Category: არქივი

  • ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქარელში, სოციალურად დაუცველ ოჯახში, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “დიანიუსი” ავრცელებს.

    შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მოხდა, 2 წლის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დათო ძმორაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიცხეების გამო ბავშვი მშობლებს ექიმთანაც ჰყავდა წაყვანილი, თუმცა გარდაცვალების დროს პაციენტი სახლში იმყოფებოდა.

    ,,სიცხეები ჰქონდათ, ამის გამო ბავშვი ექიმთანაც ჰყავდათ მიყვანილი. ოჯახი სოციალურად დაუცველია. სხვა არაფერი ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვი სიცხეებით არის გარდაცვლილი. ის სახლში გარდაიცვალა” – აცხადების ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბრეთის ადმინიტრაციულ ერთეულში.

    ბავშვის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

  • კომპრომატების ომი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პოროშენკოს შვილის კადრები გამოუქვეყნეს

    უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა. საპრეზიდენტო კანდიდატს შვილის პირადი კადრებით აშანტაჟებენ. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს 18 წლის შვილის ვიდეო მასალა რუსულმა ტელეკომპანია НТВ- მ გაავრცელა. კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

    კანდიდატები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ბინძური არჩევნები უკრაინის ისტორიაში. ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი. „ამ არჩევნებს შიშით ვუყურებთ, სიახლის მოლოდინში ვართ, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს,“-ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

    უკრაინის მოქალაქეების თქმით, კანდიდატებს შორის ახალი სახეები არ არიან და თითქმის ყველა კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 1991 წლიდან მონაწილეობენ. „ახალი სახე მხოლოდ ზელენსკია. ის ახალი სახეა, მაგრამ ის ოლიგარქის კოლომოისკის კანდიდატია, სიახლისა და ცვლილებების იმედი არ გვაქვს, ყველაფერი ასე დარჩება,“-ამბობს უკრაინელი ამომრჩეველი.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.

  • “საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა”-მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

    “მგონია, რომ ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

    მდინარაძემ ის ნაწილი შეაფასა, სადაც  შეცდომით ნათქვამია, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ  მარიხუანას კულტივიზაციის და წარმოების ლეგალიზაცია დაუშვა სამედიცინო მიზნებისთვისა და პირადი მოხმარებისთვის.

    „ანგარიშში გვხვდება, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

  • საბანკო თაღლითობა, კიბერდანაშაული, თანხების უკანონო მითვისება- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი  საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას უკავშირდება.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო სახიფათო დერეფნად არის განხილული.

    ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია დასახელებული, სადაც ფულის გათეთრება ხდება.

    „საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარება დაიწყო ნარკოდანაშაულის საქმეებზე, მცირეა მყარი მტკიცებულებები იმის ვარაუდისთვის, რომ ნარკოვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, რადგან საქართველო მდებარეობს კონტრაბანდისთვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, დიდი ალბათობით, ნაღდი ფულის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის ფარგლებს გარეთაა და მონიტორინგს არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტშისაქართველოს მთავრობას აღნიშნულ დანაშაულებებზე რეკომენდაცია ეძლევა.

    „საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის, გააერთიანოს სადაზვერვო მონაცემები და რესურსები ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიის კონტროლისთვის“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

  • თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს იტაცებენ

    თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს იტაცებენ- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ.

    ერთ-ერთი ფაქტის ამსახველი ფოტო მოქალაქე ქეთი ლომიძემ განათავსა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ თბილისის ცენტრში  ჭავჭავაძის 31 ნომერში ეზოში მოხდა, ადგილზე პოლიციელები მეზობლების გამოძახების საფუძველზე მივიდნენ,თუმცა სხვა  დეტალები უცნობია.

    სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ამსახველ ფოტოს მალევე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში. “ფეისბუქის” მომხმარებლები  ქვეყანაში კრიმინალის ზრდით შეშფოთებულები არიან   და სხვა კრიმინალურ  შემთხვევებსაც იხსენებენ.

    აპარატის მოპარვის ფაქტი  სანზონაშიც მოხდა, თვითმხილველების განცხადებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეტრო “ღმრაღელეს” მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

  • შსს-მ იარაღის ნაწილების უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა

    შსს-მ ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოავლინა.მომხდარ ფაქტზე  დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

    შემთხვევა 15 მარტს საქართველოს საზღვარზე მოხდა. 

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 15 მარტს აღნიშნული სქემის ერთ-ერთი მონაწილე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ი.ი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილების შემოტანა გადაწყვიტა.

    განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადამზიდავი კომპანია შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც, დეკლარირებული საქონლის ნაცვლად, დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს.

    პოლიციამ დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის 7 კომპლექტი არის „გლოკი 19“-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი კი – „გლოკი 17 გან-4“-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.

    თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია „გლოკის“ 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.

    აგრეთვე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო, უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობით აგრძელებს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს, აღნიშნულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

    გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, -განაცხადა ჭელიძემ.

  • შსს-მ დიღომში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 მარტს თბილისში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სხეულზე ცივი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა 2000 წელს დაბადებული გ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
    გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალა

    რევოლუციონერ ლიდერს ხუან გუაიდოს სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება 15 წლით აეკრძალა. გადაწყვეტილება ვენესუელას ხელისუფლებამ ფინანსური დარღვევების მოტივით მიიღო.

    გენერალური საკონტროლო სამმართველოს ხელმძღვანელის, ელვისა ამოროსო განცხადებით, გუაიდოს  ამის  ფინანსურ დეკლარაციაში დარღვევები აღმოუჩინეს.

    „ვენესუელას საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ გადაწყვეტილება მიიღო, ხუან გუაიდოს 15 წლის განმავლობაში ჩამოერთვას ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება“, – განაცხადა ამოროსომ.

    1 თვის წინ ვენესუელას გენერალურმა საკონტროლო სამმართველომ ხუან გუაიდოს ფინანსური დეკლარაციის შემოწმება დაიწყო.მოქმედი მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ ფინანსურ დეკლარაციაში რიგი მონაცემები გაყალბებული იყო. მათივე მტკიცებით, ხუან გუაიდომ ფული საერთაშორისო სტრუქტურებისგან  უკანონო გზებით  მიიღო. 

    შეგახსენებთ, რომ 35 წლის ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, მან მხარდაჭერა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მიიღო. გუაიდო პრეზიდენტად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ აღიარა და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

  • “წაღებულია ჭიშკარი და სახლის კარი”-თამუნა მუსერიძის აგარაკი გაქურდეს

    ქურდობის მორიგი მსხვერპლი მსახიობი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა.მუსერიძის აგარაკი კოჯორში იმ დროს გაქურდეს, როცა ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა.

    “წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვის უნდა წაეღო ეს ნივთები,”-განაცხადა  მსახიობმა თამუნა მუსერიძემ.

    საქმეზე გამოძიება ქურდობს მუხლით მიმდინარეობს.

  • აშშ–ს და ნატოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 4 აპრილს გამოცხადდება

    აშშ–ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით ვაშინგტონი ნატოსთან ერთად ერთი კვირის შემდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით სანქციები უკრაინაში რუსეთის აქტიურობასთან არის დაკავშირებული.
    “იმედი მაქვს, მომავალ კვირას შევძლებ გამოვაცხადო რუსეთის მიმართ გასატარებელი ზომების ახალი სერიის შესახებ, რომელსაც ერთად მივიღებთ“ – განაცხადა პომპეომ აშშ–ს წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე. კომიტეტში სახელმწიფო მდივანმა კანონმდებლებს აშშ–ს საგარეოპოლიტიკური სტრატეგია წარუდგინა თეთრი სახლის მიერ შეთავაზებული 2020 წლის ბიუჯეტის პირობებში.
    პომპეოს აქვს მოლოდინი, რომ აშშ პარტნიორებთან ერთად შეძლებს რუსეთისთვის ახალი სანქციების გამოცხადებას უკვე 3–4 აპრილისთვის, როცა ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
    სანქციების მიზანი პომპეოს თქმით ყირიმში, აზოვის ზღვაში და მთლიანად რეგიონში რუსეთის ქმედებებზე პასუხია. სახელმწიფო მდივანი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ზუსტად რა ზომების გატარება იგეგმება რუსეთის წინააღმდეგ.
    15 მარტს აშშ–მ, კანადამ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს ახალი შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო, როცა რუსეთმა უკრაინელი მეზღვაურები მძევლად აიყვანა, ასევე ყირიმის ანექსიის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით.
    “უკრაინაში განგრძობადი რუსული აგრესიის“ საპასუხოდ ვაშინგტონმა სანქციების სიაში ექვსი ადამიანი დაამატა. მათი უმრავლესობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან. სანქციების ქვეშ მოექცა რვა კომპანიაც – აშშ–ში მათ ყირიმში მოქმედ თავდაცვით საწარმოებად თვლიან.

    “რუსეთი ერევა არჩევნებში აქ, აშშ–ში. ის ცდილობს ჩაერიოს უკრაინის არჩევნებში“– განაცხადა კონგრესში გამართულ მოსმენაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა. იანვრის ბოლოს უკრაინის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის შესახებ კიბერშეტევების გამოყენებით აშშ–ს ნაციონალური დაზვერვის ხელმძღვანელი, დენ კოუტსიც საუბრობდა.
    “ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვნად ვეხმარებით. ჩვენ ვაწვდით უკრაინელ ხალხს თავდაცვის საშუალებებს, ვეხმარებით სადაზვერვო საქმიანობით“– განაცხადა პომპეომ და ხაზი გაუსვა, რომ აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემებს აწვდიდა იმ დროს, როდესაც ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად მუშაობდა (2017-2018 წლები).
    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. პომპეოს განცხადებების მიხედვით რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გამოცხადდება.
    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე საურისას პომპეომ აღნიშნა, რომ “დემოკრატიის სრულად აღდგენისთვის“ უკრაინის მთავრობამ აუცილებლად უნდა განაგრძოს ანტიკორუფციული რეფორმები. პომპეომ ამავე დროს რუსეთი აშშ–ს არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა, თანაც არა მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში, არამედ 2012, 2008 და 2004 წლებშიც.