Category: არქივი

  • აფხაზური მხარე გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზე ძალადობას გამორიცხავს

    აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ  მათ მიერ დაკავებული  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების მიზეზი ძალადობრივი ხასიათის ზემოქმედება არ ყოფილა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების სამსახურის  განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლო–სამედიცინო ბიურომ ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა და ძალადობის კვალი გამორიცხა. უწყების ინფორმაციით მომხდარ ფაქტს რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოები  იკვლევენ. პარალელურად კი მიმდინარეობს კვარაცხელიას ცხედრის ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხის გარკვევა. აფხაზური მხარის ინფორმაციით  1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“ 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს თავი მოიკლა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
  • ოზურგეთში ავტოავარიის შედეგად 25 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

    ოზურგეთში მოტოციკლეტით  ახალგაზრდა, ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.მოტოციკლეტის მძღოლი 25 წლის მამუკა ნაცვალაძე ადგილზე გარდაიცვალა.დაშავებულია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • რა შემთხვევაში შეწყვეტს დედოფალი მეფის წინააღმდეგ დავას. ანა ბაგრატიონის ადვოკატის პრესკონფერენცია (ვიდეო)

    ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელიშვილი ფიქრობს, რომ დნმ-ს ტესტზე საუბრით დავით ბაგრატიონის მხარე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ადვოკატი აცხადებს, რომ პიროვნების წარმომავლობის დადგენა – ბაგრატიონია თუ სიხარულიძე, დნმ-ის ტესტით ვერ მოხერხდება, რადგან საჭიროა შესადარებელი დნმ ნიმუშიც, რის გამოც სვეტიცხოვლის გადათხრა გახდება საჭირო.
    რაც შეეხება ბაგრატიონების სამეფო დავის მორიგების საკითხს, ადვოკატი ამბობს, რომ მომჩივანი ანა ბაგრატიონი საპატრიარქოს ჩაურევლადაც მზად არის, საქმე სასამართლოს გადაწყვეტლების გარეშეც დასრულდეს, თუკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი წერილობითი ფომით დაადასტურებს, რომ ის მომავალში არასდროს გამოიყენებს საქართველოს სამეფო სახლის სახელს. „მზად ვართ, ეს დავა შევწყვიტოთ. თუ ის საკუთარი ნებით აიღებს ხელს ამ უკანონო ქმედებაზე, ჩვენ აღარ გვექნება საფუძველი, დავა გავაგრძელოთ სასამართლოში“ – აცხადებს ანა ბაგრატიონის ინტერესების დამცველი.
  • ბიზნეს ასოციაცია თიბისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ბიზნეს ასოციაციია  „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
    გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:
    “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ იანვრის დასაწყისში, მაშინვე როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა “თიბისი ბანკისა” და მისი დამფუძნებლების გარშემო არსებული ვითარების შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გამართა შეხვედრა, სადაც მოვიწვიეთ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
    ამ შეხვედრამდე ჩვენთვის არ იყო ცნობილი “თიბისი ბანკში” თვეების განმავლობაში მიმდინარე შემოწმებებისა თუ სხვათა თაობაზე და ბუნებრივია ასოციაციის წევრებს გაუჩნდათ სურვილი მოესმინათ ჩვენი წევრი ორგანიზაციის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ. აღნიშნული შეხვედრის დამთავრებისთანავე ჩვენ დავამყარეთ კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, რომელიც მეორე დღესვე შეგვხვდა. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო დაგვეცვა ჩვენი წევრი კომპანიის, “თიბისი ბანკის” ინტერესები. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად იყო შუამავლის როლი ეთამაშა “თიბისი ბანკსა” და ეროვნულ ბანკს შორის.
    პრემიერმა აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, რომ მას ძალიან კარგად ესმის „თიბისი ბანკის“ როლი და ადგილი საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის საქმეში და მოგვცა გარანტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა, რათა მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული ბანკის რეპუტაცია. უფრო მეტიც, მომდევნო დღეებში იწყებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში და პრემიერმა აღნიშნა, რომ იქაც აპირებდა გაეკეთებინა შესაბამისი განცხადება „თიბისი ბანკის“ შესახებ.
    ამის შემდგომ ასოციაციამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით საჯარო სივრცეში გააკეთა ორი განცხადება. ორივე განცხადებაში ჩვენ მკაფიოდ დავიცავით „თიბისი ბანკის“ ინტერესები.
    ობიექტურობის დაცვის მიზნით უნდა ითქვას, რომ “თიბისი ბანკთან”, როგორც საბანკო ინსტიტუტთან დაკავშირებით მოვლენები ისე განვითარდა როგორიც იყო დაპირება პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ყველასათვის ცნობილია საქართველოს ეროვნული ბანკისა და “თიბისი ბანკის” მიერ ამის თაობაზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების შესახებ და ამაზე აღარ შევჩერდებით. აქვე ავღნიშნავთ, რომ გონივრული და სწორი იყო “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების გადაწყვეტილება ბანკთან მიმართებაში.
    ამას გარდა, “თიბისი ბანკმა” რამოდენიმე დღის წინ მოგვიწოდა ყველას, რომ თავი შევიკავოთ “ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან”. ეს არის აბსოლუტურად პროფესიული და პრაგმატული მიდგომა ბანკის მხრიდან. ასევე, ობიექტურობის დაცვის მიზნით გვინდა განვაცხადოთ, რომ თუ მართლაც გული შეგვტკივა ბანკზე, ყველაზე სწორია ამ დღეებში თავი შევიკავოთ და არ ვახსენოთ „თიბისი ბანკი“ სხვადასხვა მოვლენების კონტექსტში. საბანკო საქმიანობა მთლიანად ეფუძნება ბანკის იმიჯს, „თიბისი ბანკს“ ჰყავს ძალიან ბევრი არამარტო ქართველი არამედ უცხოელი დეპოზიტარი და გვერწმუნეთ, რაც უფრო ბევრს ვისაუბრებთ ბანკზე არის რისკი რომ დავაზიანოთ მისი რეპუტაცია.
    აქვე ვაცხადებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზრის ლიდერი, ძალიან წარმატებული და პროფესიული საბანკო დაწესებულება, ბანკი სარგებლობს მაღალი რეპუტაციითა და მისდამი ნდობის მაღალი ხარისხით და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „თიბისი ბანკი“ კიდევ უფრო წარმატებული იქნება მომავალში. აქვე ავღნიშნავთ, რომ საჭიროების გაჩენის შემთხვევაში ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ დავიცვათ „თიბისი ბანკის“, როგორც ჩვენი ასოციაციის წევრის ობიექტური და სამართლიანი ინტერესები.
    საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფუნქციონირებს 2009 წლიდან; ასოციაცია არის ინსტიტუცია და მოქმედებს საკუთარი წესდებისა და მასზე მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რაც გულისხმობს ასოციაციაში გაერთიანებული ორგანიზაციების ობიექტური და სამართლიანი ინტერესების დაცვას.“
  • მერია ელიავას ბაზრობის გაუქმებას საკანონმდებლო ცვლილებებით აპირებს

    თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ მერია საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლითაც ქალაქის საცხოვრებელ ზონაში აიკრძალება ექსპლოატაციიდან გამოსული ავტომობილების ნაწილებით, ჯართით, მარტივად აალებადი ნივთიერებებით, მეორადი საბურავებით და სხვა მსგავსი პროდუქტებით ვაჭრობა.
    კალაძე არ მალავს, რომ ეს ინიციატივა “ელიავას ბაზრობის“ წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუმცა ამბობს, რომ ამ ბაზრობასთან ერთად აკრძალვა დედაქალაქის სხვა სავაჭრო ობიექტებსაც შეეხება, სადაც ამ ტიპის პროდუქტის რეალიზაცია ხდება. კალაძის თქმით, მერია სპეციალურ ადგილებს გამოყოფს, სადაც ამ ტიპის ვაჭრობა იქნება შესაძლებელი.
    “ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის “ელიავას ბაზრობა”, რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია – ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული “ – განაცხადა კალაძემ.

  • დნმ–ს ომი ბაგრატიონებში. მეფე დედოფალს სასამართლო დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    მეფე დედოფალს დავის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მას შემდეგ, რაც ყოფილმა მეუღლემ ანა ბაგრატიონ–გრუზინსკიმ სასამართლოში უჩივლა და თაღლითობაში დასდო ბრალი, დავით ბაგრატიონ მუხრანელი მედიასთან არ გამოჩენილა. მისმა ადვოკატმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამეფო კარის წარმომადგენლებს შორის დავა ბაგრატიონების გვარს რეპუტაციას ულახავს, ამიტომ მოსარჩელე მხარეს დავის შეწყვეტას სთხოვენ.
    დავით ბაგრატიონ მუხრანელის ადვოკატის ლევან ჩხეიძის თქმით, ანა ბაგრატიონი რეალურად სიხარულიძე რომ არის, ამის შესახებ ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია დოკუმენტაციამ კიდევ უფრო გაუმყარა. ანა ბაგრატიონის წარმომავლობაში ეჭვის შეტანის მთავარ მიზეზად ადვოკატი საპატრიარქოს მიერ 15 წლის წინ ჩატარებულ დნმ-ის ტესტს ასახელებს, რომლის თანახმადაც, მისი თქმით, ანას მამა ნუგზარი, ბაგრატიონი არ არის.
  • რუსთავში სახურავიდან გადმოვარდნილი გოგონა გარდაიცვალა

    რუსთავში 13 წლის გოგო საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადავარდა. მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.თვითმხილველის ინფორმაციით სახურავზე ორი გოგონა ფოტოებს იღებდა, როცა ერთ–ერთი მათგანი გადმოვარდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
  • “ორბელიანის მოედნის რესტავრაცია, ძველი თბილისის ბუტაფორიზაციაა”- ვაჩეიშვილი

    ძველის აღდგენა, თუ იმიტაცია – საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აკრიტიკებს და მერიას ანტისარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებაში ადანაშაულებს. ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს და ეს არა პირვანდელი სახით აღდგენა, არამედ ძველი თბილისის ბუტაფორიზაციაა. ვაჩეიშვილი ამბობს, რომ მერია თბილისის ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს არა კულტურული მემკვიდრეობის გაჯანსაღებაში, არამედ მის გაქრობაში ხარჯავს. მისი თქმით სარესტავრაციო სამუშაოები თავიდანვე არასწორად დაიგეგმა, ვინიდან მასალა, რომელიც ფასადების რესტავრაციისთვის გამოიყენეს ლამაზია, თუმცა ძველი ნაგებობებისთვის შეუფერებელი.

  • თბილისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოღეს

    შსს–ს ინფორმაციით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ნ.ძ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული “მეტადონის” შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე “მეტადონის” შემცველი 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.