Category: არქივი

  • გარემოვაჭრეების პროტესტი ფოთში

    ფოთში მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. მათ ჯერ მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გზის გადაკეტვა სცადეს, მოგვიანებით კი, მერიაში გადაინაცვლეს და ხელისუფლების წევრებს შეხვდნენ.
    შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. გარე მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ბაზრის მთავარი გზა გარე ვაჭრობის დახლებისგან უნდა გათავისუფლდეს. მოვაჭრეები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და აქციებს აანონსებენ.
    ფოთის მერის მოადგილის განმარტებით, მოვაჭრეების პროტესტი ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ზოგიერთი მოვაჭრე პრივილიგირებული პირობებით სარგებლობს.
    „აქ საპროტესტო მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ არის. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა იყოს იერსახე მოწესრიგებული, თვითონაც არიან თანახმა ამაზე, უბრალოდ აქ აზრთა სხვა და სხვაობა იმაში, რომ არ ვიცი, საიდან, რა ინფორმაციით, ფიქრობენ, რომ ზოგიერთი არის უფრო კარგ მდგომარეობაში ჩაყენებული, ზოგიერთი უფრო ცუდ მდგომარეობაში,“- განაცხადა კონსტანტინე თოფურიამ.
  • დეპუტატების დავა – ვინ დაუსვამს მინისტრს შეკითხვას პირველი

    საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგინა, პროცედურასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. დეპუტატები დიდი ხნის განმავლობაში არკვევდნენ, პირველი ვინ დაუსვამდა მინისტრს შეკითხვას, და ვის რამდენი წუთი ეკუთვნოდა. საბოლოო გადაწყვეტილებით, მინისტრისთვის შეკითხვების პირველად დასმის უფლება საპარლამენტო უმრავლესობას ერგო

    {{VIDEO}}

  • ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ – ნატოს გენმდივნის კომენტარი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე

    ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა.
    ალიანსის შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს კითხვა “კურიერის” ჟურნალისტმა დაუსვა, თუ როგორ აფასებს ნატო რუსეთის აგრესიულ საოკუპაციო პოლიტიკას საქართველოში.
    ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისი განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები იკვეთება.
    „ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ინტეგრაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღიარებით. გარდა ამისა, გამუდმებით წევენ საოკუპაციო ხაზს, ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ასე რომ ეს არის მაგალითი, რატომაც უჭერს ნატო საქართველოს მხარს,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
    გალში რუსი ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია ცოტა ხნის წინ სენაკში გადაასვენეს. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლის ნათესავები გალში ცხოვრებენ და მათი დიდი ნაწილი ამის გამო ვერც პანაშვიდზე ჩამოსვლას შეძლებს.
    კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ექსპერტების გარდა, პროცესს აკონტროლებენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენლები.
  • „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

    “ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ და კომპანიისთვის დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებების მათ მიერ შეთავაზებული გრაფიკის მიხედვით გადახდას მოითხოვენ. სპეციალური განცხადება მათ „ოჯთ“-ის ფაბრიკაში გააკეთეს. ამბობენ, რომ ფაბრიკის გაჩერებამ 2019 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფო ბიუჯეტს 12 მილიონი ლარი დააკარგვინა. ქარხნის გაჩერების მიზეზი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილზეა განაწყენებული. „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების თქმით, მიუხედავად „ომეგას“ შეთავაზებისა, რომ სრულად გაისტუმროს საგადასახადო ვალდებულება მათ მიერ წარდგენილი გრაფიკის მიხედვით, მთავრობა მათ მუშაობის საშულებას არ აძლევს. თუმცა იმედოვნებენ, რომ ხელისულფება მათ მოთხოვნას გაითვალისწინებს.

  • ოპონენტებს ვურჩევ, წაიკითხონ ის ადგილებიც, სადაც შენიშვნები არ არის – ოხანაშვილი აშშ-ის ანგარიშზე

    ამრიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშს, რომლის გამოც ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან ახალი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, მმართველ გუნდში პასუხობენ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ანგარიშში შენიშვნების გარდა, ამ ხელისუფლების მიღწევებზეც არის საუბარი. ის ოპოზიციას ურჩევს, ანგარიშში ის ადგილებიც წაიკითხონ, სადაც შენიშვნები არ არის. 

    {{VIDEO}}

  • „იმედი მაქვს, ქართველი ექსპერტები ობიექტურ დასკვნას დადებენ”- აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი

    გალის რაიონიდან წუხელ გადმოსვენებული 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე, კერძოდ კი ყელზე არსებული დაზიანებების მიზეზს ექსპერტიზა სწავლობს. ოკუპანტების მიერ დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ნაბაკევში რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც აფხაზური მხარის ცნობით, მან თავი ჩამოიხრჩო, ექპერტიზა წუხელ სამხარაულის ბიუროში 5 საათზე მეტხანს უტარდებოდა. ჯერჯერობით დამოუკიდებელ ექსპერტსაც უჭირს თქმა, ყელის არეში დაზიანებები კვარაცხელიას სიცოცხლეშივე აქვს მიღებული თუ გარდაცვალების შემდეგ.

    ოკუპირებულ ტერიტორიაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დღეს დილით სახლში – სენაკში დევნილთა ჩასახლებაში გადაასვენეს. ახლობლებს უჭირთ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაჯერება, რომ ახალგაზრდამ თავი მოიკლა და არ გამორიცხავენ, რომ ის ოკუპანტებს შემოაკვდათ.

    საოკუპაციო რეჟიმი კი კვარაცხელიას მკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. აფხაზეთში განთავსებული რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ინფორმაციით, კვარაცხელიამ, რომელიც, რატომღაც რუსეთის სამხედრო ბაზაზე მიიყვანეს, საკუთარი მაისურით ჩამოიხრჩო თავი. აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ტელეკომპანია „კავკასიას“ უთხრა, რომ კვარაცხელიაზე ძალადობა არ მომხდარა და ეს თვითმკვლელობა იყო.
    „იმედი მაქვს, ქართველი ექსპერტები ობიექტურ დასკვნას დადებენ. სამწუხაროდ,ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია“-უთხრა დაურ კოვემ ტელეკომპანია „კავკასიას“

    ექსპერტიზის პასუხებს ელოდება ქართული მხარეც. დავით ზალკალიანის თქმით, ირაკლი კვარაცხელიას თავისუფლად გადაადგილების უფლება შეუზღუდეს. სწორედ ამიტომ საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობას წვდომა ქონდეს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი დამნაშავეების დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ იმაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება,პასუხიმგებელია რუსეთია.

    ოპოზიცია კი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებას საქართველოს მთავრობის სუსტ პოლიტიკას უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საზღვრისპირა რეგიონებში ვითარება კრიტიკულია და ადამიანებს ომის პირობებში ცხოვრება უწევთ.

    29 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, 12 მარტს, ღამით გახდა ცნობილი. ის „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა სოფლების – თაგილონისა და ნაბაკევის საზვარზე დააკავა. დოკუმენტების გასაფორმებლად ის ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, რის შმდეგაც აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა

  • ყველაფერი ივანიშვილს ეკუთვნის – ლამაზად წერია აშშ-ის დეპარტამენტის დასკვნაში – გოცირიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ისეთი მკაცრი დასკვნა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის ბოლო ანგარიშშია ადამიანის უფლებების დაცვის კიუთხით ნაჩვენები, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. „ეს არის უმკაცრესი დასკვნა, რომელიც კიდევ ერთხელ ამხელს, რომ დამყარებულია ერმმართველობა“ – აცხადებს რომან გოცირიძე

  • გვითხრეს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს – სამადაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

    „ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებების დადღვევებზეა საუბარი. როგორც სალომე სამადაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ანგარიშის გზავნილი ის არის, რომ თუ ხელისუფლება არ შეიცვლება, ქვეყანას არანაირი ევროატლანტიკური მომავალი არ ექნება. სამადაშვილის თქმითვე, ვცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეებს არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, სადაც სუს-ი ერევა ადამიანების პირად სივრცეში, ახორციელებს მოქალაქეებზე თვალთვალს და ზეწოლას, როგორც მას ესაჭიროება და არანაირი სამოქალაქო ზედამხედვლელობა სუს-სა და უშშიშროების სამსახურებზე არ არსსებობს.
    „ეს ანგარიში ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველო ვერანაირად ვერ მიაღწევს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, ჩვენ კი გვითხრეს, რომ ჩვენს სახელმწიფოში დემოკრატია ფაქტობრივად, არ არსებობს და საქართველო დარჩება განუვითარებელ სახელმწიფოდ“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალისტების ვინაობა ცნობილია

    გუშინდელი განმეორებითი მერვედფინალური მატჩების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი ევროპის 8 საუკეთესო გუნდით დაკომპლექტდა.

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ”მიუნხენის ბაიერნი” და ”ლივერპული” და ”ბარსელონა” და ”ლიონი” უპირისპირდებოდნენ.

    კატალონიელებისთვის ლიონი მარტივი ოპონენტი აღმოჩნდა. ესპანელებმა 5:1 გაიმარჯვეს და სწორედ მათ დაიკავეს მერვე თავისუფალი ადგილი მეოთხედ ფინალში. რაც შეეხება ”ბაიერნისა” და ”ლივერპულის” დაპირისპირებას, საკმაოდ დაძაბული გამოდგა განსაკუთრებით მატჩის პირველი ტაიმი. ბავარიელები ბურთს მთელი ტაიმის განმავლობაში აკონტროლებდნენ, თუმცა მომენტის შექმნას ვერ ახერხებდნენ თუ არ ჩავთვლით ტიაგო ალკანტარას შორეულ დარტყმას, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს. თუმცა 26 წუთზე ინგლისელებმა ”ბაიერნის” დაცვის ხაზისა და მეკარის შეცდომით ისარგებლეს და სადიო მანემ ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში. 13 წუთში გერმანელებმა საკუთარი გოლით უპასუხეს ”ლივერპულს”, თუმცა მათ კიდევ ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ინგლისელებმა კი დაცვაში დაიწიეს და აქტიურად დაიწყეს კონტრ-იერიშზე თამაში. იურგენ კლოპის შეგირდებმა საკუთარი შანსები შესანიშნავად გამოიყენეს და საბოლოო ჯამში 3:1 სძლიეს მეტოქეს.

    ლივერპული და ბარსელონა 1/4 ფინალში მანჩესტერ სიტის, იუვენტუსს, პორტოს, მანჩესტერ იუნაიტედს, აიაქსსა და ტოტენჰემს შეუერთდნენ. მეოთხედფინალური მატჩების წილისყრა პარასკევს, 15 მარტს თბილისის დროით 15 საათზე გაიმართება.