Category: არქივი

  • ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი მკაცრდება

    ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შემდეგ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული კანონი მკაცრდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ჯასინდა არდერნის განცხადებით ცვლილება ძალაში უახლოეს საათებში შევა. მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა თავისუფლად არის შესაძლებელი. ამისთვის უბრალო ლიცენზიაც კი საკმარისია. ნახევრად ავტომატური იარაღის ყიდვა 16 წლის ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ, ხოლო ავტომატური იარაღის ყიდვა 18 წლის მოქალაქეებს. 

    15 მარტს მეჩეთებზე თავდასხმაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 28 წლის ბრენტონ ტარანტი წინსაწარი დაკავების საკანში 5 აპრილამდე დარჩება. ახალ ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც. არიან დაშავებულებიც. პირველი თავდასხმა მასჯიდ ალ ნურის მეჩეთში მოხდა, სადაც 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში შავებში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდამსხმელმა ცეცხლი ჯერ მამაკაცების, შემდეგ კი ქალების სამლოცველო დარბაზში გახსნა და სამართალდამცველების მისვლამდე ადგილიდან მიიმალა. მალევე მორიგი თავდასხმა ქალაქ კრაისტჩერჩში მდებარე კიდევ ერთ მეჩეთში განხორციელდა.

    თავდასხმის ფაქტებზე პოლიციამ ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი დააკავა. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი“ გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ქმედებებს განმარტავს. ბრენტონ ტარანტი თავდასხმის პროცესს სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერშიც გადასცემდა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით სულ ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა.

    ტერორისტული აქტიდან მალევე ინტერნეტში გავრცელდა მეჩეთზე თავდამსხმელის იარაღის მჭიდის ფოტოც, რომელზეც დავით აღმაშენებლისა დ დავით სოსლანის სახელები ქართულად აწერია. ამოღებული იარაღის შესახებ საქართელოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა სტრატეგიულ პარტნიორებს უკვე მიმართა.

  • პრეზიდენტი ირაკლი კვარაცხელიას პანაშვიდს პირადად არ დაესწრება

    საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას  პანაშვიდს მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაესწრება:
    “ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.“ – წერს საალომე ზურაბიშვილი.

    ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს და თბილისში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს, შემდეგ კი  თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი დაასვენეს სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ. მას კვირას დაკრძალავენ.
    ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.
    13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.
    ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი.
    გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. მათთვის უცნობია, რა მიზნით გადავიდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ გალის რაიონში.
  • ივანიშვილმა რუსებს საიდუმლოდ რაღაც დაუთმო–რა მოხდა ხურვალეთში ირაკლი ოქრუაშვილის აზრით

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ხურვალეთში მომხდარ მოვლენებს აფასებს და თვლის, რომ გუშინდელი ამბავი ივანიშვილის პოლიტიკის გაგრძელებაა, სიტუაციის განმუხტვა კი იმის ხარჯზე მოხდა, რომ ივანიშვილმა რუსებს სავარაუდოდ “რაღაც დაუთმო.“

    ირაკლი ოქრუაშვილი:

    “რა მოხდა სინამდვილეში გუშინ ხურვალეთში?
    ფაქტია და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ რუსები მართლაც შემოვიდნენ და ე.წ. “გამყოფის” (და არა საზღვრის) გადმოწევა სცადეს. ამას მიზეზად კი სახელისუფლებო მედიამ და მისმა მხარდამჭერებმა რამოდენიმე სამოქალაქო აქტივისტის პროვოკაციული ქმედება დაგვისახელა, რომლებიც გახშირებული გატაცებების ფონზე ადგილობრივებისათვის საგაზაფხულო სამუშაოებში დახმარებას გეგმავდნენ.
    ვის გჯერათ, რომ რუსებმა იმის გამო გადმოიწიეს თითქოს თბილისიდან წასასვლელად მომზადებული და არა უკვე ჩასული რამდენიმე ახალგაზრდა, ადგილობრივებისათვის დახმარებას აპირებდა, იმის ფონზე, როდესაც სოფელში მათ ჩვენივე პოლიცია არ უშვებდა?
    სინამდვილეში მიზეზი სულ სხვაა. “დიდი თამაშის” მცირე და ბინძური ნაწილი.
    ფაქტია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საგარეო ურთიერთობებში (და არამარტო) შევარდნაძის პოლიტიკის მემკვიდრე და გამგრძელებელი გახდა. ასეთი პოლიტიკის შინაარსი შემდეგია: შენს მოკავშირეს (დასავლეთს) ეუბნები, რომ მის მხარეს ხარ და სინამდვილეში ატყუებ. ისევე როგორც, შენს მტერს (რუსეთს) ეუბნები რომ დასავლეთის მხარეს არ იქნები და მასაც ატყუებ. მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ პოლიტიკას ერთი ადგილის თამაშის პოლიტიკა ჰქვია და მეტწილად სწორედ ეგეთი თამაშის გამო “გადაეხა” შევარდნაძის ხელისუფლება 2003 წელს. ივანიშვილს კი სწავლა არ შეუძლია არც სხვის შეცდომებზე და არც საკუთარზე.
    ერთი კვირის წინ კარასინის გზავნილი ივანიშვილისთვის ყვითელი ბარათის ჩვენების ტოლფასი იყო. გზავნილი მარტივი იყო: ან ჩვენთან ხარ ან ჩვენს წინააღმდეგ. ივანიშვილმა არათუ მოკავშირეებს მიმართა, მომეხმარეთო, არამედ ორივე მხარესთან “დუმილის უფლება” გამოიყენა. შედეგმა არ დააყოვნა და რუსებმა ხურვალეთის გუშინდელი მოქმედებით ოდნავ გაწითლებული ბარათი აჩვენეს ივანიშვილს. გზავნილის შინაარსი ისევ მარტივი იყო. თუ ჩვენთან არ ხარ ჯერ ხურვალეთს დავიკავებთ და ისე აგირევთ შიგნით, ხოლო ეგეც თუ საკმარის არ აღმოჩნდა გორი-თბილისის ტრასამდე ამოვიწევთო.
    ასევე ფაქტია, რუსებმა გუშინ უკან დაიხიეს და ხურვალეთიდან გავიდნენ. რის სანაცვლოდ? გჯერათ, რომ ივანიშვილის ხელისუფლების ანდასავლეთის შეეშინდათ ან შერცხვათ? მე არა.
    აბა რა მოხდა?
    მოხდა ის, რომ ივანიშვილმა საიდუმლო არხების მეშვეობით რუსებს სანაცვლოდ რაღაც დაუთმო (მინიმუმ დაპირდა). ამიტომაა ეს თამაში “ბინძური”, რადგან ჩვენ ვერ გავიგეთ რა დავთმეთ.
    ჩემი დასკვნა ამ ყველაფრიდან კი ასეთია.
    თუ ივანიშვილმა ისეთი რამ დათმო, რაც საკუთარ ქვეყანასთან და ხალხთან წითელი ხაზის გადაკვეთის ტოლფასია, მისი საქმე ქვეყნის შიგნით მალე ცუდად იქნება. თუმცა, მისი საქმე ნებისმიერ შემთხვევაში ცუდადაა, რადგან რუსები მათი მოქმედების სტილიდან გამომდინარე მალე ახალი ბარტყის გადაგდებას მოსთხოვენ.
    რუსებმა კი ერთი რამ უნდა იცოდნენ. თუმცა, ალბათ იციან და მაგითიც აშანტაჟებენ ივანიშვილს. თუ ისინი ხურვალეთს ან რომელიმე დასახლებულ პუნქტს დაიკავებენ, სანამ მათ მოვკითხავთ, ივანიშვილს ჩამოვაგდებთ მისი უმოქმედობის და უსუსურობის გამო.
    პ.ს. თუმცა რუსებმა ალბათ ისიც მშვენივრად იციან, რომ ივანიშვილს მაგ ყველაფრის გარეშე მალე არჩევნებით მაინც გავაგდებთ და მაგიტომაც ჩქარობენ.
    პ.პ.ს. დამიჯერეთ ეგრეა. ხანდახან “ჩემნაირი” ადამიანის ტყუილიც დაიჯერება.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე.
  • ივანიშვილის გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

    გაზეთ “ბათუმელების“ ინფორმაციით ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის შერჩეული ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. მორიგი ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ.

    ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება.

    სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

    ბათუმელები შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს, რომლებზეც ჩანს, რომ გიგანტური ხე სოფელ ზენითის სავტომობილო გზაზეა გაჩერებული.

  • თაღლითობის და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოს მოქალაქე ოთარ ყ. დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს: ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრები: კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე ზაზა გ, კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სამველ ო., კომისიის ყოფილი წევრი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის უფროსი სპეციალისტი მოსაკრებლებისა და გადასახადების საკითხებში გელა მ. და კომისიის ყოფილი წევრი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი მამუკა პ.
    სუსას განცხადებაში ნათქვამია: გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ყ-მ 2015 წელს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა 2007 წლამდე ფლობდა საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთს და ითხოვა აღნიშნული ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. ამავე კომისიის თავმჯდომარე ზაზა გ-მ და კომისიის წევრებმა სამველ ო-მ, გელა მ-მ და მამუკა პ-მ სამსახურებრივი მოვალეობისადმი არაჯეროვანი დამოკიდებულების გამო არ შეისწავლეს ოთარ ყ-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ფაქტების ნამდვილობა და სამსახურებრივი გულგრილობით დააკმაყოფილეს მისი უკანონო მოთხოვნა. ამის შედეგად ოთარ ყ-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა და მოტყუებით მიისაკუთრა ქალაქ ახალციხეში, სამსონიძის ქუჩის მიმდებარედ არსებული სახელმწიფოს კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
    გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
  • არჩილ თალაკვაძე გაქურდეს

    საპარლამენტო უმრვალესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფომირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა.

    მძარცვლები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

    არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კომენტარს ამ თემაზე ხვალ გააკეთებს.

    “გვეგონა სპეცოპერაცია ტარდებოდა, იმდენი პოლიცელი იყო, მთელი დღე ზევით ქვევით დარბოდნენ ” ყვება ნუცუბიძის ქუჩის ერთ ერთი მცხოვრები, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

  • ხმაურის ფონზე დამტკიცებული თბილისის გენგეგმა

    ხმაურის ფონზე დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმა – 37 მომხრე, 4 წინააღმდეგი – საკრებულომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. სხდომა, რომელზეც გენგეგმა დედაქალაქის მერის მოადგილემ წარადგინა, ხმაურის, ოპოზიციის მწვავე კრიტიკისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას მხარი არ დაუჭირა და განაცხადა,რომ ეს კალაძე-ივანიშვილის პირადი ბიზნესგეგმაა და არა დედაქალაქზე მორგებული ექსპერტების მიერ შედგენილი ქალაქის განვითარების დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობის „კრიტიკის საგანი ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაც გახდა, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციის მომიჯნავეა და რომელსაც ოპოზიციის თქმით სტატუსი ეცვლება, რომ იქ მშენებლობა იყოს შესაძლებელი. საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილს ფანტაზიის უნარი „მოუწონა“.

    „ევროპული საქართველო“ გენეგმის განხილვას დაესწრო თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. უმარვლესობამ კი ოპოზიცია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მათი თქმით, ახალი გენერალური გეგმა არა კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არამედ ქალაქის დოკუმენტია. დედაქალაქის გენერალურ გეგმა საკრებულოში მერის მოადგილემ წარადგინა. მაია ბითაძის თქმით, დოკუმენტი დედაქალაქისთვის უპრეცედენტოა. კომპაქტურობა, შეკავშირებულობა და მწვანე ქალაქის კონცეფცია – ეს ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რომლებსაც ბითაძის თქმით, დოკუმენტი ითვალისწინებს. გენერალურ გეგმაზე მისმა ავტორებმა – „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმაც ისაურებს თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ამ დრომდე ჭიანურდებოდა.

  • უნდა დავიკიდოთ ორივე ძალა-უცნობი ივანიშვილზე და სააკაშვილზე

    გიორგი გაჩეჩილაძე, ანუ “უცნობი“ დღეს ტვ პირველის ეთერში “დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებაზე საუბრობდა, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი თვითონაც არის. გუშინ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში. რას ფიქრობს და რას გეგმავს გია გაჩეჩილაძე.უცნობის მთავარი თეზისები დაიცავი საქართველოსთან, პოლიტიკურ სფეროში გააქტიურებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით:

    • ყოველდღიური ურთიერთობა აქვს დავით მაღრაძესთან და განიხილავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება.
    • გუშინ გაიგო, რომ დავით მაღრაძე გრიგოლიასთან გამოსვლას და განცხადების გაკეთებას აპირებდა.“კონკრეტულად არ გვილაპარაკია. იდეის დონეზე ვფიქრობთ ყველანი, რომ ახალი სისხლი არის საჭირო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“
    • რაღაც უნდა მოხდეს 2020 მდე თორემ შეიძლება შარს გადავეყაროთ.საპრეზიდენტო არჩევნებმა დაანახა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მეორე ტურის წინ ხალხს თვითონაც პირდებოდა ცვლილებებს, თუმცა არაფერი შეიცვალა და ამის ნიშანი იყო სასამართლოს თემა.თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თუმცა რა უნდა მოხდეს ვერ აკონკრეტებს.
    • “დაიცავი საქართველოს“ როლზე და კონკრეტულ გეგმებზე ვერ თუ არ საუბრობს.თვლის, რომ დროა ახალგაზრდა სახეების წარმოჩენის. “პოლიტიკური პარტია იქნება, არჩევნებში მონაწილეობა იქნება თუ არა ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ რაღაც ახალი რომ უნდა მოხდეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ფაქტია.“
    • მთავარ პრობლემად მასაც დავით მაღრაძის მსგავსად მიაჩნია, რომ ყველაფერი ივანიშვილ–სააკაშვილის დაპირისპირების გარშემო ტრიალებს. “ეგ არის ზუსტად დღეს რომ ვერ ვიძვრებით ადგილიდან . მაგათი ბრძოლის გამო.ორივე უნდა გადავხაზოთ და ახალი ფურცლით დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა.შეგნებულად ხდება მაგათი ბრძოლა თუ შეუგნებლად, ამდენი წლის მანძილზე ეს ხდება, რომ მაგათი შიშით სხვა პოლიტიკური ძალისთვის ვეღარ მიუცია ადამიანს ხმა. “
    • დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ორივეზე. უნდა დავიკიდოთ ორივე ძალა და ახალი ფურცლით დავიწყოთ.
    • დაწერილი აქვს სატელევიზიო პროექტი, რომლის შეტანას აპირებს საზოგადოებრივ არხზე. უნდა ამ ტელეგადაცემით რაღაც ახალი ძალის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა. თუ საზოგადოებრივი არ დათანხმდა, ვინც დათანხმდება იმასთან წავა. თვლის, რომ საზოგადოებისთვის 2020 ისთვის კარგ საქმეს გააკეთებს თავისი სატელევიზიო პროექტით.
    • ვერ აკონკრეტებს, რა პროცესში და ვისთან ერთად ერთვება და არის თუ არა ის პროცესი, რომელშიც ერთვება არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების პროცესი. თუმცა თვლის, რომ “ ივანიშვილი ის აღარ არის რაც იყო 7 წლის წინ“.
    • დავიღალეთ ერთი და იგივე სახეებით 25 წლის განმავლობაში.ყავლი გაუვიდა ყველაფერს7
    • “თუ გული გულობს 3 მილიონი კაცის მოვლას რა უნდა.“
    • მზად არ არის გვარები და სახელები დაასახელოს, თუმცა ბევრი ახალგაზრდა იცის ისეთი, ვინც წაადგება თავის ქვეყანას.
    • ამბობს რომ არის ივანიშვილის ოპოზიციაში, თუმცა მისი კრიტიკისას თავშეკავებულია.
    • “შვიდი რვა წელი გავიდა, ადამიანები რომლებმაც მართლა თავისუფლებისთვის ბრძოლას თავი შეაკლეს და თავისუფლების ხარისხით გამოირჩევიან იმ ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს ამ ადამიანს(ბიძინას).ალბათ ჩათვალა რომ ეს ხალხი არ ჭირდება. არ ვიცი ვინ ურეჩევს ამ სიტუაციას, მაგრამ ისევ ეს ხალხი იქნება დასაყრდნობი მას თუ რამე პრობლემა შეექმნა პოლიტიკურად. ამასაც ვერ ხვდება.“ (იგულისხმება უმრავლესობიდან გასული ხალხი.)
    • პრემიერი “ნი რიბა ნი მიასაა“.
    • პარლამენტის თავმჯდომარე გრძელთმიანი “ნი რიბა ნი მიასა“.
    • თბილისის მერი ის არ გამოდგა, რაც ეგონა რომ უნდა ყოფილიყო თილისის მერი. მაგალითად, არ მოიწონა და არ განახორციელა მისი მეგობრების პროექტები.
    • გახარია ნიჭიერი კაცია, მაგრამ მოცემულოაბ სადაც ის არის ჩავარდნილი არ აძლევს გასაქანს, რომ თავისი თავი გამოაჩინოს.
    • არ იცის ხაზარაძის მიმართ წერილი მართლა გახარიამ დაწერა თუ არა.
    • ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. არწმუნებდა, რადგან თვლის, რომ ლევანი ჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ ვერ დაარწმუნა, რადგან ლევანს უკვე ეზიზღება ქართული პოლიტიკა.

  • 27 წლის გიგი გეგეჭკორი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

    27 წლის გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს. გიგი გეგეჭკორს 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. „შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

  • სასაცილოა ბურჯანაძე საქართველოდან მთავარ მომლაპარაკებლად წარმოაჩინო–მაქსიმ შევჩენკო

    რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ შევჩენკომ ტელეარხ RTVI –ს გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი“ ბევრი ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პერსონები, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის მოკავშირეებად ირჩევს სინამდვილეში ამ ქვეყნებში ბევრს არაფერს წარმოადგენენ.
    “ჩემი საყვარელი თემა კავკასია, საქართველოა. ახლა ბურჯანაძე გამოჩნდა რუსულ არხებზე.
    უცნაური და სასაცილოა ქალბატონი ბურჯანაძე რუსული ინტერესების ლობისტად წარმოაჩინო. ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, ვინც რუსული ოკუპაციის მუზეუმს ხსნიდა, ბურჯანაძე სააკაშვილის ერთგული მოკავშირე იყო, ბურჯანაძემ ხმა მისცა ამერიკული იარაღის საქარველოს ტერიტორიაზე შეტანას, ნატოსთან კოოპერაციას. მისი განცხადებები უცნაურია. ვინც რუსეთში ისეთი საკვანძო ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ფორმირებას ახდენს, როგორიც არის საქართველო, და ეს არის მართლაც საკვანძო, მთავარი ქვეყანა, მე მეჩვენება რომ ისინი საკუთარ ინტერესებს წყვეტენ ქვეყნის შიგნით.
    წამყვანი დაინტერესდა, ბურჯანაძის რომელ განცხადებას გულისხმობდა მაქსიმ შევჩენკო, რაზეც პოლიტოლოგმა უპასუხა:
    “თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უნდა დაუახლოვდეს და ა. შ. ყველაფრის ფონზე , აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფონზე ეს ხომ შეუძლებელია. აქ ალბათ ეს კარგად ჟღერს. ტელეარხ “რასიაზე“ ან “პირველ არხზე“. აქ ყველა მზად არის ტაში დაუკრას. – აი, ჩვენი ადამიანი საქართველოში. და როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში? სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ არ იყოს, და საკითხი ღიად იყოს ჩამოკიდებული, კითხვაც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ადამიანს, რომელიც ასეთ რამეს აცხადებს საქართველოში არანაირი ფასი არ აქვს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთში შიდა მოხმარებისთვის, პიარისთვის კეთდება. მე მასთან – ბურჯანაძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე პრეტენზიები იმასთან მაქვს ვინც ამას ყიდის აქ, რუსეთის შიგნით, როგორც თითქოსდა საქართველოს პოზიციას, რომელთანაც დიალოგის წარმოება შეიძლება.
    ეს არის საკითხი, რომელიც ზოგადად რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება ის ძირითადად შიდა პიარზე და შიგნით, სხვადასხვა ჯგუფების კარიერულ ამოცანებზეა აწყობილი და არა იმ სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც რუსეთს სჭირდება, როგორც ისტორიულ გეოპოლიტიკურ სუბიექტს.საქართველოში ეროვნულად ორიენტირებულ ქართულ ძალებთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი. მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ არა დასავლეთის აგენტებთან, რომლებიც ახლა თავს რუსეთის აგენტებად და პარტნიორებად ასაღებენ, არამედ იმ ქართველებთან, რომლებიც მაგალითად პატრიარქის გარშემო არიან დაჯგუფებული, რომელიც ერთადერთი ქართველია, თავიდან ფეხამდე, ქართველების მამა, რომელმაც ქართველი ხალხი უმძიმეს დროს გადაარჩინა. უკვე ხანდაზმულია უწმინდესი ილია, ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა,
    შეუძლებელია მუდმივად პოლიტიკურ სიმულატორებს ქმნიდე და ეს ხდება ყველა მიმართულებით, დსთ–ს მაშტაბით ყველა მიმართულებით. ყველა ხალხთან მიმართებაში. ცდილობენ არა რეალურად ელაპარაკონ რეალურ ხალხს – ბელორუსებს, ყაზახებს, სომხებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, არამედ თვითონ თავისთვის იგონებენ იმათ, ვინც აქ მოსკოვში მოეწონებათ და მათ წარმოადგენენ მთავარ მომლაპარაკებლად. “ – განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.