Category: არქივი

  • რატომ შეწყვიტა ივანიშვილმა თანასოფლელების დაფინანსება. ჭორვილის ზღაპრის დასასრული

    რა შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის მშობლიურ სოფელში მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა?
    მრავალი წელია ამ იმერულ სოფელზე ლეგენდები დადის – აქ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი და ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა.
    მის სახელს აქ დღესაც ჩურჩულით და კრძალვით წარმოთქვამენ, განსაკუთრებით მედიასთან.
    უკვე 6 წელია, რაც ივანიშვილი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა.
    ონლაინ გამოცემა ჯემნიუსი ჭორვილაში იმის გასაგებად ჩავიდა, რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში სოფელში, რომელსაც ოდესღაც მთელი საქართველო შენატროდა და ჭორვილადან ვრცელი რეპორტაჟი გააკეთა.
    „ჭორვილა ყველაზე ევროპული იმერული სოფელია”, “ჭორვილაში სოციალიზმია”, “ბიძინამ ჭორვილაში ის გააკეთა, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს სულ პირდებოდა, მაგრამ ვერასდროს შეასრულა!“, “ივანიშვილი მთელ საქართველოში იმას გააკეთებს, რაც ჭორვილაში გააკეთა”, – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც 2012 წლამდე ამ სოფელზე გაიგონებდით.
    ბევრი მითი, რაც ამ სოფელზე 2012 წლამდე დადიოდა სიმართლეა.
    ჭორვილა შვეიცარიულ სოფელს უფრო ჰგავს, ვიდრე ქართულს – ხის დაწნული ღობეებითა და იმერული ოდებით.
    აქ ყველა სახლი კაპიტალურადაა ნაშენები. საკვამურების ნაცვლად სახურავზე სატელიტური თეფშები ჩანს, სოფლის ორღობე კი დიდი ხანია ჩაანაცვლა იდეალურად მოვლილმა და მოასფალტებულმა გზამ.ერთმანეთს წითელ და მწვანე სახურავებიანი, მოვლილი სახლები ენაცვლება.

    ლეგენდა ჭორვილაზე – დასაწყისი და დასასრული

    შუახნის ქალი რომელსაც სოფლის ცენტრში მაღაზია აქვს ივანიშვილს სკოლიდან იცნობს:

    ჭორვილა. ჯემნიუსის ფოტო

    „ჩემზე პატარაა, მაგრამ ვიცნობ და მიცნობს. თავის კლასელებს ყველას განსაკუთრებით ეხმარებოდა, 500 ლარი ჰქონდა მათთვის დანიშნული.. მაგრამ ეს ნათქვამი ახლა ცუდად არ გამომივიდეს… ახლა კიდევ ოჯახური დახმარება გვაქვს მთელ უბანს, მაგრამ ესეც ცუდად არ გამომივიდეს,“ – დარდობს ის და კამერას თვალს არიდებს.

    სოფელში ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ ის რაც 2012 წლამდე ჭორვილაში ხდებოდა ქართული სოფლების უმრავლესობას არც დაესიზმრება.
    ჭორვილაში ივანიშვილის ხარჯებით აშენდა ახალი სკოლა, უფასო საავადმყოფო საჩხერეში, რემონტდებოდა და შენდებოდა სახლები, პედაგოგები და ექიმები ხელფასის ოდენობის დანამატს იღებდნენ.
    ადგილობრივებისთვის უფასო იყო გაზი. გაზს უფასო გამათბობლები, ტელევიზორები, მაცივრები მოჰყვა. მაცივარი კი ისევ ივანიშვილის ფულით ნაყიდი საკვებით ივსებოდა. და ეს ყველაფერი ყველა ოჯახისთვის იყო.
    ეს ზღაპარი 2012 წელს გაწყდა.
    დღეს ჭორვილაში გაზი უფასო აღარ არის;მასწავლებლებსა და ექიმებს აღარ ერიცხებათ ხელფასზე დანამატი. ეს დახმარებაც სრულად მოხსნილია;ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული თანამედროვე რიტუალების სასახლე, რომელიც ქორწილისა თუ გასვენების დროს ჭორვილელებს უფასოდ ემსახურებოდა, რამდენიმე თვეა, რაც ფასიანი გახდა;საჩხერის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების საბაზისო ნაწილი ჭორვილელებისთვის უფასო იყო, რაც 2012 წლის შემდეგ შეწყდა;თუ 2012 წლამდე ივანიშვილი სოფლის ყველა კერძო სახლს არემონტებდა, 2012 წლის შემდეგ მისი ფინანსები ჩანს მხოლოდ საბავშვო ბაღში, რომელიც მან სამი წლის წინ გაარემონტა.
    ივანიშვილის სახლის ფრაგმენტი ჭორვილაში. ჯემნიუსის ფოტო

    რატომ შეიცვალა ყველაფერი?

    აქაურები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, თუმცა ამ მიზეზებს შორის თავად ივანიშვილის ფაქტორი არ ფიგურირებს.მაგალითად, მილიარდერის კარის მეზობელმი, ბატონი გურამი ამბობს, რომ დახმარებების მოხსნა ივანიშვილს სააკაშვილმა აიძულა. ბატონი გურამი სწორედ ექს-პრეზიდენტს აბრალებს იმას, რომ ჭორვილელები ძველებურად დახმარებებს არ იღებენ:
    „თხოვა სააკაშვილმა, ხალხი ბევრი უკმაყოფილო რჩებოდა, მასწავლებლებს ხელფასებს რომ უხდიდა, ღელავდა ხალხი და ესეც შეეშვა,” – ამბობს გურამ გამგებელი.
    თუმცა, აქვე ბატონი გურამი იმასაც ამბობს, რომ ივანიშვილი დღესაც ზრუნავს სოფელზე. მისი თქმით, მილიარდერს სოფელში სპეციალური ხალხი ჰყავს – კომენდანტები, რომლებიც “ყველა ეზოსა და სახლ-კარში იყურებიან” და თუ ვინმეს უჭირს, ივანიშვილთან შუამდგომლობენ.
    ზუსტად 6 წელია, რაც კაპანაძეების ოჯახში გაზის ქვითარი მიდის. მანამდე წლების განმავლობაში ოჯახი გაზის საფასურს არ იხდიდა.
    თითქმის ამდენივე წელია, რაც სოფლის პედაგოგს მასწავლებლის ხელფასზე დანამატიც მოეხსნა და ხარჯიც გაეზარდა.თემურ კაპანაძე ივანიშვილის ხელგაშლილობის დასასრულის თავის ვერსიას გვთავაზობს – მისი თქმით, ის რომ ივანიშვილმა დახმარებები მოხსნა, თავად ჭორვილელების ბრალია, რომლებიც უყაირათოდ ხარჯავდნენ დახმარებას.
    „ხალხს დღე და ღამე, სჭირდებოდათ თუ არა, შუქი ჰქონდათ ჩართული. რასაც ჩვენი რაიონი მოიხმარდა, მაგდენ შუქს მოიხმარდა მთელი ქალაქი რუსთავი. მინახავს, კაცს გაზი ჩართული აქვს გასათბობად და ფანჯარა ღია. ხომ არ შეიძლებოდა ასე გაგრძელება?! ფულის შოვნა თუ იცის იმ კაცმა, მისი ფასიც კი იცის,“ – ბრაზობს თემურ კაპანაძე .

    სარიტუალო დარბაზზე, რომელიც სოფელში ბიძინამ ააშენა, ცალკე საუბარი ღირს.


    რიტუალების სასახლე ჭორვილაში. ჯემნიუსის ფოტო

    ეს თანამედროვე სტილის შუშის შენობაა, სადაც წლების განმავლობაში ყველა ჭორვილელისთვის უფასო იყო დარბაზი, ქორწილის, დაბადების დღის თუ ქელეხის გადასახდელად.მეტიც, ყოველ ახალდაქორწინებულ ჭორვილელ წყვილს ივანიშვილი 3000 დოლარს ჩუქნიდა. აქ ხუმრობდნენ, რომ ჭორვილაში დაუოჯახებელი არავინ რჩებოდა.

    დღეს რიტუალების სასახლე უკვე ფასიანია. სულ რამდენიმე დღეში ამ დარბაზში პირველ “ფასიან” ქორწილს გადაიხდიან.როგორც ანონიმური გამვლელი ამბობს, ამ ფაქტს დიდი სკანდალი უძღოდა წინ.ის ყვება, რომ “თითქოს რაღაც ფული გაიფლანგა” და ამის გამო დირექტორი გაუშვეს.
    „დასჯა როგორი იცის, თქვენც ქე იცით” – ამბობს ქალი და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებს აჯვარედინებს – „დაადვა ბოქლომი ზედ.“
    ახლა შენობა მუნიციპალურ საკუთრებაშია, ის იჯარით გასცეს.
    ჭორვილელებისთვის არც საჩხერის თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო არის უკვე უფასო სიკეთე.
    სოფლის ექიმი ინგა კაპანაძე 2012 წლის შემდგომ პერიოდზე საუბარს თავს არიდებს.ის მადლობას უხდის ივანიშვილს იმისთვის, რაც 2012 წლამდე იყო.
    “მისი წყალობით სოფელს დღეს კეთილმოწყობილი ამბულატორია აქვს, რომელსაც ორი ექიმი და სამი ექთანი ემსახურება,” – ამბობს ინგა კაპანაძე.
    2012 წლის შემდეგ ჭორვილაში ივანიშვილის ქველმოქმედების ყველაზე ახალი და თვალსაჩინო მაგალითი ფეხბურთის მოედანი და საბავშვო ბაღია, რომელიც 2017 წელს მისი ფინანსებით გაარემონტეს.
  • თბილისში პარლამენტის წინ მამკაცი გაშიშვლდა

    თბილისში პარლამენტის შენობის წინ სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მივიდა, გაშიშვლდა და დეპუტატებთან ამ  ფორმით ითხოვდა შეხვედრას.

    ფაქტის ამსახველი ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, ის ასევე დაჯარიმდა 171-ე მუხლის შესაბამისად – 200 ლარით.

  • ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოში აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

    ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესს წარუდგენს. “მთავრობებს აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ, რომ თავად მთავრობა არაკანონიერად არ ჩაერევა ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებში”, – ამბობს ანგარიშის შესავალში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
    საქართველოზე საუბრისას, ანგარიში გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს. შეფასება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნას ეფუძნება და იმეორებს, რომ არჩვენების დროს გამოიკვეთა „არათანაბარი სათამაშო ველი, ამომრჩევლის დაშინების და შურისძიების შიშის“ შემთხვევები.
    მთავარ საკითხებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი შემდეგ თემებს აღნიშნავს: “ადამიანის უფლებების პრობლემები მოიცავდა უსაფრთხოების სამსახურების მიმართ უსამართლო მკვლელობის ბრალდებას; ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რუსეთის და დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებურ დაკავებას და სიცოცხლის მოსპობას; პირად ცხოვრებაში არაკანონიერ ჩარევას; მაღალი თანამდებობის პირების მიმართ კორუფციის ბრალდებებს; და დანაშაულს, მათ შორის ძალადობასა და მუქარას” სექსუალური უმცირესობების მიმართ , – ვკითხულობთ ანგარიშში.

    სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს თემირლან მაჩალიკაშვილის და ხორავას ქუჩის საქმეებს. „იყო ბრალდება, რომ მთავრობამ ან მისმა აგენტებმა გაუმართლებელი მკვლელობა ჩაიდინეს“, – ნათქვამია ანგარიშში, “არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემდგომი გამოძიების პროცესი გააკრიტიკეს როგორც არასამართლიანი”. ხოლო ხორავას ქუჩის მოვლენებზე სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ „სამოქალაქო საზოგადოებამ გამოძიების მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა“.

    ანგარიში საუბრობს თვალთვალის, უკანონო ჩანაწერების და პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებზე. “იყო ცნობები სუსი-ს წარმომადგენლების პასუხისგებაში არ მიცემაზე, როცა საქმე სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ თვალთვალს და ჩარევას ეხება“, – ნათქვამია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამბობს, რომ სამართალდამცავებზე პოლიტიკური გავლენა ხელს უწყობს მაღალი დონის კორუფციას. ანგარიშში ნახსენებია გასულ წელს გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერები და მათში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გაჟღერებული კორუფციის ბრალდებები.

    “მას შემდეგ რაც 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება მაღალი დონის კორუფციის ნიშნების და არაფორმალური კლანური მმმართველობის გარშემო, მთავრობის წამყვანმა წევრებმა ამ ჯგუფებზე და მათ ლიდერებზე სიტყვიერი იერიში მიიტანეს”, – ამბობს ანგარიში. სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს „ანგარიშვალდებულების“ და „გამოძიების ნაკლებობას“ 2017 წლის მაისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტის, აფგან მუხთარლის, „საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ საქმეზე. „გარკვეულ პოლიტიკურად მგრძნობიერე საქმეებზე, რომელსაც პროკურატურა იძიებს – მათ შორის აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე და პოლიტიკური ძალადობის შემთხვევებში – დაუსჯელობა პრობლემად რჩება“, – ამბობს ის.

    ანგარიში ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და ოკუპირებული რეჟიმების მიერ ოკუპაციის ხაზზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევაზე და მკლელობის შემთხვევებზე. მათ შორის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმეებზე. მედია გარემო ანგარიში მედია გარემოს და გამოხატვის თავისუფლების შეფასებასაც მოიცავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები მედიაზე მთავრობის გავლენის ზრდის გარშემო შეშფოთებას გამოთქვამენ.

    “ზოგიერთი მედია, მონიტორინგის ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას მედია პლურალიზმისა და მედიაზე პოლიტიკური გავლენების გარშემო, განსაკუთრებით მთავრობისადმი კრიტიკული მედიების მიმართ. ზოგიერთი მედიის შემთხვევაში, შეშფოთებას იწვევს მთავრობის ჩარევა და ამ მედიის ოპოზიციური განწყობების კრიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ყველაზე ყურებად ტელევიზიას “რუსთავი 2″-ს”, – ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშში ასევე საუბარია 2017 წელს “მაესტროს”, “ჯი-დი-ეს-ის” და “იმედის” შერწყმის შესახებ და ნათქვამია, რომ ამით მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობილი მედია საშუალებების კონტენტრაცია გაიზარდა. „ტელეკომპანია “იბერიის” დახურვამ და 2017 წელს, სამი ტელევიზიის შერწყმამ (“მაესტროს”, “ჯი-დი-ეს-ის” და “იმედის” გაერთიანება) მედია მრავალფეროვნება შეზღუდა და გაზარდა მმართველი პარტიის მომხრე მედია საშუალებების კონცენტრაცია“, – წერია ანგარიში.

    სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე შეეხო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხს და აღნიშნა, რომ „არასამთვრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დირექტორთა სიახლოვე მმართველ პარტიასთან“. ანგარიში ამბობს, რომ მედია მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაციებმა გამოჰყვეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც “მიკერძოებულია მმართველი პარტიის მიმართ“. სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2018 წლის ანგარიში რიგით 43-ეა. სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს ადგენს აშშ-ს საელჩოების და საკონსულოების, უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების, არასამთვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იურისტების, ჟურნალისტების, აკადემიკოსების, მშრომელთა უფლებების დამცველების და გამოქვეყნებული ანგარიშების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

  • გაფართოვდება თუ არა ივანიშვილის კარმიდამო ბოტანიკური ბაღის ხარჯზე. ტერიტორიის ნაწილს სტატუსი ეცვლება

    თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართობს, რომელიც ჯერ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაა და ბიძინა ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსი ეცვლება, რაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის საშუალებას იძლევა.
    გენერალურ გეგმაში შეტანილი ცვლილებები აჩენს ეჭვს, რომ მომავალში ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთროს, რადგან ცვლილება არა ბაღის მთელ ტერიტორიას, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს შეეხო, რომელიც ოლიგარქის სასახლეს ესაზღვრება.
    იმ 15 ათასამდე კვადრატულ მეტრზე, რომელიც ივანიშვილის სასახლეს ემიჯნება, სტატუსის ცვლილებების შემდეგ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ან სასტუმროს აშენებაა იქნება შესაძლებელი, თუმცა ამას სპეციალური ზონალური შეთანხმება დასჭირდება, რომლის უფლებაც თბილისის მერს აქვს მინიჭებული.
    ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბოტანიკური ბაღის ხარჯზე რეზიდენციის გაფართოებას ივანიშვილი გეგმას, რადგან მის მომიჯნავედ მშენებლობის წამოწყებას ოლიგარქის გარდა ვერავინ გაბედავს.
    დღის ბოლოს თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილემ განმარტება გააკეთა. მაია ბითაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ნაწილი შესაძლოა, მომავალში გასხვისდეს. თუმცა მან არ უარყო, რომ ბოტანიკური ბაღის ერთი ნაწილი რეკრეაციული ზონა 1 ზონა 2-ით შეიცვალა.
    თბილისის გენგეგმა თბილისის საკრებულომ 15 მარტს უნდა დაამტკიცოს. სავარაუდოდ სხდომა ხმაურიანი იქნება, რადგან ოპოზიცია გენგეგმაში კიდევ ბევრ ხარვეზს ხედავს და მას კალაძის ბიზნესგეგმას უწოდებს.
  • “სამართლიანობა ჩამოიქცა“ – დავით მაღრაძე ივანიშვილს კერპს უწოდებს და “დაიცავი საქართველოს“ ააქტიურებს

    საზოგადოებრივი მოძრაობა“დაიცავი საქართველო“, რომელიც 2009 წელს მაშინდელი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილმა შექმნა ისევ გააქტიურდება. პოეტმა დავით მაღრაძემ ამის შესახებ დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში“ ისაუბრა. ის ამბობს, რომ მოძრაობის შემქნის საჭიროება იგრძნო, კონსულტაციები გაიარა ძველ და ახალ თანამებრძოლებთან და მათი მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა.
    მოძრაობის სახელი მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის. შექმნისას მას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე ედგა სათავეში. მოძრაობა მრავალრიცხოვნი საპროტესტო ტალღის შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლებასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, მოგვიანებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქტიურობა შეწყვიტა.
    დავით მაღრაძე აკონკრეტებს, რატომ ჩათვალა საჭიროდ ამ მოძრაობის გააქტიურება. მაღრაძე, რომელიც ივანიშვილის მეგობარი და ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი იყო ამბობს, რომ მაშინ მთავარი მიზანი უსამართლობასთან დაპირისპირება, აღმოსავლური ტიპის დესპორტიის შექმნის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. უსამართლობასთან ბრძოლა დღესაც აქტუალურია:
    “ივანიშვილ–სააკაშვილის დაპირისპირების ჩარჩოდან უნდა გავათავისუფლოთ ხვალინდელი დღე.ეს დაპირისპირება ვიდრე ატარებდა შინაარსს უსამართლობა და სამართლიანობას შორის დაპირისპირების, ამ შინაარსის გამო ბევრი რამ იყო გამართლებული.
    როცა ახალმა ხელისუფლებამ ზნეობრივი არჩევანი გააკეთა იმათ სასარგებლოდ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებოდით, ამის შემდეგ შინაარსი დაკარგა, ჩამოიცალა შინაარსისგან ძველი და ახალი ხელისუფლებების დაპირისპირება. შინაარსს ვეღარ ვხედავ, იმიტომ რომ სამართლიანობა ჩამოიქცა.
    ძველი აღმოსავლური დესპოტიის შექმნის მცდელობა ეყრდნობოდა სწორედ იმ ბურჯებს, სადაც დღევანდელი მოსამართლეების ძებნა დაიწყო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ესენი იყვნენ უსამართლობის ბურჯები. ესენი არ იყვნენ შემთხვევითი ადამიანები, რომლებმაც ახლოს გაიარეს, მიესალმნენ ძველ ხელისუფლებას და ამით დაშორდნენ ერთმანეთს. ესენი იყვნენ ბურჯები, სვეტები, რომელზეც ძველი ხელისუფლება აშენებდა უსამართლო სახელმწიფოს. ზუსტად ამ სვეტზე გადაწყვიტა ამ ხელისუფლებამ ააშენოს ახალი სამართალი.“– ამბობს მაღრაძე.
    მისი განცხადებით “დაიცავი საქართველოს“ შემადგენლობაში არ იქნება მხოლოდ ის გუნდი, ვინც ამ მოძრაობის სათავეებთან იდგა და ის დიდი ემოციით ელის ახალგაზრდებსაც – ნაცნობებს და უცნობებს.
    “მე ასე წარმომდიგენია – დაიცავი საქართველო თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტაამ ორგანიზაციას აქვს ღირებული მემორიალური ფასეულობა. ამ ორი პოლუსიდან, რომელსაც ძველი და ახალი ხელისუფლება წარმოადგენს, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ხვალინდელი დღე. ერთ ერთი უწინარესი თემა ისიც იქნება რომ ეროვნულ თანხმობას მივაღწიოთ. ეროვნული თანხმობა უნდა შედგეს.ეს უზარმაზარი, სამკვდრო სასიცოცხლო დაპირისპირება მოსახლეობაში პოლიტიკურ ნიადაგზე უნდა გადაიზარდოს ცივილურ პოლიტიკურ პაექრობაში.
    კერპთაყვანისმცელობიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს ეს. კერპებიც უნდა გათავისუფლდნენ. რომ დაინახავენ, რომ აღარ არიან ჩვენთვის კერპები და ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, თვითონაც გათავისუფლდებიან.დღევანდელი მმართველობა არ მგონია რომ იყოს მისაღები ხვალინდელი დღის გამოწვევებისა, როდესაც შეიძლება რომ ყველაფრის მინისტრი ერთი ადამიანი იყოს – კულტურის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის“ – ამბობს დავით მაღრაძე.
    ის ჯერჯერობით არ ასახელებს არცერთ კონკრეტულ გვარს, ვინ იქნება მოძრაობის აქტიური წევრი. ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ უარყოფს, თუმცა არ ჯერჯერობით არ იცის, რა ფორმით მიიღებს მოძრაობა მონაწილეობას არჩევნებში – უშუალოდ, თუ მათთვის მისაღები ადამიანების და გუნდის მხარდაჭერით არჩევნებში.
    დავით მაღრაძე პირადად ივანიშვილს დამსახურებას არ უკარგავს საქველმოქმედო პროექტებისა და სააკაშვილის ხელისუფლებისთვის დამარცხებისთვის, თუმცა მასაც კერპად მოიხსენიებს.
  • ჯარი თუ მღვდელმსაურების არმია. გირჩი აქციებს აანონსებს

    პოლიტიკური გაერთიანება გირჩი სამხედრო სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ აქციებს აანონსებს. გირჩი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს ვადას აძლევს, რათა გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს სამხედრო სამსახურისგან აღარ გაათავისუფლებს. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური, დისკრიმინაციული და ამორალურია, ვინაიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მოქალაქეების გაწვევას ითხოვენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჯარში საკუთარ შვილებს არ უშვებენ. მისივე თქმით, თუკი ხელისუფლება სამხედრო სავალდებულო გაწვევას გააუქმებს, თავის მხრივ, გირჩი გააუქმებს ორგანიზაცია ბიბლიურ თავისუფლებას, რომლის საშუალებითაც ასეულობით ახალგაზრდამ ჯარს თავი დააღწია .
    თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ გირჩის მიერ დაფიძნებულმა ორგანიზაციამ, სადაც მოქალაქეებს, ჯარიდან დასახსნელად მღვდლად კურთხევის შესაძლებლობა აქვთ, ქართულ ჯარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და მალე საქართველო არა ძლიერ ჯარს, არამედ მღვდელმსახურების არმიას მიიღებს.

  • არცერთი მინისტრი შვილს არ უშვებს ჯარში–ოქრუაშვილი ჯარზე და სესიაშვილის კანონპროექტზე

    თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გირჩის ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა. მათ შორის ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სამსახურისგან აღარ გათავისუფლდებიან.
    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი დისკრიმინალციულია, სისუსელელეა და ამის გაკეთება არ შეიძლება. ყოფილი მინისტრის თქმითვე, ჯარში სამსახურისთვის საჭიროა სახვა სახის პროპაგანდა, ჯარი პოპულარული ვერ გახდება ასეთი შეზღუდვებით და დისკრიმინაციული მეთოდებით. „ჯარი უნდა იყოს პრესტიჟული სამახური და არა უქონელთა შვილების სამსსახური“ – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
  • ნუ ეფარებით ამბრაზურასავით– ოპოზიციის მწვავე კითხვები მინისტრს და ხმაურიანი კომიტეტის სხდომა (ვიდეო)

    საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში და ხმაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
    საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშის წარდგენისას და უმრავლესობის წევრების შეკითხვების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ოპოზიციის მწვავე შეკითხევბზე მოუწია პასუხების გაცემა.
  • შეკითხვას ვსვამ, მაგრამ არ ვიცი, თქვენ უნდა მიპასუხოთ, კარასინმა თუ აბაშიძემ – გოცირიძე ზალკალიანს

    საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგეინა და დეპუტატებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში გააცნო.

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მინისტრს შეკითხვით მიმართა და განაცხადა, რომ ჯანსაღი ლოგიკით შეკითხვის ადრესატი დავით ზალკალიანი უნდა იყოს, მაგრამ პასუხი ვინ უნდა გასცეს – ზალკალიანმა, კარასინმა თუ აბაშიძემ, არ იცის. გოცირიძისთვის გაუგებარია რატომ ერევა საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროში ზურაბ აბაშიძე და რატომ ერთვება მოლაპარაკებებში კარასინთან.

    დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რა ხდება რუსთთან საბაჟო მოლაპარაკებასთან დაკავშირებით და აქვს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს კომპეტენცია, თქვას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა შეგნებულად არ იშლება.

    {{VIDEO}}

  • ეს ბავშვის სტრატეგიას მაგონებს, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს – სამადაშვილი ზალკალიანს

    საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია წარადგეინა და დეპუტატებს ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში გააცნო.

    მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილისთვის, როგორც თავად განუცხადა მინისტრს, სურვილების ჩამონათვალს სტრატეგიად ვერ ჩათვლის. დეოპუტატს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მინისტრმა რუსეთზე საუბარს ცოტა დრო დაუთმო. „ეს მე მაგონებს ბავშვის სტრატეგიას, რომელიც ურჩხულს ხედავს და თვალებს ხუჭავს“ – განუცხადა ზალკალიანს სამადაშვილმა. 

    {{VIDEO}}