Category: არქივი

  • საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს.

    „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689,” – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

  • შსს–მ ყალბი ასლარიანების გამსაღებლები დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.  1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიებში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს.
    პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

    ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია სმაილი დღეს დილით გაქურდეს. ჩამსხვრეულია მინები და წაღებულია, დაახლოებით, 1500 ლარის პროდუქცია, ძირითადად, ჰავერბორდები.

    სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი, ვახტანგ მუჯირიშვილი, აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

    ტექნიკის მაღაზიაში დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემა, თუმცა, დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს.

    წინა შემთხვევაში 17 ათასი ლარის ღირებულების მობილურების წასაღებად მძარცველებს მხოლოდ 30 წამი დასჭირდათ, დღეს დილით კი ძარცვა მხოლოდ 21 წამში დასრულდა.

    „დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში,“ – ამბობს ვახტანგ მუჯირიშვილი.

    შსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლს უდგამენ

    მონუმენტალური ხელოვნების “სახელმწიფო“ კომისიამ მოიწონა წინადადება ე.წ. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმის შესახებ. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა, ვალერი ბგანბამ, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს დავალება გასცა კონკურსის ჩასატარებელი კრიტერიუმები შეარჩიონ, რომლითაც არძინბას ძეგლის საუკეთესო პროექტი გამოვლინდება. კრიტერიუმები არა მხოლოდ სკულპტურის პროექს და არქიტექტურას, არამედ მომავალი ძეგლის ლანდშაფტური ზონის დიზაინსაც უნდა შეიცავდეს.
    დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ამ თანამდებობაზე 1994 წელს აირჩიეს, 1999 წელს კი მეორე ვადით. ის 2010 წელს გარდაიცვალა.
    არძინბა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო და აფხაზებისთვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ–ერთი “გმირია“.

  • პროტესტი ჰესის წინააღმდეგ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ლენტეხელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

    ლენტეხელები მდინარე ხედულაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ მდინარე ხედულაზე ჰესის აშენება მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარსა და მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ დოლიძეს ლენტეხში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

    ადგილობრივებმა იმ შენობის შესასვლელი ჩაკეტეს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს „ხელედულა ჰესის“ შესახებ მსჯელობა ჰქონდათ დაგეგმილი. სიტყვიერი შელაპარაკებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო, შეხვედრა ჩაიშალა. ლენტეხელებმა მთავრობა საჯაროდ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ხეობაში ჰესს არ ააშენებინებენ.

    ადგილობრივების მიერ შენობის ბლოკირების გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა შეხვედრის ადგილი შეცვალა და მსურველები სამსჯელოდ სხვა შენობაში დაპატიჟა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იქაც გადაინაცვლეს და შეხვედრა საბოლოოდ ჩაშალეს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ხატზე დაიფიცეს, რომ მდინარე ხელედულაზე ჰესს არავის ააშენებინებენ და სიტყვას არ გატეხენ.

    მდინარე ხელედულაზე 50 მეგავატიანი „ხელედულა 3-ის“ მშენებლობა იგეგმება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ პროექტის მოწინააღმდეგე ხეობის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია. დღევანდელი პროტესტის მიუხედავად, ახალი ჰესის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ლენტეხში ჩასვლას კვლავაც გეგმავენ.

    ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით აქვთ გადაწყვეტილი. საქმე, რომელშიც ლენტეხელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმარება, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის სამსახურის უფროსს ესროლეს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ბესო შუბითიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

    საუბარია საფანტიან თოფზე, რომელიც შუბითიძეს ბრაკონიერმა ესროლა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ კარდენახის ტყის მონაკვეთში იმ დროს მოხდა, როცა ის  სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

    მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნება და ამ დროისათვის სახლში იმყოფება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ უკვე დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

  • დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ 2020–მდე საარჩევნო გარემო შეცვალოს

    ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, სიძულვილის ენა, კითხვები დაფინანსებასთან დაკავშირებით, მედიის პრობლემები არჩევნებისას – ეს არის იმ პრობლემების ნაწილი, რომელზეც ქართულ ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად დიპლომატიური კორპუსი საუბრობს და რომლის გამოსწორებასაც ხელისუფლებას მომავალი არჩევნებისთვის ურჩევენ. 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემებთან დაკავშირებით სალაპარაკოდ დღეს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კონფერენციაზე შეიკრიბნენ. 

    ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და სიძულვილის ენა – ას არის 2018 წლის არჩევნების დროს გამოვლენილი პრობლემები, რომლებზეც ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საუბრობს. მისი განცხადებით, საარჩევნო პროცესში ასევე პრობლემას წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დისბალანსი, უარყოფითი კამპანია და მედიის მარეგულირებლის როლი.კრისტიან ურსე მოუწოდებს ოპოზიციისა და ხელისუფლებას პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოიყენონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო და მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.

    „ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნამ ბევრი გამოწვევა გამოავლინა. მათ შორისაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დისბალანსი, უარყოფითი კამპანია და სიძულვილის ენა, ასევე მედიის მარეგულირებელის როლი და საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, ჩვენი დისკუსიები გააუმჯობესებს შექმნილ სიტუაციას.თუ წინა არჩევნებს შევხედავთ, 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილია წელიწადნახევარი, რაც მოგვცემს საშუალებას, დავსხდეთ ერთად, განვიხილოთ არსებული შედგები, არასამთავრობოების, ოპოზიციის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, ამ განხილვების შედეგად მივიდეთ პოლიტიკურ კონსენსუსამდე”, -განაცხადა ურსემ.

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს გამოიყენოს საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი დრო და საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს. კარლ ჰარცელის განცხადებით, ამ პროცესს პარლამენტი უნდა გაუძღვეს და მასში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს. მისი განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებული პრობლემების გადაწყვეტაში ხელისუფლებამ ოპოზიცია, მედია და სამოქალაქო საზოგადოებაც ჩაერთოს.

    „ის ფაქტი, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გერტ ჰაინრიხ არენსი ჩამოვიდა, იმის უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომ ვუბრუნდებით იმ თემატიკას, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო ეუთო-ს ანგარიშში. მე მგონი ეს სწორედ ის პერიოდია, როცა უნდა დავიწყოთ ყველა იმ რეკომენდაციაზე ფიქრი და მსჯელობა, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში და ერთობლივად შევიმუშავოთ მთელი ის გეგმა, რომლის შესრულებაც შემდეგი 10-12 თვის განმავლობში შეგვეძლება. შემდეგ უკვე ვიქნებით არჩევნების წინაშე და ამიტომ, მანამდე მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ. ბუნებრივია, აუცილებელია ყველას ჩართულობა. წამყვანი როლი ექნება ხელისუფლებას, პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ ამ პროცესში. ვფიქრობ, დრო ცოტაა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის, რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის და იმედია, ნაყოფიერად დავიწყებთ მსჯელობას. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ანგარიშში ნათლადაა ყველა მათგანი ასახული. ელემენტები, რაც უმთავრესია, პირველ რიგში არის კომისიის დაკომპლექტების წესი, ასევე მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა ზოგადად”,- განაცხადა ჰარცელმა.

    საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში იყო ბევრი ისეთი პრობლემა და ისეთი საკითხები, რომელიც ქვეყნის წარმატებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.უილსონის განცხადებით, იმისათვის რომ საქართველოში დემოკრატიის კულტურა გაძლიერდეს, აუცილებელია, საარჩევნო პროცესში გამოკვეთილ დარღვევებსა და პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობა შედგეს.

    “განვიხილავთ საქართველოს გამოცდილებას არჩევნებზე და იმ ნაბიჯებზე, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას, რომ გააუმჯობესოს არჩევნების ჩატარების პროცესი და გააძლიეროს დემოკრატია. საქართველოში ამ კუთხით ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დიდი პროგრესია, თუმცა, სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშში მითითებულია გარკვეულ პრობლემებსა და ხარვეზებზე, რისი გადაჭრაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებული განვითარებისთვის. ზუსტად ამ საკითხებს განვიხილავთ დღევანდელ კონფერენციაზე. მე მივესალმები პარლამენტარების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა ჯგუფების ჩართულობას ამ განხილვაში“, – განაცხადა უილსონმა.

  • თამაზ მეჭიაური საკონსტიტუციოში ჩივის

    საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა თამაზ მეჭიაურის სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსარჩელე თიანეთის მერისთვის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებაის წესს ასაჩივრებს.მეჭიაური მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი დასაბუთების გარეშე გადააყენონ არჩეული მერი. მეჭიაური პროცეს არ ესწრება. მის ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი იცავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკრებულოს ის უფლებამოსილება, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი გადააყენოს,არა მხოლოდ ადამიანის უფლების შეზღუდვაა, დაიკავოს ადგილი საჯარო სამსახურში, არამედ იმ ამომრჩევლის ნების უგულებელყოფაა, ვინც კონკრეტული მერი აირჩია.
  • კიბერთავდასხმაზე გამოძიება ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე შეგვატყობინებდნენ – გახარია „თიბისის“ საქმეზე

    შს მინისტრი აცხადებს, რომ „თიბისი ბანკზე“ კიბერშეტევა უკვე ლიკვიდირებული იყო, როცა მათ თიბისი ბანკისგან წერილი მიიღეს. პარლამენტში მისულმა გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის საქმეზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც „თიბისი ბანკის“ საქმეს,გახარიას გავლენებს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამეგრელოს რეგიონში გიორგი გახარიას მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.

    „ეს ყველაფერი განპირობებულია პოლიტიკური კონტექსტით, პოლიტიკური მოტივაციით და გასაგებია. ეს არის ოპოზიციური ნარატივი და მისაღებია. ყველა მსგავს ბრალდებას, ისევე როგორც წერილს. თუ გახსოვთ იყო ასეთი ბრალდება, რომ გახარია აიძულებს „თიბისი ბანკს“ წილების დათმობას? შემდგომ ამას რა რეაქცია მოჰყვა „თიბისი ბანკის“ მფლობელებისგან? – არა ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

    კიბერ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე წერილით მოგვმართავდნენ. ამ საქმესთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, მექნება დეტალებში შესვლის საშუალება. კიბერთავდასხმის ლოკაცია უკვე აღმოჩენილი იყო, ვიდრე ჩვენ წერილს მივიღებდით ამ კონკრეტული ადრესატისგან და საფრთხეც უკვე ლიკვიდირებული იყო,“ – განაცხადა მინისტრმა.

  • 5 გვამი, რომ მოითხოვოთ და 12 შემოიტანონ, ამ დარბაზში ყველა გაიტრუნებოდა – ინაშვილი გახარიას

    “თქვენი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო “ტერორზე” არ დგას. ამას რა თქმა უნდა, კარგი გაგებით ვამბობ. დღეს, რომ თქვენ აქ გამოხვიდეთ და 5 გვამი მოითხოვოთ და 12 შემოიტანონ და სხვა სისტემა იყოს, მაშინ სხვანაირი ლაპარაკი წავიდოდა და ამ დარბაზში ყველა გაიტრუნებოდა, მაგრამ ეს არ იძლევა იმას, რომ ჩვენ ვთქვათ, ყველაფერი კარგად არის,” –  ასე მიმართა  ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას.