Category: არქივი

  • დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა

    25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო.

    რუსეთის წითელი არმია ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

  • ამერიკელი სენატორები რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

    ამერიკელმა „დემოკრატმა“ სენატორებმა: ჩაკ შუმერმა, ბობ მენენდეზმა და შეროდ ბრაუნმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს წერილი გაუგზავნეს, სადაც ისინი რუსეთის მთავრობისა და ნებისმიერი იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში ჩარევას შეეცადა, სანქციების „დაუყოვნებლად“ დაწესებას ითხოვენ.

    „თუკი ამას არ მოიმოქმედებთ, ეს იქნება უარის თქმა პასუხისმგებლობაზე, რომ დაიცვათ აშშ სერიოზული საფრთხისგან, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენი საარჩევნო პროცესის ერთიანობას ემუქრება,“- აღნიშნულია სენატორების წერილში.

    როგორც „როიტერსს“ სარწმუნო წყარომ განუცხადა, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ამერიკელ კანონმდებლებს მიაწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩართული იყო „დეზინფორმაციისა და პროპაგანდის“ კამპანიებში , რომლის მიზანი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის ბერნი სანდერსისა და აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიებში ჩარევა და მათთვის დახმარების გაწევა იყო.

    კრემლი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

  • გუდაურში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

    გუდაურში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

    „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ვ.წ. – ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული შ.ე. კი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

    პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ვ.წ. – მცხეთაში, შ.ე. კი გუდაურში დააკავა. ინციდენტში მონაწილე სხვა პირების მიმართ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

    ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

  • თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 25 თებერვალს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

    კომპანიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედანის, ასათიანის, გუდიაშვილის და პუშკინის ქუცების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გუდამაყრის, სანზონის, ღრმაღელეს, სანერგეს, ჩარგლის, ქვიშხეთის და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სანზონის დასახლების, ღრმაღელეს, ქსნის, თიანეთის და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, ჭირნახულის, იუმაშევის, მშვიდობის, უცნობის, თვალჭრელიძის, ქინძმარაულის, საფერავი, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის და ალექსანდროულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, შალვა ნუცუბიძის, კონსტანტინე კაპანელის, ანდრო ჭილაიას,  გამრეკელის და მარგიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ნაფეტვრების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და დიდგორის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დარასელიას, ანაგის, გურიელის, ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის, შარტავას, კანდელაკის და გაგარინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ჯორჯ ბალანჩივაძის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ყუშიტაშვილის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულის, გოგიაშვილის, ძმები კარბელაშვილების, გოდერძი ჩოხელის, ჩაჩავას, აისის, სოლოღაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, კოსმონავტების სანაპიროს და ხოშარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • კასპში კაცი დამწვარი იპოვეს

    კასპის რაიონში სოფელ დოესში კაცი საკუთარ ნაკვეთში დამწვარი იპოვეს. გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცია.

    გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი  ბალახს წვავდა, რა დროსაც დაეძინა და ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 188 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

  • ჰარვი ვაინშტაინი გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის საქმეებზე დამნაშავედ ცნეს

    ნიო იორკში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ ჰოლივუდელი კინოპროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავეა. ის ბრალეულად ცნეს ორ შემთხვევაში: მესამე ხარისხის გაუპატიურებასა და პირველი ხარისხის სექსუალურ დანაშაულში.

    თუმცა 67 წლის ყოფილი პროდუსერი, რომელიც ერთ დროს ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა იყო ყველაზე სერიოზულ ბრალდებებში გაამართლეს: პირველი ხარისხის გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამამძიმებელ გარემოებებში (იარაღით მუქარა, ტრავმების მიყენება, არასრულწლოვანი მსხვერპლი ანდა სექსუალური ძალადობის განმეორებითი შემთხვევა). ეს უკანასკნელი დანაშაული სამუდამო პატიმრობასაც ითვალისწინებს.

    ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, რომელიც შვიდი მამაკაცისა და ხუთი ქალისგან შედგებოდა გადაწყვეტილება ხუთდღიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანა.

    ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ ვაინშტეინს არანაირი ემოცია არ გამოუვლენია და მშვიდად საუბრობდა მის ადვოკატთან, დონ როტუნოსთან. თუმცა, მოსამართლემ განკარგულება გასცა ციხეში მისი დაუყოვნებლივ გადაყვანის შესახებ. ვაინშტეინს სასამართლოს ოფიცრებმა ხელბორკილები დაადეს და სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.
    ყოფილი პროდიუსერის საბოლოო განაჩენს 11 მარტს გამოაცხადებენ. მას 25 წლამდე ციხე ემუქრება.
    ვაინშტეინი არაერთი ცნობილი ფილმის პროდიუსერია: “კრიმინალური საკითხავი“, “ინგლისელი პაციენტი“, “შეყვარებული შექსპირი“ და სხვა.

    კინოინდუსტრიის მაგნატს 80–ზე მეტი ქალის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულში ედება ბრალი. მათ შორის არიან ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობები. ისინი ამტკიცებენ, რომ მრავალი წლის მანძილზე ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას და ძალადობას განიცდიდნენ.

    ვაინშტეინი საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე ის უარყოფდა, რომ სექსუალურად ავიწროებდა ყოფილ ასისტენტს, მიმი ჰეილის და გააუპატიურა ჯესიკა მანი, რომელიც მაშინ სამსახიობო კარიერის აწყობას ცდილობდა.

    სასამართლომ დაადგინა, რომ ვაინშტეინმა ჯესიკა მანი მართლაც გააუპატიურა.

    კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი სერიალ სოპრანოს კლანის ვარსკვლავი, ანაბელა შიორაა. ის ამტკიცებს, რომ ვაინშტეინმე 1993 ან 1994 წელს გააუპატიურა. ბრალდებამ მისი ჩვენება ხანდაზმულობის ვადის გამო ვერ გამოიყენა, თუმცა ის საქმეს დაურთო, რათა ვაინშტეინის დანაშაულის სერიული ხასიათის დემონსტრიება მოეხდინა.

    მისი თავდასხმების მტაცებლური ბუნების დასამტკიცებლად პროკურორებმა კიდევ სამი ქალის ჩვენება გამოიყენეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ვაინშტეინმა ისინი “სამუშაო შეხვედრებზე“ მიიტყუა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა.

    ვაინშტეინის საქმემ საფუძველი ჩაუყარა მოძრაობას #MeToo, როცა ქალებმა მთელ მსოფლიოში გავლენიანი მამაკაცების მხრიდან განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე დაიწყეს ხმამაღლა საუბარი.

    კამპანიის ფარგლებში, ქალები საკუთარ უარყოფით გამოცდილებაზე საჯაროდ წერდნენ. #MeToo ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა

  • მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი- უსუფაშვილი

    პარტია ,,ლელოს” ლიდერი, დავით უსუფაშვილი ვანო მერაბიშვილის მოლაპარაკებებში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მას არაფერი აქვს არც სალაპარაკო მერაბიშვილთან.

    მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე კონკურენტები სხედან და არავინ ირჩევს, ვინ მოსწონს და ვინ არა.

    ,,მე მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს რამე და არც მოსალაპარაკებელი. შალვას ოთხკუთხედი მაგიდის გარშემო ვინც ვსხედვართ, იქ უმეტესობა ერთმანეთის კონკურენტები ვიყავით და ხვალაც კონკურენტები ვიქნებით, მე იქ არავინ შემირჩევია – ვინ მომწონს და ვინ არ მომწონს… მე გეუბნებით, მე პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი. თვითონ ახლა არის დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოუნდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

    ვანო მერაბიშვილმა 10 თებერვალს ციხის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში ჩართვა დააანონსა.

  • გერმანიაში კარნავალისას მანქანა ხალხში შევარდა

    გერმანიაში, ქალაქ ვოლკმარსენში კარნავალის მიმდინარეობისას ავტომობილი ხალხში შევარდა. დაშავებულია მინიმუმ 30 ადამიანი, მათ შორის 7-ს სერიოზული დაზიანებები აქვს.

    ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. ჯერჯერობით უცნობია მიზანმიმართულად შევარდა თუ არა ის ხალხში.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, ვერცხლისფერი მერსედესი ხალხში გერმანიის დროით 14:30-ზე შეიჭრა.

    ადგილზე რამდენიმე სასწრაფო დახმარების მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული.

  • არავითარი შურისძიება, რევოლუცია, არეულობა- ვიგებთ არჩევნებს – გრიგოლ ვაშაძე

    ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც აგებს, გაერთიანებული ოპოზიცია კი ყველა სისტემით მოიგებს არჩევნებს.

    ,,ჩვენ [გაერთიანებული ოპოზიცია] არჩევნებს მოვიგებთ ყველა სისტემით – 2018 წელი იყო უვერტიურა, ახლა იქნება პირველი აქტი, ხოლო მეორე და მესამე აქტი იქნება საქართველოს ყველა ოჯახში კეთილდღეობის მატება. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, არავითარი შურისძიება, არავითარი რევოლუცია, არავითარი არეულობა. რევოლუცია სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც აგებს, დღევანდელი თვალსაზრისით ხელისუფლებამ უნდა მოგვიწყოს რევოლუცია, რათ გვინდა ჩვენ რევოლუცია – ვიგებთ არჩევნებს”,- ამბობს ვაშაძე.