Category: არქივი

  • მთავრობა საპატრიარქოს უძრავ ქონებას კვლავ ჩუქნის

    საქართველოს მთავრობა აგრძელებს საპატრიარქოსთვის დიდი ოდენობით უძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკას- ამის შესახებ ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა განაცხადა.

    EMC-მ  2016-2018 წლებში, ყოველწლიური საბიუჯეტო სუბსიდირების მიღმა, სახელმწიფოს მხრიდან საპატრიარქოსთვის ფინანსური და ქონებრივი რესურსის გადაცემის პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის მიხედვით, 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წელს, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების  რაოდენობა იმატებს, რასაც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.

    “ამ წლების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ მთავრობა, ლეგიტიმური საჯარო მიზნის გარეშე აგრძელებს საპატრიარქოსთვის ფინანსური და მატერიალური რესურსების გადაცემის პრაქტიკას. საპატრიარქოსთვის ამ უძრავი ქონების გადაცემა, როგორც წესი, არ უკავშირდება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საეკლესიო ქონების დაბრუნების ვალდებულებას.

    საქართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ 2016-2018 წლებში საპატრიარქოს საკუთრებაში აქტიურად გადაეცემა არამხოლოდ ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მის ისტორიულ საკუთრებას წარმოადგენდა, არამედ, სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული სხვა მიწის ნაკვეთებიც. საპატრიარქოს, უძრავი ქონება საკუთრებაში სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, ან სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა. სახელმწიფო, როგორც წესი, არასოდეს უთითებს, რა მიზნით გადასცემს ქონებას და გადაცემამდე, არც საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, უცნობია რა ღირებულების უძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს საპატრიარქოს ყოველწლიურად.


    მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ:

    2016 წელს, საქართველოს საპატრიარქოს, უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა 19 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 236 705 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 768.7 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

    2017 წელს გადაეცა 21 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 87 984 კვ.მ, რომელზეც განთავსებული იყო 3 031.8 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.

    2018 წელს გადაეცა, 22 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 420 102 კვ.მ, მათ შორის 300 245 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო და 119 857 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო 2 750.35 კვ.მ ფართობის შენობა ნაგებობები.”- ნათქვამია  EMC-ის კვლევაში. 

    კვლევის მიხედვით,  2016-2018 წლებში სახელმწიფომ საპატრიარქოს ჯამში  801 308 კვ. მ ფართობის უძრავი ქონება გადასცა.
    2014-2018 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული უძრავი ქონება 1 714 822.83 კვ.მ მიწის ფართობს აღწევს.

    “საპატრიარქოსთვის უძრავი ქონების გადაცემისა და სუბსიდირების არსებული გამოცდილება არღვევს სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს და კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის გაუმართლებელი პრივილეგირების და მხარდაჭერის პრაქტიკას ქმნის. ამგვარი მხარდაჭერის პრაქტიკა თვითნებობის და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკებს აჩენს და მთლიანობაში ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიულ პროცესებზე და თავად საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე. ამასთან, კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებასხვა რელიგიური თემებისა და ორგანიზაციების იერარქიზებას იწვევს და დისკრიმინაციული შინაარსისაა. “- ნათქვამია ადამიანის უფლებების  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.

  • ივანიშვილის მოულოდნელი ვიზიტი სოფელ ხიბულაში

    ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. 

    ბიძინა ივანიშვილმა  ის სახლი დაათვალიერა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია  დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა. სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, ივანიშვილი  ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილსაც  შეხვდა,  საუბარი იყო გზის რეაბილიტაციაზე, ასევე ეკლესიის მშენებლობასა და სკვერის მოწყობაზე.

    “გაზიფიცირებას დავუჩქაროთ, წყალსაც დავუჩქაროთ, ბიუჯეტს არ ექნება მე გავაკეთებ”- ამბობს ბიძინა ივანიშვილი ხალხთან შეხვედრისას და მოსახლეობას საბავშვო ბაღის აშენებასაც პირდება.

    საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 31 მარტს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც გამსახურდიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამოუძიებელ საქმეს სამარცხვინოს უწოდებს და დროულ გამოძიებას ითხოვს.

  • “არ მაძლევენ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლებას, ქვეყანას ვტოვებ”-ზურაბ დათუნაშვილი

    ევროპის 2-გზის ჩემპიონის,  ზურაბ დათუნაშვილის თქმით, იძულებულია, სპორტული კარიერა უცხოეთში გააგრძელოს.

    მოჭიდავე Facebook-ზე წერს, რომ 23 თებერვალს მან პრეზიდიუმის  სხდომაზე გეგა გეგეშიძის პასუხისმგებლობის საკითხი  დააყენა. უარის შემდეგ კი მოითხოვა მიეცათ უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა, რათა 27 წლის ასაკში კარიერა არ დაესრულებინა.

    მოჭიდავემ ფედერაციიდან თანხმობა ვერ მიიღო, თვითნებურად წასვლის შემთხვევაში კი დათუნაშვილს სანქციის გამოყენებით და სპორტული კარიერის ორი წლით შეწყვეტით დაემუქრნენ.

    „ფედერაციისგან მივიღე პასუხი, რომ ეს მარტო მათი კომპეტენცია არაა და სპორტის სამინისტრომ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და რომ ამაზე აღნიშნულ უწყებებთან ერთად იმსჯელებდნენ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

    არ ვიცი, მოხდა თუ არა რომელიმე უწყებაში ამ საკითხზე მსჯელობა, თუმცა ჭიდაობის ფედერაციისგან მივიღე პასუხი რომ სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის უფლება არ მომეცემა. ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი დავისჯები ორწლიანი დისკვალიფიკაციით და ამ ხნის განმავლობაში ჭიდაობის უფლება აღარ მომეცემა.

    მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

    როგორც აქამდე არაერთხელ აღვნიშნე, ჩემთვის ჭიდაობა არა მხოლოდ პროფესია, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თითქმის 22 წელია, ამ სპორტში ვარ და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია, თუმცა ახლა, 27 წლის ასაკში, დავდექი ამ მოცემულობის წინაშე – იძულებული გამხადეს, კარიერის დასრულებაზე ვიფიქრო“, – წერს დათუნაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

    დაპირისპირება ფედერაციაში 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის დროს მოხდა, გავრცელებულ კადრებში ჩანდა რომ  დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სახეში მუშტი ჩაარტყა. თავდასხმის მიუხედავად  გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა არ დატოვა.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 25 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე განაცხადა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში  1100-ზე მეტმა სტუდენტი დარეგისტრირდა,  ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის განაცხადი 4000-მდე აპლიკანტმა შეავსო.

    „მინდა ვთხოვო აბიტურიენტებს, რომ 3 აპრილის 18:00 საათამდე ნუ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს, რადგან ამ დროიდან მათ აღარ შეეძლებათ დარეგისტრირება. თუ ვერ გაივლიან ამ დრომდე რეგისტრაციას, ისინი შემდეგ ეტაპებზე ვეღარ გადავლენ. შემდეგი ეტაპი არის 7 მაისის 18:00 საათი, 7 მაისისთვის აბიტურიენტებს შეუძლიათ დაამატონ საგნები, რომლის ჩაბარებაც უნდათ. 3 აპრილამდე აბიტურიენტებს 1 საგანი მაინც უნდა ჰქონდეთ არჩეული, რომ გაიარონ რეგისტრაცია და 7 მაისამდე დანარჩენი საგნებიც შეუძლიათ აირჩიონ ან შეცვალონ საგანი. მესამე ეტაპი აგვისტოშია, მაშინ, როცა უკვე გამოქვეყნებულია შედეგები და აპელაციების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მათ შეუძლიათ პროგრამებში ცვლილებების შეტანა”,- განაცხადა გორგოძემ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა  ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი და სასურველი უნივერსიტეტის პროგრამები  უნდა აირჩიოს, მიუთითოს ქალაქი – რომელიც ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება.

    3 აპრილის შემდეგ რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც  აბიტურიენტები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე მათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება კვლავ შეეძლებათ.

    რეგისტრაციის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობარშია შესაძლებელი. ცნობარში მოცემულია რეგისტრაციის ინსტრუქცია და  საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.

  • გლდანის ციხის თანამშრომლის დაპატიმრების საქმე გახმაურდა

    “კურიერის“ ინფორმაციით ციხეში პატიმრებისთვის მობილური ტელეფონის შეტანის ფაქტზე დაკავებულია გლდანის ციხის თანამშრომელი. სპეცოპერაცია თბილისში ორი კვირის წინ ჩატარდა, თუმცა ამბავი არ გახმაურებულა.

    როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აცხადებენ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულისათვი​ს აკრძალული საგნის – მობილური ტელეფონის – გადაცემისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიერ აკრძალული საგნის შენახვის ფაქტზე გამოძიება, 2019 წლის 22 თებერვლიდან მიმდინარეობს.

    #8 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი გ.ჩ. კი იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 13 მარტს დააკავა. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართა.

    გარდა ამისა, “კურიერის” ინფორმაციით, გლდანის ციხის თანამშრომელს აკრძალული ნივთი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტისთვის შეჰქონდა. უკანონო ნივთის შენახვის საქმეზე ბრალი წარედგინა ე.წ. ციხის მაყურებელს, პატიმარს.

    ასევე “კურიერის” ინფორმაციით, გლდანის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს მობილური ტელეფონი პატიმართან გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეჰქონდა და საქმის მასალებში სწორედ ეს თანხა-2500 ლარი ფიგურირებს.

    იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ დაკავებულია გლდანის ციხის თანამშრომელი აკრძალული ნივთის დაწესებულებაში შეტანის გამო და საქმეზე გრძელდება გამოძიება.
    გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყვნენ თუ არა თანამშრომლის უკანონო ქმედების შესახებ საქმის კურსში გლდანის ციხის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები.

  • სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
    ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა. ოპოზიციის დეპუტატის გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც ხოშტარიას განცხადებები დემაგოგიად მოიხსენია.
    „წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, –  მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
    კომიტეტის სხდომაზე   სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილების თემაზე მსჯელობენ.
  • ცემდა თუ არა მეფე დედოფალს.დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღიძრა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. საქმე ეხება მეფის მიერ მისი მეუღლის, ანა ბაგრატიონის ცემის სავარუდო ფაქტს, რომელთან დაკავშირებით რეპორტაჟი კურიერმა მოამზადა.

    კურიერის ინფორმაციით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი ქმარი,  დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

    სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

    ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

    ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

    ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დედოფალმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

    დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანა.

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ცოლის მრავალჯერ ცემისა ფაქტებზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოჯახში ძალადობის შესახებ ანას ადვოკატმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ილაპარაკა.

    სამეფო ოჯახები ბოლო ერთი თვეა, ერთმანეთთან სასამართლოში დაობენ. განქორწინების შემდეგ ანა ბაგრატიონი ერთად თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს.

  • “თქვენთანაც მოვლენ”-ნინო წილოსანი გახშირებულ კრიმინალზე

    “თქვენთანაც მოვლენ”- “ქართული ოცნების” წევრი  ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო დროს, პოლიტიკოსების სახლების გახშირებული გაქურდვის ფაქტებზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება  და  წერს, რომ ვინც ამ ფაქტების წახალისებას ხელს უწყობს, თავად გახდება მსხვერპლი.

    დეპუტატის სტატუსი  სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ჰეშთეგს მოჰყვა – #გაქურდეთანამდებობისპირისსახლი. ნინო წილოსანმა აღნიშნული “გამოწვევა” სერიოზულად მიიღო და ქურდობის წახალისებად მიიჩნია.

    “მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ – ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც..დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა”, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში  ხელისუფლებაში მყოფი სამი პოლიტიკოსის, გიორგი ქობულიას, გიორგი ვოლსკის და არჩილ თალაკვაძის სახლები გაქურდეს. სხვადასხვა კრიმინალური ფაქტების შესახებ ინფორმაცია კი სოციალური ქსელების საშუალებით ყოველდღიურად  ვრცელდება.

  • პირადი ცხოვრების კადრების Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით დაკავებულს გირაო შეეფარდა

    პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე დაკავებულ 18 წლის მირიან მჟავანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

    პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

    18 წლის მირიან მჟავანაძე  ბათუმთან ახლოს, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის “იუთუბიზე” ატვირთვის ფაქტზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

    შეგახსენებთ,  სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, ჯამში 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, 4 პირი კი გუშინდელ სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში იმყოფებოდა. პატიმრობაში დარჩენილი 4 პირი  სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

  • ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებელი საქმე ქვეყნის სირცხვილია- ივანიშვილი წერილს აქვეყნებს

    “ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი”- ბიძინა ივანიშვილი  ზვიად გამსახურდიას  80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების გამოძიებას ითხოვს.

    „ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა.

    ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

    აქვე აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.

    სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.

    31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს – 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“