Category: არქივი

  • “ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით”-აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

    აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციებს ეთანხმება და მიიჩნევს რომ მათი შესრულება მნიშვნელოვანია.
    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს დასკვნას  სრულად იზიარებს.

    „ჩვენ ვიზიარებთ ეუთო-ს დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით, ვიზიარებთ იმას, რომ იყო როგორც პოზიტიური საკითხები, ასევე გარკვეული პრობლემები. სწორედ მათ გადასაჭრელად ეუთო-მ შეიმუშავა ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესს. ჩვენ ვეთანხმებით ამ რეკომენდაციებს და მათი შესრულება არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა როს უილსონმა.

  • ქმრის მიერ დაჭრილი ქალი მართვით სუნთქვაზეა

    33 წლი ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა,  ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

    ექიმების შეფასებით, ქალის მდგომარეობა სტაბილურად  მძიმეა, თუმცა  მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნება. პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება. იგი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

    დანით მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აქვს.

    შემთხვევა 24 მარტს ხაშურში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა. მამაკაცი დაკავებულია.

  • კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

    UFC-ის ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, ამის შესახებ ირლანდიელმა თავის ოფიციალურ twitter-ზე დაწერა.

    “მოგესალმებით, მეგობრებო, სწრაფ განცხადებას გავაკეთებ. გადავწყვიტე, თავი დავანებო სპორტს, რომელსაც შერეული საბრძოლო ხელოვნება ეწოდება. ჩემს ძველ კოლეგებს წარმატებას ვუსურვებ”, – წერს მაკგრეგორი.

    მაკგრეგორის წასვლა ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ირლანდიელის მორიგი მეტოქე და თავად კონორიც აქტიურად საუბრობდა შემდეგ ბრძოლაზე. თუმცა მისი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია  UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს. 

    “კონორს ფული აქვს და პენსიაზე გასვლა შეუძლია, თან ვისკის ბიზნესიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ყველაფერი გასაგებია, მის ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდი. ის ბრძოლას აღარ აპირებს, მუშაობას კი განაგრძობს. ვისკის ბიზნესი უსაქმოდ ყოფნის საშუალებს არ მისცემს, ვფიქრობ, სხვა გეგმებიც ექნება. მისი ოქტაგონზე ცქერა კარგი იყო. კონორმა სპორტში წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია. ძალიან მიხარია მისი წარმატება და იმედი მაქვს, სხვაგანაც ისეთი წარმატებული იქნება, როგორიც ოქტაგონზე იყო”, – განაცხადა უაითმა.

    კონორმა კარიერის მანძილზე 25 ბრძოლიდან 21-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება და UFC-ის ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა.

  • არის თუ არა დამნაშავე ექიმი-ბათუმელი ექიმები კოლეგის უფლებების დასაცავად ერთიანდებიან

    ბათუმელი ექიმები კოლეგის უფლებების დასაცავად ერთიანდებიან. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ, რეფერალური საავადმყოფოს ექიმს ეკა ფუტკარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეიჩერა. 

    მიზეზი 29 წლის პაციენტის მელანო ფუტკარაძის გარდაცვალებაა. მისი ოჯახი  პაციენტის გარდაცვალებაში  ექიმს ადანაშაულებს. მედიკოსების განმარტებით კი, ეკა ფუტკარაძე ექოსკოპისტია და მომხდარზე პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა. მისი კოლეგები უდანაშაულობის პრეზუმფიის დაცვასა და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

  • ე.წ. ქუჩური გარჩევა დასჯადი იქნება

    დეპუტატები ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება.

    დანაშაულის მიხედვით გათვალისწინებული იქნება როგოც ფულადი ჯარიმა, ისე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ერთ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

    სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით და იმ შემთხვევაშიც, თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.

    „არის გარკვეული რომანტიული სენტიმენტები ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან სწორედ ამ ქუჩურ გარჩევებთან მიმართებით და ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტურად დავძლიოთ კრიმინალის ეს გამოვლინება, შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს კიდევ უფრო მეტი გამკაცრება ასეთ საკითხებთან მიმართებით, რომ კიდევ არ მოუწიოს პრემიერ-მინისტრს მოსვლა პარლამენტში და იმის ახსნა, თუ რატომ გაიზარდა კრიმინალი,“-განაცხადა სოფიო კილაძემ.

    „მთელი ქვეყანა ხედავდა როგორ თანამშრომლობდა „ქართული ოცნება“ კრიმინალთან, უბნებთან ამომრჩეველზე ზეწოლის განსახორციელებლად. პრობლემის გადასაჭრელად თუ მოიხმობს „ქართული ოცნება“ კვლავაც კრიმინალის და ქურდული სამყაროს დახმარებას, რომელიც არაერთხელ გაუკეთებია აქამდე, მაშინ ამ და სხვა კანონებსაც ფასი არ ექნება,“-ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი.

    „ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თუ კანონს მიიღებ, ამით ყველა პრობლემა მოგვარდება. კანონს უნდა აღსრულება და კანონი უნდა იყოს ისეთი რომლის აღსრულების უნარიც გააჩნია ქვეყანას იმ ვითარებაში და რესურსებით, რომელსაც იგი ფლობს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

    ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონის მიღებას აზრი არ აქვს, თუ ხელისუფლება კრიმინალთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

    ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანი არა კანონის მიღება, არამედ მისი აღსრულებაა.

  • შსს–მ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
    ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი ჩატრადა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 23 მარტს დაკავებულია წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი.

    სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, კრიმინალური ავტორიტეტები – 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით – 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან – აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

    გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, “ქურდული წესებით”, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

    პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი – „აკ-74“-ის მოდელის ავტომატი და “არალის” მოდელის პისტოლეტი, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 21 საბრძოლო ვაზნა, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება “ქურდული სამყაროს“ წევრობისა და “კანონიერი ქურდისადმი” მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. “კანონიერი ქურდი”, დაკავებულია “ქურდული სამყაროს” 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით – „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის – 32 პირი.

    ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული მასშტაბური ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია – 10 ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

  • “ამგვარი განცხადებები მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს”-ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყება“ სტოლტენბერგის განცხადებებზე

    ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება“ სტოლტენბერგის განცხადებებზე -“ამგვარი განცხადებები  მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს.”

    “საქართველოს დასავლელი პარტნიორების მორიგი განცხადებები თავიანთი „კლიენტის“ მხარდასაჭერად არავის აოცებს, ეს ვაშინგტონისა და ბრიუსელის პროპაგანდისტული რიტორიკის ნაწილად იქცა” – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომ „რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა უკან უნდა წაიღოს“.

    დე ფაქტო უწყებაში აღნიშნეს, რომ „ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს, მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს და ძირს უთხრის ძალისხმევას ამიერკავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“.

    დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ საქართველოსა და ნატო-ს სწავლებები „გამოწვევას წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოებისთვის“.

  • გურამ დოჩანაშვილს 80 წელი შეუსრულდა

    ქართველ კლასიკოს მწერალს გურამ დოჩანაშვილს დღეს 80 წელი შეუსრულდა. დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა 1961 წელს, თუმცა ხალხის სიყვარული მოგვიანებით მისმა რომანმა მოუტანა.  “სამოსელი პირველი” 1975 წელს გამოიცა და მრავალ ენაზე ითარგმნა. მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ბევრ  ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს.

    გურამ დოჩანაშვილი „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ „საბას“ პრემიის ლაურეატია.

  • თებერვალში შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს

    მიმდინარე წლის თებერვალში შენგენის ზონაში საქართველოს 211 მოქალაქე არ შეუშვეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის ახალ სტატისტიკას აქვეყნებს.

    უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე მეტი, 5112 ადამიანი გერმანიაში გაემგზავრა. პოლონეთს 3198 მოქალაქე ესტუმრა, საბერძნეთს – 2994, იტალიას – 2594.

    ამ მონაცემებზე დაყრდნობით საქაქრთველოს  მოქალაქეებმა ყველაზე მეტი უარი  საფრანგეთის საზღვარზე მიიღეს – 37 მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

    სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: იტალია – 34, კვიპროსი – 33, პოლონეთი – 30, ესპანეთი – 25, გერმანია – 20, ავსტრია – 20, უნგრეთი – 11, საბერძნეთი – 7, ლატვია – 6, ჩეხეთი – 4, ლიეტუვა – 2, ნიდერლანდები – 1, ბულგარეთი – 1.

  • თბილისის ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და კანონის გვერდის ავლით, მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისათვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით  6-დან 9 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.