Category: არქივი

  • ავსტრიულმა კომპანიებმა მცდელობების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლეს-ელჩი

    “ავსტრიულმა კომპანიებმა მცდელობების მიუხედავად, საქართველოში შემოსვლა ვერ შეძლეს”- ამის შესახებ ავსტრიის ელჩი საქართველოში  არად ბენკომ BMG-ისთან საუბარში განაცხადა. ავსტრიელი დიპლომატის თქმით,  საქართველოს მიმართ ავსტრიელი ინვესტორების დაინტერესება საკმაოდ მაღალია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსხვილმა ავსტრიულმა კომპანიებმა მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ბაზარზე შემოსვლა ვერ შეძლეს

    “საქართველოში ერთი მხრივ გვაქვს საკმაოდ დიდი ინტერესი, მათ შორის ავსტრიული კომპანიების მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, არის მრავალი გამოწვევა. უნდა ითქვას, რომ ეს გამოწვევები არ არის უნიკალური საქართველოსთვის და მას არაერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაც იზიარებს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს სირთულეები და სიძნელეები გამოვყოთ და შემდეგ ისინი განვიხილოთ. ამ მიმართულებით კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს საქართველოს მთავრობასთან.

    ჩვენ გვაქვს წარმატების კარგი მაგალითები, მათ შორისაა ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი ან Gebrüder Weiss-ი, რომელიც ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობს, ასევე წარმატების მაგალითია კომპანია Rauch-ი, რომელიც წვენების წარმოებით არის დაკავებული. ასევე არიან კომპანიები ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით,

    მაგრამ არიან ასეთივე დიდი კომპანიები, რომელთა სახელებსაც საჯაროდ არ ვიტყვი, რომლებმაც არაერთი მცდელობის შემდეგაც ვერ შეძლეს შემოსულიყვნენ საქართველოს ბაზარზე. მინდა გითხრათ, რომ დაინტერესება საქართველოში ინვესტირების მიმართ ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. არის ნამდვილად დიდი ინტერესი საქართველოში ინვესტირებისთვის. ამას ხელს უწყობს ფაქტი, რომ საქართველო ფართო რეგიონის მასშტაბით ერთადერთი რეალური დემოკრატიაა, შესაბამისად, ის მიმზიდველია.

    სექტორების მიხედვით, შემიძლია გითხრათ, რომ ავსტრიული კომპანიების მხიდან დაინტერესებაა ლოჯისტიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით,”-  განუცხადა BMG-ის ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ.

  • “ვტ**აურობდი”- აჭარის მაუწყებლის ახალი რედაქტორის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე (ვიდეო)

    აჭარის მაუწყებლის ახალმა რედაქტორმა ჟურნალისტების შეკითხვას თუ რას აკეთებდა მას შემდეგ რაც ‘რუსთავი 2”-ზე გადაცემა “60 წუთი” დაიხურა?” მან უცენზუროდ უპასუხა. მას შემდეგ რაც ნინო ხაჟომიამ აჭარის ამუწყებელში ახალი პოსტი დაიკავა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რას საქმიანობდა ხაჟომია და რა შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია მას.

  • ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

    ბრაზილიასა და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა.

    „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა.

    სააგენტოს ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

    პარალელურად, კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საბერძნეთშიც. დასავლური მედიის ცნობით, 38 წლის ქალი სალონიკის ერთ-ერთ საავადმყოფოშია. როგორც ცნობილია, პაციენტი უახლოეს წარსულში იტალიას სტუმრობდა.

    ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი, 139 კი ინფიცირებულია.

    საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 715-მდე გაიზარდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რიცხვმა ჩინეთში 78 000-ს გადააჭარბა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 29 700-ს აღწევს.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

  • ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

    ატიმრობიდან ახლად გათავისუფლებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხვალ დილით, პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა.

    „ვანო მერაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში, სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებაში. ამის შემდეგ, მერაბიშვილი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის 7 წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

    შეგახსენებთ, თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე 20 თებერვალს დატოვა.

  • ევროპის საბჭოს მინისტერიალი თბილისში აღარ გაიმართება

    ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია მაისში, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება სტრასბურგში, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

    „ჩვენ 2019 წელს განვაცხადეთ, რომ მინისტერიალი საქართველოსი ჩატარებულიყო, ეს იყო გულწრფელი სურვილი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი, მაღალი დონის ღონისძიებისთვის, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იქნებოდა, რადგანაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი სახის მაღალი დონის ღონისძიებისთვის საქართველოს არ უმასპინძლია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან განგვეხილა ყველა შესაძლო სცენარი, რომ არ დაზიანებულიყო ჩვენი, როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რეპუტაცია“, – ამბობს ზალკალიანი.

    საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია თბილისში უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვევლობა შეიქმნა რუსეთის დელეგაციის, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის სესიაში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით.

  • “თუ მეშახტეების წინაშე დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ”- ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მთავრობის წევრებს მეშახტეების პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. მან მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა მეშახტეებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები შეისწავლონ და დავალიანებები უახლოეს 2 თვეში დაფარონ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უკრაინის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს ექუმრება, რომ ისინი ხელფასს ვერ მიიღებენ.

    „ზოგიერთ მეშახტეს ჯერ კიდევ 2014-2016 წლების ხელფასი არ აუღია და ეს დავალიანება 1,1 მილიარდ გრივნას აღწევს. უახლოეს 2 თვეში, მარტსა და აპრილში მეშახტეების წინაშე დავალიანება სრულად უნდა დაიფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის წევრები ამ თვეების ხელფასს ვერ აიღებენ და, ვფიქრობ, ეს სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

  • ბიძინა ივანიშვილს არ სურს საქართველოში სხვა ინვესტორი შემოვიდეს-ფადი ასლი

    ბიზნესმენი ფადი ასლი აცხადებს, რომ საერთაშორისო ინვესტორები ბიძინა ივანიშვილმა გააქცია.

    “საქართველოს მთავრობამ 7 წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ინვესტორი გააქცია, იმიტომ რომ ივანიშვილს არ სურს სხვა ინვესტორები ქვეყანაში. საქართველომ დაკარგა მიმზიდველობა და რეპუტაცია, გარდა ამისა თუ გავითვალისწინებთ იმ რეგულაციებს, რომელიც ხელისუფლებამ და ცენტრალურმა ბანკმა ბოლო პერიოდში აამოქმედა, ვნახავთ რომ ბიზნესკლიმატი ძალიან დაზიანებულია”-აცხადებს ფადი ასლი.

  • “დავით სარალიძეს მხოლოდ მუშტს ურტყამდა” – მიხეილ კალანდიას საქმეს სტრასბურგისთვის ამზადებენ

    მიხეილ კალანდიას საქმე სტრასბურგისთვის ემზადება – ამის შესახებ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.  მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს შიგნით ყველა სამართლებრივი გზა ამოიწურება, ისინი სტრასბურგს მიმართავენ.  ადვოკატი აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას იარაღი არ სჭერია და ის ურტყამდა დავით სარალიძეს მხოლოდ მუშტს.

    „გამორიცხულია კალანდიას პირობებში რაიმე საპროცესო შეთანხმება. ეს შეიძლება მხოლოდ ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მიხეილ კალანდიას არანაირი იარაღი ხელში არ ჰქონია. ის ურტყამდა დავით სარალიძეს, მაგრამ ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის, რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში აღმოჩენილი. პირდაპირ გეტყვით ზაზა სარალიძის და მის უკან მდგომი პოლიტიკური პარტიების სასიამოვნოდ, რომელსაც ჰქონდა ჯენტლმენური გარიგება მანამდე და იმის გახორციელება მოხდა მოსამართლე მარსაგიშვილის ხელით. ჩვენმა ზოგიერთმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტეს გაუბედურებული ადამიანის მხარზე პოლიტიკური დივიდენდების აგორება, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ აქ იმიტომ არ ხდება ზოგიერთი საკითხი, რომ ამ ბავშვის უკან არის მირზა სუბელიანი, რომელსაც გააჩნია ივანე მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრები და მოდი ეს გამოვიყენოთო, დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რომ მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები. ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ადვოკატმა.

    შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

  • ქართველ ჟურნალისტებს ამჯერად რუსი სენატორი აყენებს შეურაცხყოფას

    რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი ალექსეი პუშკოვი აცხადებს, რომ ქართველი ჟურნალისტებისგან შეტევა არაერთხელ განუცდია და ისინი ნიმუშად იღებენ აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის მაგალითებს. ამის შესახებ მის ტვიტერის გვერდზე ვკითხულობთ. ქართველ ჟურნალისტებს მან “ეგზალტირებული ქალბატონები” უწოდა.

    “რბილად რომ ვთქვა, ქართველი ჟურნალისტები საკმაოდ ეგზალტირებული ქალბატონები არიან. არაერთხელ განმიცდია მათი ზეწოლა ჩემზე – მოსკოვშიც, ევროსაბჭოში სტრასბურგშიც. ისინი ნიმუშად აგრესიულ-ისტერიკული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მაგალითს იღებენ. მათ ჰგონიათ, რომ პასუხი ფესვებით უნდა ამოგლიჯონ”, –  წერს პუშკოვი.

    სენატორ პუშკოვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ კომენტარს წინ უძღოდა ჟენევაში მომხდარი ფაქტი, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს ავადმყოფები უწოდა.

    თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო- სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

  • ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა – გორში 39 წლის კაცი დააკავეს

    გორში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით 39 წელის მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ ც.ს.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

    არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამი შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.