Category: არქივი

  • ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურში, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ დუმილის უფლება გამოიყენა და სასამართლო დარბაზში პროკურორის და მოსამართლის მხრიდან დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა.

    ,,გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, ბრალდებულ შმაგი დოლიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და მოსაზრებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკმაყოფილ იქნა ჩვენი შუამდგომლობა და შმაგი დოლიძეს შეფარდებული აქვს პატიმრობა”, -განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა. 

    გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შმაგი დოლიძემ ხაშურის ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავის მეუღლეს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა.  33 წლის ქალს 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა და საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე რჩება. მე­დი­კო­სე­ბის გან­მარ­ტე­ბით, პაციენტს რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნო აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი.დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

  • ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

    ნატოს სამხედრო კომიტეტი რუსეთს, საქართველოდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

    სასტუმრო “ბილტმორში” ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას გაიმართა. შეხვედრას  კომიტეტის თავმჯდომარე ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და  საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია უძღვებოდნენ.

    “ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან”-  ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ,  სერ სტიუარტ პიჩმა სხდომაზე სიტყვით  გამოსვლისას განაცხადა.

    “ნატო, როგორც ალიანსი, სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებსაც. ალიანსი ისევ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს ჯარები.

    ნატო მიესალმება საქართველოს მცდელობებს, რომ მოძებნოს კრიზისის გადაჭრის მშვიდობიანი გზები და მიესალმება საქართველოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს რუსეთის მისამართით ბოლო წლების განმავლობაში”, – განაცხადა სერ სტიუარტ პიჩმა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო ნატოს  ღირსეული პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ალიანსის  საერთაშორისო მისიების შესრულებაში.

    “თქვენი სამხედროები მხარდამხარ იბრძვიან ნატოსთან ერთად, უკვე მრავალი წელია. ფაქტობრივად, საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ავღანეთის “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში”. ისინი ვინც ავღანეთში ყოფილან, იციან თუ რამხელა პატივს სცემენ ქართველ სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულების გამო”, – განაცხადა  ავიაციის მთავარმა მარშალმა, სერ სტიუარტ პიჩმა.

    ნატოს სამხედრო კომიტეტის ორდღიანი ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში  დასრულდება. 

    მრავალეროვანი, ბრიგადის დონის სამხედრო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

    სამხედრო კომიტეტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა და მისი ძირითადი ფუნქციაა შეიმუშაოს რეკომენდაციები ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები ორგანოებისთვის – ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფისთვის.

  • ტაქსის მძღოლების პროტესტი და დაპირისპირება რუსთაველზე(ვიდეო)

    ხმაური იყო დღეს პარლამენტის შენობასთან, სადაც ტაქსის მძღოლები თბილისის მერიის მიერ ტაქსებზე რეგულაციების დაწესებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მძღოლებმა და აქციაზე მისულმა პოლიტიკოსებმა, შალვა ნათელაშვილმა და მისი პარტიის წევრებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თბილისის მთავარი გამზირი მას შემდეგ გაიხსნა, რაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ერთი ტაქსის მძღოლი კი შეუძლოდაც გახდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
    აქციის მონაწილეების პროტესტის მთავარი მიზეზი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ის რეგულაციაა, რომლის მიხედვითაც A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულება აქვთ. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის ახალ რეგულაციებზე გადასვლა დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.აქციის მონაწილეები ტაქსებზე დაწესებული რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადავადებაც.
  • გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ტაქსისტს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებისა და ძარცვის ფაქტზე ბრალდებული ტაქსისტი დამნაშავედ ცნო.

    „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 30 ივლისს, დ.ც.-ს, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ტაქსით ქ.თბილისში, დაახლოებით 03:30 საათზე, მგზავრი – გ.ლ. გადაჰყავდა. დ.ც.-მ ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე გააჩერა და ძალის გამოყენებით, ცემით და მუქარით გ.ლ. გააუპატიურა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი დ.ც.-მ დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანიდან თავისი ხელჩანთის აღებას ცდილობდა, სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც გ.ლ. წაიქცა და ბორდიურს თავი დაარტყა. დ.ც.-მ კი ავტომანქანით შემთხვევის ადგილი დატოვა და გ.ლ.-ს კუთვნილი ხელჩანთა, მასში მოთავსებული ნივთებით წაიღო.

    სამართალდამცველებმა დ.ც. 2018 წლის 31 ივლისს თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა. დ.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, “- ნათქვამია პროკურატურის  განცხადებაში.

  • რუსთაველის აქციაზე დაშავებული მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს

    დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 62 წლის მამაკაცი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობს.

    შეგახსენებთ რომ ტაქსის მძღოლები აქციაზე იმ რეგულაციების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც დღეს დედაქალაქის მერმა დედაქალაქის ტაქსის ახალი რეფორმის ფარგლებში წარადგინა. ახალი რეგულაციების მიხედვით, თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებს.

    A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მხოლოდ თეთრი ავტომობილის ყოლის უფლება ექნება. ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათთვის ახალ რეგულაციებზე გადასვლა დამატებით ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

  • ახალგაზრდა, რომელმაც თავის მოკვლა დააანონსა პოლიციამ სახურავიდან ჩამოიყვანა

    ლუკა ფეიქრიშვილი ავლაბრის მეტროსთან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან  ჩამოიყვანეს.  ლუკა ფეიქრიშვილმა ერთი საათის წინ  საკუთარ ფეისბუქზე  განცხადება ფეისბუქ ლაივით გაავრცელა სადააც თქვა რომ თუ პოლიცია მის დევნას არ შეწყვეტდა თავს მოიკლავდა.  ფეიქრიშივლი ასევე გიორგი გახარიას ადგილზე მისვლას სთხოვდა. 

    ცოტახნისწინ  ფეიქრიშვილი პოლიციას  სახურავიდან ჩამოსვლაზე დასთანხმდა. როგორც თვითონ ამბობს საპატრულო  პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძემ უთხრა რომ მას აღარავინ აღარ შეეხებოდა. 

    ლუკა ფეიქრიშვილმა იგივე მოთხოვნით გასულ წელს კუს ტბაზეც სცადა თვითმკვლელობა.

  • “ვენეციის კომისიის მხრიდან გამოთქმულ ყველა შენიშვნას გავითვალისწინებთ “-ირაკლი კობახიძე

    “გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

    ირაკლი კობახიძის აზრით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი  სამართლებრივ პრინციპებს სრულად შეესაბამება.

    “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან. უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ვიხელმძღვანელეთ ევროსაბჭოს საკვანძო რეკომენდაციებით და კონსტიტუციის შესაბამისი პრინციპებით, როდესაც ვამუშავებდით ამ დოკუმენტს და როდესაც შევიმუშავეთ კანონპროექტი. აქედან გამომდინარე, არ ველოდებით რაიმე სერიოზულ შენიშვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

    “ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. ამ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ ყველა შენიშვნას ვენეციის კომისიის მხრიდან. გაგრძელდება მუშაობა, საქართველოში ჩამოდიან ვენეციის კომისიის ექსპერტები. შედგება მათი ვიზიტი 1-2 აპრილს და ჩვენ გვექნება, ბუნებრივია, მათთან საუბარი და მათთან შეხვედრა. ამის შემდეგ მომზადდება უკვე საბოლოოდ დასკვნა და ერთად ვიმსჯელებთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება, ზოგადად, დასკვნის გათვალისწინების პრაქტიკულ შესაძლებლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გადავდეთ ორი კვირით, მეორე მოსმენით მიღება, გვაქვს იმის საშუალება, რომ დასკვნა ავსახოთ სათანადოდ მეორე მოსმენით კანონპროექტის მიღებისას”, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

    1-2 აპრილს საქართველოში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვლენ, რის შემდეგაც კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა მომზადდება.

  • კახა კალაძე მზად არის, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს

    კახა კალაძე ტაქსის მძღოლების  ხმაურიან აქციას გამოეხმაურა და  მძღოლებთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა.

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,რეფორმის ნებისმიერი პრობლემურ საკითხს მათთან ერთად განიხილავს.

    “ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მიმართულება აუცილებლად უნდა იყოს მოწესრიგებული და პირობას გაძლევთ, რომ იქნება მოწესრიგებული. ასევე მნიშვნელოვანია ის სიკეთეები, რომელიც გათვალისწინებულია ტაქსის მძღოლებისთვის. არ მინდა ეს კონკრეტული საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიტანო, რადგან ამ აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, ვისაც სურვილი აქვს ჩვენთან კომუნიკაციის, არანაირი პრობლემა არც ყოფილა და არც ახლა არსებობს. იყო შეთავაზება, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ და მათ დასმულ ყველა კითხვას გაეცემოდა შესაბამისი კომპეტენტური პასუხი, კიდევ ერთხელ იქნებოდა ის სიკეთეები ახსნილი, რაც ამ ადამიანება და მათმა ოჯახებმა შეიძლება მიიღონ. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს ქმედებები და დამოკიდებულება ჩემთვის არ არის მისაღები. რეფორმა მნიშვნელოვანია და საკმარისი დროა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამის მოგვარება და მოწესრიგება. თუ ამაშიც არის ჩვენი დახმარება საჭირო, დედაქალაქის მერია მზად არის შეხვდეს კეთილსინდისიერ ტაქსის მძღოლებს და გავიაროთ ნებისმიერი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებს”, – განაცხადა კალაძემ.

  • “შესაძლოა, მომავალი თვიდან გაფიცულ სოცმუშაკებს ანაზღაურება არ გადავუხადოთ “- მინისტრის მოადგილე

    „მიმდინარე თვის ხელფასი უკვე გადაერიცხათ გაფიცულ სოციალურ მუშაკებს, თუმცა მომავალი თვიდან, ალბათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ხელფასის ანაზღაურება“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ.

    “თუ გაფიცვა გაგრძელდება, ავიყვანთ შტატგარეშე კადრებს, რაც ასევე პრობლემების დროებითი გადაწყვეტა იქნება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სოციალური მუშაკები სამუშაო რეჟიმში გააგრძელებენ ჩვენთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ბარკალაიამ.

  • “მივმართავ ივანიშვილს, ეს პატარა და სუსტი კაცები შეიბრალოს”-ეკა ბესელია ყოფილ თანაპარტიელებზე

    „თუ არ გაჩუმდებიან, მოპასუხის როლიდან ბრალმდებლის როლში გადავალ და ეს ძალიან მძიმე იქნება მათთვის“ – ბესელია ყოფილ თანაპარტიელებს ემუქრება.
    .
    ქართული ოცნებიდან“ სკანადალურად წასული ეკა ბესელია, ამჯერად უკვე ბიძინა ივანიშვილის მიმართავს და მოუწოდებს, საკუთარ გუნდში  „პატარა, სუსტ კაცებს“ მიხედოს. დეპუტატის განცხადებით, სახიფათოა იმ ჯგუფის ხელისუფლების სათავეში ყოფნა, რომელიც ვერც ფერებს და ვერც ადრესატს არჩევს.

    „ესენი იმდენჯერ არიან უკვე პოლიტიკურად ნაცემები, აღარ ვაპირებ ამის გაგრძელებას. პატრონმა მიხედოს“ – აცხადებს ბესელია.

    რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელებას, ბესელია შსს-ს და პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევს და ამ კადრების გავრცელების დამკვეთის და ორგანიზატორის გამოვლენას ითხოვს. „ჩემი თვითმიზანი არ არის პატარა გოგო-ბიჭების ტერორი და ციხეში ჩასმა, ველოდები დამკვეთს და ორგანიზატორს, თუ ერთი თვის ვადაში ამაზე პასუხს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს ამ ყველაფერს, პასუხისმგებლობა გადავა მთლიანად ხელისუფლებაზე“- აცხადებს ეკა ბესელია.