გლეხი მოსამართლეები წყვეტდნენ.
    დაუშვებელია დავის ამ რეჟიმში გადაჭრა, მაშინ, როცა სახელოვანი წინაპარი მეფეები, რომლის ღირსეული მემკვიდრეც უნდა იჯდეს ტახტზე, პრობლემებს თავად-აზნაურთა ლაშქრებით წყვეტდნენ.“
    რეზონანსი წერდა, რომ მან ეს ინფორმაცია სააგენტო “მეტრონომისგან“ აიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ დავით თარხან–მოურავს ეს განცხადება არ გაუკეთებია და ფეისბუქ გვერდი, რომლითაც ეს განცხადება გავრცელდა და რომელიც თითქოს მას ეკუთვნის ყალბია. რეზონანსმა დაწერა, რომ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა, თუმცა შესწორების ეს ფორმა ინაშვილსთვის არასაკმარისი აღმოჩნდა.
    “რეზონანსს” ვწერ: შეცდომას ისე ასწორებთ, რომ საკუთარ შეცდომას არ აღიარებთ! რას ნიშნავს “ყალბი აღმოჩნდა”?! პირველი წყარო თქვენთვის ვართ ჩვენ, ცოცხალი რესპონდენტები- პოლიტიკოსები და არა რომელიმე სააგენტო. წესით, თქვენ, “რეზონანსმა” მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვიდრე გაავრცელებთ მსგავსი ტიპის “ინფორმაციას”, ის უნდა გადაამოწმოთ ადამიანთან, რესპონდენტთან, რომელსაც კონკრეტულ ციტატას მიაწერთ. ირმა ინაშვილმა დაწერა, რომ ფეიკნიუსიაო. კოლეგებო, მე კი არ უნდა ვწერდე ამას და დაგსდევდეთ გვერდიდან გვერდზე, თქვენ უნდა იცავდეთ ჟურნალუსტიკის მთავარ პრინციპს და ამოწმებდეთ ჩვენთან ე.წ. ინფორმაციას. საოცარი კომენტარი გაქვთ. ბოდიში მოიხადა მეტრონომმაო, მეტრონომმა რომ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ეს კარგია, მაგრამ თქვენ რომ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეთ, თქვენ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე არ გრძნობთ?! სკოლა გამახსენდა. იყვნენ ბავშვები, რომლებიც მერხს გააფუჭებდნენ და მერე ამას თანაკლასელს აბრალებდნენ,- იმისი კალამი ავიღე, ჩემი კალმით არ დამიფხაჭნია მერხიო.“ – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ირმა ინაშვილი.
  • თბილისში ტროლეიბუსების ტენდერი მომაგებინეო – ირაკლი ოქრუაშვილი “მეფესთან“ შეხვედრას იხსენებს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დავით ბაგრატიონთან შეხვედრას იხსენებს. 2005 წლის ამბავს ოქრუაშვილი ფეისბუქ სტატუსში ყვება: 

    “მეფე კი არა ჯადოს მომხსნელი უნდა გამოვიწეროთ ამაზონიდან.

    2005 წელია გორში სუფრა მაქვს გაშლილი. იმ დროს ერთი კვერცხი მყავდა, სახელად მიშა ერქვა, ქარელი და ის შემოეხეტა ერთ უცნობთან ერთად. ჩამოსხდნენ და ხმას არ იღებენ. გაგვაცანი ეგ კაციმეთქი. ესო, ძალიან მაგარი კაცია, მომავალი მეფეაო, ეგრე გაგვაცნო. გორელებმა მე შემომხედეს გამეცინებოდა თუ არა და მაგდენს კი მიხვდნენ, რომ ზრდილობის გამო შევიკავე სიცილი. არ გასულა 15-20 წუთი და ეს ჩვენი მეფე გვერდით მომიჯდა. ერთი სათხოვარი მაქვსო, სრულიად უცნობ ადამიანს მეუბნება. რამეთქი? თბილისში ტროლეიბუსების ტენდერი მომაგებინეო. გულში ვფიქრობ, ქლიბია თუ დამცინისმეთქი, იმიტომ, რომ ბოლო ტროლეიბუსი იქამდე 10 წლის წინ დადიოდა ქალაქში. ესე გამეცნო და დამამახსოვრა მეფემ თავი.

    ვეჭვობ ჯადოს მომხსნელიც ვერ გვიშველის ჩვენ, არადა ბიძინაზე ჭიტლახის ამომრტყმელი ნაღდად გვიშველიდა.“წერს ოქრუაშვილი

  • ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას ტყუილში ადანაშაულებს

    პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილ თანაგუნდელს – ეკა ბესელიას, ტყუილში ადანაშაულებს.
    გადაცემა “არჩევანში“ კობახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიამ გადადგომის მიზეზად ალოგიკური ფაქტი მოიყვანა. მისი თქმით, ბესელიას არავინ აიძულებდა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშირებით სხდომა დაენიშნა.
    „სამწუხაროა, რომ არაერთი ტყუილი ისმოდა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, რომ, თითქოს, მე ვლობირებდი მოსამართლეთა სიას და მათ შორის ტყუილი ითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, მე ვაიძულებდი ეკა ბესელიას, ჩაენიშნა კომიტეტის სხდომა პარასკევისთვის, საუბარია ახალი წლის პერიოდზე. საერთოდ სხვა მოვლენები ვითარდებოდა რეალურად ამასთან დაკავშირებით პარლამენტში,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
    ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრების დროს არაერთი დეპუტატი ესწრებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოსამართლეთა საკითხთან დაკავშრებით თავისუფალი კენჭისყრა უნდა შემდგარიყო.
    „საკითხი იყო აბსოლუტურად მკაფიო, გარკვეული და როდესაც ამ სიტუაციაში შენს გადადგომას უკავშირებ იმას, რომ, თითქოს, ვიღაც გაიძულებდა შენ, გინდა თუ არა, მოსამართლეთა საკითხის გატანას პლენარულ სხდომაზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში სიცრუეში შეყვანის მცდელობა,“ – ამბობს კობახიძე.
  • “ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რაზეც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება” – კობახიძე ანაკლიის პორტის პროექტზე

    ანაკლიის პორტის პროექტის შესაძლო ჩავარდნას გამორიცხავს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი2–ის გადაცემა “არჩევანის“ ეთერში თიბისი ბანკსა და მის დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს განხორცილების საფრთხე არ ემუქრება.
    „ეს არის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პროექტი, ანუ, აქაც შევდივართ რაღაც აბსურდში – ხელისუფლებას აბრალებენ იმის დაბლოკვას, რასთან დაკავშირებითაც თვითონ მიიღო გადაწყვეტილება… ეს გადაწყვეტილება არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში,“ – ამბობს კობახიძე.
    ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ანაკლიის პორტის პროექტი გაწერილია და მისთვის მამუკა ხაზარაძის კრიტიკა მიუღებელია.
    კობახიძე აანონსებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოება უახლოეს დღეებში გაეცნობა.
    „ამასთან დაკავშირებით, თუ რა ვალდებულება როგორ შესრულდა სახელმწიფოს და კერძო სუბიექტის მხრიდან ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, შესაბამისი კომერციულ ორგანიზაციის მხრიდან, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“ – აღნიშნა კობახიძემ.
    ის ამბობს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომ პორტი აშენდეს, ხოლო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ინტერესში შედის პროექტის დაბლოკვა, სპეკულაციას წარმოადგენს.

  • ავადმყოფობა თუ ივანიშვილის მოთხოვნა. რატომ არ მივიდა სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში

    12 მარტს საღამოს საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ იმყოფებოდა პრაქტიკულად მთელი ხელისუფლება პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის ჩათვლით. რუსეთაველის თეატრში მივიდა ბიძინა ივანიშვილიც. ელოდებოდნენ პრეზიდენტსაც, თუმცა სალომე ზურაბიშვილი საღამოზე არ მივიდა.
    მედია პრეზიდენტის არყოფნის მიზეზით დაინტერესდა.

    „საქართველოს პრეზიდენტი ამ ღონისძიებას უნდა დასწრებოდა. გათვალისწინებული იყო მისი საქმიანი კალენდრის მიხედვით, თუმცა, ბოლო მომენტში ის გახდა შეუძლოდ. გასვლის წინ გახდა შეუძლოდ და იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

    თუმცა რუსთავი2 –ის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილის მიღებაზე არ მისვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა. ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ გადაცემა “არჩევანში“ შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს დაუსვა. გაბუნიას ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მისულიყო და პრეზიდენტის სტუმრობაც ამის გამო გაუქმდა. წამყვანის ინფორმაციით ივანიშვილს არ სურს სადაც თვითონ არის იქ სალომე ზურაბიშვილიც იხილოს.
    პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი პროტოკოლის სრული დაცვით იყო მიწვეული და ბოლო წუთამდე დადასტურებული ქონდა მისვლა, თუმცა მისი ვიზიტი ბოლო წუთებში გაუქმდა. პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, როგორც ეს პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა.
  • კობახიძე უარყოფს, რომ უმრავლესობის სხდომაზე ბესელიას ბოდიში მოუხადა

    “არ მომხდარა ასეთი რამ, ესაც არის სიცრუე,” – ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე დავით ჭიჭინაძის განცხადებას, თითქოს, მან მმართველი გუნდის ერთ-ერთ შეხვედრაზე ბოდიში მოუხადა ეკა ბესელიას.

    გადაცემა “არჩევანში“ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ  შეხვედრაზე, რომელზეც საუბრობს ჭიჭინაძე, იყო მწვავე დისკუსია, სადაც ეკა ბესელიამ თქვა, რომ ის იტყოდა ყველაფერზე სიმართლეს, რაზეც მან უპასუხა, რომ ისეთ სიმართლეს იტყოდა, რომ ეკა ბესელიას საუბრის სურვილი აღარ ექნებოდა.

    ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მას ბოდიში არ მოუხდია და დავით ჭიჭინაძე ცრუობს.

    „იქ იყო მწვავე დისკუსია. ის იყო საუბარი. მე არ მახსოვს, რა ტერმინი იყო გამოყენებული. ქალბატონმა ეკამ თქვა, რომ იტყოდა ყველანაირ სიმართლეს და მე ვუთხარი, რომ ისეთ სიმართლეს ვიტყოდი, რომ მას აღარ ექნებოდა საერთოდ საუბრის სურვილი. ეს ვთქვი მე. არასწორია, რომ შიდა პარტიული საუბრები გამოიტანო გარეთ. არ მომხდარა ასეთი რამ. ესაც არის სიცრუე. იყო იუმორში გადატანილი საუბარი და ეს გამოიყენა საბაბად ჭიჭინაძემ, თითქოს, მე მოვიხადე ბოდიში. არადა, საერთოდ სხვა რამე ხდებ

  • სალომე ზურაბიშვილი შეუძლოდ გახდა

    დღეს საღამოს, რუსთაველის თეატრში ქართული პარლამენტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებას არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. “გასვლის წინ შეუძლოდ გახდა” – პრეზიდენტის პრესსპიკერი მიღებაზე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზს განმარტავს

    მიღებაზე სალომე ზურაბიშვილის არდასწრების მიზეზები პრეზიდენტის პრესსპიკერმა განმარტა.

    ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ზურაბიშვილი ღონისძიებაზე მისვლას გეგმავდა, თუმცა, ის სახლიდან გასვლის წინ შეუძლოდ გახდა.“ იმის გამო, რომ მას აქვს ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, მან შემდეგ უკვე თავი შეიკავა რუსთაველის თეატრში წასვლისგან,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

    ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი, პარლამენტარები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მივიდა ბიძინა ივანიშვილიც.

  • გალში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით “ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.“ –ნათქვამია სუსის განცხადებაში.

    მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით მნიშვნელოვანია დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა. 

    სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია, დადგინდეს ზუსტი და ობიექტური გარემოებები, რასაც კვარაცხელიას სიკვდილი მოჰყვა.

    მინისტრის ინფორმაციით საქართველოში იმყოფებიან  ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც 13 მარტს სოხუმში მიემგზავრებიან, სადაც კვარაცხელიას საკითხი განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება.  შესაბამისი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ იგეგმება გამოძიების დაწყებაც.