Category: არქივი

  • ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა- იმედის ჟურნალისტი ლავროვს და ზახაროვას

    ,,ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა”,- ასე პასუხობს ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვსა და მარია ზახაროვას. 

    ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2008 წლის ომსა და ოკუპანტების მიერ მოკლულ ქართველებს იხსენებს.  

    ,,მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც , 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე , შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი . მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე.

    კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან. “წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
    უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”. მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ . ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა .. არაუშავს!”,- წერს ქეთევან ქარდავა. 

    ,,თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო”,- ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მინისტერიალის შესახებ კითხვა დაუსვეს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტებს ,,ღირსებადაკარგული ქალები” უწოდა და რუსულ დელეგაციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

  • ივანიშვილმა დაპატიმრებამდე შემომითვალა ,,აბაროტებისთვის” დამეწია- გიგი უგულავა

    ,,ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა ე.წ მატროსოვის ციხიდან ტვ პირველისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ დაპატიმრებამდე ბიძინა ივანიშვილისგან მუქარის გზავნილი მიიღო.

    უგულავა არ ამჟღავნებს იმ ადამიანების ვინაობას, ვინც მუქარის გზავნილი ივანიშვილისგან მიუტანა.

    ,,გადმომცა ივანიშვილმა, რომ პოლიტიკიდან წასვლა არა, მაგრამ უნდოდა ასე ვთქვათ “აბაროტების” დაწევა, რაზეც პასუხი ის იყო, რომ არანაირი “აბაროტები” არ დაიწევა, ხალხს რაც დაპირდი, ის შეასრულე, სხვა შემთხვევაში წყალგამყოფი არის, რომ შეუძლებელია, რაიმე ნორმალურობისკენ დაბრუნება,” – ამბობს უგულავა.

    მას 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. განაჩენს მწვავე კრიტიკა მოჰყვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.

  • ვინ იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში

    მთავარი არხის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე უკვე შეთანხმდა.

    არხი ასაჯაროებს გაერთიანებული ოპოზიციის 7 სავარაუდო მაჟორიტარულ კანდიდატს, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს იყრიან, თუ ხელისუფლება არჩევნებს არსებული მოდელით ჩაატარებს. 

    გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები, მთავარი არხის ცნობით, იქნებიან: ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე და ელენე ხოშტარია, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი — შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და ზაალ უდუმაშვილი, პარტია ახალი საქართველოდან გიორგი ვაშაძე.

    მათი ნაწილი ჯერჯერობით არ ამბობს, რომელ ოლქში იყრის კენჭს, იქნება ეს თბილისის თუ რეგიონის, თუმცა ადასტურებს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე თანხმდება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    დეტალური ინფორმაცია, სავარაუდოდ 4 აპრილს , ოპოზიციის მასშტაბურ აქციაზე გახდება ცნობილი.

    ოპოზიციამ არჩევნებზე საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემა ჩააგდო. შემდეგ ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ამ ფორმატზე ოპოზიციამ უარი თქვა.

    ხელისუფლება მათ მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები არსებული შერეული მოდელით ჩატარდება.

  • შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ინფიცირების შემთხვევა ტიჩინოში დადასტურდა, რომელიც იტალიას ესაზღვრება.

    შვეიცარია ავსტრიისა და ხორვატიის შემდეგ, ევროპის მესამე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის ინფექცია დღეს დაფიქსირდა.

    ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი 80 ათასზე მეტია.

  • ხორვატიასა და ავსტრიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

    საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა.

    ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით დედაქალაქ ზაგრებში ახალგაზრდა კაცი დაინფიცირდა. ის 19-21 თებერვალს იტალიაში, მილანში იმყოფებოდა. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    რაც შეეხება ავსტრიას, კორონავირუსი ტიროლის პროვინციაში 2 ადამიანს დაუდასტურდა. ისინიც ბოლო პერიოდში იტალიაში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსია გავრცელებული.

    ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი 80 ათასზე მეტია.

  • პროპორციულის ჩავარდნა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია- NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

    საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების არშესრულება დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.

    მესტერჰაზის თქმით, ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონა, რადგან ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე.

    ,,NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სურვილი, შეუერთდეს NATO-ს და მხარს უჭერს მის გზას, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან ახლო დიალოგის გზითა და აქტიური თანამშრომლობით.

    ამავდროულად, მე მინდა შეგახსენოთ, რომ NATO ეფუძნება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს. ამ პრინციპების პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ზეპარტიული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, გაწევრიანების საკვანძოა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი. სამწუხაროა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია”,- აცხადებს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

    ის გიგი უგულავას დაპატიმრებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება შეკითხვებსა და შეშფოთებებს აღრმავებს.

    ,,ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეკითხვებსა და შეშფოთებებს აღრმავებს. ვშიშობ, რომ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები უფრო მეტად აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს.

    ამასთან, მხარს ვუჭერ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნან გარემო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასაგრძელებლად, რათა აღიდგინონ ქართველი ხალხის ნდობა და მისცენ მათ გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარიმართება.

    მე ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასამბლეამ გააგრძელოს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა. ველოდები საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე ბოლო მოვლენების განხილვას” – წერია განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გაცვლის ახალი კურსი დაადგინა. 26 თებერვლისთვის დადგენილი კურსით, 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა.

    კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8079 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0133 ლარი შეადგინა.

    1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.0291 ლარი გახდა, ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0079 ლარი შეადგინა.

  • მარია ზახაროვა ამბობს, რომ ქართველი ჟურნალისტები რუსულ დელეგაციას თავს დაესხნენ

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართველ ჟურნალისტებთან მომხდარ ფაქტს ეხმიანება, როდესაც ლავროვმა ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა. მისი თქმით, ქართველი მედიის წარმომადგენლები დელეგაციას თავს დაესხნენ. 

    ,,ქართველი ჟურნალისტები [ეს უკვე მიმია] თავს დაესხნენ რუსეთის დელეგაციას. სიარული უბრალოდ შეუძლებელი იყო, ყვრიდონენ, ჯიკაობდნენ და ასე ცდილობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრთან მიახლოებას. სვლის გასაგრძელებლად ყველანაირი ღირსებადაკარგული ქალების გაჩოჩება გახდა საჭირო. და იცით მათ რა აინტერესებდათ ? – შეუძლებელია ამის დაჯერება! მათ ერთადერთი კითხვა ჰქონდათ – ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში? ეს უკვე გონების დაბნელებაა – ასეთი დამოკიდებული იყო სხვა ქვეყნის წარმომადგენლის შესაძლო ჩამოსვლაზე. საცოდავი სანახაობაა”,- წერს სოციალურ ქსელში ზახაროვა.

    მისი თქმით, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა მას და მის კოლეგას ხელი კრეს, თუმცა ლავროვი არ დაშავებულა. ზახაროვა ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც , მისი თქმით, ჩანს დაზიანებები, რომლებიც ჟურნალისტებმა მიაყენეს. 

    ,,თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო”,- ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მინისტერიალის შესახებ კითხვა დაუსვეს.

  • ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა

    ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, ირაჯ ჰარირჩის კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის სპიკერი.

    ირაჯ ჰარირიჩიმ ტესტი გუშინ ჩააბარა, დღეს კი დადებითი პასუხი მიიღო.

    სწორედ ის მართავდა პრესკონფერენციებს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ.

    ჰარირჩის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა, რომ დაავადებას ირანში კიდევ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • საბა 2020 დაიწყო

    საბა 2020 დაიწყო

    წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე saba.com.ge
    განაცხადების მიღება 10 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.
    წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:
    1. საუკეთესო რომანი
    2. საუკეთესო პოეტური კრებული
    3. საუკეთესო პროზაული კრებული
    4. საუკეთესო პიესა
    5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
    6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
    7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
    8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
    9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
    მარტში საკონკურსო წიგნების სია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge გამოქვეყნდება, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება და მკითხველს საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.
    ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-მდე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).
    წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო შემოდგომაზე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.