Category: არქივი

  • “სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშეა“–ნინო გვენეტაძის თანაშემწის წერილი ივანიშვილს

    უზენაესის სასამართლოს ყოფილი თავმჯომარის, ნინო გვენეტაძის თანაშემწე ბიძინა ივანიშვილს ღია წერილს უგზავნის და სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრას სთავაზობს. კახა წიქარიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძე მარტო აღამოჩნდა და  ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, მას შეეშინდა ზეწოლის და ე.წ. მოსამართლეთა კლანთან თანამშრომლობა დაიწყო.

    „სასამართლოში ასეთი მოვლენები ხდება, სასამართლოში ასეთი ტურბოლენციები ხდება და ვინმემ მკითხეთ ნინო გვენეტაძე სად არის, ან რა რეაგირებას აკეთებს? არის გამქრალი, იმალება ხალხისგან და იმალება საზოგადოებისგან. ის რეალურად, მარტო აღმოჩნდა და ვინაიდან ის მარტო აღამოჩნდა, მას ფიზიკურადაც შეეშინდა, თქვენ წარმოიდგინეთ. საბჭოში, რომელშიც ბულინგის და ძალადობის მსხვერპლი გახდა, ის უკვე ფიზიკურადაც შეშინდა, რომ მას საბჭოს სხდომაზე აიღებდნენ და სცემდნენ საბჭოს შემადგენლობა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, მისი პიროვნება რა დონის სტრესის ქვეშ ჩავარდა და მან აირჩია პოლიტიკა კლანთან თანამშრომლობის და არა ბრძოლის. თანამშრომლობის პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ ის ერთი დღე დაეთანხმა კლანს, მეორე დღე დაეთანხმა, მესამე დღე და როდესაც მივიდა პიკამდე, რომ კლანის მსახური უნდა გამხდარიყო, მოსამსახურე ამ კლანის, ამ პიკზე გადადგა ზუსტად“ – განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

    დღეს კი ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა და ტექსტი ფეისბუქზეც გამოაქვეყნა: 

    “ბატონო ბიძინა, ქართული სასამართლო სისტემა კოლაფსის წინაშე იმყოფება. ალბათ მოგეხსენებათ რომ სასამართლო სისტემა არ არის შენობები, დარბაზები და კომპიუტერები და სხვა აღჭურვილობა. სასამართლო სისტემა არის იქ არსებული ადამიანები, მათი ღირებულებები, მათი ქცევები და სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობა.

    რატომ უნდა ენდოს ხალხი მოსამართლეებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი აქვთ მილიონი ცუდი საქმე, მაშინ, როდესაც ამ მილიონი ცუდი საქმის ორგანიზატორი დღესაც მართავს სასამართლო სისტემას და მისთვის არა თუ საყვედური არავის უთქვამს, პირიქით, ცოტა ხნის წინ ის ოფიციალურად იყო წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.

    რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს როცა გირგვლიანის საქმის მოსამართლე თავს მოსამართლეების ლიდერად ასაღებს და მათი სახელით საუბრობს; და რატომ უნდა ენდოს ხალხი სასამართლოს, როცა მეამბოხე მოსამართლედ წოდებულმა ნინო გვენეტაძემ ჯერ შეწყვიტა სასამართლოში მმართველ ჯგუფთან დაპირისპირება და შემდეგ ჩუმად გაქრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან.

    მოსამართლეთა კორპუსის ღირებულებითი სისტემა დეგრადირებულია. აბა წარმოიდგინეთ რა მოუვა საქართველოს და ქართველი ხალხის ღირებულებებს და საქართველოს დამოუკიდებლობას, შაჰ აბასის ძეგლი რომ დავდგათ სააკაძის მოედანზე.

    ქართულმა ოცნებამ წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა უკვე დეგრადირებული სისტემა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს გაჯანსაღება, მის სათავეში მოექცა იგივე ჯგუფი, რომელიც ორგანიზებას უწევდა მილიონ ცუდ საქმეს. როგორ გინდათ საზოგადოება დაარწმუნოთ იმაში, რომ ისინი დღეს მილიონი კარგი საქმის ორგანიზებით არიან დაკავებული.

    მე გთავაზობთ გამოსავალს, შეიქმნას ფართო ჯგუფი ხელისუფლების და საზოგადოების მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის სასამართლოში არსებული ვითარებას და იმსჯელებს გამოსავლის გზებზე.

    ასევე გთავაზობთ შეხვედრას, გნებავთ ღია, გნებავთ დახურულ ფორმატში ჩემი მეგობრების – ყოფილი მოსამართლეების და ადვოკატების ჯგუფთან ერთად, რათა უფრო დეტალურად აგიხსნათ სასამართლოში არსებული ვითარება და ის საფრთხე, რის წინაშეც სასამართლო იმყოფება. “

    პატივისცემით,
    კახა წიქარიშვილი

  • თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

    სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 1 ტონამდე ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს, რომელიც დაილუქა. „თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან – შპს „დადუსა“ და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორადან“ (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მიროში“ აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
    აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება“- აცხადებენ სურსატის ეროვნულ სააგანეტოში.
    აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში – შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  • ხანძარი კოსტავას ქუჩაზე

    კოსტავას 12 ნომერში სასტუმრო “გუცას” შენობა იწვის. ამ წუთებში შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობს. ცეცხლის ალი შენობის სახურავიდან ამოდის.

    ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. ხანძრის გამო კოსტავას გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნახევრად პარალიზებულია.

  • შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა და შანტაჟი–ფადი ასლის ღია წერილი

    საერთაშორისო სავაჭრო პალატა პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს. სავაჭრო პალატის პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა გახდა ინვესტორთა საბჭოს 26 მარტს ჩანიშნული შეხვედრის უვადოდ გადადების მიზეზი.

    პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი ღია წერილში ბიზნესზე ზეწოლაზე  საუბრობს და ამბობს, რომ თუ არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ბიზნესის მიმართ, ის მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად გააფრთხილებს ICC-ის ყველა ეროვნული კომიტეტს.

    „თუ უახლოეს დღეებში არ შეწყდება ზეწოლა და შანტაჟი ჩვენი წევრის, “თიბისის”, მიმართ და არ დაიხურება პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდება, თუ ჩვენს წევრს, “ომეგა ჯგუფს” არ მიეცემა შესაძლებლობა განაგრძოს თავისი საქმიანობა ჩვეულ რეჟიმში, ჩვენ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ოფიციალურად ვაცნობოთ და მსოფლიოს მასშტაბით გავაფრთხილოთ ICC-ისყველა ეროვნული კომიტეტი იმ აგრესიული თავდასხმების, ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესისა და უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ.

    ჩვენ ვალდებულნი ვართ გავაფრთხილოთ უცხოური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნეს რისკების შესახებ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ივანიშვილი საბოლოოდ გააცნობიერებს იმ ვითარების სერიოზულობას, რომელშიც ჩააყენა ქვეყანა. იმოქმედებს საქართველოს საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა ბოლო მოეღოს ზეწოლას ყველა იმ კომპანიაზე, რომელსაც თავს ესხმის და უპირობოდ გაუღებს კარს უცხოურ ინვესტიციებსა და ყველა ქართულ ბიზნესს, მიუხედავად მათი პოლიტიკური ორიენტაციისა, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები და კეთილდღეობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • საქართველოს 8 მოქალაქე ავსტრიაში არ შეუშვეს

    საქართველოს 8 მოქალაქე უკვე ოთხი დღეა ვენის აეროპორტში რჩება . მათ ავსტრიის საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. საქართველოში მათი დეპორტაცია შაბათს მოხდება, მანამდე კი აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალურ იზოლირებულ ზონაში რჩებიან. 

    საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ საბუთები წესრიგში ქონდათ და გაუგებარია რატომ არ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ საქართველოს კონსულს ჰქონდა კონტაქტი ავსტრიულ მხარესთან, რომლის ინფორმაციითაც საეჭვო სწორედ მათი დოკუმენტები გახდა, რის გამოც ქვეყანაში არ შეუშვეს.

  • თბილისის მეტროპოლიტენის ნაწილი გაჩერდა

    დღეს თერთმეტი საათისთვის თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაჩერდა. შეფერხება მეტროსადგურ სადგურის მოედანზე ერთ–ერთ მატარებელზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. მგზავრებს მატარებლები დაატოვებინეს და მეტროს პირველი ხაზის მუშაობა შეჩერდა. ტექნიკური პრობლემის აღმოსაფხვრელად მატარებელი მოსაბრუნებელ ჩიხში გადაიტყვანეს. მეტროპოლიტენის ფუნქციონირება დაახლოებით ნახევარ საათში აღდგა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიმ დღეს მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

    “თბილისის მეტროს პირველ ხაზზე აღდგა მატარებლების მოძრაობა და განახლდა მგზავრთა მიღება.

    შეგახსენებთ, რომ დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ტექნიკური მიზეზის გამო შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი      ჩიხში გადაყვანა.

    აღნიშნულის გამო თბილისის მეტროს პირველი ხაზი 15 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს. 

    საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში

  • “ყველა პრობლემის სათავე პირადად ივანიშვილია“–ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილის მმართველობისა და ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრობს. მისი აზრით ქვეყანაში არსებული პრობლემის სათავე პირადად ბიძინა ივანიშვილია:

    “ქართულ ოცნებაში ხდება დაპირისპირება იმისათვის, თუ ვინ უფრო ახლოს დაიკავებს ივანიშვილის გვერდით ადგილს. მეტი ამას არაფერი არ ქვია. შესაძლოა ეს შენიღბული იყო მოსამართლეების საკითხით, მაგრამ რეალურად სულ სხვა ტიპის დაპირისპირება იყო, არანაირად დაფუძნებული იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე. ყველაფერს ბუტაფლორიული დაპირისპირების ფონი გასდევს. ჯერ ბიძინას არ უპირისპირდებიან. კინკლაობენ იმისთვის, ვინ უფრო ახლოს იქნება ივანიშვილთან.

    როგორც ოცნებაში არსებული დაპირისპირების, ისე ქვეყანაში ყველა პრობლემის ერთადერთი სათავე არის ივანიშვილი.მეშვიდე წელია ქვიშაზე აშენებს რაღაცას. ჩემმა შვილებმაც იციან რომ პლაჟზე ქვიშით აშენებულ ფორმებს წყალი დაუნგრევს ან დროთა განმავლობაში თვითონ დაინგრევა.
    მეშვიდე წელია ეს ადამიანი აშენებს ქვეყანაში რაღაცას, აშენებს თან ტალახით, საძირკველს და ფუნდამენტს არ უკეთებს და მერე უკვირთ ხოლმე რატომ არის ასეთი რყევები თუნდაც სახელისუფლებო პარტიაში.
    ამ ადამიანმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ 7 წლის განმავლობა: ვერ შეძლო ვერანაირი ორგანიზაციის, ინსტიტუციის თუ რაღაც პროექტის შექმნა რომელიც თვითონ დააანონსა:
    ვერც ტელევიზია შექმნა, ვერც სახელისუფლო პარტია შექმნა, ვერც არასამთავრობო შექმნა, ვერც სახელმწიფოში ვერცერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ შექმნა.
    რაიმე ახალის გარდა ძველი რომ გაეძლიერებინა ისიც კი ვერ გააკეთა.
    შესაბამისად ძალიან მარტივი აზრი ჩამომიყალიბდა მის მიმართ: ამ ადამიანს არ გააჩნია არც გამოცილება, არც სურვილი და არც შესაძლებლობა რომ რაღაც შექმნას ქვეყანაში პოზიტიური.
    ამიტომ მე ყველა პრობლემის სათავეს ვხედავ მასში.“ – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი. 

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა არ აკონკრეტებს ვისთან ერთად და რა ფორმით დაბრუნდება: „ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებსაც ამ ქვეყნის ბედი ადარდებთ, ჯერ არ ვიტყვი მათ სახელებს და გვარებს. დაახლოებით, აპრილის ბოლომდე კონსულტაციები დასრულდება. მაისში უკვე გარკვეული სახის გეგმებზე ვისაუბრებ. მიმაჩნია, რომ სიჩუმე ახლა დანაშაულია. თქვენ რომ გეკითხათ, რატომ ხარ ჩუმადო 2012–15 წელს მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ამ ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო? მაგრამ ახლა ქვეყანაში ყველაფერი ცუდი ხდება, დღეს საქართველოში სახელმწიფო აღარ გვაქვს.არ მინდა , ერთ დღეს ჩემმა შვილებმა მითხრან, ჩვენ ამ ქვეყნიდან მივდივართ და შენ ვერ დაგვაკავებო“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა

  • ოცნებას სავარუდოდ საკრებულოს წევრიც დატოვებს

    თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ვატო შაქარიშვილი სავარაუდოდ ქართულ ოცნებას დატოვებს. “მოსამართლეთა საქმესთან“ დაკავშირებულ პროცესში ის არ მალავს, რომ ქართული ოცნების ე.წ. ამბოხებულ ფრთას თანაუგრძნობს და მიუღებელია ოცნების პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

    გუშინ მან ფეისბუქ გვერდზე ამ თემაზე სტატუსი გამოაქვეყნა:

    “სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ – რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა?

    პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა, აი ვნახოთ – უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ:
    • მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება. (მეთოფიშვილების დანიშნული)

    • ყოფილი მოსამართლე რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი. (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას) უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი – პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა იყოს მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ ის კენჭისყრის დროს საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს.

    მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა – 34 (2) მუხლის მე 3, 4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუისტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს. ამავე მუხლის მეათე ნაწილით დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში. მ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით ერთისხმრივ არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორესმხრივ კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა…

    P.S. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა, მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებას და კანონს! მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდუალური.

    P.P.S. მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი… სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვნება!“ – წერდა შაქარიშვილი.

    დღეს კი ინგა გრიგოლიას გადაცემაში მან ქართული ოცნების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ის ამბობს, რომ ქართული ოცნების გამარჯვებას 2012 წელს ციხეში სწორედ იმ მოსამართლის გამო შეხვდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ სიაში ეწერა და რომელიც უზენაესის მოსამართლე გახდებოდა, რომ არა ოცნების წევრთა პროტესტი და საზოგადოებრივი წნეხი. მისი თქმით, მოსამართლე, რომელმაც მის წინააღმდეგ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა გიორგი მიქაუტაძეა.
    შაქარიშვილი არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა პარტიას ან როდის დატოვებს, თუმცა არ მალავს, რომ თანამოაზრეობას იმ გუნდთან უფრო გრძნობს, ვინც ქართული ოცნება დატოვა. შაქარიშვილი სავარაუდოდ იმ მოძრაობაში გაერთიანდება, რომლის განახლება რამდენიმე დღის წინ პოეტმა დავით მაღრაძემ დააანონსა. შაქარიშვილი ამბობს, რომ ის ღირებულებების ერთგული რჩება:

    “აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართულ ოცნებაში თვითონ პარტიაში , საპარლამენტო გუნდში, საკრებულოში ბევრი ადამიანია ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რომელსაც არ მოსწონს შექმნილი ვითარება. დღეს არ არის ეს მთავარი კითხვის ნიშანი როდის და როგორ დავტოვებ ოცნებას. მე ვრჩები ღირებულებების ერთგული.როდესაც ჩნდება წყალგამყოფი დავრჩები და ვიქნები იმ ადამიანებთან ერთად, ვინც უფრთხილდება და იცავს იმ ღირებულებებს, რომლებიც არის ჩემთვის ძვირფასი. ვაფასებ იმ ადამიანებს ვინც იჩენს ღირსებას მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამას აკეთებს ყველაფრის ფასად. ვერცერთი ლოგიკით, ვერცერთი პრაგმატიზმით ვერანაირად ვერ ავხსნით რატომ ხდება ის, რა პროცესებსაც ვადევნებთ თვალყურს. რაციონალურ ახსნას ჩვენ ვერ მოვუძებნით. იმაზე უნდა ვიფიქროთ და გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ რაღაცნაირად, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ფორმატში უმრავლესობის რიგებიდან იქნება ეს თუ უმრავლესობის რიგებს გარეთ გადავარჩინოთ ქართული მართლმსაჯულება, რომელიც დადგა რეალური საფრთხის წინაშე, იმ ადამიანების ხელში, რომლებიც ამას საქართველოს პარლამენტის გარკვეულ ჯგუფში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობენ.“

    რაც შეეხება ივანიშვილს, შაქარიშვილი მის კრიტიკას ერიდება და ამბობს:


    “მე ყოველთვის დამრჩება მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია უამრავი სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკაში მოსვლამდე თუ პოლიტიკური მოსვლის შემდეგ , ამას შევინარჩუნებ და დავაფიქსირებ რა თქმა უნდა, მაგრამ დღევანდელ პროცესში, როცა ის ადამიანი ხელმძღვანელობს თუნდაც პოლიტიკურ საბჭოს რომელიც აკეთებს განცხადებებს რომელიც იწერება იუსტიციის საბჭოში დად ქართული ოცნების სახელით და ვანო ზარდიაშვილის პირით ეცნობება საზოგადოებას თვითონ საზოგადოებამ განსაჯოს კონკრეტული ადამიანების როლი.“
  • “ოლიგარქები დემოკრატიის ნარჩენებსაც კი ანადგურებენ.“სააკაშვილის სტატია washington post-ში

    ამერიკული გამოცემა washington post მიხეილ სააკაშვილის სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით “ოლიგარქები ბოლომდე ანადგურებენ დემოკრატიის ნარჩენებსაც კი“. გთავაზობთ სტატიას სრულად.

    უკრაინის 31 მარტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელიც ცხარე დავას იწვევს, პეტრ პოროშეკოს მოქმედ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში საფუძვლიანად ადანაშაულებენ. ძნელი არ არის მიხვედრა, რა იქნება შემდეგი. ოლიგარქიული დაჯგუფება არჩევნებს მოიპარავს, საპასუხოდ საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნებშის გაყალბებაში დაადანაშაულებენ. თუმცა , მოვიდა დრო დემოკრატიის უკუსვლის სიმპტომების ნაცვლად მთავარ მიზეზს მივხედოთ: არაფორმალურ მმართველობას.

    მოლდოვა ამის ნათელი მაგალითია: ნავთობის და საბანკო მაგნატი, ვლადიმირ პლახოტნიუკი ქვეყნის სიდიდით მეორე პოლიტიკურ ძალას აკონტროლებს და სხვა პარტებთან ალიანსი შექმნა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის. მართალია პლახოტნიუკი სრულად აკონტროლებს პარლამენტს, სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლოს, მაგრამ ის არ არის დაინტერესებული რომ კენჭი იყაროს. მისი მეტსახელო მოლდოვაში “მეთოჯინეა“, გასულ თვეში ჩატარებულმა არჩევნებმა კი კიდევ უფრო გააძლიერა ქვეყანაში მისი გავლენა.

    მოლდოვაში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 3226 დოლარია. პლახოტნიუკის სიმდიდრე 3 მილიარდ დოლარად ფასდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისმილიონჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე საშუალო მოლდოველი. არ არის გასაკვირი, რომ რეალური ძალაუფლება მას ეკუთვნის და არა არჩეულ თანამდებობის პირებს. იგივე ეხება რუსეთის მოსაზღვრე ორქვეყანას: საქართველოს და უკრაინას.

    როცა საქართველოს პრეზიდენტი ვიყავი, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში საუკეთესო რეფორმატორად იყო აღიარებული. დღეს საქართველოს თავისი პლახოტნიუკი ჰყავს: მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მას საკუთარი 4.9 მილიარდ დოლარიანი კაპიტალი აქვს, რაც თითქმის ქვეყნის მშპ–ს ერთი მსამედია. როგორ დააგროვა ეს სიმდიდრე რუსეთში – ბუნდოვანია. ივანიშვილი საქართველოს მართავს, როგორც თავის სამფლობელოს, ლიალური მოსამართლეებით და უშიშროების რეპრესიული აპარატით.

    ივანიშვილის პოლიტიკური აქტიურობა საქართველოს მომავლის მისეული ხედვით არ არის განპირობებული. ძნელია აღწერო მისი პარტიის პლატფორმა, პოლიტიკური შეთავაზებები ან რამე არსებითი მიღწევა მას შემდეგ, რაც ის 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. ივანიშვილი თავის პარტიას განიხილავდა როგორც მორიგ ინვესტიციას, საიდანაც ახლა მოგებას იღებს. სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური კონტროლის განხორციელებით ოლიგარქმა საქართველოს ეკონომიკის მონოპოლიზაცია მოახდინა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ ცოტა ხნის წინ საქართველო აღწერა, როგორც “სახელმწიფოს მიტაცების“ ნათელი მაგალითი.

    უკრაინას, რომელიც საქართველოზე და მოლდოვაზე დიდია ერთზე მეტი ოლიგარქი ყავს. ყველაზე მდიდარი ფოლადის მაგნატი რინატ ახმეტოვია, როლის ქარხნები კრემლის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს უჭერდა მხარს დონბასში და უკრაინის აღმოსავლეთში. ახმეტოვმა ალიანსი შექმნა მასსავით მილიარდერ უკრაინის პრეზიდენტთან. პოროშენკო, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული საინვესტიციო კომპანიასთან, რომელიც თავის მხრივ წილს ფლობს ახმეტოვის ენერგეტიკულ კომპანიაში, ნიშნავს მარეგულირებელი კომიტეტის წევრებს, რომელიც ენერგომატარებლების ფასებს ადგენს. როცა 2016 წელს კომიტეტმა პოროშენკოს კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის მეთაურობით ენერგეტიკული სუბსიდიები გასცა, უმსხვილესი ბენეფიცარები სწრედ პოროშენკოსთან და ახმეტოვთან დაკავშირებული ფირმები იყვნენ.

    მოლდოვას, საქართველოს და უკრაინას კიდევ ერთი საერთო პრობლემა აქვთ: ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულები არიან და მათი აგრესიული მეზობელი ხშირად არის ბრალდებული დამოკრატიული განვითარების წარუმატებლობაში. რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არაფრის ეშინია გარდა მის უკანა ეზოში დემოკრატიის განვითარებისა.

    თუმცა იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ, მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ელიტები პუტინის საქმეს მის ნაცვლად აკეთებენ. ეს შესაძლოა გასაოცრად მოგეჩვენოთ, რადგან სამივე ხელისუფლება თითქოსდა პროდასავლურად არის განწყობილი. ისინი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები არიან და ნატოს სამხედრო მისიებში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყნებში ამომრჩევლები მთლიანად უჭერენ მხარს გამჭვირვალობას, დემოკრატიას და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირს. სწრედ ამიტომაც მმართველი პარტიები, რომლებსაც ოლიგარქები უმაგრებენ ზურგს, ცდილობენ სიტყვით “ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე“ ისაუბრონ, სინადვილეში კი არანაირი რეფორმა არ გაატარონ, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.

    შემთხვევითი არ არის, რომ სამივე “თოჯინების მმართველი“ რუსეთში გამდიდრდა. მათი ბიზნეს ინტერესები ნაციონალურ ინტერესებზე წინ დგას. პუტინი ქველმოქმედებით ნამდვილად არ არის ცნობილი: ნებისმიერი ოლიგარქი, რომელმაც რუსეთში მილიარდები იშოვნა კრემლის წინაშე ვალშია. მართალია, ჩრდილოეთის საფრთხე ძალიან დიდია, მაგრამ მთავარი მტერი შიგნით არის. მიტაცებული სახელმწიფო სუსტი სახელმწიფოა, რომელიც საგარეო აგრესიის მიმართ დაუცველია. არაფორმალური მმართველობის პირობებში ბევრისთვის კრიმინალის და ნეპოტიზმის გარდა სიღატაკიდან გამოსავალი ემიგრაციაა. ტვინების გადინების შედეგად ქვეყანაში სულ უფრო ცოტა და სულ უფრო დამშეული მოსახლეობა რჩება, ამიტომაც ოლიგარქს ხმების ყიდვა უფრო იაფად შეუძლია, ვიდრე ოდესმე. პუტნი ამ მანკიერ წრეზე უკეთესს რას ისურვებდა.

    რატომ უნდა დარდობდეს ამაზე დასავლეთი? მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ევროკავშირისგან, აშშ–სგან და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მილიარდობით დახმარებას იღებენ. ეს დაფინანსება ანტიკორუფციული რეფორმების მხარდასაჭერად გამოიყოფა, და მიმღები ქვეყნების მთავრობებმა პროგრესს უნდა მიაღწიონ ამ ინიციატივების რეალიზაციისთვის და დაფინანსების გაგრძელებისთვის.

    სინამდვილეში კი ციკლი “რეფორმა დახმარებისთვის“ არც ისე მარტივია. საქართველო, რომელიც მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ამერიკული დახმარების ყველაზე დიდ რაოდენობას იღებს, მსოფლიოში დემოკრატიული უკუსვლის ყველაზე ნათელი მაგალითია. 2014 წელს უკრაინამ სავალუტო ფონდიდან დაახლოებით 13 მილიარდი ამერიკული დოლარი მიიღო, 2014 წლიდან კი თითქმის 2 მილიარდი დოლარი პირდაპირი დახმარების სახით ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული, მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკოს ადმინისტრაცია კორუფციასთან ბრძოლაში თავის ვალდებულებებს არ ასრულებს. მოლდოვაში, სადაც ცენტრალური ბანკიდან მილიარდ დოლარზე მეტი მოიპარეს, მნიშვნელოვანი რეფორმების არგატარება არ გვაძლევს იმის იმედს, რომ 183 მილიონი დოლარის კრედიტი სავალუტო ფონდიდან დანიშნულებისამებრ იქნება გამოყენებული.

    აშშ–მ კორუფცია უნდა განიხილოს, როგორც საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის და მხარი დაუჭიროს ამერიკულ ფასეულობებს იმ ქვეყნებში , რომლებიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობენ. მიტაცებულ სახელმწიფოებში ჩრდილოვანი მმართველებით კორუფცია ვერ აღმოიფხვრება მხოლოდ ჩინოვნიკების მეშვეობით. ოლიგარქები უნდა დაისაჯონ. პლახოტნიუკი, ივანიშვილი და ახმეტოვი ჩვეულებრივი ბიზნესმენები არ არიან. ისინი თავიანთი საკუთარი მთავრობების აქციონერები და შვილობილი კომპანიები არიან.

    ხელისუფლების არაფორმალური ბროკერების წინააღმდეგ სანქციები და დახმარების სწორად გამოყენების უზრუნვეყოფა აშშ–ს გადასახადის გადამხდელების ინტერესების დაცვა იქნება, და ამავე დროს აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიას გაამყარებს. მხოლოდ ოლიგარქების ბატონობის დამსხვრევისა და ქვეყნის შიგნით ძლიერი დემოკრატიის მშენებლობით შეძლებენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პუტინიზმის დამარცხებას. ამ გამარჯვებას მთელი მსოფლიო იგრძნობს.

  • გურჯაანის საბავშვო ბაღში გველი იპოვეს

    სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში გველი იპოვეს. მენეჯერის ინფორმაციით, ოთახში გველი ადგილზე მისულმა აღმზრდელმა ღუმელის წინ შენიშნა, რის შემდეგაც ის დარაჯმა მოკლა. ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, განახლება შენობის რეაბილიტაციამდე არ მოხდება. გურჯაანის მერის ინფორმაციით, 63 აღსაზრდელს სხვა ბაღებში გაანაწილებენ.
    ბაღში ინფრასტრუქტურის აღდგენას  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს