Category: არქივი

  • “ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს”-სოც მუშაკები სოფო კილაძეს მიმართავენ

    “ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს”-სოც მუშაკები სოფო კილაძეს მიმართავენ.

    სოციალური მუშაკები  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფიო კილაძეს სოც მუშაკების საკითხზე საუბრისას მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

    „ქალბატონო სოფიო, ძალიან დასაფასებელია თქვენი დაინტერესება სოციალური მუშაობის პროფესიასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ აღნიშნავთ, „ეს არის თავისი შინაარსით და არსით უმნიშვნელოვანესი პროფესია, იმიტომ რომ ყველაზე დაჩაგრული ადამიანების თვითრეალიზაციას და გაძლიერებას ემსახურება და ემსახურება ამით ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას.

    თქვენ რომ ნამდვილად გჯეროდეთ თქვენი სიტყვების, მაშინ იმასაც მიხვდებოდით, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ დაკონტრაქტებულ „სოციალურ მუშაკებს“ და „2 კვირის წინანდელ“ პროფესიონალებს შორის. ის სოციალური მუშაკები, რომლებსაც შესააძლოა აკადემიური განათლება არ აქვთ სოციალურ მუშაობაში, რაზეც თქვენ აკეთებთ აქცენტირებას, არიან ის სოციალური მუშაკები, რომლებმაც დაიწყეს ამ საქმის კეთება, როცა არ არსებობდა სოციალური მუშაობის განათლება საქართველოში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება, მზაობა ისწავლონ და განვითარდნენ, შემართება და ენთუზიაზმი, პროფესიული ღირებულებები და ასე „ხელაღებით“ მათი მოხსენება, წესით ძალინ უხერხულობას უნდა იწვევდეს თქვენში. თქვენი ასეთი გამონათქვამები რბილად რომ ვთქვათ სოციალური სამუშაოს პროფესიის დაკნინებაა და იმ მახინჯ პრაქტიკას ამართლებს, რასაც ჰქვია ადამიანების აბუჩად აგდება.

    სოციალური მუშაკები იმიტომ იფიცებიან, რომ არ ეძლევათ თავიანთი პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება და ვერ ახერხებენ თქვენი „დაუღალავი შრომის“ შედეგად და „ევროპული ღირებულებების კვალდაკვალ“ მიღებული კანონის აღსრულებას. სოციალური მუშაკები მოითხოვენ იმას, რომ შეიქმნას ბენეფიციარების საჭიროებებზე მორგებული ფსიქო-სოციალური მომსახურებები და შეძლონ პროფესიული ზრდა. სწორი პრიორიტეტები რომ ჰქონოდა სახელმწიფოს, დღეს ეს გაფიცვა საჭირო არ იქნებოდა და შესაბამის რესურსებს მოიძიებდით. დარწმუნეული ვართ, თქვენ ამას შეძლებდით!

    ასევე, შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავჯდომარე მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს დაუცველი ბენეფიციარების საჭიროებების დამცველი სოციალური მუშაკების დასაცავად!” – ნათქვამია საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და  სოც მუშაკებს შორის დღეს სამუშაო შეხვედრა შედგა.მინისტრის პოზიტიური მოლოდინების მიუხედავად, სოციალური მუშაკები გაფიცვას განაგრძობენ. მათ სოციალურ ქსელში უკვე დააანონსეს გაფიცვის მე-5 დღე. ისინი  კვლავ მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ გაფიცვას, თუ ყველა სოციალური მუშაკის მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

  • ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრის ოჯახი პროვოკაციაზე საუბრობს

    მარნეულში ადგილობრივი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რაგიმ ასკეროვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის უდანაშაულოა და ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება პროვოკაციაა.

    „სახლში ვიყავი, პოლიციელები შემოვარდნენ და მითხრეს, შენი შვილი დავაკავეთ, სახლი უნდა გავჩრიკოთო. კი ბატონო, მეთქი. ბრალდება რომ გავიგე, გაოგნებული დავრჩი. ჩემი შვილი ქრთამს არასდროს აიღებდა, ეს ბრალდება აბსურდულია. დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაციაა და ამას ასე არ დავტოვებ. არ დავუშვებ, უდანაშაულო შვილი ციხეში იჯდეს,“ – ამბობს დაკავებულის მამა.

    რაგიმ ასკეროვი მარნეულში დღეს  დააკავეს და მისი სახლი გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყება ავრცელებს ვიდეომტკიცებულებასაც. გამოძიების მიხედვით, ასკეროვი მოქალაქეს 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას ჰპირდებოდა.

    ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ჩხრეკისას სახლიდან წაიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვს. სწორედ ამის გამო, ასკეროვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ჩხრეკა დარღვევებით ჩატარდა.

  • ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს კოლექტიურ ტერორისტებს უწოდებს

    ეკა ბესელიასა და მისი ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ინტერნეტში ხელახლა გავრცელების შემდეგ ეკა ბესელიამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ყოფილი თანაგუნდელები მორალური ტერორის მონაწილეებად დაასახელა:
    “მორალური ზღვარი გადის ყველგან… ეს ზღვარი თუ წაიშალა წალეკავს ყველაფერს…ამიტომაც ყველგან დასაცავია!!! სხვაგვარად აიზილება ტყუილ -მართალი, კეთილი და ბოროტი… არ შემიძლია არ დავწერო მოკლედ ის, რაც ასევე მორალური ტერორის ნაწილია.
    დაუცველობის განცდა უჩდებათ ადამიანებს, როდესაც ხედავენ რამდენჯერ განხორციელდა პირადი სივრცის ხელყოფა , უკანონო ჩანაწერების გავრცელება და ისევ არ ჩანს ამ ყველაფრის ორგანიზატორი …. მაგრამ მაშინვე ჩდებიან საჯარო კომენტარებით მათიკაშვილ-ოხანაშვილ -კილაძეები .. (ყველას გვარს რა ჩამოთვლის…კოლექტიური ტერორისტები) მათი კომენტარები ისეთი ამაზრზენია, რომ განცდა გრჩება ამ მორალური ტერორის მონაწილეები თავადაც არიან….უხარიათ…ვერ მალავენ შურისძიების სურვილს, ვერ ახერხებენ ასეთ დროს მაინც თავშეკავებას თავდასხმისგან….
    მედიას მინდა ვთხოვო ისევ, მათ დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე:
    ნუ შეუწყობთ ირიბად და უნებლიედაც კი- განმეორებით ვიქტიმიზაციას ხელს და ნუ მისცემთ საშუალებას მორალურ ტერორისტებს საჯაროდ განახორციელონ ეს ბოროტება… კითხვა დაუსვით კილაძეს როცა დახურულ მასალებს ასაჯაროებს ღია ეთერში , საიდან უნდა ქონდეს მოწმეს ეს მასალები ნანახი, როცა ამის უფლება არა აქვს კანონით და რატომ არ რეაგირებს საგამოძიებო უწყება როდესაც საჯაროვდება დახურული მასალები? აღარაფერს ვამბობ ამ სიცრუის და ცილსიწამების დასურულებელ სერიალზე რაც მოედინება…არ ვთვლი პასუხის ღირსად მათ ვისაც არა აქვთ ღირსება!!! დაე საზოგადოებამ განსაჯოს, დაინახოს, გააცნობიეროს რა ხდება და სახელი დაარქვას!
    მე მინდა გაჩვენოთ, რომ ქალის დამარცხება ამ მეთოდებით შეუძლებელია- როცა ის იბრძვის სიმართლისა და სამართლიანობისთვის ! მე მინდა დაიჯეროთ რომ შეუძლებელია გატეხო ქალი, როცა ის იბრძვის სხვათა დასაცავად და სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის !!!
    მე ვეცდები ეს საკუთარი მაგალითით დაინახოთ და დაიჯეროთ !!!
    იოლია?- არა! არაა იოლი , მაგრამ შესაძლებელია …. !!!
    ადამიანის ღირსება მის არჩევანშია! მე ბევრი წლის წინ გავაკეთე ეს არჩევანი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის !
    მჯერა რომ მარტო არა ვარ და ბევრნი ვართ!!!“ – წერს ეკა ბესელია
    კოლექტიურ ტერორიზმში ბრალდებულებმა ყოფილ თანაგუნდელის ბრალდებებს სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდეს. გზავნილი კობახიძე-მდინარაძის ჯგუფს დღესაც ერთი ჰქონდათ, რომ ეკა ბესელიასთან დისკუსიაში შესვლას არ აპირებენ. მათი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ამ საქმესაც პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს.
    საპარლამენტო უმრავლესობის წევრების პასუხები კიდევ ერთი დასტურია ე.წ. განდგომილი დეპუტატებისთვის, რომ ეკა ბესელიას მორალური ტერორის უკან სწორედ პოლიტიკური ინტერესი დგას. ქალი დეპუტატის მიმართ ამორალური მეთოდებით ბრძოლის გამო დღეს რეაგირება ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და მის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს მოსთხოვა.
    პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გოგიჩაიშვილსგან შენიშვნა არ მიიღო და მას მიზოგენი ანუ ქალთმოძულე უწოდა. დაპირისპირებაზე კი, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს შორის ამ კვირაში ხელახლა გამწვავდა, ჩუგოშვილმა თქვა, რომ ჩარევას არ აპირებს.
    ეკა ბესელიამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დამკვეთის ვინაობის გამოსავლენად საგამოძიებო უწყებებს ერთთვიანი ვადა მისცა.
  • “ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება”-როს უილსონი

    “ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება” – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.
    უილსონმა დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაგმო და იმედი გამოთქვა რომ საქმე დროულად იქნება გამოძიებული. 

    “პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თავიდან  გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ვნახე პრესაში. ეს რა თქმა უნდა, გასაკიცხი და ძალიან ცუდია, როდესაც ხდება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა და შესაბამისად  ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის პირადი ცხოვრება და  ვფიქრობ, ეს საკითხი გამოძიებული იქნება ისე, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ”,- განაცხადა უილსონმა.

  • “ხიდი მგზავრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს”-სატრანსპორტო კომპანია

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არსებული ხიდის შესახებ  მედიაში გავრცელებულ ამბავს დეზინფორმაციას უწოდებს.

    „2019 წელს ხიდს  ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ. ექსპერტიზის შედეგები უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი, ამ ეტაპზე კი, პირველადი მონაცემებით დადგენილია, რომ აღნიშნული ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიას უახლოეს დღეებში ექნება საშუალება გაასაჯაროოს აღნიშნული დასკვნა, მას შემდეგ რაც სამხარაულის ეროვნული ბიურო ოფიციალურად მოგვაწვდის აღნიშნულ დოკუმენტს.

    აღსანიშნავია, რომ ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” იწყებს დაზიანებული მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური – სანიაღვრე ქსელის მოწყობას, რათა ხიდის ბურჯები მომავალში არ დააზიანოს გრუნტის წყლებმა.

    თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ ისეთ სპეციფიურ თემაზე მუშაობისას, როგორიც არის მუნიციპალური ტრანსპორტის უსაფრთხოება, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმოს სატრანსპორტო კომპანიასთან ან თბილისის მერიასთან, ვინაიდან მსგავსი დეზინფორმაცია მოსახლეობაში პანიკას იწვევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხიდის ავარიულობის გამო მგზავრთა გადაყვანა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ხიდზე სახიფათოა და მეტროს მემანქანეებს სპეციალური მითითება სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით  მიეცათ.

  • ივანიშვილს ხელისუფლების გამყარება ისევ მაჟორიატრული სისტემით სურს – უგულავა რუსთავში

    არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით’’ ევროპული საქართველოს ‘’ წარმომადგენლები ხელომოწერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ. პარტიის ლიდერი გიგი უგულავა მოსახლეობას რუსთავში შეხვდა და პროპორციული სისტემის მნიშვნელობა გააცნო. უგულავას განცხადებით მთელი საზოგადოება, მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე გარდა ბიძინა ივანიშვილისა, რომელსაც ხელისუფლების გამყარება ისევ მაჟორიტარული სისტემით სურს.

  • 20 წლის წინ მოპარული პიკასოს ნახატი იპოვნეს

    ჰოლანდიელმა ხელოვნების დეტექტივმა არტურ ბრენდმა პიკასოს გაუჩინარებული ნახატი, იპოვნა.

    „დორა მაარის პორტრეტი“ 1999 წელს საუდის არაბეთის ერთ-ერთ შეიხს  იახტიდან მოპარეს. მაშინ ნახატის ფასი 7 მილიონი ევრო იყო. ნახატზე პიკასოს საყვარელი, დორა მაარია გამოსახული, რომელიც 7 წლის განმავლობაში პიკასოს მუზა იყო.  ნახატი 1938 წელს არის შესრულებული.

    როგორც არტურ ბრენდი აცხადებს ნახატზე გამოძიება მან 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე წლის განმავლობაში ნიდერლანდების კრიმინალურ სამყაროში ხელიდან ხელში გადადიოდა. “დამიკავშირდა ერთერთი ჰოლანდიელი ბიზნესმენის ორი წარმომადგენელი და განმიცხადა, რომ მათი ერთ-ერთი კლიენტი ამ სურათს ფლობს და არ იცის რა ქნას, რადგან მან ის კანონის სრული დაცვით შეიძინა, თუმცა, შემდეგ გაირკვა, თანხის გადახდის მეთოდი მაინც და მაინც კანონიერი არ ყოფილა. მათ სურათი, ამსტერდამში, ჩემს სახლში მოიტანეს,” – აცხადებს ჰოლანდიელი ხელოვნების დეტექტივი.

    საფრანგეთისა და ნიდერლანდების პოლიცია აცხადებს, რომ ნახატის ბოლო მფლობელს არ ადანაშაულებენ. “დორა მაარის პორტრეტი“ აჟამად სადაზღვევო სამსახურის მუშაკებს აქვთ, რომლებიც გადაწყვეტენ თუ რას მოუხერხებენ მას მომავალში.

    წყარო

  • მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი დააკავა.შსს–ს ინფორმაციით  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, 1976 წელს დაბადებული რ.ა. მოსამართლის განჩინებით დააკავეს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რ.ა. მოქალაქეს – შ.მ.-ს, 3000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს აღნიშნული თანხის ნახევარი -1500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი – მოგვიანებით უნდა გადაეცა.
    შ. მ. და რ. ა. ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ. მ.-მ საკრებულოს თანამშრომელს 1500 ლარი გადასცა, დარჩენილი თანხა კი 20 მარტს მისცა. სამართალდამცველებმა რ.ა. მიმდინარე წლის 28 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
  • პარლამენტარ გია ვოლსკის სახლი გაქურდეს

    სოფელ ახატანში ოცნების უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს. ტვ პირველის ინფორმაციით მძარცველები სახლში პირველი სართულადნ შევიდნენ. სახლს ფანჯრის მინები აქვს დაზიანებული.

    რისი წაღება მოახერხეს ქურდებმა უცნობია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ვოლსკი და პოლიცია ბოლო დღეებში რამდენჯერმე ჩავიდნენ სახლში მას შემდეგ, რაც სახლის გაქურდვის შესახებ მას სავარაუდოდ მეზობლებმა შეატყობინეს. უცნობია ზუსტად როდის მოხდა ქურდობა.სავარაუდოდ სახლი რამდენიმე კვირის წინ გაქურდეს.

    შსს–ში აცხადებენ, რომ ვოლსკის სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით მათთან განცხადება არ შესულა.

  • ბრალდებულმა პირადი ცხოვრების კადრები Youtube-ზე Like-ების მოსაგროვებლად ატვირთა

    ბრალდებულმა პირადი ცხოვრების კადრები Youtube-ზე Like-ების მოსაგროვებლად ატვირთა-ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა განაცხადა.

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით გუშინ, აჭარის რეგიონში 18 წლის პირი აიყვანეს. დაკავებულის ადვოკატი ლევან დავითაია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოკადრები Youtube-ზე Like-ების დასაგროვებლად ატვირთა და არანაირი სხვა ინტერესი არ ჰქონია.

    „საკმაოდ ბავშვური, ასაკთან შესაბამისი პასუხი აქვს, რომ Youtube-ზე მუდმივად ტვირთავდა გარკვეული თემატიკის ვიდეოებს იმისთვის, რომ Like-ები დაეგროვებინა და რეიტინგული არხი გამხდარიყო. ანგარებითი ან სხვა რაიმე მიზანი არ ჰქონია” – ამბობს ადვოკატი.

    მისი თქმით, დაკავებულს შეტყობინების სახით მიუვიდა აღნიშნული ვიდეოკადრები, თუმცა ამის შესახებ პოლიციაში არ განაცხადა.

    „ამას ედავება ამჯერადაც პროკურატურა, რომ მან ნახა ეს შეტყობინება და შესაბამისი ფორმით არ გააკეთა განაცხადი. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი 18 წლისაა, რთულია, მას მოეთხოვებოდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება იმ თემატიკის ირგვლივ, რომელსაც შესაძლოა ვერც აღიქვამდეს დანაშაულებრივად” -აცხადებს დავითაია.