Category: არქივი

  • ორთაჭალაში ის მშენებლობა შეჩერდა, საიდანაც სამი მუშა გადმოვარდა

    ორთაჭალაში ის მშენებლობა შეჩერდა, საიდანაც გუშინ 3 მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ორი დაიღუპა. სამინისტროში ამბობენ, რომ ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისთვისა და ჯანმრთელობსითვის კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა.

    “გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი.შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსაქმებლებს უზრუნველყონ დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება,” – წერია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

  • რუსეთმა საქართველოს ყველა მტკიცებულება უნდა გადასცეს – ევროკავშირის ელჩი კვარაცხელიას საქმეზე

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მის ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

    “ევროკავშირი მიესალმება მისი ცხედრის სწრაფად გადმოცემის პროცესს, თუმცა მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას ყველა საჭირო მტკიცებულება გადასცეს მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით. კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ექმნებათ კონფლიქტისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად.“– ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

    29 წლის ირაკლი კვარაცხელია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ოტობაიადან გაიტაცეს. ის გალის იზოლატორში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. აფხაზური მხარე ამბობს, რომ მან თავი მოიკლა. თუმცა ცხედარს წინასწარი ექსპერტიზის მიხედვით, დაზიანებები აღენიშნება, რაც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალზე მიუთითებს.
  • კლუბში და რესტორანში თანხის გამოძალვისთვის ბათუმში 6 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავა. მათ შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. შსს–ს ინფორმაციით ექვსივე წარსულში ნასამართლევია. ესენი არიან:1994 წელს დაბადებული რ.ბ., 1979 წელს დაბადებული ნ.ო., 1983 წელს დაბადებული რ.ბ., 1985 წელს დაბადებული მ.ი., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქე: 1979 წელს დაბადებული მ.კ. და 1989 წელს დაბადებული მ.ი.
    მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების ნაწილი ბათუმში, ადლიის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბოკვერსა“ და აეროპორტის ქუჩაზე მდებარე კლუბ „ფაშაში“ მუშაობდა. ისინი, თანამზრახველებთან ერთად, ამ დაწესებულებებში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სისტემატურად სთხოვდნენ თითქოსდა შეკვეთილი, არარსებული მენიუს საზღაურს და რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ.
    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
  • მოკლული პოლიციელის ოჯახი ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს

    სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობის რეალური მიზეზი მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. ხმაურიან აქციაზე ბუტა ანთაძის ოჯახმა ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო.ირკვევა, რომ ღამით მძინარე პოლიციელი სახლიდან, რომელიც წესით ფილტვების ანთების გამო ბიულეტენზე უნდა ყოფილიყო, სოფელში სამორიგეოდ გაუშვეს, რადგან ივანიშვილის მიერ შერჩეულ ხეს ესკორტი სჭირდებოდა და მთელი პოლიციის განყოფილებაც ღამის საათებში ქუჩაში გაიყვანეს.

    პოლიციის განყოფილების უფროსი 16 მაისის ღამეს მოკლეს. მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გიგანტური ხის გადატანის პროცესს აკონტროლებდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დანით დაჭრა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბესიკ ტაკიძემ ბუტა ანთაძეს ზურგში დანით მხოლოდ ერთი ჭრილობა მიაყენა. 14 სანტიმეტრის სიღრმის შემავალი ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. პოლიციელი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. პროკურატურაში მიაჩნიათ, რომ დამნაშავეს უვადო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

    ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი მკვლელისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. ბუტა ანთაძის ახლობლებს ბათუმის ცენტრალური გზა რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ჩასვლას ითხოვდნენ.

  • მწვანე ჩაი იმაზე სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს აქამდე წარმოედგინათ

    გამოჩნდა ახალი სამეცნიერო მონაცემები იმის შესასხებ, რომ მწვანე ჩაი გასუქებას და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს უშლის ხელს.
    ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსთა ჯგუფმა ექსპერიმენტების სერია ჩაატარა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ თაგვებს, რომლებსაც მწვანე ჩაის ორპროცენტიან ექსტრაქტს აძლევდნენ, ნაწლავის ბევრად უფრო ჯანსაღი ბაქტერიული ფონი ქონდათ, ვიდრე მეორე საკონტროლო ჯგუფს.

    “ჩვენი კვლევები აჩვენებს, რომ მწვანე ჩაი ხელს უწყობს ნაწლავში სასარგებლო მიკროფლორის გამრავლებას, ეს კი მთელ რიგ სასარგებლო ცვლილებებს იწვევს, რომლებიც არსებითად ამცირებს გასუქების რისკს
    “ – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი რიჩარდ ბრუნო.
    მწვანე ჩაი ტრადიციულად აზიის ბევრ ქვეყანაშია პოპულარული. ბოლო წლებში კი პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, როგორც ჯასაღი დიეტის მნიშვნელოვანი ელემენტი. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს (კატეხინებს), რომლებიც ბევრი მეცნიერის აზრით იმუნიტეტს ამაღლებს და სისხლძარღვების დაავადების რისკს ამცირებს.
    თაგვები, რომლებსაც ცხიმიანი საკვებით კვებავდნენ, თუმცა მწვანე ჩაის ექსტრაქტს აძლევდნენ, წონაში 20%–ით უფრო ნალებად იმატებდნენ, გარდა ამისა, ინსულინის მიმართ მაღალი მგრძნობელობა აჩვენეს, ვიდრე იმ თაგვებმა, რომელთა რაციონში მწვანე ჩაი არ ყოფილა.
    თაგვებში რომლებიც მწვანე ჩაის სვამდნენ ასევე შეინიშნებოდა ნაწლავების და ცხიმოვანი ქსოვილების ანთების დონის შემცირება. გარდა ამისა, მწვანე ჩაი ტვინში ენდოტოქსინების მოხვედრას უშლიდა ხელს, რომელსაც ნაწლავში მიკრობები წარმოქმნის.
    მწვანე ჩაის ექსტრაქტის რაოდენობა, რასაც ცხოველებს ცდების დროს აძლევდნენ ადამიანის მიერ დღეში 10 ჭიქა მწვანე ჩაის დალევის ექვივალენტია.
    “შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი მოცულობა სულაც არ მოეჩვენებათ გასაოცრად“ – ამბობს რიჩარდ ბრუნო .
  • კომპრომატების ომი ქართულ ოცნებაში თუ სექს სკანდალი

    კომპრომატებით ომი ქართულ ოცნებაში თუ ანგარებით სექსუალური კავშირი – შინაგან საქმეთა სამინისტრო მმართველი გუნდის დეპუტატის საქმეს იძიებს.

    უკვე ორი კვირაა, მარნეულში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი ყვება, რომ ის პარლამენტის წევრმა კაბინეტში დაიბარა, დასაქმების დაპირებით ორჯერ სექსუალური კავშირი დაამყარა, შემდეგ კი პირობა არ შეასრულა.

    შაბათის კურიერის ინფორმაციით მარნეულში მერის ვადამდელ არჩევნებამდე თითქმის ორი თვით ადრე სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო. პოლიტიკურ ტატამზე ამჯერად, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ორი ფრთა გავა.

    მარნეულის პოლიციაში 6 მარტს დაიწყო გამოძიება ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით.

    განმცხადებელი საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსლან ჰაჯიევია. მან პოლიციას რაიონში გავრცელებული ვიდეო მიუტანა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მას დასაქმების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებაში ადანაშაულებს.

    ფიზულ გადიმოვი, ვისგანაც დეპუტატმა ვიდეო მიიღო, ყოფილი პოლიციელია. ის ოცნებასთან დაახლოებული პირია. კურიერის ინფორმაციით, გადიმოვს დეპუტატ ჰაჯიევის მაკომპრომეტირებელი ვიდეო გასავრცელებლად მარნეულის მერიის ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მისცა, რომელიც ოცნების კიდევ ერთ დეპუტატთან – თამაზ ნავერიანთან, დაახლოებული პირია.

    კურიერის მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ ანარ ოროჯლუმ, რომელიც ვიდეოში მმართველი პარტიის დეპუტატს ანგარებით სექსუალურ კავშირში ადანაშაულებს, მიმართვა დეკემბერს ბოლოს ჩაწერა. ვიდეო მან მეგობარ ფარვინ აბდულაევს გაუგზავნა, რომელიც რუსეთში იყო. აბდულაევი მარნეულში თებერვალში დაბრუნდა, რის შემდეგაც ოროჯლუსგან მიღებული ვიდეო მარნეულის მერიის თანამშრომელს – ანარ გადიმოვს, აჩვენა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან 10 დღე გავიდა, თუმცა, გახარიას უწყებას ჯერ არავინ დაუკავებია. ამასობაში კი სკანდალური ვიდეოს ავტორმა პოზიცია შეიცვალა. ახლა ამტკიცებს, რომ ემოციური აღსარებისას უბრალოდ იხუმრა.

    ორუჯლუს დაბრუნებამდე ვიდეოს გამავრცელებლების და მათი მოტივის დადგენას დეპუტატი ჰაჯიევი ცდილობს. ის ამბობს, რომ მარნეულის რადიოს ყოფილი თანამშრომლის ხუმრობის არ სჯერა. დეპუტატი ჰაჯიევი დარწმუნებულია, რომ რეპუტაციის შელახვით მას პოლიტიკურად ებრძვიან.

    ადგილობრივები სკანდალურ ვიდეოზე ობიექტურ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ამის მიუხედავად, სკანდალურ ვიდეოს ავტორი გამოკითხული არაა.

  • გზაზე გაჭედილ ივანიშვილის გიგანტურ ხეს გზა გაუფართოვეს და გაატარეს

    11 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზა გაიხსნა. მოძრაობის პარალიზება ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად გამზადებული ხის გადაადგილების შეფერხებამ გამოიწვია.

    ხე გზის ვიწრო მონაკვეთში არ გაეტია, რის შემდეგაც ადგილზე გზის გაფართოების სამუშაოები დაიწყეს. გაზეთ ბათუმელების ცნობით 11 საათის განმავლობაში ავტომობილები ამ სოფლების მიმართულებით შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის პროცესი ღამის პირველი საათიდან დაიწყო და დილის 12 საათამდე გაგრძელდა.

    ამ დროის განმავლობაში სოფელს არც ელექტროენერგია მიეწოდებოდა, რაც, სავარაუდოდ, ხის გადატანის გამო ელექტროსადენების მოხსნა/დაზიანებამ გამოიწვია. სოფელში მცხოვრებთა თქმით, „ენერგო პრო ჯორჯიასგან“ გუშინ, 15 მარტს, წინასწარ [შუქის გამორთვამდე] მიიღეს შეტყობინება, რომ ელექტროენერგიის მიწოდება ქსელში ავარიული დაზიანების გამო შეწყდებოდა.

    გაზეთ ბათუმლების ფოტო

    ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოსახლეობა ხის გადატანის პროცესს აკვირდებოდა.

  • ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავარდა

    მატარებელი ბათუმის მიმართულებით მიდიოდა, თუმცა, ის რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის დროს მატარებელში მგზავრები იმყოფებოდნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.ქუთაისის რკინიგზის სადგურის უფროსის მოადგილემ, ვახტანგ დავითულიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი მოკვლევა ჩატარდება.

  • აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულები, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

    საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა. სამოქალაქო პანაშვიდს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

    სამების საკათედრო ტაძრიდან ნეშტები ვაშლიჯვარში, ძმათა სასაფლაო „გმირთა სავანე“-ზე გადაასვენეს, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამშობლოს გმირების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა. „მათი გმირობის მაგალითი ჩვენ უფრო გვიძლიერებს პასუხისმგებლობას, რათა მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან, ერთიან სახელმწიფოში თანაცხოვრება. ეს არის თითოეული ჩვენგანის საერთო ეროვნული ინტერესი და მე დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი პასუხისმგებლობით შევძლებთ იმ ოცნებების და მიზნების რეალიზებას, რასაც ჩვენი გმირები შეეწირნენ“, -განაცხადა ლევან იზორიამ.

    დაკრძალვის ცერემონიას დაღუპულთა ოჯახის წევრები, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს თავდავცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი სოზარ სუბარი და ვეტერანები დაესწრნენ.

  • მოსამართლეთა კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა იურიდიულ კომიტეტში (ვიდეო)

    ხმაურისს ფონზე წარიმართა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ „ევროპული საქართვლოს“ კანონპროექტის განხილვა.  ერთმანეთს „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე და „ევროპული საქართვლოს“ წარმომადგენელი ოთო კახიძე დაუპირისპირდნენ. მდინარაძემ კახიძეს კანონპროექტის დეტალები დაუწუნა და განაცხადა, რომ დასმულ შეკითხვებზე კახიძისგან პასუხები ვერ მიიღო. „მეორე დღეა ხალხს ატყუებ, არ მოგცემ ხალხის მოტყუების საშუალებას, ჩვენ აქ გვატყუებ ამ სისულელეებით და ხალხს რას უზავ“? – განუცხადა მდინარაძემ კახიძეს. „რაც უფრო მეტჯერ იტყვი, რომ ეს სისულელეა, შენ თვითონ გამოჩნდები სულელი, ნერვები უნდა დაიმშვიდო, მამუკა“ – ოთარ კახიძე მდინარაძეს.